სხვა ეტიკეტის უჩვეულო ნორმების მქონე ქვეყნები, რომელთა შორის საქართველოცაა 2021, 20 ივლისი, 8:48 საკუთარი ქვეყნის ტრადიციები, თუ ქცევის წესები უკვე იმდენად ღრმად გვაქვს ჩაბეჭდილი გონებაში, რომ შეიძლება ამაზე წინასწარ აღარც კი დავფიქრდეთ, მაგრამ მივდივართ მსოფლიოს სხვა რომელიმე კუთხეში და ვნახულობთ ეტიკეტის სრულიად განსხვავებულ და მეტად უცნაურ ნორმებსაც კი. იმისათვის, რომ უხერხულ სიტუაციაში არ აღმოვჩნდეთ, მოდით, გავეცნოთ სხვადასხვა ქვეყნისთვის დამახასიათებელ ზოგიერთ წესს, რომელიც სუფრასთან უნდა დავიცვათ. ჩინეთი ბავშვობაში, ალბათ, ყველა ჩვენთაგანს გვასწავლიდა დედა-მამა, რომ კუთვნილი ულუფა ბოლომდე დაგვესრულებინა. აი, ჩინეთში ყველაფერი სხვაგვარადაა. ამ ქვეყანაში, თეფშის ბოლომდე მოსუფთავება ნიშნავს, რომ მასპინძელმა არ მოგცა საკმარისი საკვები. ეს კი, რა თქმა უნდა, დიდი შეურაცხყოფაა. თუ ინდოეთში, ან იაპონიაში იმყოფებით კი, თეფშზე სულ ცოტაოდენი საკვების დატოვებაც ცუდ ტონად ითვლება. ინდოეთი სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, სიტყვა ”მადლობა” ყოველთვის მშვენივრად ჟღერს, თუმცა ინდოეთში ყოფნისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი: თუ ოფიციალურ ვახშამზე იმყოფებით, მადლობის თქმა მიღებული ფორმაა, ხოლო თუ მეგობართან სტუმრად მისული, სუფრიდან წამოდგომისას მადლობას გადაიხდით, ეს მასპინძლისთვის წყენის მიზეზია. შინაურულ გარემოში მადლობის თქმისას იგულისხმება, რომ თქვენთვის ამ ურთიერთობას უფრო ფორმალური სახე აქვს, ვიდრე მეგობრული. უნგრეთი უნგრეთში, სადღეგრძელოს წარმოთქმისას ჭიქების ერთმანეთზე "მიჭახუნებას" უნდა მოერიდოთ. ეტიკეტის ამ წესს პოლიტიკური სარჩული უდევს საფუძვლად: 1848 წელს, როდესაც ავსტრიის მთავრობამ უნგრეთის აჯანყება ჩაახშო, ავსტრიის ლიდერებმა, სადღეგრძელოს შემდეგ, ჭიქების ერთმანეთზე მირტყმით, საჯაროდ აღნიშნეს უნგრელი მეამბოხეების სიკვდილით დასჯა. ზოგიერთ წყაროში ნათქვამია, რომ აღნიშნული წესი 1850 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში და მხოლოდ 150 წელი უნდა გაგრძელებულიყო, 2000 წლის 1 იანვარს კი, ის უნდა დაესრულებინათ, მაგრამ ქცევის ეს ნორმა, წლების შემდეგაც შეიმჩნევა. ასე რომ, ამ ქვეყანაში მოხვედრისას, გირჩევთ მხოლოდ სადღეგრძელოს თქმით შემოიფარგლოთ და ისე მიირთვათ სასმელი. ესპანეთი რაც არ უნდა საოცრად ჟღერდეს, ესპანეთში, კარგ რესტორნად ითვლება ის, რომლის შესასვლელის წინაც ბევრი ნაგავი ყრია, დაწყებული ხელსახოცებიდან, საკვების ნაჩენებით დამთავრებული. ამ წესის შესახებ ასე მსჯელობენ: რაც უფრო კარგი საკვები ჰქონდა რესტორანს, მით მეტად იყო დატვირთული, ანუ მით უფრო მეტი ადამიანი იყო კარში შესული - რაც უამრავი ნაგვის დაგროვებას ნიშნავს. თუმცა, გაითვალისწინეთ: ესპანეთის ყველა რესტორანი არ იზიარებს ასეთ აზროვნებას, ამიტომ შეამოწმეთ იატაკი და მოიქეცით ისე, როგორც ამას ადგილობრივი მოსახლეობა აკეთებს. ტაილანდი ტაილანდური საკვები იმდენად გემრიელია, დაგატყვევებთ აქაური უგემრიელესი კერძები. ცნობილია, რომ ამ ქვეყნის სამზარეულოს მთავარ ნაწილს ბრინჯი წარმოადგენს. ასე რომ, როცა მაგიდაზე ბრინჯია, ეს ქცევის წესს ცოტა სახიფათოს ხდის. ტაილანდში, როდესაც მაგიდას მიუჯდებით, თეფშთან, ჩხირების გარდა, დაგხვდებათ ჩანგალი და კოვზი. გახსოვდეთ, რომ ჩანგალი მარცხენა ხელში უნდა დაიჭიროთ, ხოლო კოვზი - მარჯვენაში. თუმცა, იცოდეთ რომ არ გამოიყენოთ ჩანგალი საჭმელად - ის მხოლოდ თეფშიდან კოვზზე საჭმლის დასადებად, ან საკვების პატარა ნაჭრებად დაჭრისთვისაა განკუთვნილი. ჩანგალი არ უნდა მიიტანოთ პირთან. ასევე, ნუ დაივიწყებთ, რომ წებოვან ბრინჯს მიირთმევენ თითებით და აუცილებლად მცირე ულუფებით. რუსეთი საიდუმლო ნამდვილად არ არის, რომ რუსებს ძალიან უყვართ არაყი. ეტიკეტი ამბობს, რომ როდესაც ამ ქვეყანაში იმყოფებით, უმჯობესია მზად იყოთ დალევისთვის, მთელი სამუშაო დღის განმავლობაში. ამასთან, არ გახსნათ ბოთლი, რომლის დასრულებასაც არ აპირებთ და არც სასმელთან ერთად შემოთავაზებულ საკვებზე თქვათ უარი. პორტუგალია თუ პორტუგალიაში ყოფნისას, კერძზე დასამატებლად, მარილს, ან წიწაკას მოითხოვთ, ეს მზარეულის შეურაცხყოფაა. ასე რომ, არავითარ შემთხვევაში სთხოვოთ მიმტანს, ან მასპინძელს მათი მოტანა, თუ თავად არ დაგახვედრეს მაგიდაზე. საფრანგეთი საფრანგეთში აპეტაიზერი პურს არ მოიცავს, მას მხოლოდ ჭურჭლის ნაცვლად იყენებენ, კერძოდ, საკვებს ათავსებენ ზედ, ამიტომ პირდაპირ მაგიდაზეც კი დებენ, როგორც დანას, ან ჩანგალს. ფრანგები მხოლოდ მთავარ კერძთან მიირთმევენ პურს. იტალია იტალიაში ძალიან უყვართ ყავა, მაგრამ არსებობს მასთან დაკავშირებული შეზღუდვებიც. კერძოდ, ნუ მიირთმევთ ყავას რძით დილის 11 საათის შემდეგ. არც ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი არ დალევს კაპუჩინოს შუადღისას, ან საღამოს. დიდი ხანია არსებობს რწმენა იმის შესახებ, რომ რძე ხელს უშლის საჭმლის მონელებას. იტალიელების განმარტებით, აღნიშნული წესის მიუხედავად, კაპუჩინოს შეკვეთა შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში და მოგიტანენ კიდეც მას, თუმცა, ეს უბრალოდ სირცხვილად ითვლება. საქართველო ის ფაქტი, რომ ღვინო ქართული კულტურის ცენტრშია, Real Food Traveller- მა, ამ ქვეყნის პირველივე პატარა ტავერნაში სტუმრობის და სუფრაზე მოხვედრის შემდეგ აღმოაჩინა. საქართველოში სუფრა მასიური მოვლენაა - დაგეგმილი, ან სპონტანური - რომელიც შედგება თეფშების, მრავალი კერძისა და ღვინის ჭიქებისგან. საბედნიეროდ, ჭიქები საკმაოდ მცირე ზომისაა, რადგან ეტიკეტი გკარნახობთ, რომ მთლიანი სასმისის დაცლა ერთდროულად ხდება. ქართულ სუფრაზე მიღებული არაა ღვინის ყლუპებად დალევა - ერთიანად გამოცალეთ მთელი ჭიქა და მზად იყავით შემდეგისათვის. რაც შეეხება სადღეგრძელოს, ის საათობით გრძელდება, რადგან სუფრასთან მყოფი თითოეული ადამიანი ამბობს თავის სიტყვას, რის შემდეგაც კვლავ ახალი სადღეგრძელო ჩამოივლის წრეს. ქართველები ლუდით არ ადღეგრძელებენ ერთმანეთს, ამისათვის ღვინო და არაყია. ეგვიპტე ეგვიპტეში ყოფნისას, არასდროს შეავსოთ სასმელით საკუთარი ჭიქა, ეს თქვენს გვერდით მჯდომის მოვალეობაა. იცოდეთ, რომ თუ ჭიქაში სასმელი ნახევარზე ნაკლებია, აუცილებლად სჭირდება შევსება. და თუ თქვენს მეზობელს აღნიშნულის გაკეთება ავიწყდება, შეგიძლიათ შეახსენოთ მას. ეთიოპია ეთიოპელები თვლიან, რომ ცუდი ჩვევაა რამდენიმე ადამიანისთვის ერთზე მეტი თეფში იყოს განკუთვნილი. ასევე ხდება სასადილოებშიც - მაგიდასთან მსხდომნი მხოლოდ ერთ თეფშს იზიარებენ და აუცილებლად მარჯვენა ხელით მიირთმევენ კერძს. ასევე, ეთიოპიის ზოგიერთ ნაწილში აქვთ ტრადიცია სახელწოდებით "გურშა", რომლის დროსაც ადამიანები ერთმანეთს აჭმევენ. ასევე დაგაინტერესებთ: ეტიკეტის ელემენტარული წესები, რომელთა ცოდნაც ყველასათვის სავალდებულოა მსოფლიოს 10 ტრადიცია, რომელიც ნამდვილად გაგაკვირვებთ (+ფოტოები) 209 შეფასება არ არის
|