x
image
მანჩო 777
სენტინელების კუნძული-ერთადერთი დასახლებული, მაგრამ შეუსწავლელი კუნძული დედამიწაზე
საოცარია, მაგრამ ატომური ენერგიის საუკუნეში, ლაზერული იარაღისა და მარსის მეცნიერული კვლევის ეპოქაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ჯერ კიდევ ცხოვრობენ პირველყოფილი ადამიანები, რომლებიც სრულიად არიან მოწყვეტილნი გარე სამყაროს და წარმოდგენაც კი არ აქვთ ცივილიზაციაზე. ასეთი ტომები დედამიწის ყველა ნაწილში ცხოვრობენ, ევროპის გამოკლებით. ისინი სრულ იზოლაციაში არიან და არ იციან, თუ რა არის ტელევიზორი, ფოტოაპარატი, ტელეფონი და ელექტროენერგიაც კი. თუმცა არის ზოგიერთი ტომი, რომელმაც პირიქით, მშვენივრად იცის, რომ სხვა ორფეხებიც ცხოვრებენ მათგან მოშორებით, მაგრამ სრულებითაც არ ჩქარობენ მათთან კონტაქტის დამყარებას. არსებობს აგრეთვე მესამე, უკიდურესად უარყოფითად განწყობილი კატეგორია ცივილიზაციას მოწყვეტილი ადამიანებისა - ისინი მზად არიან ნებისმიერ უცხო ტომელს სიკვდილით "გაუმასპინძლდნენ".

...და როგორ მოვიქცეთ მათთან შეხვედრისას ჩვენ - ცივილიზებული ადამიანები?- უნდა გავერიდოთ მათ თუ პირიქით, ვეცადოთ კონტაქტის დამყარებას? დავუმეგობრდეთ თუ სიფრთხილე გამოვიჩინოთ და დისტანცია დავიჭიროთ მათთან ურთიერთობისას? რა თქმა უნდა, უცხო, არაცივილიზებურ ტომებთან შეხვედრისას დიდი სიფრთხილეა საჭირო და ეს ნათლად გამოჩნდა ორიოდე წლის წინ, როცა ინდოეთის ოკეანეში მდებარე სენტინელის კუნძულის აბორიგენებმა იქ საქადაგებლად ჩასული ახალგაზრდა მისიონერი მოკლეს. შემთხვევა ბენგალის ყურეში, ჩრდილოეთ სენტინელის კუნძულზე მოხდა. 27 წლის ჯონ ალენ ჩო იქ ქრისტიანობის საქადაგებლად ჩავიდა, თუმცა აბორიგენებმა ის ნაპირზე ჩასვლიდან რამდენიმე წამში, მშვილდ-ისრებით მოკლეს, ცხედარი კი პლაჟზე დააგდეს. ფორმალურად სენტინელების კუნძული ინდოეთის მმართველობის ქვეშ არის, მაგრამ კანონის მიხედვით, სენტინელის კუნძულზე ჩასვლა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება, რადგან აბორიგენები გარე სამყაროსთან კონტაქტზე არ მოდიან, თავის ტერიტორიაზე შესვლის მცდელობაზე კი საკმაოდ აგრესიულად რეაგირებენ. ჩომ კუნძულზე მოხვედრა ადგილობრივი მეთევზეების დახმარებით შეძლო, რომლებიც ინდოეთის პოლიციამ კანონის დარღვევისთვის დააპატიმრა.

მაინც ვინ არიან სენტინელები, საიდან მოხვდნენ ანდამანის კუნძულებზე და რატომ არიან ასე აგრესიულად განწყობილი სხვა ადამიანების მიმართ? ამ კითხვებზე პასუხს ქვემოთ იპოვით.



image




ბენგალიის ყურეში, ინდოეთსა და მიანმას შორის მდებარე ანდამანის არქიპელაგის ნამცეცა კუნძულზე - ჩრდილოეთ სენტინელის კუნძულზე ცხოვრობენ გარე სამყაროს მიმართ უკუდურესად მტრულად განწყობილი ინდიელები-სენტინელები. ისინი პირველი აფრიკელების პირდაპირი შთამომავლები არიან, რომელთაც კონტინენტი ჯერ კიდევ 60 ათასი წლის წინ დატოვეს. მას შემდეგ ეს პატარა ტომი დაკავებულია ნადირობით, თევზჭერითა და შემგროვებლობით. უცნობია ის, თუ როგორ აჩაღებენ ისინი ცეცხლს. კუნძული ფიქტიურად ინდოეთის ეკუთვნის, თუმცა ფაქტობრივად ის აბსოლუტირად დამოუკიდებელია ყველასა და ყველაფრისაგან.

კუნძულზე ცხოვრობენ მხოლოდ და მხოლოდ სენტინელების ტომის წარმომადგენლები და ითვლება აბსოლუტურად უკონტაქტი ტომად, ანუ ისინი არ აღიარებენ არანაირ ცივილიზაციას და არა აქვთ კონტაქტი გარემომცველ სამყაროსთან. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კუნძულის აბირიგენები 60 000 წელია იზოლირებულად ცხოვრობენ და დღემდე იქ მხოლოდ ენდემური მოსახლეობაა.



image



ჩრდილოეთ სენტინელის კუნძულის მონახულება მარკო პოლომაც მოინდომა თავის დროზე, თუმცა ადგილობრივები მას მტრულად შეხვდნენ. აი რას წერდა დიდი მოგზაური: " ისინი სასტიკები არიან და წარმოადგენენ ულმობელ და ველურ რასას. არ სურთ კონტაქატზე გამოსვლა, ხოლო როცა კუნძულისაკენ მცურავ ნავს დაინახავენ, მაშინვე იწყებენ მშვილდ-ისრებიდან სროლას და ამით ანიშნებენ მომხვდურს, რომ მათთან ურთიერთობა არ სურთ".



image



დღეისათვის იდენტიფიცირებული არაა, თუ რა ენაზე ლაპარაკობენ სენტინელები. ცნობილია მხოლოდ ერთი, რომ მათ ათასწლეულების განმავლობაში არ ჰქონიათ კონტაქტი გარესამყაროსთან. მათი ზუსტი რაოდენობაც კი არაა დადგენილი-სავარაუდოდ, აქ 100-დან 400-მდე ადამიანი ცხოვრობს. მათ მტრად ეჩვენებათ ყველა უცხოტომელი, ასე მაგალითად, 2010 წელს მათ მოკლეს ორი მეთევზე, რომლებსაც ნავში ეძინათ და დინებამ სენტინელების კუნძულზე გამორიყა, ხოლო შემდეგ ისრების წვიმა დააყარეს მეთევზეების საძებნელად ჩაფრენილ ვერტმფრენს.

იყო მხოლოდ ორიოდე "მშვიდობიანი" კონტაქტი სენტინელის ტომთან 1960-იან წლებში: ერთხელ მკვლევარებმა მათ დასანახად სანაპიროზე დააწყვეს ქოქოსის კაკალი -აინტერესებდათ, შეჭამდნენ თუ დარგავდნენ მას; ველურებმა ქოქოსი შეჭამეს. მეორედ კუნძულის სანაპიროზე მათ ცოცხალი ღორი დაუტოვეს - მათ ის მყისიერად მოკლეს და ...დამარხეს. ერთადერთი, რაც სენტინელებს სასარგებლოდ მოეჩვენათ - ეს პლასტმასის წითელი ვედროები იყო - მათ ისინი კუნძულის სიღრმეში წაიღეს, ხოლო მწვანე ვედროებს კი რატომღაც ხელი არ ახლეს.



image



მაგრამ იცით, რა არის ყველაზე უცნაური და აუხსნელი? მიუხედავად პირველყოფილობისა და უკიდურესად პრიმიტიული საცხოვრებელი პირობებისა, სენტინელები მთლიანად გადარჩნენ 2004 წელს წყნარ ოკეანეში მომხდარი მიწისძვრისაგან გამოწვეული საშინელი ცუნამის დროს. ამ მიწისძვრის დროს ხომ აზიის სანაპიროზე მცხოვრები 300 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, რამაც ის ყველაზე საშინელ ბუნებრივ კატასტროფად აქცია კაცობრიობის ისტორიაში. როდესაც სამაშველო ვერტმფრენი მიფრინდა კუნძულზე მათ დასახმარებლად, აბორიგენებმა მაშინვე დაუწყეს ქვების და ისრების სროლა, ამით მაშველები მიხვდნენ, რომ სენტინელებს არანაირი დახმარება არ ჭირდებოდათ.

ტომს მფარველობს და ინახავს ორგანიზაცია “Survival international”. მისი წარმომადგენლები დროდადრო ჩუმად ამოწმებენ კუნძულის მაცხოვრებლებს და აცხადებენ, რომ მათი კონტაქტი ჩვეულებრივ ადამიანთან ძალიან საშიშია, რადგან ველურებს არ აქვთ იმუნიტეტი ისეთ უბრალო ვირუსებზეც კი, როგორიცაა გრიპი, ამ ვირუსს შეუძლია მთელი ტომის გაწყვეტა, ამიტომ ინდოეთის მთავრობამ 1997 წელს მიიღო გადაწყვეტილება არ ჩაერიოს სენტინელების ცხოვრებაში და აკრძალა კუნძულის აბორიგენებთან ყოველგვარი კონტაქტი. ასე რომ, ჩრდილოეთ სენტინელის კუნძული არის უკანასკნელი დასახლებული, მაგრამ აბსოლუტურად შეუსწავლელი კუნძული დედამიწის ზურგზე.




image

0
537
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
537
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0