საზოგადოება „ყვავილები სახლთან ახლოს“ - წიგნი, რომელშიც ხელოვნებისა და მედიცინის გზები იკვეთება, ჟურნალ "გზასთან" ერთად 2020, 3 სექტემბერი, 13:38 „მწერლობა გზაა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე უნდა გაიკვალო და იმ გზაზე სიარული უნდა ეხალისებოდეს შენს მკითხველს“, - ეს თამარ გოდერიძეა, რომელიც სალიტერატურო ასპარეზზე გასულ წელს გამოჩნდა. თამარი კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019“-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია. მისი წიგნი „ყვავილები სახლთან ახლოს“, რომელშიც სამი განსხვავებული პერსონაჟის, კესანეს, რონესა და ენნიეს მრავალფეროვანი და სირთულეებით სავსე ამბებია გადმოცემული, ერთი წლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას. ამჯერად, წიგნი, 3 სექტემბრიდან, ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვა. წიგნის სპეციალურ ფასი იქნება 8.50 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10.50. თამარ გოდერიძეს სამედიცინო განათლება აქვს, ის ენდოკრინოლოგია. თუმცა მისთვის წერა და მუსიკა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. როგორც თავად იხსენებს, პირველი ლექსი 4 წლის ასაკში დაწერა. ახლა კი უფრო დეტალურად საკუთარ თავსა და წიგნზე თავად თამარი გვესაუბრება. ექიმი, მუსიკოსი, მწერალი - ვინ არის თამარ გოდერიძე? მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნებას დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვარ ექიმი. ფორტეპიანოს შესწავლა დედის ინიციატივით, პატარა ასაკიდან დავიწყე. მუსიკისადმი სიყვარული კი ჩემი პედაგოგების ლიანა ნიქაბაძისა და ირმა რუხაძის უდიდესი დამსახურებაა. რაც შეეხება წერას, ვწერ ბავშვობიდან. თუმცა მწერალი, ვფიქრობ, გადაჭარბებული ნათქვამია. მე ჩემს თავს ყოველთვის ავტორად მოვიხსენიებ. მწერლობა გზაა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე უნდა გაიკვალო და იმ გზაზე სიარული შენს მკითხველს უნდა ეხალისებოდეს. როგორც მეუბნებიან, პირველი ლექსი ოთხი წლის ასაკში დავწერე და დედას მივუძღვენი. სხვათაშორის ჩემი წიგნის პრეზენტაცია, რომელიც, როგორც ჩემი მკითხველი აღნიშნავს, შთამბეჭდავად დაამახსოვრდათ და ჩემთვისაც გამორჩეული იყო, შედგა 22 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში, შოპენის ნაწარმოებების ფონზე, რომელსაც თავად ვასრულებდი. ამ საღამოზე პირველად ვთქვი ხმამაღლა, რომ წიგნი დედას მივუძღვენი. როგორ გადაიკვეთა თქვენი გზა მწერლობასთან? როგორ უთავსებთ ერთმანეთს მწერლობასა და ექიმობას? წიგნით „ყვავილები სახლთან ახლოს“ ნათელი გახდა, რომ ჩემმა პროფესიამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ნაწარმოების პერსონაჟების ცხოვრებაზეც - მთავარ გმირებს მძიმე დაავადება აღმოაჩნდებათ, რაც წარსულში ერთმანეთისთვის დაკარგულ ადამიანებს - კესანეს და რონეს უცნაურად შეახვედრებს ერთმანეთს. დროი ორივე საქმისთვის უმნიშვნელოვანესია. სამდიცინო სფეროს უამრავი ენერგია და ფიზიკური რესურსი სჭირდება, წერა კი, ამ ყველაფერთან ერთად, ხასიათსა და განწყობასაც მოითხოვს. მარტივი შესათავსებელი ნამდვილად არ არის, თუმცა, როცა „შინაგანი მე“ გთხოვს, იღებ ფურცელს და წერ. ჩემთვის ჩანახატების და ლექსების წერა დიდი განტვირთვაა. რაზე მოგვითხრობს „ყვავილები სახლთან ახლოს“ და რატომ მაინცდამაინც ეს სათაური? ის, რაც ერთი ადამიანისათვის ჩეულებრივი ამბავია, შეიძლება დანარჩენი სამყაროსთვის სრულიად უჩვეულო აღმოჩნდეს, და პირიქით. ამ წიგნში მოთხრობილია სამი სხვადასხვა თაობის ადამიანის შესახებ, რომელთაც მთავარ მამოძრავებელ ძალად, სიყვარულთან ერთად, სიცოცხლის დაუოკებელი სურვილი და ცხოვრებისეული წინააღმდეგობების გადალახვის უნარი უქცევიათ. პირველ ნაწილში ადამიანებს სახელები არ აქვთ, მხოლოდ დასასრულ, ისიც ბოლო წინადადებაში აღმოაჩენთ, რომ ობლობაში გაზრდილ მთავარ გმირს, ბებიის პატივსაცემად, კესანე ჰქვია. არც ექიმს აქვს სახელი - „თეთრი ხალათით“ არის მოხსენიებული. საშიში დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველ წამალს კი “მშველელი” ჰქვია. წიგნში მძაფრადაა აღწერილი, როგორ ცდილობენ მთავარი გმირები, მათმა ფსიქიკამ აირეკლოს, მაგრამ მაინც ხელჩართული ბრძოლა გამოუცხადოს უკურნებელ სენს. სევდიანადაა გადმოცემული, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ოჯახის წევრებთან ბავშვობისას ნაზიარებ სითბოს ან პირიქით, სიმკაცრეს. მოთხრობილია ორი ადამიანის სიყვარულის შესახებ, რომელთაც, მრავალი წლის შემდეგ, სწორედ ეს ვერაგი დაავადება შეახვედრებთ ერთმანეთს. პირველ ნაწილში ტექსტში გაბნეული ლექსებია, რომელებიც კესანეს ემოციებს გამოხატავს. ნაწარმოების მეორე ნაწილში ჩნდება კიდევ ერთი მთავარი გმირი, რონე, რომელიც, დიდ ნიჭთან ერთად, თავისებური ხასიათითაც გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ იგი შინაგანად აპროტესტებს მშობელი მამის ჯიუტ გადაწყვეტილებას და არ სურს დაოჯახდეს საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, მაინც უშვებს დიდი შეცდომას და ცოლად ირთავს ქალს, რომელიც არ უყვარს. აქვს მცდელობა, რომ შეეჩვიოს, მაგრამ შეჩვევა სიყვარულს არ ბადებს და რონე, საბოლოოდ, იღებს გადაწყვეტილებას, მამის გარდაცვალების შემდეგ, მიატოვოს მემკვიდრეობით დატოვებული ძალიან დიდი ქონება, საკუთარი ნახატების იმედად წავიდეს სრულიად უცხო ქვეყანაში და გვიან, მაგრამ მაინც მოიპოვოს შინაგანი თავისუფლება. „თეთრი ხალათის” გმირი ორივე პერსონაჟის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს. თავიდან მკითხველი აუცილებლად იფიქრებს, რომ ეს ადამიანი განდიდების მანიითაა შეპყრობილი, თუმცა ის ისეთ დამოკიდებულებას ავლენს კესანეს და რონეს შვილის, ენნიეს მიმართ, რომ დიდ კითხვის ნიშანს სვამს, ვინ არის ეს ადამიანი? საკუთარ კარიერაზე შეყვარებული, მარტოსული და უხასიათო პიროვნება, თუ მისი ქცევა გაუმხელელი გრძნობის გამოძახილია? ეს უკვე მკითხველის გადასაწყვეტია. როგორია თქვენი სამწერლობო გეგმები? წერა ტალღაა - უნდა მოვიდეს შენამდე და მერე დაიწყო წერა, მანამდე კი არის რაღაც, რაც გონებაში იხარშება. აი, ახლა ზუსტად ამ პროცესში ვარ. ამიტომ სამწერლობო გეგმები ჩემს შემთხვევაში წინასწარ გაწერილი არასდროსაა, თუმცა სიახლეები მომავალში აუცილებლად იქნება. 23 2-ს მოსწონს
|