საზოგადოება ჟურნალისტური ეთიკის დარღვევის უხეში ფაქტი 2012, 31 ივლისი, 18:04 რამდენიმე დღის წინ “ტელეიმედის" მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ასე იწყებოდა: ვიდრე კასპელები სოციალურ ქსელებში დარეგისტრირდებიან, მანამდე კომპიუტერის არსებობის შესახებაც შეიტყობენ". სიუჟეტი შეეხებოდა სოფლებში კომპიუტერის ცოდნის დანერგვის ცნობილ პროგრამას, რომლის განხორციელებაც ერთ-ერთ სოფელში უკვე დაიწყო.
ზემოხსენებულიდან აშკარად ჩანს ჟურნალისტის უტაქტობა და ალბათ არაკვალიფიციურობაც. საქართველოში ჟურნალისტები რა ხანია არაერთი მიმართულებით არღვევენ პროფესიულ ეთიკას და ამ მხრივ, მათ მნიშვნელოვანი გადამზადება სჭირდებათ, თუმცა, რაც ამ სიუჟეტში მოვისმინეთ შეიძლება ითქვას, მნიშვნელოვნადაც აღემატება ეთიკის კოდექსის დარვევას და, ცოტა არ იყოს, უცოდინრობის კონოტაციასაც კი იძენს.
როგორც ცნობილია კასპი შიდა ქართლის ტერიტორიაზე მდებარეობს და არ განეკუთვნება მაღალმთიან რეგიონებს. ინფორმაციის საუკუნეში ერთობ საეჭვოა არსებობდეს კასპელი, რომელმაც იდეის დონეზე მაინც არ იცოდეს თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ. მით უმეტეს რამდენად შეიძლება ეს მთელ რაიონზე ითქვას, თქვენი განსასჯელია.
საჭიროდ ვთვლი იმის აღნიშვნას რომ ეს ჟურნალისტების მხრიდან პირველი დარღვევა არ ყოფილა. ერთ-ერთი გაზეთის რეპორტიორმა, რომლის სახელის გამხელაც არაეთიკურად მიმაჩნია, ისევე, როგორც ზემოხსენებულ შემთხვევაში, კასპის რაიონში მომხდარი დანაშაულის გაშუქება გადაწყვიტა და სტატია ასე დაიწყო: “სოფელში, სადაც მამლის ყივილიც კი არ ისმის"... ასე რომ კასპელები ხშირად გამხდარან ჟურნალისტური არაეთიკურობის თუ უტაქტობის მსხვერპლი.
ამდენად, ქართულ მედიაში პროფესიული ეთიკის ნორმები არაერთი მიმართულებით ირღვევა. მათი დაუფიქრებლობის და არაკვალიფიციურობის მსხვერპლი არამხოლოდ უმცირესობები ხდებიან, არამედ რეგიონებიც. შესაძლებლად მიმაჩნია ეს ყველაფერი დავუკავშიროთ ელიტიზმსა და პროვინციისადმი აბუჩ დამოკიდებულებას, რაც შეიძლება თავისუფლად მოთავსდეს სიძულვილის ენის კონტექსტშიც. ნამდვილად გაუგებარია რა დამოკიდებულება აქვს ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას მსგავსი სიუჟეტებისადმი ან რამდენად დასაშვები და მისაღებია მათი სარედაქციო პოლიტიკისთვის ამ ტიპის სიუჟეტები, თუმცა ერთი რამ ნათელია: რაც არიცი, ის უნდა ისწავლო! 799 7-ს მოსწონს
|