x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რა მოხდა 1953 წ. 1-5 მარტს სამთავრობო აგარაკზე – სტალინის გარდაცვალების «საქმე»

იოსებ ბესარიონის-ძე სტალინი 1953 წლის 5 მარტს, 21 საათსა და 50 წუთზე, მოსკოვის გარეუბანში მდებარე აგარაკზე გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, სიკვდილის მიზეზი ინსულტი (სისხლჩაქცევა თავის ტვინში) იყო. ეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ხალხის ბელადის ცხოვრების უკანასკნელი დღეების შესახებ, თითქმის, არაფერია ცნობილი. დაზუსტებით, მხოლოდ გარდაცვალების თარიღია ცნობილი, სხვა ინფორმაცია კი, ამ ფაქტთან დაკავშირებით, მეტად წინააღმდეგობრივი ხასიათის არის...
იმ მომენტიდან, როდესაც საბჭოთა სახელმწიფოს მეთაურის გარდაცვალების შესახებ, ოფიციალურად გამოაცხადეს, უამრავი ჭორი გავრცელდა. ამბობდნენ, თითქოს, სტალინი კრემლში, სამუშაო კაბინეტში გარდაიცვალა და რომ, მძიმედ ავადმყოფი სტალინი, კრემლში, დოკუმენტებზე მუშაობდა.


image


ხოლო, 1956 წელს, როდესაც «პიროვნების კულტთან» ბრძოლა დაიწყო, უცხოურ პრესაში, ცენტრალური კომიტეტის ერთ-ერთ წევრზე, პონომერენკოზე დაყრდნობით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ სტალინს ინსულტი ცკ-ს პრეზიდიუმის სხდომაზე დაემართა. წყაროს ცნობით, მასზე ბელადმა, საბჭოთა კავშირში მცხოვრები ყველა ებრაელის, ებრაელთა ავტონომიურ ოლქში (შორეული აღმოსავლეთის ფედერალური ოკრუგი, შეიქმნა 1934 წლის 7 მაისს) გადასახლების შესახებ დააყენა საკითხი, რაზეც თითქოს, პრეზიდიუმის წევრებმა აღშფოთება გამოხატეს და სტალინი ამის გამო, ცუდად გახდა. მან ფერი დაკარგა, გულზე ხელი იტაცა და გონება დაკარგა. მოგვიანებით, ხრუშჩოვმა იგივე ვერსია გაიმეორა, მაგრამ მოქმედების ადგილი უკვე, მოსკოვის გარეუბანში მდებარე, სამთავრობო აგარაკი იყო, სადაც სტალინი ცხოვრობდა.
თუმცა, თავის მოგონებებში, ნიკიტა ხრუშჩოვმა, სტალინის ცხოვრების უკანასკნელი დღეების, სულ სხვა ვერსია გადმოსცა. რეალურად, მისი მოგონებები ერთადერთია, დაცვის თანამშრომლების მოგონებების გარდა, რომლის მიხედვით, 1953 წ. 1-5 მარტის მოვლენების ქრონოლოგიის აღდგენა არის შესაძლებელი.


ხრუშჩოვის ვერსია


«1953 წ. 1 მარტის, ღამე, მე, მალენკოვი (მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე), ბერია (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი) და ბულგანინი (თავდაცვის მინისტრი) სტალინთან ვიყავით აგარაკზე. ვისხედით, ვსაუბრობდით და ქართულ ღვინოს ვსვამდით. ბელადი ძალიან კარგ განწყობაზე იყო. დილის 6 საათი ხდებოდა, როდესაც დავიშალეთ და სახლებში წავედით» – წერს ხრუშჩოვი.
მოგონებების მიხედვით, კვირა დღე ნიკიტა ხრუშჩოვმა სახლში გაატარა და გვიან საღამოს, როდესაც დაძინებას აპირებდა, მალენკოვმა დაურეკა და შეატყობინა, რომ სტალინის აგარაკზე რაღაც ხდებოდა. როგორც მას დაცვამ აცნობა, სტალინი თავისი ოთახიდან მთელი დღის მანძილზე არ გამოსულა, არა და, უკვე გვიანი საღამო იყო. ყველა აღელვებულია და სასწრაფოდ იქ უნდა წავიდეთო. ხრუშჩოვმა ბერიას და ბულგანინს გადაურეკა, მანქანა გამოიძახეს და აგარაკზე წავიდნენ.
15 წუთის შემდეგ, უკვე ადგილზე იყვნენ. იქ მალენკოვი დახვდათ და ყველანი ერთად, დაცვის ოთახისკენ გაემართნენ. უკვე 11 საათი იქნებოდა, როდესაც სტალინთან საძინებელში, აგარაკზე მომსახურე ქალი გაგზავნეს. ის დაბრუნდა და თქვა, რომ სტალინი იატაკზე იწვა და ეძინა. ბელადის საძინებლის შემადგენლობაში იყო დიდი და პატარა სასადილო ოთახები. ის პატარა სასადილოს იატაკზე იწვა. დაცვის წევრებმა სტალინი დიდი სასადილოს ოთახში გადაიყვანეს და დივანზე დააწვინეს. ხრუშჩოვმა და მალენკოვმა ჩათვალეს, რომ საშიში არაფერი იყო და აგარაკი დატოვეს.

თუმცა, ხრუშჩოვმა სახლში შესვლა ვერ მოასწრო, რომ ისევ მალენკოვმა დაურეკა. მან უთხრა, რომ აგარაკიდან დაცვამ შეატყობინა, რომ სტალინი უცნაურად სუნთქავდა. მოილაპარაკეს და აგარაკზე ექიმების გაგზავნა გადაწყვიტეს. გარდა ამისა, ბიუროს ყველა წევრს დაურეკეს, კაგანოვიჩის და ვოროშილოვის ჩათვლით.
«ჩაძინებული» პაციენტის გასინჯვის შემდეგ, ექიმებმა შემდეგი დიაგნოზი დასვეს: სისხლჩაქცევა თავის ტვინში, გონების და მეტყველების დაკარგვა და მარჯვენა კიდურების დამბლა. მედიკოსებმა ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ სტალინი სიცოცხლისკენ მოებრუნებინათ და 4 მარტის დილისთვის, თითქოს ბელადი უკეთესადაც გახდა. ის თანაბრად სუნთქავდა, ცალი თვალი გაახილა კიდეც და იქ შეკრებილ თანამებრძოლებს შეხედა. მაგრამ, ეს სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა და ისევ დახუჭა.
5 მარტის საღამოს, სტალინის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დამძიმდა და ექიმების განაცხადებით, მისი გული მალე გაჩერდებოდა. ამის შემდეგ, ექიმ-რეანიმატოლოგებმა გულის მასაჟის კეთება დაიწყეს. სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით, ეს პროცესი მთელი საათი გაგრძელდა და კიდევაც გაგრძელდებოდა, მათთან ბერია რომ არ მისულიყო და არ ეთქვა: «გეყოფათ, ხომ ხედავთ, რომ ყველაფერი დასრულდაო». ხალხის ბელადი ფართოდ გახელილი თვალებით იწვა და არ სუნთქავდა...


დაცვის წევრების ვერსია


დაცვის წევრებმა არ იცოდნენ, თუ რას წერდა, 1953 წლის მარტის პირველ დღეებში, სამთავრობო აგარაკზე მომხდარი მოვლენების შესახებ, თავის «მოგონებებში», 1971 წ. გარდაცვლილი ნ. ხრუშჩოვი. იმ ტრაგიკული მოვლენებიდან, 25 წლის შემდეგ, აღნიშნული ფაქტი სტალინის აგარაკის დაცვის ერთ-ერთმა წევრმა გაიხსენა. ხოლო, მისი ნაამბობი, ასევე ყოფილმა დაცვის თანამშრომელმა, ა. რიბინმა ჩაიწერა.

ამ ჩანაწერიდა ირკვევა, რომ 1 მარტის ღამეს, სტალინის აგარაკზე, დაცვის ოთახში 4 პირი იყო: უფროსი პასუხისმგებელი სტაროსტინი, მისი მოადგილე ლოზგაჩევი, დაცვის წევრები ტუკოვი და ხრუსტალევი. აგარაკზე ასევე იმყოფებოდა მიმტანი მატრონა ბუტუსოვა. თითოეული მათგანი ადასტურებს, რომ გვიან საღამოს, იმ დღეს, სტალინს მართლაც ჰყავდა სტუმრები. როდესაც ისინი წავიდნენ, ბელადი ხრუსტალევს მიუბრუნდა, რომელიც იმ დროს კარს კეტავდა და უთხრა: «ყველამ დაიძინოს, მე არაფერი მინდა. მეც დავწვები. დღეს აღარ დამჭირდებითო».
ხრუსტალევი დაცვის ოთახში შევიდა და სტალინის სიტყვები დაცვის სხვა წევრებს გადასცა. ასეთმა ბრძანებამ ყველა გაახარა და დასაძინებლად წავიდნენ. მომდევნო დილას, 1 მარტის კვირა დღეს, დაცვის წევრები სამზარეულოში შეიკრიბნენ. უკვე 10 საათი იყო და სტალინის ოთახიდან არანაირი ხმა არ ისმოდა. გახდა 11, 12 და ისევ არანაირი მოძრაობა არ შეინიშნებოდა. ჩვეულებრივ, 10-11 საათზე ბელადი ფეხზე იყო და როდესაც 14, 15, 16, 17 საათი გახდა და ის არ გამოჩნდა, დაცვის წევრებმა ნერვიულობა დაიწყეს. მაგრამ, სტალინის საძინებელში შესვლას მაინც ვერ ბედავდნენ, რადგან იქ შესვლა კი არა, შეხედვაც მკაცრად ეკრძალებოდათ... და ამ მდგომარეობაში, დაცვის წევრები დაცვის სახლში ისხდნენ, რომელიც ბელადის ოთახს 25 მეტრიანი დერეფნით უკავშირდებოდა. მათ არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ.

18 საათზე მათ ქუჩიდან გუშაგმა დაურეკა და უთხრა, რომ მცირე სამზარეულოში სინათლე აინთო. ყველას გულზე მოეშვა, მაგრამ შემდეგ ისევ უმოძრაობა და მოლოდინის რეჟიმი გაგრძელდა.
22 საათზე ცენტრალური კომიტეტიდან ფოსტა მოიტანეს. ლოზგაჩევმა დაბეჭდილი პაკეტები სტალინის საძინებელში წაიღო. ის დერეფანში ქუსლების ხმამაღალი ბაკუნით მიდიოდა, რადგან ბელადს არ უყვარდა, როდესაც მას ჩუმად, უხმაუროდ უახლოვდებოდნენ. მაგიდა დოკუმენტებისთვის, მცირე სამზარეულოს კარების პირდაპირ იდგა. მისი კარი კი, ოდნავ შეღებული იყო და ლოზგაჩევმა კარის ღრიჭოში დაინახა, რომ სტალინი იატაკზე იწვა. მან მაშინვე მიირბინა მასთან და ჰკითხა: «ამხანაგო სტალინო, რა მოგივიდათ, იქნებ ექიმი გამოვიძახო?». ხოლო, ბელადმა რაღაც გაურკვევლად ჩაიბუტბუტა. იატაკზე, მის გვერდით, ჯიბის საათი ეგდო, რომელიც 6 საათს და 30 წუთს აჩვენებდა. სავარაუდოდ, სახელმწიფოს მეთაური იატაკზე, სწორედ ამ დროს უნდა დაცემულიყი...
ლოზგაჩევმა, შინაგანი ტელეფონით, მომხდარი სტაროსტინს შეატყობინა. მაშინვე დაცვის ყველა წევრი და მიმტანი ქალი მცირე სამზარეულოში მივიდა და სტალინი დიდი სამზარეულოს დივანზე დააწვინეს. ამის შემდეგ, სტაროსტინმა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში იგნატევთან დარეკა, რომელიც პანიკაში ჩავარდა და მაშინვე ბერიას და მალენკოვს გადაურეკა.

იმ მომენტში, არავის უნდოდა ცუდზე ფიქრი, იმის წარმოდგენაც კი შეუძლებლად მიაჩნდათ, რომ სტალინი შეიძლებოდა მომკვდარიყო. ჩათვალეს, რომ ბელადი ცუდად გახდა და მალე გამოჯანმრთელდებოდა.

ღამის 3 საათზე, აგარაკზე ბერია და მალენკოვი მივიდნენ. ისინი დიდ სასადილოში შევიდნენ და ბელადს დახედეს. შემდეგ ლავრენტი ბერია დაცვის წევრებს მიუბრუნდა და უთხრა: «რა პანიკა ატეხეთ? ვერა ხედავთ, რომ მას სძინავს? აზრზე მოდით, ნუღარც ჩვენ შეგვაწუხებთ და ნურც ამხანაგ სტალინს». ამ სიტყვების შემდეგ, მათ აგარაკი დატოვეს.
თუმცა, დაცვის თანამშრომლები ვერ დამშვიდდნენ და სტალინის სხვა თანამებრძოლებსაც დაურეკეს. 2 მარტს, დილის 7 საათსა და 30 წუთზე აგარაკზე ხრუშჩოვმა გადარეკა და შეატყობინა, რომ მალე ექიმები მივიდოდნენ. მართლაც, დაახლოებით, დილის 9 საათზე, ექიმები მივიდნენ და მათთან ერთად, ბიუროს ყველა წევრი. დაცვის წევრებს კი, ამ მომენტიდან, რა და როგორ იყო, უკვე აღარ უნახავთ, რადგან იქ დარჩენის უფლება აღარ მისცეს.


მკვლელობა თუ ბუნებრივი სიკვდილი?


ნიკიტა ხრუშჩოვის ვერსიას და დაცვის თანამშრომლების ვერსიას შორის, ბევრი რამ უცნაური და შეუსაბამო არის...

ჯერ ხრუშჩოვის მტკიცებით დავიწყოთ, რომ თითქოს, მან, მალინკოვმა, ბერიამ და ბულგანინმა სტალინის აგარაკი 1 მარტის დილის 6 საათზე დატოვეს. სინამდვილეში, ბელადი ყოველთვის ღამის 3-4 საათზე იძინებდა და დილის 10-11 საათზე დგებოდა. სწორედ ამ გრაფიკით მუშაობდა სსრ კავშირის ყველა სამთავრობო დაწესებულებაც. სამუშაო დღე დილის 9.30 იწყებოდა და რიგითი თანამშრომლებისთვის 20 საათზე მთავრდებოდა. ხოლო, მინისტრებისთვის სამუშაო დღე ღამის 24 საათამდე გრძელდებოდა. ასე, რომ, ხრუშჩოვი აშკარად ცრუობს, როდესაც წერს, რომ სახლში დილის 6 საათზე წავიდა. მან და სხვა სტუმრებმა აგარაკი, სავარაუდოდ, 2 ან 3 საათზე დატოვეს. შესაბამისად, სტალინი დასაძინებლად 3 - 4 საათზე დაწვა, მას შემდეგ, რაც დაცვაც გაუშვა, – როგორც ამას დაცვის წევრები ამბობენ. მაგრამ, ასეთი რამ, საერთოდ შეუძლებელი არის. ადამიანები რომლებიც ბელადს იცავდნენ, მის დაქვემდებარებაში არ იყვნენ და არც მის ბრძანებებს ემორჩილებოდნენ. ისინი ქვეყნის №1 სადარაჯოზე იმყოფებოდნენ და სამხედრო ქვეგანაყოფს განეკუთვნებოდნენ, რომელიც დადგენილ საგუშაგო წესდებას ექვემდებარებოდა. იქ კი, შავით თეთრზე წერია, რომ გუშაგი საგუშაგოზე მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ ზემდგომ პირებს ემორჩილება. ეს არის გუშაგების უფროსი, უფროსის მოადგილე და გუშაგების გამანაწილებელი და გუშაგებისთვის ბრძანების მიცემა თავდაცვის მინისტრსაც კი, არ შეეძლო.

სტალინი სამხედრო პირი იყო, წესდება კარგად იცოდა და ისიც იცოდა, რომ საკუთარი დაცვის წევრებს ვერაფერს უბრძანებდა. დაცვისთვის ის მხოლოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტი იყო და არა უფროსი და თუ მაინც მოხდებოდა ასეთი რამ და ისინი სტალინმა დასაძინებლად გაუშა, გუშაგები მაინც არ შეასრულებდნენ ამ ბრძანებას. ისინი სამხედრო დავალებაზე იმყოფებოდნენ და მსგავსი საქციელის შემთხვევაში, ტრიბუნალი არ ასცდებოდათ.
გაუგებარია ასევე, დაცვის მოქმედება 1 მარტის დღის საათებში. სტალინის საძინებელში არანაირი მოძრაობა არ შეიმჩნეოდა და უშიშროების თანამშრომლები, ლოდინის გარდა, არაფერს აკეთებენ. ხომ შეიძლებოდა, დაცვის ობიექტს ვინმე დასხმოდა თავს, გაეტაცებინა ან თუნდაც, მოეკლა, ან სხვა, ნაკლებად სახიფათო რამ მომხდარიყო? დაცვა კი ზის და ელოდება, მაგრამ რას – გაუგებარია...
აქ შეგვიძლია მაგალითად სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს (სუსი) ყოფილი თანამშრომლის ნოვიკოვის მოგონებები მოვიყვანოთ. ის ერთ დროს, ასევე სტალინის დაცვის წევრი იყო და ასეთი ფაქტის მომსწრე გახდა: «შაბათობით იოსებ ბესარიონის ძე აბანოში დადიოდა, რომელიც აგარაკის ტერიტორიაზე იყო. ის ჩვეულებრივად, დაბანას 50 წუთს ანდომებდა. მაგრამ, ერთხელ აბანოში შეყოვნდა და დადგენილ დროს არ გამოვიდა. გავიდა 20 წუთი – სტალინი ისევ არ ჩანდა... 35 წუთის შემდეგ, მე დავურეკე სუს-ის მინისტრს იგნატევს, მან გადაურეკა მალენკოვს და იქიდან, აბანოს კარების შემტვრევის ბრძანება მოვიდა. 40 წუთის შემდეგ, მე და ჩემი თანაშემწე უკვე აბანოსკენ გავრბოდით, მაგრამ უცბად, კარები გაიღო და ზღურბლზე ნამძინარევი სტალინი გამოჩნდა».
აი ასეთი ოპერატიულობა იყო. აქ კი სახელმწიფო უშიშროების საშტატო ოფიცრები მთელი დღე ისხდნენ და დასაცავი ობიექტის ოთახში შესვლას ვერ ბედავდნენ?

არც ხრუშჩოვის ვერსია არის, დაცვის ვერსიაზე უკეთესი. თავის მოგონებებში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის პირველსავე სიტყვებიდან იტყუება, რომ სტალინის აგარაკი დილის 6 საათისთვის დატოვა. ასეთი რამ კი შეუძლებელი იყო, რადგან სახელმწიფოს მეთაური არასდროს არღვევდა თავის რეჟიმს. გარდა ამისა, ხრუშჩოვი ამბობს, რომ აგარაკზე 1 მარტის 23 საათზე მივიდა, მალენკოვის სატელეფონო ზარის შემდეგ. დავუშვათ, რომ ხალხის ბელადმა დალია და უგონო მდგომარეობამდე დათვრა (კვირა დღე იყო). მაგრამ, სტუმრებს ის 1 მარტს გამოემშვიდობა და იმ მომენტისთვის, ფეხსე იყო და თანაც, თავს კარგად გრძნობდა. ხოლო, დაცვამ იმავე დღის 23 საათზე, ის პატარა სასადილოს იატაკზე დაცემული აღმოაჩინა... ანუ ხრუშჩოვის აგარაკიდან წასვლის და მეორედ მისვლას შორის 17 საათი გავიდა. ამ პერიოდის მანძილზე, 100-ჯერ შეიძლებოდა გამოფხიზლება. მაგრამ, იქნებ, სტალინს მარტო სმა უყვარდა? ხოლო, მისმა თანამებრძოლებმა ამის შესახებ იცოდნენ და ამიტომ, არ მიაქციეს ყურადღება მის ასეთ მდგომარეობას? მაგრამ არა, – ეს ასე არ იყო! სტალინი სმის დიდი მოყვარული არ იყო და სპირტულ სასმელებს მინიმალური რაოდენობით იღებდა. მას, განსაკუთრებით, «მაჭარი» უყვარდა და ხანდახან, საკუთარ თავს, ცოტა კონიაკის დალევის უფლებასაც აძლევდა. ხოლო არაყს, საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. ამის შესახებ, მასთან დაახლოებულმა ყველა პირმა იცოდა. შესაბამისად, ხრუშოვი სტალინის არატიპიური ქცევის მოწმე გახდა. თუმცა, მან აღნიშნული სიტუაცია ტიპიურად ჩათვალა და მალენკოვთან ერთად, აგარაკი მშვიდად დატოა.
როგორც დაცვის წევრები იხსენებენ, ექიმები აგარაკზე 2 მარტს, დილის 9 საათზე გამოჩნდნენ. მაგრამ, აქაც შეუსაბამობას აქვს ადგილი: თავის მოგონებებში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ექიმი, აკადემიკოსი მიასნიკოვი წერდა: «1953 წლის 2 მარტს, გვიან საღამოს, ჩემთან სახლში კრემლის საავადმყოფოს თანამშრომელი მოვიდა და მითხრა: «თქვენს წასაყვანად მოვედი, სტალინი ავად გახდაო. ჩვენ გზად ჩემს კოლეგებს კონოვალოვს და გარეევს შევუარეთ და სასწრაფოდ აგარაკისკენ გავემართეთ».
ანუ ექიმები აგარაკზე არა დილით, არამედ, 2 მარტის გვიან საღამოს მივიდნენ. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ სტალინი უგონო მდგომარეობაში, თითქმის 2 დღეღამე იმყოფებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ მიუყვანეს მას ექიმები. ამ დროის მანძილზე, მის ირგვლივ მყოფი ადამიანები ფიქრობდნენ, რომ მას უბრალოდ ეძინა და არავის მოუვიდა თავში აზრი, რომ ადამიანს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა... და ამას ვინ დაიჯერებს?

ვის აწყობდა სტალინის სიკვდილი? დაცვას ნამდვილად არა. ამასთან, დიდია ალბათობა იმისა, რომ დაცვის წევრებმა უკვე 1 მარტის დილის საათებში აცნობეს თავიაანთ უფროსობას, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფ ობიექტს რაღაც სჭირდა. მაგრამ, ისინი ეტყობა დაამშვიდეს ან შეიძლება, ექიმიც გაუგზავნეს, ხელისუფლების მაღალი ჩინის წარმომადგენელთან ერთად. შესაძლებელია, რომ ისინი გარკვეული დროის მანძილე, სტალინის საძინებელში იყვნენ, ხოლო შემდეგ გამოვიდნენ და თქვეს, რომ ყველაფერი კარგად იყო.

ამის შემდეგ, გავიდა ერთი დღე და აგარაკზე ცკ-ს პრეზიდიუმის წევრები გამოჩნდნენ. ბევრი მათგანისთვის მისი სიკვდილი ძალიან მომგებიანიც კი იყო. თუნდაც, იგივე ხრუშჩოვისთვის. ამ ადამიანებმა საკუთარ ხელში იმხელა ძალაუფლების კონცენტრირება მოახდინეს, რომ სტალინი მათთვის უკვე დაბრკოლებას წარმოადგენდა.

რაც შეეხება სიმართლეს, თუ რეალურად, რა და როგორ მოხდა... ჩვენ ამის შესახებ, მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეგვილია: დილით, 1 მარტს, უცნობმა ექიმმა სტალინი გასინჯა და დიაგნოზიც დასვა – სისხლჩაქცევა თავის ტვინში. ამის შემდეგ, ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, – არ აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება ბელადისთვის და ექიმები მხოლოდ მას შემდეგ მიიყვანეს, რაც ნათელი გახდა, რომ პროცესი შეუქცევადი იყო.
არც ის არის გამორიცხული, რომ უცნობმა ექიმმა სტალინს რაღაც პრეპარატი შეუყვანა, რამაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმა. მიუხედავად იმისა, რომ გამოჯანმრთელების შანსი აღარ არსებობდა, სტალინის თანამებრძოლებმა, თავის დაზღვევის მიზნით, ლოდინი ამჯობინეს და უკვე მომაკვდავ სახელმწიფო მეთაურს ინტენსიური სამედიცინო დახმაეება აღმოუჩინეს. მაგრამ, აღმოჩნდა რომ საჭირო აღარ იყო...

ირიბ მტკიცებულებად იმისა, რომ სტალინის სიკვდილთან დაკავშირებით, ყველაფერი სუფთა არ არის, შეიძლება დაცვის და სამედიცინო კომისიების თანამშრომლების შემდგომი ბედი ჩაითვალოს:

ხრუსტალევი მალე გარდაიცვალა, ხოლო ორმა ადამიანმა, აგარაკის გარე პერიმეტრის დაცვიდან, თავი მოიკლა. სტაროსტინი, ლოზგაჩევი და ტუკოვი მოსკოვიდან მოშორებით, სხვაგან გადაიყვანეს.
რაც შეეხებათ ექიმებს, პროფესორი რუსაკოვი, რომელიც გვამის გაკვეთაში მონაწილეობდა, უეცრად გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრი ტრეტიაკოვი, რომელიც ორივე (მკურნალობის და გაკვეთის) კომისიის თავმჯდომარე იყო, დააპატიმრეს და ვორკუტის კოლონიაში გაგზავნეს. მისი რეაბილიტაცია რამდენიმე წლის შემდეგ მოხდა. ყველას, ვინც აგარაკზე იმ ავბედით დღეს იმყოფებოდა, ხელი ინფორმაციის გაუთქმელობაზე მოაწერინეს და ისე დააშინეს, რომ 25 წლის შემდეგაც კი, სიმართლის თქმა ვერ გაბედეს.
ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ სტალინის სიკვდილი ძალადობრივი არ იყო – ის ინსულტით გარდაიცვალა. მაგრამ, ავადმყოფს სამედიცინო დახმარება დროზე არ აღმოუჩინეს. ხოლო, როდესაც ექიმები მიუყვანეს, უკვე ძალიან გვიან იყო და აზრიც არა ჰქონდა.

ასე, რომ, ხალხის ბელადი იმ სისტემის მსხვერპლი გახდა, რომელიც თავადვე შექმნა და თუ დამნაშავის ძიებას დავიწყებთ, კვალი სწორედ მასთან მიგვიყვანს...

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. უცნაური სასჯელი – ქრისტეს მიერ «დაწყევლილი» ადამიანი დღემდე ცოცხალია

2. ყველაზე სასტიკი პაპის ხელდასმით შექმნილი შედევრები. ადამიანი, რომელიც ქრისტეს თანამედროვე გამოსახულების პროტოტიპი იყო
3. ყველაზე სამარცხვინო ფაქტი საბჭოთა კავშირის ისტორიაში (+ ვიდეო)
4. «გთხოვთ, არ მაკოცოთ» – როგორ ებრძვოდნენ გასულ საუკუნეში ინფექციურ დაავადებებს (12 ფოტო)

5. მეცნიერებმა 4, 5 მილიარდი წლის წინანდელი ატმოსფერო შექმნეს და მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს

6. ანეკდოტები კორონავირუსზე

3
2782
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2782
  
2020, 11 დეკემბერი, 19:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ლალი ადიკაშვილი-ის კომენტარზე
2020, 11 დეკემბერი, 10:18
ოფიციალურად, სტალინი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა და თუ მისი მოწამვლის სურვილი ვინმეს ჰქონდა, იმ დროს, უკვე არსებობდა შხამები, რომელიც მოქმედების შემდეგ, ორგანიზმიდან უკვალოდ ქრებოდა და მკვლელი სწორედ ამ ტიპის საწამლავს გამოიყენებდა.
2020, 9 დეკემბერი, 20:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3