x
image
თუთიკო ბერძენა
"წარმოიდგინე, რომ ფარნავაზის ეპოქაში ცხოვრობ!" მაგრამ ბავშვო, ეს ისე წარმოიდგინე, რომ შენი უმწიფარი ფსიქიკა სამუდამოდ არ ჩარჩეს ძვ.წ.IV საუკუნეში!
რამდენად გამართლებულია მოზარდის ფსიქოლოგიისთვის ახალი ტენდენცია განათლების სისტემაში - კომპლექსური დავალებები მოსწავლეებისთვის?
მე-9 კლასის ისტორიის დავალება: "წარმოიდგინეთ, რომ ფარნავაზის ეპოქაში ცხოვრობთ".

image



ფარნავაზ მეფის საჩუქარი

***

მას შემდეგ, რაც კვანტური მექანიკისა და ჭიის ხვრელების ნაზავით შექმნილი დროის მანქანით სამოგზაუროდ NASA-მ მოხალისეები მოითხოვა, განაცხადი შევავსე და ახლა ვდგავარ პროფესორ სტივენ ჰოუკინგის მოსწავლის, დიდი ექსპერიმენტატორის ჰანს მილტონის უზარმაზარი ლაბორატორიის მოსაცდელში. მახსენდება რუსული კომედიური ჟანრის ფილმი „ Иван цареевич меняет профессию“. ჰანს მილტონსაც შურიკას მსგავსი სათავლე უკეთია, თუმცა მასზე გაცილებით ხნიერად გამოიყურება და იმედი მაქვს, არ მოვხვდები კომედიაში. აქ სხვადასხვა ქვეყნების რამდენიმე მოქალაქე ვართ. საბედნიეროდ, საუკუნე და ქვეყანა თვითონ მოხალისეებმა უნდა ავირჩიოთ. აღმოჩნდა, რომ დროში მოგზაურობა შესაძლებელია დრო-სივრცის მხოლოდ იმ რეგიონებში, რომლებიც საჭიროებისამებრ არიან გამრუდებული და მომავლის ტურისტები მხოლოდ იქ დავბრუნდებით, სადაც გამრუდება ჩვენს წამოსვლამდე მოხდა. ამიტომაა წარსულში მოგზაურობა შესაძლებელი. აღმოჩნდა, რომ ჩვენგან ძალიან ცოტანი ვართ ისეთი ქვეყნის შვილები, რომელთა ისტორიაც სათავეს ქრისტეს შობამდე დიდიხნით ადრე იღებს. გამიკვირდა, რომ ჩვენთან შედარებით ახალბედა ქვეყნები დღეს ჩვენზე მეტად განვითარებულები არიან, ჩვენ კი, ასეთი უზარმაზარი და მდიდარი წარსულის მქონე ერს დღეს ისევ განვითარებადი ქვეყანა გვაქვს.
ვზივარ და ვფიქრობ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ეს ალბათ ისევ იმ წყეული საბჭოეთის „დამსახურებაა“, რომელმაც უამრავი ნიჭიერი გენეტიკა მოსპო მისი ჩამოყალიბების პროცესში. გასაფიქრებლადაც კი მწარეა და მძიმე, როგორც ყველა სიმართლე, მაგრამ ჩემი ვერსიით და ლოგიკურად, სიცოცხლის გადასარჩენად „დანოსების“ მწერალთა შთამომავლებმა უკეთესი ქვეყანა ეტყობა ვეღარ შევქმენით. ფიქრებიდან ჰანს მილტონის ხმამ გამომაფხიზლა.

-Get ready, Berdzenadze Tamar! It’s your turn! Choose the country and the century!
_ I’m Ready! Georgia! Mtskheta! IV centrury before Christ !

ფოლადის კოსტუმი, რომელმაც სინათლის სხივის სიჩქარეს უნდა გადაუსწროს, ძალიან პატარაა და ზუსტად იმეორებს ჩემის სხეულის ფორმასა და ზომებს. ჩემს ე. წ. სკაფანდრშია ჩამონტაჟებული ყველა ის ურთულესი სქემა და ქსელი, რომლითაც 23-24 საუკუნე უნდა ელვისებურად ვიფრინო, რათა ფარნავაზ მეფე საკუთარი თვალით ვიხილო!
ყურებში რაღაც კოსმოსური სივრცის ხმასავით აშიშინდა, თვალებში სიჭრელე აირია და უზარმაზარი წნევით შევვარდი რაღაც ღრუბლისებრ მასაში, რომელიც თანდათან დაიწმინდა და ჩემ თვალწინ გადაიშალა ულამაზესი სანახაობა! თავიდან მძიმე სკაფანდრი მოვიშორე და პირველი განსხვავება, რაც ვიგრძენი, ეს იყო შენ არნასუნთქი უსუფთავესი ჰაერი, ჟანგბადით გაჯერებული, მსუბუქი, თუთქოს მალამოდ მოედო ჩემს ბრონქებისა და ფილტვების ყველა იმ უჯრედს, რომლებიც გამონაბოლქვების სუნთქვით იყო შეჯანჯღარებული! ჯერ არნახული ზეცა, სუფთა და კრიალა ნაკადულები, მდინარეები!
ეს არის ქართლის სამეფო! 8 საერისთავო, 1 სასპასპეტო! და მისი გული მცხეთა!. საოცარია მცხეთის ხილვა სვეტიცხოვლის გარეშე. აქამდე მხოლოდ სვეტიცხოველი მეგონა მცხეთის მთელი ისტორიული დიდება და ღირსება!

ჩემ წინ არმაზი დგას მთაზე მთელი თავისი იდუმალებით, ფარნავაზ მეფის მიერ აღმართული კერპი. იგი სპილენძისაგან ჩამოსხმულ მეომარს ჰგავს, რომელსაც ტანთ ოქროს აბჯარი აცვია, თავზე ოქროს მუზარადი ახურავს, თვალების ადგილას ზურმუხტის მწვანე ქვები უბრწყინავს, ხელში მახვილი უპყრია. „აჰა, დგა კაციერთი სპილენძისაჲ და ტანსა მისსა ეცუა ჯაჭჳ ოქროჲსაჲ, და ჩაფხუტი ოქროჲსაჲ, და სამჴარნიესხნეს ფრცხილი და ბივრიტი, და ჴელსა მისსა აქუნდა ჴრმალი ლესული, რომელი ბრწყინვიდადა იქცევოდა ჴელსა შინა, რეცა თუ რომელი შეეხებინ, თავი თჳსი სიკუდიდ განიწიროს.“[2]
კერპს წრეს უვლიან შავი ფერის ჯვალოს მოსასხამებში გახვეული ქურუმები, ხელში ჩირაღდნები უჭირავთ და რიტუალური ნაბიჯებით და ერთ რიტმში ბიტბუტებენ.
კერპის წინ ბერიკაცი დგას. მეოცნებე თვალებით შჰყურებს კერპს და ეუბნება:

„ღმერთი ღმერთთა არმაზ....ღმერთნი დიდნი, სოფლის მპყრობელნი, მზისა მომფენელნი, წჳიმისა მომცემელნი და ქუეყნისა ნაშობთა გამომზრდელნი...[1]“
ქურუმები ისე იყვნენ გართული ლოცვაში, რომ ყურადღებაც არ მომაქციეს, სამაგიეროდ, ჩემს დანახვაზე ბერიკაცი წამოდგა, მომიახლოვდა, ჩემი უცნაური ჩაცმულობა შეათვალიერა, გამომკითხა, ვინ ვარ, საიდან მოვედი. ჯერ მითხრა, რომ ვიტყუები, მერე მითხრა, რომ ჭკუა მაქვს არეული, ბოლოს კი თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებით დამაკვირდა და მითხრა:
-შენ ხარ სასწაული ღმერთთა ღმერთი არმაზისაგან - ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებლისაგან და რაკი ამ წმინდა ადგილზე შემხვდი, მიგიღებ არმაზის სასწაულად და გაჩვენებ ჩვენს სამეფოს, შეგახვედრებ მეფეს და ჩვენს ქურუმებს.

მოვდივართ ერთად და მიხსნის ბერიკაცი, როგორ დაჩრდილა არმაზის კულტმა ადგილობრივ ტომობრივ ღვთაებათა კულტები. აქვეა აზონის მიერ დაგმული კერპები - მამაკაცის ოქროს ქანდაკება სახელად გაცი და ვერცხლის კერპი სახელად გა (გაიმ).
- ზაფხულში არმაზის დღესასწაული იმართება, როცა ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობებია სამეფო ოჯახის მონაწილეობით. სახელი ღვთაებას ფარნავაზმა საკუთარი სახელის მიხედვით შეარქვა, რადგან მას „სპარსულად არმაზ ერქუა“ და პატივისცემა და სამსახური დაუწესა ახლად აღმართულ კერპს.

- ბერიკაცო, მეცნიერთა ერთი ნაწილი მას აჰურა მაზდასთან – სპარსულ უზენაეს ღვთაებასთან აკავშირებს, სხვები კი ხეთურ მთვარის ღვთაების სახელ „არმას“-თან. არმაზის სახელს აჰურამაზდასთან აკავშირებდა ივანე ჯავახიშვილი და წერდა: „არმაზის შესახებ ცნობებს რომ სპარსულ აჰურამაზდასთან სახელის მეტი საერთო არაფერი აქვს, ეს უცილობელია“[3]. და იქვე, „მაზდეანობა რომ ერთ ხანს საქართველოშიც გავრცელებული იყო და მაშასადამე, აჰურამაზდა-არმაზის თაყვანისცემაც უნდა ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში – ეს ცხადია“.

- მე არ ვიცი, რას ნიშნავს მეცნიერი, ვინაა ივანე ჯავახიშვილი. რატომ აქვს კაცს ორი სახელი? ივანეც ჰქვია და ჯავახიშვილიც?
- არა, ბერიკაცო, ივანე სახელია, ჯავახიშვილი კი გვარი. ეს არის თქვენი ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი, ყველაზე ჭკვიანი და კეთილშობილი შთამომავალი, რომელიც თქვენგან ძალიან შორეულ მომავალში დაიბადება - 1876 წელს და დაიწყებს ამ ქვეყნის, ამ ხალხის ისტორიის შესწავლას, ქართული დამწერლობის კვლევას...
- შენ წინასწარმეტყველი ხარ?
-არა, მეც ერთ-ერთი შთამომავალი ვარ თქვენი. შეიძლება შენ ჩემი პაპის პაპის პაპის პაპის და ასე უსასროლოდ პაპის პაპაც ოყო.
- რაღაცას მატყუებ, მაგრამ სასიამოვნოდ მატყუებ, - გაეღიმა მოხუცს. - ვნახოთ, რას იტყვის შენზე ჩვენი უჭკვიანესი მეფე ფარნავაზი.

მივუყვებით ულამაზეს არემარეს, ქვით მოკირწყლულ ბილიკს.

-ჭკვიანი და გონიერი მეფე გვყავს. მართალია, მან აღმართა არმაზი და ერთი სახელმწიფო რელიგია შეგვიქმნა, მაგრამ პატივი სცა სხვა რელიგიების წარმომადგნელებს და მათ კერპები არ დაანგრია. მძიმე ბავშვობა გაიარა მან. იგი მცხეთის მამასახლისის სამარას ძმისშვილი იყო. როცა აზონმა მოკლა სამარა, ფარნავაზი დედამ და ქურუმებმა გადამალეს.
- ბერიკაცო, ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრებაში“ ნათქვამია, რომ ალექსანდრე მაკედონელმა თავისი სარდალი აზონი გამოგზავნა ქართლის დასაპყრობად, „ მოქცევაი ქართლისაი“ კი გვეუბნება, რომ აზონი ბერძენი კი არ იყო, არამედ ქართველი ხელისუფალი იყო და მაკედონელებმა ქართლის ციხესიმაგრეების აღების შემდეგ დანიშნეს იგი მმართველად. და თითქოს ის იყო არიან-ქართლის მეფის იარედოსის ძე.
- არ ვიცი, მე არც ერთო და არც მეორე თხზულება, მაგრამ მომსწრე ვარ იმისა, რომ აზომ არიან-ქართლიდან წამოიყვანა საკუთარი ნათესავები, რომლებიც აზნაირები გახადა და ახალ ტერიტორიაზე დაამკვიდრა. ამით მას ხელსიუფლების განმტკიცება სურდა. ასეთი უძღებია კაცის ბუნება. ყოფილიყო არიან-ქართლში, ემართა თავისი მამულები, რას ერჩოდა ჩვენს სამარას? მისმა საქციელმა უკმაყოფილება გამოიწვია ჩვენში, რადგან აახალმოსულებმა შეგვავიწროვეს. მოგვიანებით დავაჟკაცებული ფარნავაზი ჩრდილო კავკასიიდან დაბრუნდა და აზოს დაუპირისპირდა . ზალიან დაგვეხმარა ამაში ეგრისის ერისთავი ქუჯი. დაიქირავეს ოსები და ლეკები და აზო გააძევეს. აზო თავის სამშობლოში -კლარჯეთში გამაგრდა. ამ დაპირისპირებაში ბევრი ერები ჩაერთო
- მაგას ჩვენთან საერთაშორისო დაპირისპირებას ეძახიან.
- ჰოო, სა-ერთა-შორისო სწორად ჟღერს. აზოს პონტოს მეფე დაეხმარა ჯარით, ფარნავაზს კი სელევკიდების მეფის, ანტიოქოსის დავალებით, სომხები დაეხმარნენ. იცი, შვილო, შენ ქაჯთა ქალაქი?
- არა, ბერიკაცო, მაგრამ ვიცი, რომ სამხრეთ საქართველოშია. ნასწავლი მაქვს, ჰურთან - ქაჯთა ქალაქთან დაამარცხა აზო ფარნავაზმაო, მოკლა და თავისი გვირგვინის ქვეშ გააერთიანა ქართლიო.
- კი, სწორად გისწავლია, შვილო. მერე ფარნავაზმა ქუჯის და ოსთა მეფეს თავისი დები მიათხოვა და ასე დანათესავდნენ.
- რა საინტერესოა, როცა ამ ყველაფერს თვითმხილველისგან ისმენ! ბერიკაცო, წერა იცით?
- ოოო, სწორედ ფარნავაზ მეფის დამსახურებაა ეს, შვილო. ჩვენ მანამდეც ვწერდით, მაგრამ ქართული დამწერლობა ფარნავაზ მეფემ ერთიან დამწერლობად ჩამოაყალიბა, სრულყო და რაც მთავარია, განავრცო. აქ ფარნავაზამდე სხვადასხვა ენაზე საუბრობდა ხალხი, მან კი ქართული ენა სახელმწიფო ენად გამოგვიცხადა. განა ვინმეს აგვიკრძალა სხვა ენაზე საუბარი? არა. მაგრამ ქართული ენა არის უპირველესი და მისი ცოდნა ყველასთვის სავალდებულოა.
- ბერიკაცო, რამდენი ფენაა თქვენთან ახლა?
- ოთხი ფენაა, ეს იგივე გვარია. წეღან რომ შენ ჯავახიშვილი ახსენე გვარიაო, თითქმის ისე, მაგრამ აქ ცოტა სხვაგვარად. ჩვენთან არის სამეფო საგვარეული, რომელშიც მეფეების გარდა მოსამართლეებიც და მხედართმთავრებიც შედიან, მეორეა ქურუმთა გვარი, რომლის წარმომადგენლებიც სამართალზეც ზრუნავდნენ, მესამეა მხედართა და მიწადმოქმედთა ფენა, მეოთხეა სამეფო მონები, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს, რაც ცხოვრებისთვისაა საჭირო.
- რა ცუდია, ბერიკაცო, რომ მონები გყავთ. ეგ არ მომწონს, - მოვიწყინე მე, - იცი? მოვა დრო და მონები გათავისუფლდებიან. მონები ისწვლიან, განათლდებიან, მიაღწევენ წარმატებებს, ზოგი პრეზიდენტიც კი გახდება.
- -რა? რეპზიდეტი? რა ძნელად წარმოსათქმელი სიტყვაა!

რა საყვარელია, ძალიან მინდა გულიანად გავიცინო, მაგრამ ჯერ ერთი, რომ მოხუცია და მერე რომელი საუკუნის მოხუცი, ესეც ხომ გასათვალისწინებელია?! ამიტომ თავი შევიკავე.
- პრეზიდენტი ზოგ ქვეყანაში სახელმწიფოს მეთაურია, მმართველი, რომელიც წარმართავს და ახორციელებს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. იგი უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას კონსტიტუციის შესაბამისად. ზოგ ქვეყანაში აღარ არიან მეფეები, ბერიკაცო.არც საქართველოში აღარ გვყავს მეფე. ახლა საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა გახდა, გვყავს პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი, რომლებიც იცვლებიან და იცვლებიან, ივ=ცვლებიან და იცვლებიან!
- უჰუჰ! მეტკინა ყურები, რა ძნელად წარმოსათმელი და გასაგები სიტყვებია. არ მინდა შვილო, დაიტოვეთ სადაც გყავთ და როცა გყავთ. მე ჩემი მეფე ფარნავაზის ერთგული ვარ და ასე მის ერთგულებაში ჩავალ მიწაში!

ახლა უკვე ჩუმად გავიარეთ დიდი გზა. ეტყობა მოხუცი საქართველოს ასეთ უცნაურ და დაუჯერებელ მომავალზე დაფიქრდა. და მე დავაცადე ეს ფიქრი. მე ხომ მათზე ბევრი რამ ვიცი, მან კი ჩვენზე არაფერი. ამიტომ იფიქროს.


ირგვლივ ლამაზად დამუშავებული მიწებია, პურის თავთავები ყელმოღერებული მეკეკლუცებიან სტუმარს და გამომწვევად ბრწყინავენ მზეზე. ალაგ-ალაგ პაწაწინა სახლებია, სადაც ბავშვები ჟრიამულობენ, ფეხშიშველი დარბიან, ქვებისგან პაწაწინა ფიგურებს და მინიატურულ ციხესიმაგრეებს აგებენ
- ხომ არ შევაშინებ მათ?-ვკითხე ჩემს ახალდამეგობრებულ მოხუცს.
- არა, შვილო, ისინი ვერც კი შეგამჩნევენ, მომავლის ადამიანების დანახვა განა ყველას შეუძლია? ეს მხოლოდ რჩეულთა უნარია.

მივხვდი, რომ ბერიკაცი სულაც არ ხედავს ჩემში მატყუარას. მივხვდი, რომ ადამიანის გონებას ნებისმიერ საუკუნეში შეუძლია შექმნას წარმოსახვითი ადამიანები მომავლიდან ან წარსულიდან. დავფიქრდი, მართლა მილტონის ექსპერიმენტის მოხალისე ვარ თუ ამ ბერიკაცის სიზმარი? ან ეგებ მე მესიზმრება ეს სიზმარი და ეს ბერიკაციც ჩემი სიზმრის ნაწილია? ოო, ნანა მასწავლებელო, როგორ ამერია თავგზა. ახლა მე რომ ასეთ ღრმა წარმოსახვაში ჩავრჩე, ფსიქიატრების არმია ვერ მიშველის აქედან გამოსათრევად. მაგრამ რაკი უკვე აქ ვარ, ფარნავაზ მეფის უნახავად ნამდვილად აღარ ღირს უკან გამობრუნება.

სანამ ფარნავაზ მეფესთან მივალ, რაღაც ვატყობ, რომ ქალები აქ ძალიან უუფლებოები არიან, ქუჩებში არც კი ჩანან, მგონი ქალებს საერთოდ არც კი ცნობენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად. რა იციან, რომ აქედან 15-16 საუკუნის შემდეგ, ანუ ახალი წელთაღრიცხვით მე-12 საუკუნეში ამ ტერიტორიას და კიდევ უფრო დიდს, მეფედ ქალი მოევლინება! და რა მაგარია, რომ ქართლში ახლა ამის შესახებ მხოლოდ მე ვიცი!

- ბერიკაცო, ვინ არის ფარნავაზ მეფის მეუღლე?
- დურძუკი ქალი
- დურძუკ ქალს სახელი არ აქვს?
- ეე შვილო, ქალები ხომ მხოლოდ კაცთა მოდგმის გასამრავლებლად შეუქმნია ღმერთს!
განა შენი სახელი ვიცი? შე ხარ მომავლის ქალი. რა საჭიროა სახელი. არც კი მიკითხავს. ფარნავაზის დედაც კი ასე ვიცი, რომ იყო დარიოს მე-3 ის ასული და მორჩა. სამაგიეროდ, ფარნავაზის ძის სახელი არასდროს დამავიწყდება - საურმაგი!

რა გინდა უპასუხო? კონფლიქტს ხომ არ გამოვიწვევ? ბერიკაცმა ჯვალოს ხურჯინისმაგვარი ტომრიდან პური გამომიწოდა
- მოგშივდებოდა, შვილო. ცოტა ღვინოსაც ხომ არ დააყოლებ?
პური გამოვართვი და პირველსავე ლუკმაზე ვიგრძენი, რომ ეს რაღაც სხვა იყო, მსხვილად დაფქული, ტკაცუნა ცეცხლზე გამომცხვარი, უგემრიელესი! ღვინოსაც რა სხვაგვარი გემო აქვს!

აქ არ დადიან ავტომობილებით, აქ არ გუგუნებენ ქარხნები, აქ არ დაზუზუნებენ ავტობუსები, ზეცას არ სერავენ თვითმფრინავები, მაგრამ სიამოვნებით ვიტყოდი უარს იმ ცივილიზაციაზე, საიდანაც მოვედი, რადგან აქ ყველაფერი სუფთაა, წყალიც, ჰაერიც, პურიც, ღვინოც, ნაკადულებიც, ხეებიც, ყველაფერი!
ამ ფიქრში გართულმა შევაბიჯე უზარმაზარ სასახლეში, საიდანაც უკვე მცხეთის გალავანი, რომელიც ფარნავაზმა ააშენა, შორს მოჩანდა.

„ხოლო თუენი გაზაფხულისა და სთულისა არისანი დაყვნის მცხეთას, სამეუფოსა ქალაქსა; და თუენი ზამთრისანი დაყვნის გაჩიანთა; ხოლო თუენი ზაფხულისა — წუნდას. და ჟამითი-ჟამად მივიდის ეგრისს და კლარჯეთს, და მოიკითხნის მეგრელნი და კლარჯნი, და განაგის ყოველი საქმე დაშლილი“
ანუ რაკი გვიან რთველია, მეფე ფარნავაზი მცხეთაშია. ზუსტ დროს მოვედი!

და დავსდექ მას ფარნაბვაზ მეფისა წინაშე და ვიხილე იგი „ ესე ფარნავაზ ი კაცი გონიერი, მჴედარი შემმართებელი და მონადირე ჴელოვანი“, ზუსტად ისეთი ახოვანი, მხრებგანიერი, წითელპერანგსა და მხარზე ოქროსფერ მოსასხამგადადებული, როგორი პორტრეტიც საქართველოს პარლამენტში ჰკიდია და ყოველ ავლა-ჩავლისას მის წინ ვდგები და დროის მანქანაზე ვოცნებობ.

თავი დავხარე მეფის წინაშე, მოწიწების ნიშნად, რომ მან ჩემი ქვეყნის შორეულ წარსულში ქართლის სამეფო ჩამოაყალიბა.
მეფეს ხელში არ უჭირავს გრაგნილი, როგორც იმ სურათზე, მაგრამ ძალიან ლამაზია, ვაჟკაცური, დიდებული, ამაღლებული, ულამაზესი გვირგვინით, რომელზეც წითელი ძვირფასი თვლები ბრწყინავენ. უბრად ზის, მხოლოდ მომესალმა, როგორც სტუმარს შორეული მომავლიდან. თითით თავისკენ მიხმობს. ვუახლოვდები, სუნთქვა მეკვრის, ვღელავ. ხელით რაღაცს მაწოდებს. და ეს ვერცხლის მონეტაა!.

- მჯერა, 21-ე საუკუნეში, საიდანაც მესტუმრე, იშვიათი იქნება ერი, რომელსაც ძვ.წ.-ით მეოთხე საუკუნეში თავისი ეროვნული ფულის არსებობით თავმოწონება შეეძლება. დარწმუნებული ვარ, ამ იშვიათ ერთა რიცხვს ქართველები მიეკუთვნებიან. გექნება საამაყო! -მეუბნება მთელი თავისი ღვთიური დიდებულებით.

მონეტას დავხედე და ვხედავ, მასზე აღბეჭდილია თვით ფარნავაზი, მისი სახის გასწვრივ კი ქართული ასომთავრული ანბანით წარწერა„კეი~ი ფ~ზ». ამ დაქარაგმებული, შეკვეცილი წარწერის გამოტოვებულ ასოებს თუ აღვადგენთ, აქ წერია: „კეისარი ფარნავაზი».

დავრწმუნდი, რომ ფარნავაზ პირველის ქვეყანაში სახელმწიფო დამწერლობა იყო ქართული, კერძოდ, ქართული ასომთავრული, რომელშიც ორმოცი ასო-ნიშანია. მეორე დასკვნაც აშკარაა: ფარნავაზის ქვეყანაში სახელმწიფო ენა იყო ქართული!

ამასობაში ჩემი სკაფანდრის ზუსტად ისეთივე წითელი თვალი ინთება, როგორიც მეფის გვირგვინზე ბრწყინავს. ეს არის ჩემი 21-ე საუკუნეში დაბრუნების ნიშანი! სიამოვნებით დავრჩებოდი აქ, ამათთან, ჩემი ოჯახის წევრები და ახლობლებიც რომ თან წამომეყვანა.
მაგრამ ახლა უნდა დავბრუნდე.
მადლობა გადავუხადე ჩემს ახალ მეგობარ ბერიკაცს მეგზურობისთვის, მადლობა გადავუხადე მეფე ფარნავაზს ასეთი მრავლისმთქმელი საჩუქრისთვის და დავემშვიდობე:
„ჩვენ ისევ შევხდებით!“

***

ამ დავალების შემდეგ მთელი 1 კვირა ღამით კოშმარები მესიზმრებოდა. დროის შეგრძნება დავკარგე. დავფრინავდი სადღაც საუკუნეების გამჭოლად. ალბათ იმიტომ, რომ რასაც ვაკეთებ, მისი ბოლომდე გააზრება და გათავისება ვიცი და არ შემიძლია ზერელედ და აგდებულად ვაკეთო რაიმე. ჰოდა, კომპლექსური დავალების გამო ბოლომდე შევედი როლში ისე, რომ მერე ამ როლიდან გამოსვლა ძალიან გამიჭირდა. ლაკროფტის საშინელებებივით მსტუმრობდნენ ძილში მიცვალებულები. ყველას ერთნაირი მგრძნობელობა ხომ არ აქვს? არ ვიცი, რატომ მივუდექი ასეთი პასუხისმგებლობით. მაღალი შეფასებისთვის? ალბათ. თუმცა დავრწმუნდი, რომ, პირველ რიგში, მაღალი შეფასება დამჭირდება ჯანმრთელობის მხრივ.

ძალიან კარგი მასწავლებელი მყავს ისტორიაში, მაგრამ ეს მისი მოფიქრებული არ არის. ეს ახალი ტენდენცია - აწვალონ მასწავლებლები და მოსწავლეებიც დააგიჟონ, არა მგონია ჩემს სულიერ და ფიზიკურ განვითარებას ემსახურებოდეს. წარმოსახვის უნარის განვითარება და გავარჯიშება ძალიან კარგია, ამას როგორც მომავალი სოციოლოგი ვამბობ, რადგან ბევრს ვკითხულობ ამ მიმართულებით და ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია წარმოსახვის უნარი მეცნიერისთვის. ამაზე საუბარია მიდის როლების გაცვლის თეორიაში, კულის სარკისებრი მე-ს თეორიაში. მაგრამ წარმოსახვაში თავისუფლება სჯობს გვქონდეს თინეიჯერებს და არა თავმოხვეული, დავალებული, ვალდებულებითი წარმოსახვები. ჩემი აზრით, ეს ზეწოლაა ფსიქიკაზე. შემოქმედებითი თავისუფლებისას ასეთი რამ არასდროს დამმართია: თავიოსუფლებისას ფიქრი ჩემია და მე მემორჩილება, საითაც გამიწევს, იქ მივფრინავ ფიქრებით და მიუხედვად ფარნავაზ მეფის მიმართ ჩემი დიდი სიმპათიისა, არასდროს გამიჩნდებოდა სურვილი გავფრენილიყავი იქ, სადაც ჩემი ადგილი არ იყო!
---------------
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის 42-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე თამარ ბერძენაძე.
ისტორიის მასწავლებელი: ნანა ირემაშვილი

2
106
6-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
106
  
2021, 18 მარტი, 1:43
დიდი მადლობა, მაგრამ ასოები მაქვს ზოგან არეული. ეტყობა, გადავღალე თვალები :)
2021, 17 მარტი, 19:07
ძალიან საინტერესოდაა მოთხრობასავით, მაგრამ აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ასეთი დავალებები ზეწოლაა ბავშვის წარმოსახვაზე. ეტყობა მასწავლებელიც ძალიან კარგი გყავს უდავოდ. მოსწავლე მასწავლებლის სარკეა და არა მარტო ოჯახის
0 1 2