შოუბიზნესი გარდაიცვალა ჯულიეტა ვაშაყმაძე 2020, 27 დეკემბერი, 17:22 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი ჯულიეტა ვაშაყმაძე. ინფორმაციას ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა. "ჩვენი გაბუს და ჩვენი დათას, და ქართული ჟურნალისტიკის დედა გარდაიცვალა.
დიდი ჯულიეტა ვაშაყმაძე აღარ არის RIP "-წერს გვარამია.
ჯულიეტა ვაშაყმაძე დაიბადა 1933 წლის 14 აგვისტოს თბილისში, 1958 წელს დაამთავარა პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით, ხოლო 1960 წელს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1961-1962 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, სადაც რამდენიმე როლი განასახიერა. გადაღებულია კინოფილმებში: "ყვავილი თოვლზე", "თოჯინები იცინიან", "პაპა გიგია", "არაჩვეულებრივი გამოფენა" და ტელეფილმში "მზე ჭიქაში".
1958 წლიდან ჯულიეტა ვაშაყმაძე ტელევიზიის დიქტორი გახდა, შემდგომში კომენტატორი, პროგრამების ხელმძღვანელი, სამეცნიერო-პოლიტიკური, ლიტერატურული, სამეცნიერო, საბავშვო, თეატრალური თუ ხელოვნების ამა თუ იმ დარგისადმი მიძღვნილ გადაცემათა წამყვანი, ტელეგადაცემების ავტორი ("რედაქციაში წერილი მოვიდა", "ცარიელ დარბაზში", "სპექტაკლის შემდეგ", "სტუდია-5", "ჩვენი მისამართია" და სხვ.). მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, სიგელი და მედალი. 2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა.
225 5-ს მოსწონს
|