რელიგია შემზარავი ტაძრები: რატომ ეთაყვანებიან ადამიანები ვირთხებსა და გველებს? 2016, 23 აგვისტო, 7:52 ყველასათვის ცნობილია, რომ აღმოსავლური რელიგიების, კერძოდ, ინდუიზმისა და ბუდიზმისათვის დამახასიათებელია ცხოველების მიმართ პატივისცემა და თაყვანისცემა. ეს სავსებით ლოგიკურია, რადგან ბუდიზმი გვასწავლის განურჩევლად ყველა ცხოველის სიყვარულს, ხოლო ინდუიზმის მიმდევრებს სწამთ, რომ ადამიანის სიკვდილის შემდეგ მისი სული ცხოველის სხეულში გადადის...
მაგრამ ხანდახან აღმოსავლეთში გავრცელებული პრინციპები, რომელიც გულისხმობს სიყვარულს და პატივისცემას ყოველივე ცოცხალი არსების მიმართ, ჩვენთვის, ევროპულად მოაზროვნე ადამიანებისათვის, შიშისმომგვრელ და შემზარავ სახეს ღებულობს.
ასე, მაგალითად, ინდოეთის ქალქ დეშნოკში არსებობს ტაძარი, სადაც თაყვანს სცემენ ვირთხებს. წმინდა კარნი მატას ტაძარში დაახლოებით 20 ათასამდე ვირთხა ცხოვრობს. ტაძრის მსახურები და ადგილობრივი მოსახლეობა ზრუნავენ ამ ცხოველებზე, ასუფთავებენ შენობას და დევნიან იქედან მტაცებელ ფრინველებს, რომ წმინდა ვირთხებს მათ ზიანი არ მიაყენონ. წმინდა მღრღნელები იკვებებიან მხოლოდ ტკბილეულით და რძით, რომლით სავსე თასები მთელ ტაძარშია მიმობნეული. მღრღნელების პოპულაციის რეკორდულ ზრდას ხელს მხოლოდ მათი ავადმყოფობა (მაგალითად, დიაბეტი) უშლის, რომელიც არასწორი კვებითაა გამოწვეული და თვითრეგულაცია-სივიწროვეში ცხოვრების გამო ვირთხებში იღვიძებს აგრესია თანატომელების მიმართ და ისინი ხანდახან ერთმანეთს ჭამენ. კარნი მატა ცხოვრობდა მე-14 საუკუნეში. ის ქალღმერთ დურგას ხორცშესხმად მიაჩნდათ და ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე უამრავი ადამიანი ეთაყვანებოდა მას. ამბობენ, რომ ის არამარტო წმინდანის ცხოვრებით ცხოვრობდა, არამედ იყო გამოჩენილი პოლიტიკური ფიგურაც, მაგრამ, სამწუხაროდ, წმინდანებიც არ არიან დაზღვეული უბედური შემთხვევებისაგან: ერთხელ ქალაქ დეშნოკის ტბაში დაიხრჩო კარნი მატას შვილობილი. მწუხარებით განადგურებული ქალი ევედრებოდა სიკვდილის ინდურ ღმერთ იამას გაეცოცხლებინა ყმაწვილი, მაგრამ მან უარი უთხრა თხოვნაზე. მაშინ წმინდანმა დაიფიცა, რომ ამიერიდან მისი ნათესავებიდან არცერთის სული არ მოხვდებოდა სიკვდილის შემდეგ იამასთან. ამის მაგივრად ისინი გადასახლდებოდნენ ვირთხების სხეულებში და რეინკარნაციის შემდეგ ისევ გახდებოდნენ ადამიანები. დეშნოკში მცხოვრები რამოდენიმე ოჯახი ირწუნება, რომ ისინი კარნი მატას შთამომავლები არიან, ასე რომ ვირთხებს კარგი მოვლა-პატრონობა გარანტირებული აქვთ. ვირთხის უნებლიე მოკვლა (აბა განგებ ვინ გაბედავს აქ წმინდა ცხოველის მოკვლას?) მორწმუნეთა შორის დიდ დანაშაულად ითვლება და ამ ცოდვის გამოსყიდვისათვის ცოდვილმა ტაძარს უნდა შეწიროს ვირთხის ნატურალური სიდიდის ოქროს ქანდაკება. ტაძარს ყოველდღიურად უმარავი მომლოცველი და ცნობისმოყვარე ტურისტი სტუმრობს. თუ დეშნოკში მოხვდებით და ტაძრის დათვალიერებას მოინდომებთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ის შესვლა, ისვეე როგორც სხვა ინდუისტურ ტაძარში, მხოლოდ ფეხშიშველაა შესაძლებელი და ალბათობა იმისა, რომ ვირთხა თქვენს შიშველ ფეხებზე გადაირბენს, ძალზე დიდია. სხვათა შორის, ითვლება, რომ სანიტარიის თვალსაზრისით ეს ღირსშესანიშნაობა უსაფრთხოა. ტაძრის დაარსებიდან (მე-15 საუკუნე) დღემდე აქ შავი ჭირის ან სხვა ეპიდემიის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აი, მალაიზიის კუნძულ პინანგზე არსებულ გველების ტაძარს კი უხიფათოს ვერაფრით ვერ ვუწოდებთ, რადგან ის სავსეა შხამიანი გველებით. ქვეწარმავლები აქ ბატონ-პატრონივით გრძნობენ თავს და დაძვრებიან ყველგან-იატაკზე, სტატუებზე, საკურთხეველზე...არსებობს რამოდენიმე ლეგენდა, თუ რატომ ეტანებიან ამ ადგილს გველები. ერთ-ერთის თანახმად, ქვეწარმავლები თავად მიდიან იქ, რათა თაყვანი სცენ წმინდა ბერს ჩორ სო კონგს, რომლის პატივსაცემადაც ააგეს ჩინელმა ემიგრანტებმა ეს ტაძარი. ეს ბერი სიცოცხლეში გველების მფარველად ითვლებოდა. მეორე ვერსია გაცილებით უფრო ჰგავს სიმართლეს: ტაძარი აშენდა 1850 წელს, როცა ის-ის იყო იწყებოდა კუნძულ პინანგის ათვისება და იქ ადამიანების დასახლება. ისინი აქტიურად კაფავდნენ ჯუნგლებს. გველები, რომელთაც წასასვლელი აღარსად ჰქონდათ, ხშირად ძვრებოდნენ გლეხების სახლებში, სადაც ისინი დაუპატჟებელ სტუმრებად მიაჩნდათ და კლავდნენ, მხოლოდ ტაძრის ბერები იყვნენ მათ მიმართ კეთილად განწყობილი-აძლევდნენ საცხოვრებელს და საკვებს. დღისათვის ბერებს თავად მოჰყავთ ტაძარში გველები-ეს ამ ადგილს პოპულარულს ხდის და შესაბამისად იზრდება შემოწირულობები. ამბობენ, რომ ბერები ტაძარში გაშვების წინ გველებს შხამს აცლიან, რომ ისინი უსაფრთხო გახადონ, მაგრამ თუ ამ ადგილის დათვალიერებას მოისურვებთ, გირჩევთ, მაინც ფრთხილად იყოთ, მით უმეტეს, რომ ტაძარში შესვლა ფეხშიშველს მოგიწევთ. 651 15-ს მოსწონს
|