წარმოიდგენდით, რომ ეს თურქი მსახიობი 48 წლისაა? დეფნე სამიელის საკმაოდ რთული ცხოვრების შესახებ
თურქმა მსახიობმა დეფნე სამიელმა, რომელმაც ამჯერად Star TV-ის ტელესერიალ Sol Yanım-ში მონაწილეობით გაითქვა სახელი, ინსტაგრამზე გაზიარებული ფოტოებით მთელი მედიის ყურადღება მიიპყრო. დეფნემ, რომელიც გასულ წელს პალანდოკენში(ერზრუმში) ჟურნალის ყდის დასამშვენებლად პოზიორობდა, ეს მშვენიერი ფოტოსესია თავის ფანებს კიდევ ერთხელ შეახსენა.
მიუხედავად იმისა, რომ დეფნე სამიელი 48 წლისაა, მან ყველა მოხიბლა თავისი ფიზიკურობით. მსახიობმა ეს ფოტოები შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: "მობილურის სქროლვისას ოზლემ ერჩაგლარის გადაღებული კადრსმიღმა ფოტოები აღმოვაჩინე. პროფესიონალური ობიექტივის უკან თამერ ილმაზი დგას. თამერ, როდის არის ჩვენი ახალი გადაღებები?"
მისმა თოვლში გადაღებულმა ფოტოსურათებმა მოკლე დროში ათასობით მოწონება დაიმსახურა.
მან ამ ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში რამდენიმე გულწრფელი განცხადება გააკეთა.
მას შემდეგ, რაც აღიარა, რომ დიდ ყურადღებას უთმობს სოციალურ მედიას, განაცხადა: "მაგრამ მგონი ძალიან პროფესიონალურადაც ვერ ვუმკლავდები ამ საკითხს. ზოგჯერ ძალიან აქტიური ვარ და ზოგჯერ - ძალიან პასიური. წარსულში არ ვიყენებდით სოციალურ მედიას, როგორც ინტერაქციისა და შეფასებების გაკეთების საშუალებას. ხშირად ამგვარი შეფასებების ენა საკმაოდ უხეში და მტკივნეულია. ვცდილობ დავამყარო ისეთი კომუნიკაცია და ურთიერთობები, როგორიც თავად მსურს და დიდი ყურადღება არ გავამახვილო როგორ განიხილავენ სხვები მას."
დეფნე სამიელი 1972 წლის 17 მარტს დაიბადა სტამბულში, ორშვილიან ოჯახში და განათლება ბოაზიჩის უნივერსიტეტში მეცნიერების, კერძოდ ქიმიის განხრით მიიღო, თუმცა მისი დამთავრება ვერ მოახერხა სამუშაოსა და სხვა მრავალი წინააღმდეგობის გამო. მოგვიანებით მან ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი დაამთავრა.
დეფნე დედასთან და ძმასთან ერთად
ის პირველად ეკრანზე ახალგაზრდული პროგრამით “Youngstar Galaxy”-ით გამოჩნდა. 1991 წელს მას შესთავაზეს დილის გადაცემის წაყვანა “İyi Günler Türkiye”(დილა მშვიდობისა თურქეთო), რამაც იგი უფრო ცნობადი პირი გახადა. მოგვიანებით გახდა ახალი ამბების წამყვანი Kanal D, Milliyet-ისა და Güneş-ის გაზეთების ჟურნალისტი, Show TV-ის ახალი ამბების მთავარი ედიტორი და წამყვანი. ერთ დღესაც, როდესაც გადაცემის სტუმარი თურქი კომპოზიტორი მელიჰ ქიბარი იყო, დეფნემ კიდევ ერთი სურვილი აისრულა - 1994 წლის 4 ივლისს მასთან ერთად გამოსცა სიმღერების ალბომი სახელად "Tek Başına” (მარტო).
1994 წელს მან Show TV-ზე გამოუშვა ახალი გასართობი პროგრამა "შოუ შოუში". ცოტა ხნის შემდეგ Show TV-დან Kanal D-ზე გადაინაცვლა და იქ გახდა ერთ-ერთი გადაცემისა და ახალი ამბების პროგრამის წამყვანი. ედიტორთან ერთად იგი არხის კოორდინატორიც იყო.
2000 წელს მას საშვილოსნოს კიბო დაუდგინდა. იგი ამერიკაში მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელდა. ნიუ იორკში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ იგი თურქეთში დაბრუნდა და ძველი საქმიანობა გააგრძელა Kanal D-ზე. 2002 წლიდან ისევ Show TV-ზე გადაინაცვლა, 2008 წელს კი არხის სათავეში ალი კირჯას მოსვლის შემდეგ იგი სამსახურის გარეშე დარჩა. 2010 წლისდან მას არხ Atv-ზე გარკვეული ხნით მიჰყავდა პროგრამა "დეფნესთან ერთად ყველაფერი განსხვავებულია".
დეფნე სამიელი მთავალ როლს ასრულებდა FOX-ის ტელესერიალ “Babam Sınıfta Kaldı”-ში 2013 წელს. Milliyet-ში ჟურნალისტად მუშაობდა 2015 წელს შეწყვიტა.
2015 წლის 16 აგვისტოს იგი შეუერთდა სერიალ “Kurtlar Vadisi Pusu”-ის მეცხრე სეზონს, როგორ 'აგენტი ზეინეფი'. ამჟამად იგი Star TV-ს ახალ სერიალ Sol Yanım-ში(ჩემი მარცხენა მხარე) მონაწილეობს.
დეფნე სამიელი 1995 წლის 29 ივნისს დაქორწინდა არქიტექტორ ერენ ტალუზე. 2009 წელს მათ განქორწინება გადაწყვიტეს, თუმცა მაშინ ეს არ მომხდარა. საბოლოოდ, ისინი 2011 წელს დაშორდნენ 16 წლიანი ქორწინების შემდეგ. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ - დერენი და დერინი. დეფნემ პირველი შვილი 1996 წელს ლას ვეგასში გააჩინა. მისი სახელი დერენი დეფნეს დედისა და მამის სახელების კომბინაციაა. 2003 წელს მეორე შვილი, დერინი დაიბადა. განქორწინების შემდეგ დეფნე სამიელი ემრე ალქინზე, პოლიტიკოს ჰუსამეთინ ოზქანის ყოფილ სიძეზე დაინიშნა.
დეფნე შვილებთან ერთად
რაც შეეხება დეფნეს ამჟამინდელ სასიყვარულო ურთიერთობას, იგი ნახევარი წლის წინ დაშორდა ჯემ ილმაზს. ჟურნალისტების ცნობით, ამის მიზეზი ჯემის ღალატი იყო სერენაი სარიქაიასთან.
ჯემისა და დეფნეს ურთიერთობა 2018 წელს დაიწყო. ისინი 2019 წელს ერთად იყვნენ ფილმის პრემიერაზე, რომელშიც სერენაი სარიქაია მთავარ როლს ასრულებდა.
სწორედ ამ მოულოდნელი სტუმრობის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია მედიაში, რომ ჯემ ილმაზი სერენაით დაინტერესდა. დეფნემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია და ჟურნალისტებს განუცხადა: "ჩემი პირადი ცხოვრება მე მეკუთვნის. არ ვარ ვალდებული ვინმეს ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილო და მას რაიმე ავუხსნა. გაუცებული ვარ, თუ როგორ ავრცელებენ ტყუილებს გამუდმებით თავიანთი პროგრამების პოპულარიზაციისთვის. და მაინც, დიდი პატივით წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მეგობარ ჟურნალისტებს. იმედი მაქვს, მალე ტაბლოიდების ჟურნალისტები შეძლებენ სხვა უკეთესი და სასარგებლო ინფორმაციით იშოვონ ფული."
მალევე დადასტურდა დეფნესა და ჯემის 1.5 წლიანი ურთიერთობის დასრულებაც.
თვეების შემდეგ გავრცელდა ჯემ ილმაზისა და სერენაი სარიქაიას ფოტოები ათენიდან.
2020 წლის თებერვალში დეფნემ აღიარა, რომ ჯემ ილმაზმა მას უღალატა. როგორც ჩანს, მას თავდაპირველად არ სჯეროდა ჯემის ღალატის შესახებ და ამიტომაც გააკეთა უხეში განცხადება ჟურნალისტების მიმართ. თუმცა სერენაისა და ჯემის სასიყვარულო ურთიერთობის დადასტურების შემდეგ მან ამგვარი განმარტება გააკეთა: "არ ვიცი, ვერ შევამჩნიე, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო..."
რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილმა დეფნემ სოციალურ ქსელებში ფანებისგან დიდი მხარდაჭერა მიიღო ♥
"მთა მეგონე, შენ კი ზვავი ყოფილხარ... დიახ, ზუტად ისეთი ადამიანები გვაყენებენ ტკივილს, ვისგანაც არ მოველით"
"იმას, რაც დეფნე სამიელის თვალებში დავინახე, ახალი წყვილის ურთიერთობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის ანარეკლი კაცისგან მოყენებული ტკივილისა, რომელსაც გენდობოდი, ეს არის შეგრძნება, როდესაც თავს გაბრიყვებულად გრძნობ... ალბათ, ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც გამოუცდია ეს..."