რელიგია რატომ აღვნიშნავთ მარიამობის დღესასწაულს 28 აგვისტოს 2020, 27 აგვისტო, 21:33 28 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას ანუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა) შედის თორმეტ უდიდეს დღესასწაულთა სიაში.
ღვთისმშობლის მიძინებისა და დაკრძალვის შესახებ წმინდა წერილის კანონიკურ წიგნებში არაფერია ნათქვამი. იოანეს სახარების მიხედვით, ჯვარზე გაკრულმა იესო ქრისტემ იოანე მახარებელი ღვთისმშობელს აშვილა: „ჰრქუა დედასა: დედაკაცო, აჰა ძე შენი! და მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედაი შენი!“. იმ დღიდან მარიამი იოანეს სახლში ცხოვრობდა: „მიერ ჟამითგან წარიყვანა იგი სახედ თვისსა“. ამის შემდეგ ღვთისმშობელი ლოცულობდა მოციქულებთან ერთად და მათთან ერთად იყო სულთმოფენობის დროს. უბიწო ქალწული მოციქულებთან ერთად ლოცულობდა, უყვებოდა მათ ძე ღვთისას შესახებ, ნუგეშს სცემდა და განამტკიცებდა. ყველანი საოცარ მოწიწებას გრძნობდნენ იესოს დედის მიმართ. სხვა ქვეყნებიდანაც მოდიოდნენ მის სანახავად და მისი მადლმოსილი სიტყვების მოსასმენად. როცა ჰეროდემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო, 43 წელს, ყოვლადწმიდა მარიამმა იოანე ღვთისმეტყველთან ერთად ეფესოს მიაშურა, იყო კვიპროსზეც – მკვდრეთით აღმდგარ ლაზარესთან, ქრისტიანობა იქადაგა ათონის წმიდა მიწაზე. ბოლოს კი, ღვთის ნებით, კვლავ იერუსალიმს დაუბრუნდა. ის ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. და აი, ერთხელ, როცა მარიამი მაცხოვრის აკლდამაში ლოცულობდა, ცა გაიხსნა, გამოჩნდა გაბრიელ მთავარანგელოზი ხელში ზეთისხილის რტოთი და უბიწო ქალწულს ახარა: „გიხაროდენ მარიამ, რომელმან ჰშვენ ღმერთი ჩვენი, ლოცვა შენი აღვიდა წინაშე ძისა შენისა და შეწირულ იქმნა, ამიერიდგან დაუტევებ სოფელსა, ნეტარო, და ზეცასა აღხვალ!“ ღვთისმშობელი დიდად გაახარა ამ უწყებამ და მიცვალებისათვის მზადება დაიწყო. მოციქულები ამ დროისათვის იერუსალიმში არ იყვნენ – სხვადასხვა ქვეყანაში ქადაგებდნენ. მარიამს ძალიან სურდა, ამ სოფლიდან განსვლამდე ყველანი ერთად ეხილა. უფალმა ეს სურვილიც აუსრულა ნეტარს: მეყსეულად შემოჰკრიბა მასთან მაცხოვრის ყველა მოწაფე. ხუთი მათგანი მკვდრეთით აღმდგარიყო. მოციქულები მიესალმნენ მას და მოუთხრეს, თუ როგორ იქნენ აღტაცებულნი მოღვაწეობის ადგილებიდან. გახარებულმა უბიწო ქალწულმა მადლობა შესწირა ღმერთს, შემდეგ კი თავის მიცვალებაზე დაიწყო საუბარი. სწორედ ამ დროს ასევე სასწაულებრივ წარდგა მათ წინაშე პავლე მოციქულიც თავისი მოწაფეების თანხლებით. მარიამი სახელებით უხმობდა ყველას, ქებას ასხამდა მათ სარწმუნოებას და აკურთხებდა. შემდეგ წმიდა დედა იაკობ მღვდელმთავრის ხელით ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა. მესამე ჟამს – ღვთისმშობლის ამსოფლიდან გასვლისას საოცარი ნათლით გაბრწყინდა ის ოთახი, რომელშიც იგი იწვა, „იქმნა დიდებით განსაკვირვებელი მოსვლა ქრისტეს ღვთისა და ძისა მისისა დიდებითა მით გამოუთქმელითა“. მან წმიდა და ყოვლად უბიწო სული მშობლისა თვისისა „საღმრთოთა მათ და უხრწნელთა მკლავთა თვისთა ზედა მიირქუა“ და ანგელოზთა გალობის თანხლებით აამაღლა ზეცად. მთელი სახლი საოცარი სურნელებით აივსო. მოციქულები კრძალვით მიეახლნენ ნათელშემომდგარ წმიდა ცხედარს, შემოკრბენ „სნეულნი და არა ძლებულნიც“ და მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. ქრისტეს მოწაფეებმა ღამე ლოცვაში გაათიეს და პარასკევ დილით ღვთისმშობლის პატიოსანი ნეშტი სიონიდან გეთსიმანიაში გადაასვენეს. გაბოროტებულ ურიათაგან ერთ-ერთმა, „იწყო დაქცევად ცხედრისა, ვითარ-იგი მოციქულთა ეტვირთა“, მაგრამ უფლის ანგელოზმა ცეცხლოვანი მახვილით ორივე მხარი მოჰკვეთა მკრეხელს, რომლებიც ცხედრის მახლობლად, ჰაერში დაეკიდა. მოციქულებმა წმიდა ცხედარი დაასვენეს და უბიწო ქალწულს შეავედრეს მონანული. მოკვეთილი მკლავები მას ისე სასწაულებრივად მიეზარდა მხრებზე, რომ ჭრილობის კვალიც აღარსად ჩანდა. მოციქულებმა ღვთისმშობლის წმიდა გვამი აკლდამაში დაკრძალეს. ყოვლადწმიდა მარიამის მიძინებას თორმეტი მოსწავლიდან ერთი-თომა ვერ შეესწრო. ღვთის განგებით, იგი სწორედ კვირა ღამეს მივიდა გეთსიმანიაში და ღვთისმშობლის გარდაცვალებით შეწუხებულმა, ითხოვა, საფლავი გაეხსნათ, რომ წმიდა გვამისთვის თაყვანი ეცა. კარი მართლაც გააღეს, მაგრამ აკლდამა ცარიელი დაუხვდათ. მაშინ, ერთი ცნობით, „გამობრწყინდა ნათელი ბრწყინვალე, წინაშე კიდობანსა მას, ვითარცა ხორცითა და ჩვეულებისაებრ მდგომარე იხილეს წმიდა ღვთისმშობელი და თაყუანი სცეს“. ყოვლადწმიდამ თომა ახლოს მიიხმო და მისი სარწმუნოების აღიარება რომ მოისმინა, „შეიტკბო და აკურთხნა და უჩინო იქმნა“. სხვა წყაროთა მოწმობით, ყოვლადწმიდა მარიამი მაშინ გამოუჩნდათ გაოცებულ მოციქულებს, როცა შინ დაბრუნდნენ და ტრაპეზს შემოუსხდნენ. სხვა ცნობით, მესამე დღეს მოციქულებმა მარიამის ქვაბულის ლოდი გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ხორცით ზეცაში აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს. როგორც უკვე ავღნიშნეთ, წმიდა წერილში არაფერია ნათქვამი ღვთისმშობლის მიძინების შესახებ. იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის (V ს.) თქმით, „ჩვენ მათ შესახებ ვუწყით უძველესი და სანდო გადმოცემიდან“, რომელსაც XIV საუკუნეში ნიკიფორე კალისტემ მოუყარა თავი თავის საეკლესიო ისტორიაში. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყველას შემწე და მეოხია, მაგრამ საქართველოსა და ქართველებს იგი განსაკუთრებიოთ მფარველობს, რადგან საღვთო გამოცემების თანახმად, ივერია ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. როცა მოციქულები წილს ყრიდნენ, ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული, ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად, მაგრამ დედაღვთისას უფალი გამოეცხადა და აუწყა: “აწ ნუ განეშორები იერუსალიმს, წილხვდომილი შენი ქვეყანა განათლდება მომავალში და შენი მეუფება განმტკიცდება იქ. მცირე ხნის შემდეგ შენ ღმრთის სიტყვა უნდა ახარო იმ მიწას, სადაც მიგიყვანს უფალი”. მაშინ ქალწულმა მარიამმა უხმო ანდრია მოციქულს და გადასცა თავისი ხელთუქმნელი ხატი და გააგზავნა საქართველოში საქადაგებლად. საქართველო რომ ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ იმყოფება, ეს ღვთის დიდი წყალობაა, მაგრამ ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაც. წყალობას, მადლიერების გარდა, ღირსეულად მიღებაც სჭირდება, რადგან წყალობა მხოლოდ მაშინაა ჯილდო, როცა ერთგულად მსახურებ უფალს. ყველას გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყოფილიყოს თქვენი ოჯახების მფარველი! 289 8-ს მოსწონს
|