სხვა ხუთი ყველაზე გასაოცარი ფაქტი ფულის შესახებ 2020, 11 აგვისტო, 18:33 ფული რომ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე კამათი არ ღირს. მისით ყველაფერს ვერ იყიდი, თუმცა მონეტებად და ქაღალდებად ქცეულ ადამიანის შრომას, ძალას და ენერგიას შეუძლია მკვეთრად გააუმჯობესოს ჩვენი ცხოვრების ხარისხი. უფულობა და სიღარიბე კი ძალიან მძიმედ მოქმედებს ადამიანის აწმყოსა და მომავალის პერსპექტივებზე.
ამ სტატიაში 5 საინტერესო ფაქტს წარმოგიდგენთ ფულის შესახებ.
1. ოქროს უდიდესი რეზერვი
ოქროს უდიდესი სავალუტო რეზერვი ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვთ. აქაური ძვირფასი ლითონის მარაგების საერთო მოცულობა 8000 ტონაზე მეტია. ეს წარმოუდგენლად დიდი რიცხვია. საქართველოს მოსახლეობისთვის რომ ამ ოდენობის ოქრო დაგვერიგებინა, თითო ადამიანს 2 კილოგრამზე მეტი შეხვდებოდა. 2. ევროს გამოშვების იდეა 400 წლის წინ გაჩნდა ევრო მართალია, 2002 წლიდან არსებობს მონეტების და ბანკნოტების სახით, მაგრამ იდეა ევროპის ერთიანი ვალუტის გამოშვების შესახებ 4 საუკუნით ადრე გაჩნდა, როცა ევროპამ თავი დააღწია შუა საუკუნეების სიბნელეს და გათიშულობას და სხვადასხვა ქვეყნებმა ერთმანეთთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები დაამყარეს. 3. შვედური სპეციფიკა ევროპის ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით შვედეთში ნაღდ ფულს თითქმის ვერსად ნახავთ. საკრედიტო პორტალმა Vexcash-მა 20 ვალუტის შესახებ არსებული მონაცემები გააანალიზა და აღმოჩნდა, რომ შვედეთში მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მოცულობა მშპ-სთან მიმართებით 1, 24 %-ს აღწევს. შვედები ფუნთუშიდან დაწყებული, სატვირთო ავტომობილის შეძენით დამთავრებული ყველაფრისთვის პლასტიკურ ბარათებს იყენებენ. აქ შემოწირულობებიც კი ბარათებით გროვდება. ანალოგიური სიტუაციაა ნორვეგიასა და დანიაში. ევროზონის ქვეყნებში კი მშპ-სთან მიმართებით არსებული ნაღდი ფულის მოცულობა 10, 34 %-ს შეადგენს. 4. “ხელის ჭუჭყი” მიკრობებს უყვართ ბანკნოტები. პროექტი “ბინძური ფულის” ფარგლებში ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 3000-მდე სხვადასხვა ბაქტერია, სოკო და დაავადების გამომწვევი მიკრობი აღმოაჩინეს ქაღალდის ფულზე. ფეკალური ბაქტერიებიდან დაწყებული, მარტორქის დნმ-ით დამთავრებული, რა აღარ იპოვეს. ამავდროულად ყველაზე ჭუჭყიანი დაბალი ნომინალის მქონე ბანკნოტებია. მათი დაბინძურების დონე განსაკუთრებით მაღალია. იაპონიაში, სადაც ჰიგიენური ნორმების დაცვას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, ბანკნოტებს გამოშვებამდე ცხელი ჰაერის მეშვეობით, 200 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე ამუშავებენ. 5. გერმანული მარკა ცოცხალია მიუხედავად იმისა, რომ 2001 წელს ევრომ გერმანული მარკა მიმოქცევაში ჩაანაცვლა, გერმანიის ფედერალური ბანკის ცნობით ჯერ კიდევ არსებობს 12 მილიარდი გერმანული მარკის ეკვივალენტი მონეტები და ბანკნოტები. ამიტომ თუ სახლის დასუფთავების დროს ძველ გერმანულ ქაღალდის ფულს და ხურდას წააწყდები, ნუ გადაყრი, რადგან მათ გერმანიის ფედერალური ბანკის ნებისმიერ ფილიალში გადაგიხურდავებენ ევროზე. 1 ევრო უდრის 1, 95 გერმანულ მარკას. 679 შეფასება არ არის
|