ბაბუ, ამ სკამზე მარტო მე და შენ ვსხედვართ.
არა, ჩემო პატარავ, ჩვენს შორის სიყვარული ზის.
მე ვერ ვხედავ, ბაბუ?!
მას ვერავინ ხედავს, უნდა იგრძნო.
გოგონამ თვალები დახუჭა.
ბაბუ, ხვალაც ხომ მოვალთ აქ?
კი ბაბუ, მოვალთ.
ხვალაც ხომ დაგვხვდება სიყვარული?
სიყვარული სულ ჩვენთანაა, ბაბუ გენაცვალოს.
აბა, უფალია სულ ჩვენთანო?!
სიყვარულიც ღმერთია...
ესე იგი, ჩვენთან ახლა ღმერთი ზის?
ასე გამოდის.
გოგონამ თვალები ისევ დახუჭა.
ბაბუ, ჩემი ღმერთი შენ ხარ!
მასე არ თქვა ბაბუ, არ შეიძლება.
რატომ?!
რომ გაიზრდები, მიხვდები.
როცა გავიზრდები, მაშინაც ხომ მოვალთ აქ?
მაშინ მე აღარ ვიქნები...
უშენოდ მოვიწყენ, ბაბუ.
ნუ გეშინია, ახლა, როგორც ღმერთი და სიყვარული სხედან ჩვენთან ერთად, ისე მოვალ მეც.
რომ ვერ გნახავ?!
მერე რა, მიგრძნობ...
გოგონამ თვალები დახუჭა და ბაბუას მაგრად ჩაეხუტა...