x
image
თუთიკო ბერძენა
"რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს"... ენა წამხდარია, შესაბამისად, ერიც დაცემული?
დღეს საუბარში ინგლისური ფრაზების ჩართვა ისევე მოდურია, როგორიც თავის დროზე იყო რუსულის. მკვიდრდება ინგლისურენოვანი სიტყვები: თრეში, ჰუკი, ქუულ, ფართი, სტაფი, სოფა, ლაივი, ინტერფეისი, ვიქენდი, არტ-ჰაუზი, არტშოუ, ბოიფრენდი, ჰეპი ენდი, გეიმი, სთრით-სთაილი და ა. შ.

image

გასაგებია, რომ კომპიუტერიზაციამ ბევრი ახალი ტექნიკური ტერმინი მოიყოლა თან, რისი შესატყვისი ლექსიკონის შექმნას ქართულ ენაზე ჯერ კიდევ არ დაადგა საშველი.


გასაგებია, რომ ენა ცოცხალი ორგანიზმია და დროში იცვლება, კი, ბატონო, მაგრამ ცოცხალ ორგანიზმს თუ გულიც, ღვიძლიც, ელენთაც და, ბოლოს და ბოლოს, ტვინიც სხვებისგან გადმოვუნერგეთ, მომავალი თაობები გაფრანკენშტეინიებული მშობლიური ენით "ვეფხისტყაოსნის" პროლოგსაც ვეღარ გაიგებენ.


გინდ მგელმა შეგვჭამოს, გინდ მგელისფერმა ძაღლმა. რა მნიშვნელობა აქვს რუსული ენა გადაგვთელავდა თუ ინგლისური ენა წაგვლეკავს. მაღაზიებსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე ქართულად წარწერილი "ლავ სთორი" და "კოფი ბინ ანდ თი ლიფ" კიდევ ცალკე დამცირებაა ქართული ენის.

image

თუ ადრე უნივერმაღს ორი წარწერა ჰქონდა - ჯერ ქართულად ეწერა და მერე რუსულად, ახლა ჯერ ინგლისურად აწერია და მერე ქართულად, ან მხოლოდ ინგლისურად ან ქართული ასოებით, მაგრამ ინგლისური შინაარსით. სკოლაში რომ ჩამორჩენილი მოსწავლეები ინგლისურ ტექტს ვერ კითხულობენ და თავზე ქართული ასოებით გადააწერენ, ზუსტად ამის ანალოგიაა.


სალიტერატურო ენის ნორმებიც მოგვიბერდა, რაც ასევე, ყურადღების ღირსია. თუმცა პარლამენტში ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი ალიბეგაშვილის მოხსენების მოსმენისას მხოლოდ სარკაზმი თუ გაიღვიძებდა ენის კარგად მცოდნეს გონებაში. ეს რა იყო? ასეთი გაუმართავი სიტყვებით უნდა მეტყველებდეს ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი? ამ დროს ლევან ღვინჯილია აუდიტორიაში ადგილს ვერ პოულობდა და გაოგნებული სახით იჯდა თავისი ერთობ უცნაური ქუდით, რომელსაც ნიკაპქვეშ ამოდებული ანტივირუსული შავი ნიღაბი ისეთ კომბინაციაში წარმოაჩენდა, თითქოს ტყიბულის საბადოში ნამუშევარი პირდაპირ სხდომაზე მოვიდა. თუმცა ასეთი უცნაური "ჩაფხუტის" მიუხედავად, მისი თითოეული წინადადება იყო ქ ა რ თ უ ლ ი!

image

საკვირველია, პოლიტიკოსების გამოსვლები. მშობლიური ენა რომ არ იციან და აბდაუბდა წინადადებებით მეტყველებენ, ქვეყნის პოლიტიკას როგორ დაალაგებენ ასეთები? სამშობლოს სიყვარული ენის სიყვარულით იწყება და არა სავარძლის მანიით. უცნაურია, მაგრამ ზოგჯერ ისეთი წარმოდგენა გვრჩება, რომ უცხო ენაზე აზროვნებენ და მერე თარგმნიან გონებაში წინადადებებს. ეს მათ მიერ გამოთქმული წინადადებების წყობას კარგად ეტყობა. აბა, არც პრეპოზიციურ და არც პოსტპოზიციურ წყობაში არ ჯდება მათი წინადადებები. კარგია, თუ დასავლური ცოდნა აქვთ, მაგრამ მშობლიურ ენაზე თუ გამართულად ვერ მეტყველებდნენ თავის დროზე, სკოლაში სწავლისას, საინტერესოა, რა ბაზა ჰქონდათ სხვა დისციპლინების მხრივ, რომელსაც ამავე სკოლაში სწავლობდნენ?

ტელევიზიები ცალკე თემაა. გამართული ქართულით მოსაუბრე ჟურნალისტსა და კორესპონდენტს იშვიათად იხილავ.
აქ კარგი იქნება ზვიად გამსახურდიას მიმართვას თუ გავიხსენებთ ტელევიზიებისადმი:



image



რჩევა საქართველოს ტელევიზიას:


კატეგორიულად გახშირდა თქვენ მიერ შემთხვევითი პირებისთვის ეკრანის დათმობა და მათი რეკლამირება, ვითარცა პოლიტიკური მოღვაწეებისა, ამიტომ გირჩევთ:


  • ვიდრე ამა თუ იმ პიროვნებას გამოიყვანდეთ ერის წინაშე, ვითარცა ლიდერს და დიდ პოლიტიკურ მოღვაწეს, შეამოწმეთ მისი ბიოგრაფია, გაარკვიეთ, რა კავშირი აქვს მას ეროვნულ მოძრაობასთან, რამდენად სწორად იყენებს უცხო სიტყვებს.

  • ვიდრე ასეთ პიროვნებას დაუსვამდეთ შეკითხვებს ღრმა პოლიტიკურ საკითხებზე, შეუმოწმეთ ცოდნა ქართული ენისა. ვიდრე არ დარწმუნდებით, რომ იგი მეხუთე კლასის დონეს მაინც აკმაყოფილებს, ნუ აყბედებთ ხანგრძლივად ტელევიზიით.

  • დიდ პოლიტიკურ ლიდერებს ურჩიეთ, ნუ ხმარობენ სიტყვა " ნუ"-ს ქართულად ლაპარაკისას რუსული მნიშვნელობით, ვინაიდან ეს დანაგვიანებაა ენისა ბარბარიზმებით: " ნუუ, წავედით", " ნუუ, რა მოგახსენოთ" და ა. შ. ურჩიეთ, აგრეთვე, ნუ იყენებენ გამოთქმებს : "ვბრძოლობთ", "ოცდაათ სექტემბერში" და სხვ. ან, უკიდურეს შემთხვევაში, თუ ცენტრალური კომიტეტიდან დავალებული გაქვთ რეკლამირება ასეთი ლიდერებისა, მიმართეთ თქვენს საყვარელ ხელობას - მონტაჟს - და ამოუჭერით მათ ასეთი გამოთქმები. ამას ერიც დაგიმადლებთ და ეროვნული მოძრაობაც.

თქვენი კეთილისმსურველი, ზვიად გამსახურდია "

1990, 10 აგვისტო, "საქართველოს რესპუბლიკა"




5
180
11-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
180
  
2021, 27 მარტი, 2:05
აი, პასუხშიც წერილშიც დამიშვია შეცდომა, რომელდანაც - რომლიდანაც :))) შიფტის ღილაკიც მოფამფალდა , აგერ ფაქტი
2021, 26 მარტი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 26 მარტი, 22:04
ტექსტის გამზადების შემდეგ, ქვევით ჩამოიშლება ალტერნატიული ორი სტრიქონი, რომელდანაც უნდა აირჩიო ერთ-ერთი. ბრძანებაა ასეთი " ტექსტი თქვენს მიერაა დაწერილი თუ ნათარგმნი, აირჩიეთ შესაბამისი პასუხი" - დაახლოებით, ასე წერია. მის ზევით კი მითითებაა, რომ არ დავუშვათ გრამატიკული, სტილისტური და ფაქტობრივი შეცდომები. თუმცა "თქვენს მიერ" უკვე შეცდომაა. ეს პირის ნაცვალსახელია და არა კუთვნილებითი ნაცვალსახელი და "ს" არ სჭირდება. სწორია: თქვენ მიერ. თუმცა დააკვირდით , დღეს პირიქით, კუთვნილებითს აკლებენ და პირის ნაცვალსახელტან იყენებენ ამ ასოს. მაგ. პოლიტიკოსები ხშირად გაიზახიან "ჩემ ოჯახს, ჩემ პარტიაც, ჩვენ კანონპროექტს", მაგრამ ასევე გაიძახიან" ჩემს მიერ წარმოდგენილი, ჩემს გვერდით მდგომი, ჩემს ნაცვლად, ჩემს წინაშე"... ამ ბოლო შემთხვევაში "ს" არ სჭირდება.... ანუ, "უკუღმა , ასინეთა, უკუღმა" - კვლავაც ძალაშია
2021, 26 მარტი, 21:57
ზოგჯერ მექანიკური შეცდომები იპარება. მეც მეპარება. როცა გავუშვებ ტექსტს, მერე ვამჩნევ ხოლმე. ამიტომ არსებობს, ზოგადად, ცალკე კორექტორი. გამოტოვებული ასოები, ადგილშეცვლილი ასოები, შიფტის გარეშე აკრებილი შ, ჭ, ძ, ჩ, მაგრამ , ვფიქრობ, მკითხველი ხვდება, რომელია მექანიკური.
2021, 26 მარტი, 21:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5