სხვა ჯონ კენედის საყვარლისადმი მიწერილ წერილებს აუქციონზე გაყიდიან 2021, 11 მაისი, 16:45 ბოსტონის აუქციონის სახლმა გასაყიდად გამოიტანა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ჯონ ფიცჯერალდ კენედის წერილები, რომელიც მისი შვედი საყვარლის, გუნილა ფონ პოსტის მისამართით იყო გაგზავნილი, იუწყება CNN. კენედიმ გოგონა 1953 წელს საფრანგეთის რივიერაზე დასვენების დროს გაიცნო. მათი გაცნობა და რომანი დაიწყო ჟაკლინ ბუვიესთან ქორწინებამდე რამდენიმე დღით ადრე, რომელიც შემდეგ გახდა ქალბატონი ჟაკლინ კენედი. ჯონისა და გუნილას ურთიერთობა სამ წელს გაგრძელდა და 1956 წელს დასრულდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებნი, საყვარლები ერთმანეთს ვნებიან წერილებს უგზავნიდნენ. მათი კავშირი არ შეწყვეტილა მაშინაც კი, როდესაც გუნილამ თანამემამულე ფერმერზე დაქორწინება გადაწყვიტა. "მომავალ ზაფხულს ვგეგმავდი შენს ნახვას. გამაგებინე რას აპირებ. თუ გათხოვებას არ აპირებ ჩამოდი. გასულ ზაფხულს შენთან ერთად მშვენიერი დრო გავატარე. ეს ჩემი ცხოვრების ნათელი მოგონებაა - შენ შესანიშნავი ხარ და მენატრები ”, - წერდა შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტი. აუქციონზე გამოტანილი იქნება რვაგვერდიანი კოლექცია, რომელიც შეიცავს ერთ სრულ წერილს და ორ ამონარიდს, რომელიც თარიღდება 1955 წელს. ერთ შეტყობინებაში კენედი თავის საყვარელს ეკითხება იმ ადგილის შესახებ, სადაც შვედეთში მისი ოფიციალური ვიზიტის დროს იქნება შესაძლებელი შეხვედრა. მეორეში ის განიხილავს, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს მათი შეხვედრა ხანგრძლივი განშორების შემდეგ. ჯონ კენედიმ გუნილა ფონ პოსტს რამდენჯერმე შესთავაზა გადასულიყო შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად . მაგრამ ამას ხელი შეუშალა გოგონას მამამ, რომელიც შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს ამერიკელი პოლიტიკოსის ამბიციებით და სულაც არ სურდა მისი ქალიშვილი ყოფილიყო ვინმეს საყვარელი. გუნილა ფონ პოსტი, მხოლოდ კენედის მკვლელობის შემდეგ გადავიდა ფლორიდაში საცხოვრებლად. 1997 წელს მან დაწერა წიგნი, რომელშიც ის საუბრობდა შეერთებული შტატების პრეზიდენტთან რომანზე. 73 5-ს მოსწონს
|