შოუბიზნესი იმედია არ მოგიწევთ თქმა - საწყალი ნიკა, რა კაი გეგმები ქონდა, რომ არა კორონაო-ნიკა ქავთარაძე 2021, 22 მარტი, 16:31 როგორც ჩანს პარტია გირჩის წევრი, ნიკა ქავთარაძე "დიდ ავიაციაში" დაბრუნებას აპირებს და სურს კვლავ შექმნას იუმორისტული სკეტჩები, როგორც თავად ქავთარაძე ირწმუნება ფეისბუქ-პოსტში, მისთვის "ყველაზე ძვირფას საქმიანობას" იგი სამუდამოდ უბრუნდება და პირობას იძლევა, რომ აღარასოდეს აქცევს ზურგს: "ცოტა გრძლად, მაგრამ ვფიქრობ გაგიხარდებათ
სულ პატარაობიდან მიყვარდა ადამიანების გაცინება - სახლში, სკოლაში, უბანში, სანათესაოში.
ჩემ ბავშვობაში სასცენო იუმორისტი/კომიკოსი მხოლოდ ერთი ადამიანი იყო თენგიზ ჩანტლაძე.
ძალიან მიყვარდა.
ვგიჟდებოდი მის სკეტჩებზე, სთენდაფებზე.
მაგრამ მაშინ ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა ეს პროფესია ამერჩია - სცენაც და ტელევიზიაც სრულიად მიუწვდომელი სამყარო მეგონა.
წლების მერე, როცა სტუდენტი გავხდი და მეგობრებთან ერთად პირველად დავესწარი თსუ KBH-ს - მივხვდი, რომ ბავშვობის ოცნებასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვარ.
მეორე კურსზე მეც დავიწყე თამაში. პირველ შეხვედრაში სულ 2 ხუმრობა მქონდა. მაგრამ დღემდე მახსოვს ხალხის რეაქცია - 800 მაყურებლიანი დარბაზის სიცილი და ტაში.
მას შემდეგ 25 წელი გავიდა.
იმ საშინელ წლებში, უშუქობაში, უგაზობაში, უფულობაში, უიმედობაში და უპერსპექტივობაში ყველა ფორმას ვეძებდით, რომ ხალხი გაგვეცინებინა, გაგვეხარებინა და კარგ ხასიათზე დაგვეყენებინა - სცენა, რადიო, ტელევიზია.
არაფერი იმაზე სასაიმოვნო არაა, როგორც სიცილისგან აცრემლებული ასეულობით ადამიანის პირისპირ დანახვა
ასეთი ადამიანების რიცხვი სულ უფრო იზრდებოდა. ჩვენც არ ვჩერდებოდით.
იუმორი, როგორც პროტესტი - ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.
მაგრამ რაღაც მომენტში ჩავთვალე, რომ გარემო შეიცვალა და მეტი პროტესტი გახდა საჭირო და სასაცილოდ აღარ გვქონდა საქმე. არ ვიცი შევცდი თუ არა, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ “სიცილისგან აცრემლებული ადამიანების თვალები” ძალიან დამაკლდა მეც და ქვეყანასაც.
დამაკლდა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი - ხალხის გაბედნიერების “სუპერძალა”
თუმცა მაინც არ ვტყდებოდი - “რა დროს სიცილი და ღლაბუცია, როცა...”
და რაღაც მომენტში მივხვდი, რომ საკუთარ თავს ძალიან ცუდად ვექცეოდი და კიდევ უფრო ცუდად - ათასობით ადამიანს, რომლებიც ჩემგან სულ სხვა რამეს ელოდებოდნენ და მე სრულიად სხვა რამეს ვაძლევდი.
ამიტომ ცოტა ხნის წინ, მეგობრებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ ვაკეთო ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. რაც კიდევ ერთხელ მომცემს შანსს, ბედნიერი სიცილები გავიგონო - დავუბრუნდე ჩემთვის ყველაზე ძვირფას საქმიანობას.
დავუბრუნდე და აღარასდროს ვაქციო მას ზურგი!
ასე რომ მოემზადეთ, მეგობრებო - დიდი ჟრიამული იწყება
P.S. იმედია არ მოგიწევთ თქმა - საწყალი ნიკა, რა კაი გეგმები ქონდა, რომ არა კორონაო
67 3-ს მოსწონს
|