ივნისი იდგა. უფრო სწორად, ახლად გაივნისებულიყო დედამიწაზე.
ძალიან არ ცხელოდა, მაგრამ მაინც ზაფხულისთვის დამახასიათებლად იჩქმიტებოდა მზე. მზე, მართალია, ირგვლივ ყველასთვის იჩქმიტებოდა, მაგრამ იყო ერთი გოგონა, რომელსაც მაინც ძალიან სციოდა.
ეს გოგონა ამჯერადაც სევდიანად მოდიოდა სკოლიდან, ნაბიჯი ერეოდა გზაში, ერთი სული ჰქონდა, როდის მილასლასდებოდა სახლამდე, რომ საწოლზე გაწოლილიყო და ტირილით გული ეჯერებინა. რატომ და ცუდი ნიშნები გამოჰყვა, საკუთარ თავზე წარმოდგენა დაკარგა. საკუთარი თავის მიმართ პატივისცემაზე აღარც ვსაუბრობ.
გოგონას იმიტომ სციოდა, რომ ამ უზარმაზარ სამყაროში მარტო იყო. მისი არავის ესმოდა და თუ არ ესმოდა, ვერც ვერავინ გაუგებდა, ლოგიკურია. ახლაც ასე ეგონა, ომიდან ბრუნდებოდა, იმ ომიდან, სადაც მარტო იყო შემოსეულ მტრებთან გასამკლავებლად და სადაც საშინლად დამარცხდა, სადაც თავდაუჯერებლობასა და უნდობლობას ჩაუვარდა ტყვედ და ვეღარასოდეს დაიხსნიდა თავს ამ ტყვეობიდან.
გზაზე ავტომანქანები მიქროდ-მოქროდნენ, ყველა თავ-თავის მეტ-ნაკლებ ტვირთს და პრობლემას მიაქან-მოაქანებდა და გოგონა გრძნობდა, რომ არავის, სულ არავის ადარდებდა ამქვეყნად მისი მდგომარეობა, მისი უდედმამობა.
უცებ გზის პირას ბეტონის გაბზარული საფარიდან ამოხეთქილი ბროწეულის რტო შენიშნა.დაიხარა დასარწმუნებლად, ნამდვილად ბროწეულმა შეძლო ბეტონის სიმტკიცის გაგლეჯა, თუ რომელიმე სარეველამ, რადგან როგორც წესი, სარეველები უფრო სიცოცხლისუნარიანები, ძლიერებიდა მედეგები არიან. ამიტომაც მოედებიან ხოლმე უბოდიშოდ მთელ დედამიწას და ცხოვრობენ არხეინად, ყველაფერს ეგუებიან, ყველაფერს კადრულობენ, ოღონდ იხეირონ. თუმცა ზოგჯერ კულტურული მცენარეებიც იკრებენ ძალას და მიუხედევედ იმისა, რომ მათი ამქვეყნად მოვლინება ბეტონის საფარებს არ უნდათ, მაინც არ ეპუებიან, მთელი ძალით გაგლეჯენ მის მთლიანობას და ამოიწვერებიან, რომ კუთვნილი მზე დაინახონ, ისუნთქონ და იარსებონ, .
- ნამდვილად ბროწეულია, კიდემთლიანი ტყავისებრი ფოთლები ხომ სწორედ ბოწეულისაა?! და ეს პაწაწინა ეკლებიც, ჯერაც რომ ვერ ეკლობენ, იმდენად პატარები არიან! - შესძახა გოგონამ. მოეფერა პაწაწინას, მერე კი გზას თვალი მოავლო და მოიწყინა .
„აქ, ამ გზის პირზე ხომ შეიძლება რომელიმე თავქარიანი და მთვრალი მძღოლი გადმოვიდეს ავტომანქანით და პაწაწინა ბროწეული მოსრისოს? ასე ხდება, როცა უადგილო ადგილზე აღმოჩნდები და სიყვარულის ნაცვლად შეიძლება გაგსრისონ. რაღაც უნდა ვუშველო, “-გაიფიქრა გოგონამ.
სასწრაფოდ ჩანთიდან სახაზავი ამოიღო და პაწაწინა ნერგის ირგვლივ ბეტონის ნატეხები ამოფხიკა, მერე ქვეშ, მიწაში ნაზად შეაცურა სახაზავის პირი, რომ ფესვი არ დაეზიანებინა, ფრთხილად მოქაჩა და ამოიღო ბროწეული. წამოხტა და პაწაწინა ნერგიანად შინისკენ მოკურცხლა.
ეზოში შესვლისთანავე ჩანთა მოისროლა. მიირბინა იქ, სადაც ადრე ულამაზესი ბროწეულის ხე იდგა და ბებინაცვლის სიძულვილმა გაახმო, თუმცა ძველი კუნძი ისევ დარჩენილიყო. კუნძთან ახლოს მიწაში ორმო გააკეთა, შიგ წყალი ჩაასხა, ნერგი კოხტად ჩასვა და ფესვებზე მიწა მოაყარა, ირვლივ ფრთხილად შემოტკეპნა და ისევ მორწყო.
-რას აკეთებ? -ჰკითხა ბაბუმ.
- ბროწეული დავრგე.
- ვხედავ, კი, მაგრამ ახლა დარგვის სეზონი ხომ დამთავრებულია, ტოტს ფოთლები აქვს უკვე. ეს მაშინ უნდა გადაგერგო, სანამ ფოთლებს დაისხამდა. ისე კი ბროწეული ძალიან მარტივად შეიძლება გაახარო, ადრე გაზაფხულზე კალმით, მოჭრი ტოტს, მიწაში ჩაფლავ და ასე, - მოწყენით უთხრა ბაბუმ და ასეთივე მოწყენით ძველ კუნძს დახედა.
- იქ მანქანები გასრესდნენ, ბაბუ!-შესჩივლა გოგონამ.
სწორედ ამ დროს სახლიდან ბებინაცვალმა გამოჰყო თავი. დაინტერესდა, რას რწყავდა ასე საგულდაგულოდ გოგონა. დოინჯშემორტყმული მიუახლოვდა და როცა დაინახა კიდევ ბროწეულის ნერგს რგავსო, იკივლა.
- მოაშორე აქედან ეგ უჯიშო! აღარ დამანახოთ ეს ბროწეულები და ეკლიანი ჩხლართი ხეები ამ ეზოში! ვერ გაიგეთ, რომ ბროწეული აღარ უნდა მოათრიოთ, არ იმწიფებენ გულს, თეთრი და მჟავე რჩებიან, არაა ეს ეზო ბროწეულების ადგილი, გაიგეთ! ეს მხოლოდ იმ ხეებისთვისაა ნოყიერი ნიადაგი, რომლებიც კარგი ჯიშისანი არიან და საღ ნაყოფებს ისხამენ! - გაანჩხლდა ბებინაცვალი.
მერე ქმარს მიუბრუნდა:
-რას დადუმებულხარ, ბერიკაცო, ამოიღე ხმა, მოაშორე ეს მორიგი უნაყოფო ეკლიანი ბარჯღი, გადაისროლე ეზოდან ან მეზობელს მიეცი, ეგებ მის ეზოში ივარგოს!ჩვენი ეზო მაღალი სტანდარტისაა, ასე ძაღლს და ღორს ვერ ითვისებს!
- ძალიან გთხოვ, მომეცი ბროწეულის აქ დატოვების უფლება! -შეევედრა გოგონა, ეს ისეთი ძლიერია, ისეთი სიცოცხლისუნარიანი, რომ ბეტონი გააპო, ამოანგრია და მაინც მოევლინა ამ ქვეყანას. ეს ძალიან ჭკვიანი ბროწეული იქნება!
ბაბუმ ცოლს ხელი მოჰხვია და ახალნარგავს გააცალა. სახლამდე რაღაცას ებუტბუტებოდა, უფრო სწორად უმტკიცებდა, მაგრამ გოგონას ეს აღარ ესმოდა.
- არ შეგეშინდეს, ჩემო ლამაზო, ამქვეყნად უამრავი სხვადასხვაგვარი ადამიანი არსებობს, ზოგი ცივი და მკაცრია, ზოგი თბილი და მოსიყვარულე, ზოგი დაგატერორებს, ზოგი მოგეფერება, ზოგი ბოროტია, ზოგი კეთილი, ზოგს სჯერა შენი, ზოგს არა. მე მჯერა შენი! არ უსმინო ჩემს ბებინაცვალს!- მიუალერსა თავჩაქინდრულ, დარცხვენილ ნერგს გოგონამ.
გულში კი გადაწყვიტა, ძალიან გულისხმიერად მოევლო ადგილშეცვლილი პაწაწინა ნერგისთვის და დაენგრია ის ზოგადი წესები, რაც ადამიანებმა საუკუნეების მანძილზე გამოცდილებით დაადგინეს. ჰმ, ივნისი, მიწა, რა მნიშვნელობა აქვს. სინამდვილეში მთავარია სიყვარული და ზრუნვა“, - ფიქრობდა გოგონა. დილა-საღამოს რწყავდა, ეფერებოდა,
- ჩემო ტკბილო მეგობარო, რა ლამაზი ხარ, რა ჭკვიანი! როგორ უხმოდ დამიჯერე, გამომყევი, წინააღმდეგობაც არ გამიწიე, იცოდი, რომ საიმედო ხელს მოჰყვებოდი, ძალიან მიყვარხარ, შენ გაიხარებ, ძალიან დიდი გაიზრდები და ჩემს ეზოში იდღესასწაულებ, ამ ჩემს „მაღალსტანდარტულ“ ეზოს გადააბრიალებ, გაალამაზებ, გულსაც დაიმწიფებ და ატლასებიდან ათას მბრწყინავ მარცვალსაც გამოჰყრი!.
ბროწეულის ნერგი შეირხა. არა, სიოც კი არ ჰქროდა, სხვა ხეებზე ფოთოლიც არ ირხეოდა. თითქოს რაღაც უნდოდა ეთქვა გოგონასთვის, მაგრამ ჯერ იმდენად პატარა იყო, საკუთარმა შერხევამაც შეაშინა და თავი ისევ მოწყენილად დახარა. გოგონამ არ დათმო:
- არ მოიწყინო, ჩემო ძალიან ლამაზო, ჩემო ძალიან ძლიერო, მე შენში უკვე ვხედავ აბრდღვიალებულ უზარმაზარ ხეს, რომელიც უამრავ ნაყოფს დაისხამს და დიდს და პატარას გაგვახარებს!- დაუყვავა გოგონამ. მერე იქვე ძველი ბროწეულის კუნძზე ჩამოჯდა და ოცნებებში წავიდა.
„ნეტა ასე ფიქრობდნენ მასწავლებლებიც ჩემზე და არა ჩემი ბებინაცვალივით! ნეტა, ასე გვაძლევდნენ მოტივაციას, სტიმულს, ასე გვმატებდნენ თავდაჯერებულობას და არ გვინადგურებდნენ რწმენას საკუთარი თავისადმი“, - წაიოცნება.
გადიოდა დღეები, კვირები, ყოველდღე ასე ევლებოდა თავს პაწაწინა ნერგს, მიუხედავად იმისა, რომ ბაბუს თავიდანვე ჰქონდა იმედი გადაწურული, რომ ივნისის თვეში გადარგული ნერგი გაიხარებდა. ბებინაცვალს კი ბაბუსი სჯეროდა, რომ მაინც გახმებოდა და ტყუილად რატომ უნდა მოეშალა გოგონას გადარწმუნების მცდელობით ნერვები? ამიტომ ნერგს ახლოსაც არ ეკარებოდა.
და რა მოხდა?
გოგონას სითბომ, მზრუნველობამ, თანაგრძნობამ, შეძახილმა, თავდაჯერებულობის მიცემამ, წაქეზებამ, რწმენის ჩანერგვამ ნამდვილი საოცრება მოახდინა - სულ ამოაყირავა სოფლის მეურნეობის ათასწლოვანი გამოცდილებით გამოტანილი დასკვნა, რომ ზაფხულში გადარგული ნერგი აუცილებლად გახმება. ნერგმა არათუ გაიხარა, არამედ საოცარი სიჩქარით დაიტოტა, მხრები გადაშალა, მზის მიწვდომის სურვილი გაუჩნდა, აიყარა ტანი და პირველი ყვავილებიც დაიყარა ტოტებზე.
ბაბუ გაოცებული შეჰყურებდა მოშინდისფროდ გადაპრიალებულ ყალიონებზე ალისფერად მოელვარე გვირგვინის ფურცლებს . ეზო დღესასწაულობდა! დაუბრუნდა ის ძველი ხალისი და ბედნიერება ბაბუს ეზოს, რაც ოდესღაც ძველი ბროწეულისგან ჰქონდა ყვავილობისას.
-ბაბუ, ასეთი რა უყავი ამ ნერგს, ჯადოქარი ხარ?- ეკითხებოდა შვილისშვილს
- არა, ბაბუ, რწმენა მივეცი საკუთარი თავის! დავაჯერე, რომ ამქვეყნად ყველაზე ძლიერი ბროწეულია!- პასუხობდა გოგონა...
- გულს მაინც არ დაიმწიფებს, მაინც კანშივე ჩალპება! - თავს იმშვიდებდა ბებინაცვალი, მაგრამ ეს ხომ ბროწეულის ხეს არ ესმოდა?!
გადაჭრილი ბროწეულის კუნძზე ჩამომჯდარმა გაატარა გოგონამ მთელი ზაფხული. დარაჯობდა ბებინაცვალს არაფერი დაეშავებინა მისთვის, არაფერი ეთქვა მწარე მის გასაგონად, ან მეზობლისთვის არ მიეცა, ან ქუჩაში არ მოესროლა. ამასობაში სექტემბერიც დადგა და სკოლაში წასვლის დრო მოვიდა.
დილაადრიან წამოხტებოდა გოგონა, მიუალერსებდა ხეს და ნაყოფებს, მერე კი სკოლაში გარბოდა. ბაბუს ეხვეწებოდა, ბებინაცვალი არ მიეშვა ხესთან, და ბაბუც ცდილობდა გოგონას არყოფნისას ცოლი რაიმეთი ისე შეექცია, რომ ბროწეულის არსებობა დაევიწყებინა. სკოლიდან მოსული გოგონა დაჯდებოდა ხის მახლობლად და გაკვეთილებს ამზადებდა. მერე ბროწეულებს აბარებდა თითოეულს, თითქოს თვითონ იყო მასწავლებელი, ისე უხსნიდა ხან ერთ საგანს, ხან მეორეს, ხან მესამეს. ბროწეული ტოტებს უხრიდა იმის ნიშნად, რომ მოეწონა გაკვეთილი.
ერთხელაც ასე რტოების რხევით გააცილეს სკოლაში ხემ და მისმა ნაყოფებმა ;
ნაშუადღევს კი ეზოს ჭიშკარი მძიმედ გაიღო.
შემოვიდა მძიმე ნაბიჯებით ბროწეულის გოგონა, თავდახრილი, გაწეწელი, ჩანთას ისე მოათრევდა ცალი ხელით, რომ მიწაზე ხახუნის გამო სახლამდე სულ ერთიანად გადახეხილიყო. დადგა ხის წინ და ისე, რომ თავიც არ აუწევია, გული გადაუშალა:
- საღამო მშვიდობისა, ჩემო ჯადოსნურო ხეო, ჩემო ბროწეულებო! ეგებ თქვენ მაინც ზუსტად გაიგოთ ჩვენი, ვიდრე ამ ქვეყანაში ადამიანებს ესმით. მაღალფარდოვანი სიტყვებით და ფურცლებზე დაჯღაბნილი ბავშვთა უფლებების კოდექსით კი იწონებენ თავს, რომ ანგარიშებში ასახონ მერე, მაგრამ რეალურად ჩვენი უკვე კარგახანია აღარავის ესმის! ჩავიკეტე, გარედან მწკლარტე გარსი შემოვირტყი, შიგნით კი უამრავი ამოუთქმელი განცდა, გრძნობა და ემოცია დამიგროვდა. ამას მანამდე ვერ გეუბნებოდით, რადგან არ მინდოდა დამეღონებინეთ, რადგან თქვენ მანამდე ჩემზე მეტად გიჭირდათ.
თქვენც ხომ ხედავთ, ვსწავლობ მთელი ძალების ჩადებით, მაგრამ როცა მასწავლებელი კითხვებს მისვამს, საერთოდ ვშეშდები, მეყინება გონება, თუ მასწავლებელი მრისხანეა და ჯიბრით მიყურებს, რომ ეგებ და რაიმეში გამომიჭიროს, ხომ საერთოდ ვნადგურდები? სახელიც რომ მკითხოს, ვეღარ ვიხსენებ. ვერაფერი მოვუხერხე შიშს და დაძაბულობას, რომელიც გაკვეთილზე ბურუსივით მეკვრება გონებაზე. თქვენ რომ სხაპასხუპით გიყვებით, მასთან ენა მებლუკება, მხოლოდ გულისცემა მესმის ყურებში.
ეგებ თქვენ მითხრათ, ბროწეულებო, რა მოვუხერხო საკუთარ თავს ამ დროს, თქვენ ხომ იმავე მიწიდან ამოიტანეთ ის სილამაზე, საიდანაც ადამიანები მოვედით და იმავე მზეს გადაუშლით ხოლმე გულს, რომელიც ჩვენს გულებშიც იხედება? მესმის, მასწავლებლებს თვითონაც უამრავი პრობლემა აქვთ და აღარ რჩებათ ჩვენი ინდივიდუალური გაგების დრო და ნერვები. არა, როგორ არ არიან ისეთებიც, ვინც შეეცდება დაგინახოს და თუნდაც დააცადოს იმ მზის ნათებას, რომელიც ყველა ადამიანშია, მაგრამ ცოტა, ძალიან ცოტაა ასეთი, ვინც მიზეზების დადგენას იწყებს და შედეგებს არ ებრძვის. მათთან კი მტოვებს ეს საშინელი შიშის ბურუსი.
მირჩიეთ, ჩემო გულსავსეებო, როგორ დავძლიო შიში მასწავლებლების მიმართ, რომ ბოლომდე გამოვიტანო საკუთარი ცოდნაც და უნარებიც მათთან და არ დამრჩეს მიწაში დამარხული განძივით გამოუსადეგარი. ბოლოს და ბოლოს მაგათი ნიშნები შეიძლება არც არაფერს მიწყვეტდეს ცხოვრებაში, მაგრამ თვითშეფასებას კი მითელენ და გუშინ მაგალითად სიცოცხლე აღარ მინდოდა. ბაბუ შემეცოდა, თორემ....
ხე გაშეშებული უსმენდა, ფოთოლიც არ შეუტოკებია, დუმდა ერთხანს და დუმდნენ ბროწეულებიც,
უცებ ისეთი ტკაცუნის ხმა გაისმა, თითქოს რაღაც გასკდა, მერე მეორედ გატკაცუნდა, გოგონამ თავი ასწია გასაგებად, რა ხდებოდა. ხედავს, ეს ბურთებად დაკიდებული ბროწეულები როგორ სკდებიან და უხსნიან გულს, როგორ აჩვენებენ მთელ იმ ლალისფერ სისავსეს, რომელიც გულში ჰქონდათ აქამდე და არავის აჩვენებდნენ. ყველა ერთად ატკაცუნდა, ყველა გვირგვინებს შორის გაიხლიჩა და აქა-იქ, გოგოს ნაამბობზე, მარცვლებთან ერთად სისხლისფერი ცრემლები გადმოსცვივდათ.
- -ბაბუუუუუ! -ისეთი ხმით დაიყვირა გოგონამ, რომ ირგვლივ სოფლის კლდეებმა აისხლიტეს მისი ხმა: ბაბუ, ბაბუ, ბაბუ... მრავალჯერ განმეორდა ჰაერში.
ბერიკაცი სახლიდან გამოვარდა, კუდად ცნობისმოყვარე ბებინაცვალი გამოჰყვა.
ახედეს მოხუცებმა ხეს და თვალები დაუფართოვდათ, მერე ასეთივე დაფართოებული თვალებით ერთმანეთს შეხედეს, მერე ისევ ბროწეულებს, მერე ისევ ერთმანეთს.
- დაუჯერებელია!-ამოილუღლუღა ბებინაცვალმა, - ჩვენს ეზოში ბროწეულმა ამდენი ნაყოფი დაისხა და გული დაიმწიფა?
- მმმ... მე ის უფრო მაკვირვებს, ივნისში გადარგულმა ნერგმა რომ იხარა, შშშშ...შემოდგომამდე ამოდენა გაიზარდა, ამდენი ნაყოფი დაისხა და ასეთი მოელვარე, ტკბილი მარცვლები ამოყარა მწკლარტე გარსებიდან. აი, ზუსტად ამას ჰქვია გარეთ ატლასი, შიგნით ათასი. ეს მმმმ..მართლა კარგი ჯიშისა ყოფილა!-ენა დაება ბაბუს.
- ახლა მოგწონთ, ხომ?- გაიღიმა გოგონამ, - ეჭვი მაქვს, რომ ის წინა ბროწეულიც, რომლის კუნძიც ამ ეზოს ისტორიასავით შემორჩა, ასეთივე კარგი ჯიშის იქნებოდა, მეტი სითბო და თანადგომა რომ გამოგეხატათ მის მიმართ და ყოველ შემოდგომაზე ჩასაფრებულივით არ გელანძღათ გულების არდამწიფებისთვის. სითბო აკლდა იმ ხეს, მზის - არა, ადამიანური სითბო, გაგება, თანაგრძნოა, გამხნევება, წაქეზება, თორემ ისიც ასეთივე იქნებოდა, - თავი გადააქნია გოგონამ, - მაგრამ მე ერთ რაიმესაც მივხვდი: ბროწეული, რომელმაც ბეტონსაც კი ასეთი წინააღმდეგობა გაუწია, გაგლიჯა და მაინც დაიბადა, ის აუცილებლად იქნებოდა ბრძოლისუნარიანი, ის აუციულებლად დაიმწიფებდა გულს და თავის სავსე შიგთავსს აუცილებლად დაგვანახებდა ყველას. ზოგს გაგვახარებდა, ზოგს გაგვაკვირვებდა. ზოგს ეწყინებოდა კიდეც, რაკი ვერ აღმოჩნდა ბროწეულის შესაძლებლობების სწორი შემფასებელი და ამ დღიდან მის ვარაუდებსა და წინასწარჭვრეტებს აღარც არავინ დაიჯერებდა.
იყო და არა იყო რა, იყო გოგონა, რომელსაც ძალიან უყვარდა ბროწეულები. თქვენ გგონიათ ბროწეულები უყვარდა, როგორც საკვები ხილი? კი, პრინციპში, რატომაც არა, ბროწეულის წვენს რა სჯობს, ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ბროწეული ისედაც უყვარდა, როგორც ბუნების ულამაზესი ქმნილება ყვავილობიდან სიმწიფემდე, როცა მზისგან დაბრაწული გადაიხლიჩება და მისი ლალებ-ძოწებივით მბრწყინავ, მაგრამ ლალების და ძოწებისგან განსხვავებით წვნიან და სავსე მარცვლებს გადმოჰფენს. და გულსაც თუ არ დაიმწიფებს, მაინც ულამაზესია, ეზოს და არემარეს აბრდღვიალებს, დღესასწაულს ქმნის, ბროწეული, რომელიც ნაყოფიერების, სიყვარულის, უკვდავების, განახლების, სილამაზის, ძალის და სიმდიდრის სიმბოლოა. ტყუილად კი არ იყო ძველი შუამდინარეთის სამყაროში ღმერთების ქორწინების ცერემონიის მთავარი ატრიბუტი? ბროწეული იყო დემეტრას სიმბოლო, ჰერასა და აფროდეტეს საკულტო მცენარე, ირანული ქალღვთაება ანაჰიტას ერთ-ერთი ატრიბუტი. რომში იუნონას ხელზე მოთავსებული ბროწეული ქორწინებას განასახიერებდა, თავად ბწოეულის წითელი ყვავილები კი სიყვარულის გამოხატულება იყო, რომლისგანაც ქორწილის დღეს წყვილისთვის გვირგვინები იწნებოდა. ებრაელებისთვის იგი ღვთისგან აღთქმული ქვეყნის აღმნიშვნელი იყო. ქრისტიანობამდე მისი წვენის მიღება ზიარების სინონიმი იყო, ხოლო ქრისტიანულ სამყაროში ბროწეული ეკლესიის სიმბოლო გახდა, მისი მარცვლები კი მრევლის სიმბოლო.
თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ბროწეულის იქნებოდა, ატმის თუ ფორთოხლის იქ, გზის პირას ბეტონში ამოხეთქილი პაწაწინა ყლორტი? გოგონამ სულ არ იცოდა, რისი სიმბოლო იყო ბროწეული და, აი, ასე, უსიმბოლოდ, უბრალოდ და უიარლიყოდ უყვარდა. ან იქნებ მას შემდეგ შეუყვარდა, რაც მასზე იზრუნა, მისთვის გაისარჯა და რწმენით ააბრდღვიალა! ისე შეუყვარდა, რომ თვითონაც ბროწეულის გოგონად იქცა და მწკლატრე გარსში გამომწვდეული ცოდნის გამომჟაღვნების აღარც მასწავლებლებთან ეშინოდა და აღარც არავისთან ამ ქვეყანაზე. ბროწეულის ნერგივით მებრძოლად იქცა, ბეტონის ბარიერების მნგრეველად. ავი და ზემწოლი ადამიანების მიმართ შიშიც დაამარცხა და უკვე აღარ ანაღვლებდა მათი კაპრიზები. სტრესთან გამკლავება ისწავლა, გამოსავლის პოვნის უნარი გამოიმუშავა, რწმენა დაიბრუნდა, რომ შეუძლებელი შეძლო სიყვარულით, თანადგომით, გაგებით, ზრუნვით, შრომით და ამის მერე უკვე შიგნითაც და გარეთაც ათასი რომ იყო, ამაში ეჭვი აღარც თვითონ და აღარც მის კეთილმოსურნეებს აღარ ეპარებოდა.
/თუთი ბერძენაძე/
/თუთი ბერძენაძე/