"სააკაშვილის ფენომენი - არანორმალურობაა, იგი სახეა და სიმბოლო უსჯულოებისა და უზნეობისა" - დავით ზარდიაშვილი
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით შემდეგ მოსაზრებას ავრცელებს:
"სააკაშვილის ფენომენი - არანორმალურობაა; იგი სახეა და სიმბოლო უსჯულოებისა და უზნეობისა; სწორედ იმიტომ, რომ სხვაგვარად არ ძალუძს - მისი შიმშილობაც, ე.ი. უკიდურესი პროტესტის ეს ფორმაც, სააკაშვილის შესრულებით - თავიდან ბოლომდე უზნეოა;
უზნეოა, უწინარეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ეს ე.წ. შიმშილობა არც რაიმე კონკრეტულ პოლიტიკურ მოთხოვნასთან, არც მის რომელიმე კონკრეტული კანონიერი უფლების დაცვასთან, საერთოდაც - არავითარ სიმართლესთან, არანაირ სამართლიანობასთან, არაფრითაა დაკავშირებული! იმთავითვე იმიტირებულია და ყურადღების მისაპყრობად, აჟიოტაჟის, ტვინის წამღები ხმაურისა და ყაყანის გამოსაწვევად ცრუ-პროტესტს წარმოადგენს; ზუსტად იგივეა, როცა ცუდად აღზრდილი, გაზულუქებული ბავშვი ჭამაზე უარს აცხადებს, რათა მშობელს მეტი მოფერება და განებივრება დასტყუოს!
ნიშანდობლიავია: ახლა მისი მომხრეების მთავარი მოთხოვნა გახლავთ - სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა და სხვა, მეტი არც არაფერი! ეს მკაფიოდ უჩვენებს, რომ ამ ე.წ. შიმშილობის რაიმე სერიოზულ პოლიტიკურ აქტად, ზნეობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია, განხილვაც კი წარმოუდგენელია, მართლაც: ნორმალური არავინ დაიწყებს პოლიტიკურ შიმშილობას, რათა მერე - განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის განკუთვნილი და „პერსონალურად ვიპ-სერვისი, გამორჩეულად პრივილეგირებული მზრუნველობა მოითხოვოს; ეს თავისთავად უკვე ცხადჰყოფს სააკაშვილის უზნეობასაც და მის მომხრეთა უსჯულოებასაც - ისინი არად დაგიდევენ არც ზნეს და არც სამართალს.
პოლიტიკურ მოშიმშილეთა ზნე და გაუტეხელი ხასიათი კარგად არის ცნობილი ჩვენთვის ჯერ კიდევ სულგანათლებული მერაბ კოსტავას დიდი შიმშილობიდან ანგარსკის ციხეში, რაც წელიწადი და თვენახევარი (!) გაგრძელდა (იქ, შიმშილობის მე-8 თვეს დაწერა მერაბმა პოემა „შიმშილობა“); რომ აღარაფერი ვთქვათ - 1988 წლის ნოემბრის დიდი შიმშილობის აქტზე, რამაც ეროვნული მოძრაობა ააზვირთა; იქიდან ყველას უნდა გვახსოვდეს: შიმშილობა უწინარესად - ზნეობრივი და მხოლოდ ამის შემდეგაა - პოლიტიკური აქტი. ამ დროს, ბუნებრივია, სწორედაც ზნეობა - სიმართლე და სამართლიანობაა მთავარი; მოშიმშილეს იმწუთასვე უდიდესი ზნეობრივი უპირატესობა აქვს, რადგან იგი უკიდურესი ფორმით ახდენს დემონსტრირებას - მისი პროტესტი იმდენად სამართლიანია და პირიქით, რასაც აპროტესტებს იმდენად უსამართლო, რომ ამისათვის ღირს თავის გაწირვა! იგი - სიმართლეს, მეტიც - ჭეშმარიტებას ეწირება და არა საკუთარ ამპარტავნებას!
კარგად მახსოვს, მერაბ კოსტავას მკაცრი გაფრთხილება - თუ არა ხართ ბოლომდე დარწმუნებული, უწინარესად თქვენსავე გულწრფელობას, ჭეშმარიტების ერთგულებასა და ღვთის მოშიშეობაში, არც კი გაბედოთ, არც კი გაიფიქროთ ასეთი საბედისწერო აქტის, შიმშილობის დაწყება, რადგან თქვენს რწმენას ისეთი მძიმე გამოცდა ელის, რასაც წინასწარ ვერც კი წარმოიდგენთო და არცერთი ადამიანი ამისათვის, მსგავსი ზნეობრივი და არა მხოლოდ ფიზიკური, განსაცდელისათვის, რაც ანგარსკში თავად გავიარე, ერთი დღითაც კი, არ მემეტებაო!
რასაკვირველია, სააკაშვილის ეს შიმშილობა, იმისი, რაც დიდმა მერაბ კოსტავამ გვაჩვენა, იგივე - ნოემბრის დიდი შიმშილობისაც, სწორედაც რომ დიამეტრულად საპირისპიროა! განა შეიძლება, დაცინვა და მასხრად აგდება არ არის, რომ უსამართლობამ - სამართალი, უსჯულოებამ - სჯული, უზნეობამ - ზნე და საბოლოო ჯამში, სატანამ (ფუი ეშმაკს!) - ღმერთის სუფევა აპროტესტოს?! თურმე შეიძლება და ამასაც კი მოვესწარით.
მაგრამ რაოდენ ბრიყვი უნდა იყო ადამიანი, რომ სააკაშვილის თავგანწირვისა გჯეროდეს?! დიახ, შესაძლოა, იგი პოლიტიკური ცხოველია, მაგრამ ისიც ხომ უკეთ ვიცით, ისეთი საქონელიც რომ არის, რომლისთვისაც თავაშვებული „ჭამა და სექსი“, ძალაუფლების ჟინზე არანაკლებ მნიშვნელოვანია! არავითარ თანაგრძნობას არ იმსახურებს, რადგან რაც არ უნდა ძალაუფლების ვნებით იყოს შეპყრობილი, საკუთარ ხორცს ვერ დათრგუნავს და არც ავნებს! ამიტომ, როგორც ჭირვეულ და განებივრებულ ბავშვს ექცევიან, ისევე უნდა მოვექცეთ - გონივრულად, ე.ი. ყურადღება არ მივაქციოთ მის პროტესტს, რადგან დარწმუნებული ბრძანდებოდეთ - მოშივდება და შეჭამს!"