საზოგადოება ეიჯიზმის დონე საქართველოში 2012, 17 აგვისტო, 18:54 ბოლო დროს მიღებულმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ვიდრე სტატიის შესავალ ნაწილს დავიწყებდე, საურველია, განვმარტო ზოგიერთი უცხო ტერმინი თუ სალიტერატურო ნორმა. ამაში იმ არაერთგვაროვანმა და ადეკვატურ აღქმასთან მწყრალად მყოფმა კომენტარებმა დამარწმუნა, რომლებიც ხშირად მოსდევს ხოლმე ჩემს სტატიებს.
ეიჯიზმი არის დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა, რაც გამოიხატება ადამიანისადმი შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი დამოკიდებულების გამოვლენას ასაკობრივი ნიშნით. საზოგადოდ, ცნობილია, რომ ეიჯიზმის მსხვერპლი, ძირითადად, ხანშიშესმული ადამიანები ხდებიან, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში როგორც ბევრი სხვა, ეს საკითხიც ამობრუნებულია. ტერმინები და ფრაზეოლოგიზმები: “ გამოჩურჩუტებული ბებერი", “ გადაღრძუებული", “ ცალი ფეხი სამარეში უდგას" და ა. შ.(რასაც, ძირითადად, სამსახურებში წავაწყდებით), უკვე ეიჯიზმის გამოვლინებაა, მაგრამ მისი ქართული ვერსია კულმინაციას მაშინ აღწევს, როცა ხანშისესული ადამიანები საჯარო სამსახურებში დამწყებ პერსონალს აწყდებიან. მათი დიდი ნაწილი დაუფარავად ავლენს სკეპტიციზმსა და უნდობლობას, არ მალავენ უკმაყოფილებას და ხშირად ასე გამოხატავენ: “საბავშვო ბაღი", “დავიჯერო ამათაც რამე იციან?!", და ა. შ. რა თქმა უნდა, მსგავსი შემთხვევებიდან უმრავლესობამ შეიძლება არც კი იცის მსგავსი ფენომენის არსებობის შესახებ და შეიძლება მისი ქმედება მიზანმიმართული არც იყოს, მაგრამ ესაა ფსიქოლოგიური ძალადობის ენა და ალბათ დიდ განსწავლულობას არ საჭიროებს, რომ სხვის თავმოყვარეობაზე უხეშად იმოქმედებ. ეიჯისტური გამოვლინებები მხოლოდ მომხმარებელთა წრით არ ამოიწურება. ქართულ ორგანიზაციებში მიმდინარე საკმაოდ მძლავრი სტერეოტიპიზაცია დამწყებებს მაშინათვე “მიუჩენს თავის ადგილს" და ქართული გაგებით “ პრაქტიკოსებიც" არ იშეურებენ ხოლმე: “ლაწირაკები", “ცხვირმოუხოცავები", “ ორი ინგლისური სიტყვა უსწავლიათ" და ასე უსასრულოდ. აგრესიის მოტივები, ცოტა არ იყოს გაუგებარია, თუმცა, ფაქტია, რომ ისინი ახალგაზრდებში კოლეგების ნაცვლად პოტენციურ მოწინააღმდეგეებს ხედავენ და დარწმუნებული არიან თავიანთ უცვლელობასა თუ შეუდარებლობაში. ეიჯიზმისადამი ორი ცნობილი მიდგომიდან საქართველოში ორივე საკმაოდ აქტუალურია, ეს რაღაც ჰიბრიდული და მუტირებული მოვლენაა. პირველი მათგანის თანახმად, ესაა მაღალი ასაკობრივი ჯგუფის ჩაგვრა, ხოლო მეორე თეორიის მიხედვით, ამ ნიშნით დისკრიმინაციას შეიძლება ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე წავაწყდეთ. ამდენად, ეიჯიზმი, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმა ჩვენს სოციუმში ერთ-ერთი ყველაზე ლატენტური, თუმცა მწვავე პრობლემაა. P.S. ვისაც ეს ფენომენი აინტერესებს, მხატვრულიდან შუძლია გადახედოს მიშელ უელბეკის “ბრძოლის ველის განვრცობას". 202 7-ს მოსწონს |
+1
ვისც ნერვები ვერ მოუთოკია და შეურაწმყოფელ სიტყვებს ხმარობს კომენტარებში,ჯობია სულ არ ნახოთ სტატიები...