საზოგადოება თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობები - რატომ უპირისპირდებიან ჯანდაცვის ექსპერტები ინოვაციებს? 2021, 9 მარტი, 16:11 ჯანდაცვის ექსპერტები და კანონმდებლები ხშირად უპირისპირდებიან თამბაქოს ინდუსტრიის იმ ინოვაციებს, რომლებიც თამბაქოს მოხმარების რისკების შემცირებასა და მწეველთათვის ალტერნატიულ, პოტენციურად ნაკლები ზიანის მქონე თამბაქოს პროდუქტის შეთავაზებას ისახავს მიზნად. ერთ-ერთ ასეთ ინოვაციას თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობა მიეკუთვნება, რომელიც ნიკოტინის მიწოდების სრულიად ახალ ფორმას უზრუნველყოფს. მოწყობილობა არ იყენებს წვას, არამედ იყენებს გახურების ტექნოლოგიას. შედეგად, არ გამოყოფს კვამლს, რომელიც მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარ გამომწვევ მიზეზად სახელდება. ტრადიციული სიგარეტისგან განსხვავებით, მოწყობილობა ამცირებს ორგანიზმისთვის მიყენებულ ზიანს. ეს თამბაქოს ინდუსტრიის ინოვაციაა. “ინოვაციისთვის საჭიროა თავისუფლება, რაც რამდენიმე სახის თავისუფლებას გულისხმობს: ექპერიმენტაციის, ინვესტიციისა და შეცდომების დაშვების თავისუფლება; საკანონმდებლო სფეროს შეზღუდვებისგან თავისუფლება და, რაც მთავარია, მომხმარებლის არჩევანის თავისუფლება”, - წერს მეთ რიდლი, წიგნში “როგორ მუშაობს ინოვაცია”. აქედან გამომდინარე, თავისუფალი გარემო ინოვაციების შექმნისადმი ინტერესს იწვევს, ბაზარზე მათ სიცოცხლისუნარიანობას კი მომხმარებლის არჩევანი განსაზღვრავს. თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობები დღეს თამბაქოს ინდუსტრიაში მნიშვნელოვან აქტორებს წარმოადგენენ. სამეცნიერო და ინჟინერული მეთოდების კომბინაციის შედეგად შექმნილი ინოვაციური ტექნოლოგია (“Value Proposition”), ნიკოტინის მიწოდებას ლეტალური გვერდითი ეფექტების გარეშე უზრუნველყოფს. შემცირებული რისკის მქონე მოწყობილობა ჯანდაცვის ორგანიზაციებისა თუ ექსპერტებისთვის ძალიან მნიშვნელოვან, წინ გადადგმულ ნაბიჯს უნდა წარმოადგენდეს, რადგან პოტენციურად ხელს უწყობს კიბოს, გულისა და სასუნთქი სისტემების დაავადებების, ადრეული სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზების შემცირებას. თუმცა, თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების შესაძლო დადებით მხარეებზებე ყველა არ თანხმდება. მოწყობილობების გავრცელებასა და მოხმარებას უპირისპირდებიან ისეთი გავლენიანი ჯანდაცვის ინსტიტუტები, როგორებიც არის: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, საკანონმდებლო ორგანოები, ასობით აკადემიკოსი, მეცნიერი თუ ჟურნალისტი. “ისინი ეწინააღმდეგებიან თამბაქოს ზიანის შემცირების პოლიტიკას და პარალელურად, მხარს უჭერენ თუნდაც შემცირებული რისკის მქონე არალეგალური ნარკოტიკების მომხმარებლისთვის მიწოდებას”, - წერენ თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობების მომხმრე ექსპერტები. ამ დაპირისპირებას ექსპერტები რამდენიმე მიზეზით ხსნიან: ფინანსური ინტერესი- ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ელემენტია, ვინაიდან, თამბაქოს რისკის შემცირების პოლიტიკის ოპონენტები მოწყობილობაზე დაწესებულ გადასახადებს, ძირითად შემთხვევაში, ფინანსური სარგებლის (მათ შორის გრანტების) მიღების მიზნით უჭერენ მხარს. მეორე ახსნა კი შეიძლება იყოს ის, რომ თამბაქოს ზიანის შემცირება და მისი ინოვაციური მოდელი თამბაქოს კონტროლის აქტივისტებისა და აკადემიკოსებისთვის კონტრკულტურულ ცნებას წარმოადგენს. თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი აკრძალვები და იძულებაა. აქტივისტებისთვის კერძო სექტორი არის პრობლემის გამომწვევი მთავარი მიზეზი, ხოლო მთავრობა ან არასამთავრობო ორგანიზაცია კი - ამ პრობლემის გადაჭრის გზა. შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მოდელი, რომელიც ქმნის თავისუფალ გარემოს, უზრუნველყოფს მსუბუქად რეგულირებულ, თავისუფალ ბაზარზე ინოვაციებისა და მომხმარებლის ურთიერთქმედებას - არსებული ჯანდაცვის სისტემებისთვის მიუღებელ ფორმას წარმოადგენს, რადგან მათ კულტურულ ნორმებს ეწინააღმდეგება. მესამე ახსნას კი ინსტიტუციური ინერტულობა წარმოადგენს. 1980-2010 წლებში, როდესაც აქტივისტები დაუპირისპირდნენ “დიდ თამბაქოს”-ს, მათი მიზანი თამბაქოს მოხმარების შემცირება იყო. ბაზარზე ელექტრონული მოწყობილობების გამოჩენის შედეგად კი წინააღმდეგობის ახალი ტალღა დაიწყო. თუ წინა ათწლეულში აქტივისტები ნიკოტინის მოხმარებას უპირისპირდებოდნენ, ახლა ისინი ახალი მოწყობილობის წინააღმდეგ გამოდიან, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ამ ინოვაციების უკან თამბაქოს ინდუსტრია დგას. ეს არის ერთგვარად “შეუქცევადი კონფლიქტი” თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებსა და საზოგადოებრივ ჯანდაცვის სფეროს შორის. “დებატები ახალი ტექნოლოგიებისა და მათი დადებითი მხარეების შესახებ ისტორიულად მიმდინარეობს. ხშირად ინოვაციებს სკეპტიკურად უყურებენ და უპირისპირდებიან - იქმნება კონსპირაციული თეორიები, ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება და ხშირად ხდება ისე, რომ ინოვაციასთან დაკავშირებული ჯერ კიდევ უცნობი რისკები უკვე ნაცნობ საფრთხეებს ჩრდილავს”, - წერს კალესტოს ჟუმა, წიგნში “ინოვაცია და მისი მტრები: რატომ ეწინააღმდეგებიან ადამიანები ახალ ტექნოლოგიებს”. კალესტოს ჟუმას მიდგომა თამბაქოს ინოვაციური ტექნოლოგიებისა და თამბაქოს რისკის შემცირების პოლიტიკის წინააღმდეგ არსებულ დამოკიდებულებას ხსნის. ინოვაციების იმპლემენტაცია დროს მოითხოვს. თუმცა, ეს პერიოდი, რომელიც მიმღებლობისთვის არის საჭირო, ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი მოექცევა ტრადიციული თამბაქოს უარყოფითი ზეგავლენის ქვეშ. R 126 2-ს მოსწონს
|