სხვა როგორი თვისებები ახასიათებდა გალაკტიონ ტაბიძეს? 2020, 23 აგვისტო, 23:34 გალაკტიონი დიდი ბავშვი იყო. მიამიტი, მეოცნებე, ბავშვური სიამაყით სავსე, მორცხვი, მუდამ მარტოსული და გარიყული.
პატარაობიდანვე ასეთი უცნაური იყო - მარტოობისკენ მიდრეკილი. ვერ იტანდა, როცა პოეტურ სიდიდეს არ უფასებდნენ.
დედასაც უბრაზდებოდა - მე შენ სულელად მთვლი დედა!
მაკრინე კი ნაღვლობდა გალაკტიონის ასეთ ქცევებზე. მეორე შვილს იყო რომ სწერდა - მაგი ნამეტანი განწყრომით მთლად ჩერჩეტდება-ო.
ძმამ იცოდა გალაკტიონის უცნაური, ხშირად აუტანელი ხასიათის შესახებ და ოლიას სწერდა - ბევრი უნდა ვაპატიოთ ოლია, თუ იგი გვიყვარს.
ოლიამაც იცოდა კარგად ხასიათები პოეზიის მეფის - შენ ბავშვივით ხარ გალ.... ბავშვივით მოვლას და ყურადღებას საჭიროებ.
გალაკტიონმაც კარგად იცოდა, რომ “შეშლილი” იყო. სწავლის დროსაც წერდა დღიურში - მე უსინდისოდ ვსარგებლობდი იმ გარემოებით, რომ მასწავლებლებს სულიერ ავადმყოფად მივაჩნდი...
ვან გოგს ადარებდა ხშირად თავს - მასავით შეპრობილი.
მორცხვიც იყო. რობაქიძე წერდა, რომ - მორცხვობა კიდევ უფრო ამძაფრებდა ამ უხერხულობას.
მუდამ დაძაბულ ნერვულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. არ შეეძლო ადამიანთან ხანგრძლივი საუბარი. მივიდოდა მწერალთა კავშირში, მაგრამ მალევე ტოვებდა, არავის ემეგობრებოდა.
სიცილითაც იშვიათად იცინოდა. კიდევაც წერდა დღიურში - იმ ხანებში უკვე მე არ ვიცოდი რა იყო ღიმილი, ამისთვის საჭიროა მსუბუქად უყურო ცხოვრებას.
მუდამ ეჭვიანობდა. სულ ეჭვობდა, რომ ვიღაც უთვალთვალებდა. თავისი ხმითაც კი არ ლაპარაკობდა. სპეციალურად აწვრილებდა ხმას.
არავის ენდობოდა - მღალატობენ მეგობრები, ნათესავები, საზოგადოება, მე თქვენ დედებს გიტირებთ.
განიცდიდა, რომ სათანადოდ ვერ აფასებდნენ. ეშინოდა, მთაწმინდაზე არ დამასაფლავებენო. დღიური იყო მხოლოდ თავისი ერთადერთი მეგობარი, სადაც ყველაზე გულახდილი იყო...
210 2-ს მოსწონს
|