ქალი რომელსაც 19 წლის ასაკში შეყვარებული ავტოავარიაში დაეღუპა - "საინტერესო ისტორია"
ამ ამბიდან 11 წლის შემდეგ გათხოვდა, უსიყვარულოდ, ასეც ხომ ხდება.
სამი საოცარი შვილი მოავლინა ამ სამყაროს, ერთ-ერთისთვის გარდაცვლილი შეყვარებულის სახელის დარქმევა უნდოდა, მაგრამ შეეშინდა, არც ბედის, არც იღბლის, უფრო საკუთარი თავის, ყოველდღე, მისი სახელის წარმოთქმა მისი სიკვდილის ყოველდღიური გაცხადება იქნებაო.
მერე იმ სამი შვილის გამო სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა.
მოხდა ისე, რომ მის შვილებთან ერთად მისი გაფრენის ღამეს აეროპორტში მეც ვიდექი.
აეროპორტები ქალაქებს შორის გაჩენილი მანძილებია და ხელებს შორის გაჩენილი უფსკრულებია, მაგრამ ამაზე სხვა ქარების დროს.
შვილებთან დამშვიდობებას რომ მორჩა, საფულე გახსნა, რომ ბილეთი ამოეღო და ამ საფულის ზედა ნაწილში, იქ სადაც ფოტოს ჩასადები ადგილია დატოვებული, მე დავინახე 19 წლის ბიჭის ფოტო, რომელიც ჯიბეებშიხელებჩაწყობილი, ძველ, საბჭოურ მანქანასთან იდგა და იღიმოდა, ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსი ბიჭი, ჩემს დაბადებამდე გარდაცვლილი, იდგა და აეროპორტში, საფულის ზედა ნაწილში ჩატანებული ფოტოდან შემომღიმოდა.
ეს კადრი სულ რამდენიმე წამი გაგრძელდა, მისი არცერთი შვილისთვის არასდროს მიკითხავს მოასწრეს ფოტოს დანახვა თუ არა, ეს უკვე აღარ იყო მნიშვნელოვანი, ან სულაც
შეიძლება მათ პასუხზე პასუხი არ მქონდა, არც მათ მზერებზე მზერა და არც მათ თითებზე მოსაკიდ თითებში ძალა, ამიტომ არასდროს მიკითხავს.
იმ ღამიდან სამი წლის შემდეგ, როცა ის საქართველოში დაბრუნდა, მე მის შვილებთან ერთად ისევ ვიდექი აეროპორტში, ხელში ერთჯერადი ყავის ჭიქა მეჭირა და ვფიქრობდი, მინდოდა თუ არა მისი გახსნილი საფულე მენახა, მინდოდა თუ არა მცოდნოდა სად იყო იმ ბიჭის ფოტო.
საფულე მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ, უკვე მანქანაში გახსნა, და მე სამუდამოდ გავიარე ადაპტაცია ფაქტთან, რომ არსებობს სხვისი ტკივილები, თუნდაც ერთი წუთით, საკუთარ ტკივილებზე მეტი, ის ფოტო ისევ იქ იყო, მხოლოდ საფულე იყო სხვა.
ოთხი წლის წინ, შემოდგომის ერთ წვიმიან საღამოს, ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლი “არ დამივიწყო” დაიდგა.
სცენა მოხუცი ქალის მონოლოგით იწყებოდა, რომელმაც 19 წლის ასაკში, ამავე ასაკის ქმარი ომში გაუშვა და მას შემდეგ აღარასოდეს უნახავს.
დგას ეს მოხუცი ქალი და ამბობს:
“სიკვდილამდე უნდა გნახო იცოდე, თორემ სირცხვილია ამ ხნის ქალისთვის 19 წლის ბიჭის სიყვარული”
“ნეტავ დაბერება თუ მოგიხდა, ეგ მაინც მანახა”
არ ვიცი, სად მიდიან ამბები, რომლებიც მთავრდებიან მაგრამ ვიცი, სად მიდის სიყვარული როცა მთავრდება
“იქ სადაც თავად უიმისოდ ვერასდროს მივალთ, ღმერთთან”
ცაში, რომელზეც, ყოველთვის გიორგი კეკელიძე მახსენდება (თუ ცა ლამაზია, თუ ღმერთის არსებობის დაჯერების ამინდია)
“ცა ლამაზია და იქ ღმერთის ყოფნას იჯერებ”
მაგრამ, ხანდახან, მგონია ისიც, რომ ყველაზე დიდი სიყვარულის ამბები ყოველთვის უცნაურია და როცა ისინი მთავრდებიან ღმერთთან კი არა ჯოჯოხეთში მიდიან.
იმ ჯოჯოხეთში მარადიული მეხსიერება რომ ქვია და მთელი ცხოვრება მიწაზე დაგაქვს, და გულის მხარეს იხრები ხშირად, რაც დრო გადის სულ უფრო ხშირად,
“რადგან მძიმე სიცარიელე იცის ამ მხარეს"