x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ნიკოლა სარკოზი აგვისტოს ომზე: "პუტინმა სამჯერ მითხრა "არა, არა, არა!"

image
24 ივლისს გამოვიდა საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის და ევროკავშირის თავმჯდომარის 2008/2009 წლებში ნიკოლა სარკოზის 500 გვერდიანი მემუარები, "„ქარიშხლების ეპოქა"სადაც 13 გვერდი აგვისტოს ომის მოვლენებს ეძღვნება.წიგნი
ძირითადად კორონავირუსით გამოწვეული კარანტინის დროს დაიწერა.გთავაზობთ ჩვენთვის საინტერესო ამონარიდებს მემუარებიდან



ნიკოლა სარკოზიმ ომის დაწყების შესახებ პეკინის ოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერემონიალზე შეიტყო:


***ჩემი მთავარი დიპლომატიური მრჩეველი, ჟან-დავიდ ლევიტი, გაფითრებული და აღელვებული მომიახლოვდა და ჩამჩურჩულა: „ეს წუთია ძალზე ცუდი ამბავი გავიგე. რუსული არმია საქართველოს საზღვარს კვეთს. ისეთი პირი უჩანს, რომ ქვეყნის დაპყრობას აპირებენ... ვლადიმირ პუტინი ჩემგან ოციოდ მეტრზე იჯდა. იმწამსვე მასთან მივედი, რათა გამეგო, რა ხდებოდა. ვთხოვე, რომ 48 საათი მაინც მოეცა, რათა სიტუაცია დაგვეწყნარებინა, მაგრამ მისგან ცივი უარი მივიღე – არა, არა, არა !. ადგილი, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით, ნამდვილად არ იყო ასეთი საუბრისათვის შესაფერისი. თან არ მინდოდა საჯაროდ სკანდალი მომეწყო. რისკი იყო, რომ ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდებოდა. ასე რომ, დავბრუნდი ჩემს ადგილზე და დავტკბი ოლიმპიადის გახსნის ცერემონიით. იმ დღეს დილით ვიყავი ჩასული ჩინეთში და ცერემონიის დამთავრების შემდეგ უნდა დავბრუნებულიყავი უკან საფრანგეთში.


***მეორე დღეს დილის ვარჯიშიდან დაბრუნებულმა შევიტყვე, რომ ჟან-დავიდ ლევიტს (რომელიც პარიზში იმყოფებოდა), უკვე ორჯერ ჰქონდა დარეკილი. ამბები სულ უფრო და უფრო უარესდებოდა: რუსეთის არმია საქართველოს ტერიტორიაზე იყო და უარესი - აგრძელებდა თბილისისკენ სვლას. ყველა შოკში იყო. გადავწყვიტე რუსეთის პრეზიდენტ მედვედევთან დარეკვა.



***ნაწილი თვლიდა, რომ უნდა მესაუბრა პრემიერ-მინისტრ პუტინთან, ადამიანთან, რომელიც რეალურად იღებდა გადაწყვეტილებებს, ხოლო ნაწილი კი ფიქრობდა, რომ უნდა დამეცვა პროტოკოლი და პრეზიდენტთან დამერეკა. მეც იმ აზრის ვიყავი, რომ მედვედევის უგულებელყოფა მას სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდებდა. ამასთან, ვიცოდი, რომ პუტინი თუ მოინდომებდა, ყოველთვის შეძლებდა მოლაპარაკებებში ჩართვას.


***დარეკვა მხოლოდ სარგებელს თუ მოიტანდა, (გულისხმობს რუსეთის პრეზიდენტ მედვედევს) ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე. მე მას უპრობლემოდ დავუკავშირდი. მდგომარეობა აბსოლუტურად მიუღებელი იყო, თუმცა გულახდილი უნდა ვიყო და ვაღიარო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მანამდე ყველაფერი გააკეთა სიტუაციის დასაძაბავად“.


***მედვედევმა, მისთვის დამახასიათებელი გულთბილობით, ყურადღებით მომისმინა, თუმცა არანაირი ვალდებულება არ უკისრია. ამასობაში რუსეთის ძალები საქართველოს ტერიტორიაზე წინ მიიწევდნენ. 11 აგვისტოს ისინი უკვე თბილისიდან 25 კმ-ზე იყვნენ. მე უკვე ყველაზე საშინელი სცენარი წარმომედგინა – სააკაშვილის ჩამოგდება და მის მაგივრად თბილისში პრორუსული მთავრობის ხელდასხმა კრემლის მიერ. ჯორჯ ბუშმა დამირეკა და მითხრა, რომ ის ჩემს გეგმას მხარს უჭერდა, თუმცა ამასთან ერთად რუსების დასჯას მოითხოვდა. ეს დასჯა (საბედნიეროდ), არ გულისხმობდა სამხედრო ინტერვენციას. მე ორ ცეცხლს შორის აღმოვჩნდი: რუსები თვლიდნენ, რომ ქართველების მხარეს ვიყავი, ხოლო ამერიკელები და ევროპელების ნაწილი კი თვლიდნენ, რომ რუსების მიმართ ძალზე შემრიგებლური ვიყავი. რეალურად კი მე გაწონასწორებული პოზიცია მეკავა.


image


***უნდა ითქვას, რომ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს ისეთივე მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, როგორც ალზასს და ლორენს ჩვენთვის. ამიტომაც ეს ძალზე ფაქიზი თემა გახლდათ.


სააკაშვილს უნდოდა თავისი თანამემამულეების ნაციონალისტურ გრძნობებზე ეთამაშა და საბოლოოდ რუსი დათვის გაღვიძება გამოუვიდა. ჩემი აზრი მის შესახებ არაერთგვაროვანია. ეს იყო ადამიანი, მომავლის ნათელი ხედვით. სხვათა შორის, ის ერთ-ერთი იმ პოლიგლოტთაგანია, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.


მაგრამ იგი ორმაგად შეცდა. პირველ რიგში – ის მწარედ შეცდა, როცა წარმოიდგინა, რომ ამერიკელები მისი გულისთვის ომში ჩაერთვებოდნენ. ამას გარდა, მან ეს დაპირება ბევრი ამერიკელი ოფიციალური პირისგან მოისმინა. ის რომ კარგად დაფიქრებულიყო, მიხვდებოდა, რომ ეს ცარიელი სიტყვები იყო… ორი ასეთი შეცდომა კი მეტისმეტია. ერთ-ერთ კუთხეში დავინახე ორი კაცი, რომელიც განცალკევებულად იდგა.


სარკოზი მოსკოვში



***თვითმფრინავის დაჯდომამდე ათი წუთით ადრე მივიღე ოფიციალური ცნობა, რომ მოსკოვმა თავის ტანკებს გაჩერება უბრძანა. ამოვისუნთქე – ვიზიტი კარგად იწყებოდა. თუმცა ტანკების გაჩერება არ იყო საკმარისი – ახლა საჭირო იყო, რომ მათ უკან დაეხიათ! (...) ჩემს თავს ვეკითხებოდი, რამდენად სწორი იყო ჩემი გადაწყვეტილება, თუმცა ასეთი კითხვების დასმის დრო აღარ იყო... საჭირო იყო ენერგიულად მუშაობა და მე ვიცოდი, რომ არავინ იყო მზად საკუთარი ავტორიტეტი შეელახა. პრეზიდენტი მედვედევი და რუსეთის „მუდმივი“ საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი ჩვენ გველოდებოდნენ.“


image

მისვლისთანავე სარკოზი მედვედევმა გვერდზე გაიყვანა და ჰკითხა, წინააღმდეგი ხომ არ იქნებოდა, საუზმეზე ვლადიმირ პუტინის შემოერთების.


„პირიქით, მოხარულიც ვიქნები, რომ ის თავიდანვე ვნახო“ – ვუპასუხე მე. პუტინის დასწრება აჩვენებდა, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ რუსები ამ საქმეს. მე ისიც კი ვიფიქრე, რომ პუტინის დასწრება საქმეს გააადვილებდა – არანაირი იმედი არ მქონდა, რომ რუსი გენერლები პრეზიდენტ მედვედევის ბრძანებას დაემორჩილებოდნენ, რასაც ვერ იტყვი რუსეთის პრემიერ-მინისტრზე. ამასობაში ვლადიმირ პუტინიც გამოჩნდა ოდნავ შესიებული ლოყით. „კბილის გაუსაძლისი ტკივილი მაქვს. კბილის ექიმისგან ამ წუთას გამოვედი. საშინელ ხასიათზე ვარ“ – მითხრა მან მისალმებისთანავე. ამ სიტყვების გაგონებისას მივხვდი, რომ ეს ყველაფერი კარგს არაფერს მოასწავებდა. ამის შემდეგ ჩვენ პატარა მაგიდას შემოვუსხედით. სულ ოთხნი – ჟან-დავიდ ლევიტი, მე და რუსეთის ორი ლიდერი. პარალელურად, მეზობელ ოთახში, ერთად საუზმობდნენ სერგეი ლავროვი, ბერნარ კუშნერი(საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2007-2010 წლებში), მედვედევის მარჯვენა ხელი სერგეი პრიხოდკო და ჩემი მრჩეველი დემიან ლორასი. საუზმე წარმოუდგენლად ცუდად დაიწყო. პუტინმა გააბა გრძელი მონოლოგი. ის გაშმაგებული იყო. სულ ცოტა, თხუთმეტი წუთის განმავლობაში სიტყვა არ ჩააგდებინა არავის. ეს იყო საბრალდებო სიტყვა სააკაშვილის პოლიტიკის, მეთოდების, პიროვნების წინააღმდეგ. ის იმდენად იყო წყობილებიდან გამოსული, რომ საქართველოს პრეზიდენტის სახელის ხსენებისას პირჯვარსაც კი იწერდა.“


პუტინის მონოლოგმა და პირჯვრის წერამ სარკოზიზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა:


„ბოლოს არც მეტი, არც ნაკლები და ასეთი რამ მითხრა: "მის მიერ ჩადენილი დანაშაული იმდენად დიდია, რომ ის ვერ დარჩება იმ ადგილას, სადაცაა“. მთელი ამ ტირადის განმავლობაში დმიტრი მედვედევს სიტყვა არ დაუძრავს. მე დიდი აუღელვებლობით არ გამოვირჩევი და ამ ყველაფერმა მოთმინება დამაკარგვინა. ძლივს შევაწყვეტინე სიტყვა და წყობილებიდან გამოსულმა ვუთხარი: "დღეს 11 აგვისტოა. მე შავი კონცხი იმიტომ არ დავტოვე რომ ავიტანო გაეროს წევრი ქვეყნის მეთაურის მიმართ შენი ლანძღვა. მე აქ ჩემმა კეთილმა ნებამ ჩამომიყვანა, რათა თქვენ დაგეხმაროთ, რომ ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი მონახოთ. სიტუაციიდან, რომლიდანაც ყველა წაგებული გამოვა და პირველ რიგში შენ. შენ არაფრის გაგება არ გინდა? ძალიან კარგი – მე უკან ვბრუნდები.“


სარკოზი გაფიცხებული წამოხტა, სკამზე გადაკიდებული პიჯაკი აიღო და კარისკენ გაეშურა.


„კი, მაგრამ სად მიდიხარ" - მომესმა პუტინის შეწუხებული ხმა. მე აქ არაფერი მესაქმება. მე სიტყვას ვერ ვამბობ, შენ არაფრის გაგონება არ გსურს. ასე რომ, მე პრესას შევატყობინებ, რომ ჩემი მისია სრული ფიასკოთი დასრულდა". პუტინი წამოდგა და ამჯერად უფრო თავაზიანი ტონით მთხოვა დარჩენა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, რაზეც მე მივანიშნე, რომ მოლაპარაკებები ჯერ არც დაწყებულა. თუმცა მაგიდასთან იმედმოცემული დავბრუნდი. პუტინმა გააგრძელა:


"ერთი კითხვა მაქვს შენთან: როცა შენმა მეგობარმა ბუშმა ჩამოახრჩო სადამ ჰუსეინი, შენ თითი არ გაგინძრევია. და როცა მე გეუბნები, რომ სააკაშვილი გასაგდებია, მზად ხარ, ადგე და წახვიდე. რითაა გამოწვეული შენი ეს ორმაგი სტანდარტი?". "აა, აი, თურმე რა ყოფილა შენი ცხოვრების ოცნება, დაამთავრო ისე, როგორც ბუშმა, რომელიც მსოფლიოს ორ მესამედს ეზიზღება" - ვუპასუხე მე. "არ ვიცოდი, რომ ეს იყო შენი ცხოვრების მიზანი!".


სარკოზის მიხედვით, ამ სიტყვებზე პუტინმა გადაიხარხარა და გულწრფელად უპასუხა - "ჩაგეთვალა!". როგორც იქნა, დაიწყეს წყნარად საუბარი.


„კბილის ტკივილმა თითქოს გაუარა, ყოველ შემთხვევაში ეს მას აღარ აწუხებდა. როგორც იქნა, მე დავინახე ჩემს წინ მჯდომი წყნარი და საქმიანი ადამიანი, ისეთი, როგორსაც მე ვაფასებდი. (...) შევეცადე მისთვის ამეხსნა, რომ ეს კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ კატასტროფის მომტანი იყო. რა ავტორიტეტს შეიძენდა რუსეთი ოთხმილიონიანი ქვეყნის განადგურებით? (...) ჩვენი საუბარი ისე გაგრძელდა ოთხი საათი, რომ ერთხელაც არ მოგვიწია ხმის ამაღლება. თუმცა ვერანაირი გამოსავალი ვერ ვნახეთ.“


6 პუნქტიანი გეგმა


***ამ გეგმის მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უნდა დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორია. რუსული ჯარი რჩებოდა მხოლოდ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამგვარად, საქართველოს ტერიტორიის 90% განთავისუფლდებოდა. ეს არ იყო იდეალური გამოსავალი, მაგრამ ეს ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ქვეყნის სრული ოკუპაცია. პუტინი დამთანხმდა ასევე, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების მომავალი სტატუსი უნდა განსაზღვრულიყო ჟენევაში რუსულ-ქართული მოლაპარაკებების ფორმატში. (...) ამგვარად, შევძელით კატასტროფული სცენარისთვის თავის არიდება.“


სარკოზი თბილისში


***ქვეყანაში ომი მიდიოდა და ოკუპანტის ტანკები აეროპორტიდან 25 კმ-ის მოშორებით იდგნენ. (...) არასდროს აქამდე ასე ახლოს არ ვყოფილვარ ფრონტის წინა ხაზთან. ქალაქში ცხოვრების ნიშანი არ იგრძნობოდა – გარშემო ყველაფერი წყვდიადს მოეცვა. (...) ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენდა პარლამენტის შენობა და პრეზიდენტის სასახლე. (...) სასახლე ქალაქის ამაღლებაზე იყო განთავსებული და შენობა ძალზე აგრესიულად იყო განათებული, რაც უცნაურ კონტრასტს ქმნიდა წყვდიადით მოცულ დანარჩენ ქალაქთან. იქ იგრძნობოდა დიდი ეგზალტაცია, რომელიც ისტერიაში გადადიოდა. ქვეყნის ლიდერებს აქ, ძალაუფლების ამ უკანასკნელ კუნძულზე, შეგროვილი ჰყავდათ ყველაზე შემართული მომხრეები. უკანასკნელ კუნძულზე, რომლის ბოლომდე დაცვისთვისაც ისინი სრულ მზაობას გამოხატავდნენ.


image


სააკაშვილის კაბინეტში გულწრფელი და ემოციური დახვედრა მომიწყვეს. იქვე იყვნენ ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, რომლებიც იქ ყოფნით გამოხატავდნენ თანადგომას. ერთ-ერთ კუთხეში დავინახე ორი კაცი, რომელიც განცალკევებულად იდგა. მათ ეტყობოდათ, რომ ქართველები არ იყვნენ. ვიკითხე, ვინ იყვნენ ისინი და იქ რას აკეთებდნენ. ამიხსნეს, რომ ეს ორი ადამიანი სააკაშვილის ამერიკელი მრჩევლები იყვნენ. მოვითხოვე, რომ მათ იმწამსვე დაეტოვებინათ ოთახი. მე მსურდა საქართველოს ლიდერებთან პირისპირ, უცხო მოწმეების გარეშე საუბარი.


სანამ 6-პუნქტიან შეთანხმებაზე დაიწყებდნენ საუბარს, სააკაშვილმა სარკოზის პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხთან სიტყვით გამოსვლა შესთავაზა;


***დიდი ენთუზიაზმით გამსჭვალულმა სააკაშვილმა შემდეგი სიტყვებით მომმართა: "150 ათასი კაცია შეგროვილი სასახლის გარშემო. ისინი შენს სახელს სკანდირებენ. ტრიბუნა და მიკროფონები უკვე მზადაა. შენ მათ უნდა დაელაპარაკო". სააკაშვილმა გააღო ორმაგი ფანჯარა და ქუჩიდან შემოსულმა ხმაურმა შეავსო ოთახი. მიუხედავად იმისა, რომ მისი წინადადება ძალზე მაცდური იყო, იძულებული ვიყავი, კატეგორიული უარი მეთქვა – მე როგორც პუტინისათვის, ისე მედვედევისთვის სიტყვა მქონდა მიცემული, რომ თუ რუსეთის ჯარი გავიდოდა, მე ერთ სიტყვას არ ვიტყოდი მათ წინააღმდეგ. არადა გარეთ უკიდურესად ეგზალტირებული ხალხის მასა ჩემგან სხვას არაფერს მოითხოვდა, თუ არა რუსების მკაცრად დაგმობას. მე მესმოდა, რა თქმა უნდა, ქართველების, მაგრამ იმ წამსვე, როცა გამოვიდოდი შუამავლის როლიდან და მხარე გავხდებოდი, დავკარგავდი ყველა იმ პრეროგატივას, რომელიც მიუკერძოებელი მომლაპარაკებლის სტატუსმა მომანიჭა"


„საქართველოს პრეზიდენტი უკანასკნელად ცფილობს ჩემს გადარწმუნებას: „შენ რომ მათ სიტყვით არ მიმართო, ისინი აქ ყველაფერს დაანგრევენ". "რაც უნდათ ის დაანგრიონ. მე სიტყვა მივეცი რუსებს და მას არ დავარღვევ. რუსეთის ტანკებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დატოვონ ტერიტორია - ჩემი აზრით, ესაა ერთადერთი, რაც ამ წუთასაა მნიშვნელოვანი“.


***ერთი წუთითაც არ მეპარებოდა ეჭვი, რომ რუსებს გააჩნდათ საკმარისი ტექნოლოგიური თუ ადამიანური რესურსი, რათა ზედმიწევნით სცოდნოდათ, თუ რა ხდებოდა თბილისში. მოკლედ, უკვე შუაღამე იყო დამდგარი, როცა საგნობრივი საუბარი დავიწყეთ. მე შევეცადე ამეხსნა, რომ ან საქართველო მიიღებდა ჩემს გეგმას, ან თბილისი რუსების ხელში აღმოჩნდებოდა და ეს იქნებოდა დამოუკიდებელი საქართველოს დასასრული.“


სააკაშვილისთვის მიუღებელი იყო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მომავალი სტატუსი საერთაშორისო დისკუსიის საგანი უნდა გამხდარიყო


***ღამის პირველ საათზე დავურეკე მედვედევს და ვთხოვე, რომ ეს პუნქტი ამოეღოთ. ეს მით უმეტეს ადვილი იყო რადგან რუსეთის ჯარი ისევ რჩებოდა ამ ტერიტორიებზე. საპასუხოდ მედვედევმა გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადამიხადა. აშკარა იყო, რომ ის ყველაფრის საქმის კურსში იყო. ქართული სისტემა ბევრად უფრო გამჭვირვალე იყო კრემლის ყურებისათვის, ვიდრე ეს ჩემს მასპინძლებს წარმოედგინათ!


ეს იყო სრულიად მოულოდნელი წარმატება. დილის სამ საათზე პარლამენტის ეზოში პრესკონფერენცია ჩავატარე. (...) თუმცა საქმე არ გახლდათ სრულად მოგვარებული. პირველ რიგში მე უნდა დამერწმუნებინა ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომ საქმე საუკეთესო გარიგებასთან გვქონდა. და ყველა ამ აზრის არ იყო – აღმოსავლეთი ევროპა მზად იყო, რუსების წინააღმდეგ მუშტი-კრივში ჩაბმულიყო და მათ სულაც არ აშინებდათ ცივი ომის აჩრდილი. ცივი ომის აღორძინება კი იყო ის, რისი თავიდან არიდებაც მე ნებისმიერ ფასად მინდოდა.



4
702
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
702
  
2020, 18 აგვისტო, 9:03
ედუარდაზეც იძახდნენ,რომ რუსეთს ემსახურებაო,მაგრამ საშვილიშვილო საქმე ქნა ალიევთან ერთად. ამიტომაც არ მჯერა,რომ ბიძინა მოღალატეა. ჩვენ ვერ გავიგებთ ჯერ,მაგრამ მომავალში გამოჩნდება. რუსების გაჩერებას რაღაც ფასი აქვს და დროს ვიგებთ ამით. გიორგი V პრინციპით მოქმედებენ. ვიცდით და ველოდებით სიტუაციის არევას სხვა მხარეს,ამავე დროს ბერკეტებს ვამყარებთ. სამხედრო კავშირი საჩქაროა,სიტყვიერად მაინც.
2020, 18 აგვისტო, 8:59
ტრადიციულად,დავამუშავეს და ტყუილი იმედები მოგვცეს. ამიტომ გავიძახი სულ,რომ ჩვენი თავი ჩვენევე უნდა გადავირჩინოთ. შევაშვათ ამ დედააფეთქებულ სოციალიზმს და ეკონომიკა განვავითაროთ. სასწრაფოდ შევქმნათ აღმოსავლეთ ქვეყნებთან ჩვენი სამხედრო კავშირი,რაც რუსეთთან კომფრონტაციის დროს ერთმანეთის დახმარებას მოიცავს. არც ეს მოეწონებათ, არც რუსებს და არც დასავლეთს,მაგრამ შეგვეშვას ერთი და მეორემ გააჩეროს რუსეთი. დროა რადიკალური ნაბიჯები გადაიდგას და ლაქუცის დრო აქ არ არის. რეალურად,4 მილიონიანი ქვეყანა არავის აინტერესებს და ამიტომაც ჩვენი ბერკეტები უნდა მოვიპოვოთ. აზერებთან ერთად უმნიშვნელოვანესია ის მილსადენი და ანაკლიის პორტი.ეს უკანასკნელი იმიიტომ აახიეს ამერიკელებს და არ მჯერა,რომ რუსების ხელში აღმოჩნდება,რადგან ბიძინა არც ეგეთი მოღალატეა ეგ რო დავიჯერო. რეალურად,მისი პარტნიორების და მისი ფული იქნება მაგ პორტში და მოემსახურება ქართულ ინტრესებს. ისევე,როგორც ის გაზსადენი,რომელიც მოგვცემს ბერკეტს ზემოქმედება მოვახდინოთ ევროპაზე. როცა რუსეთი შემოვა,დასაკარგი მარტო ჩვენ არ გვექნება,არამედ მათაც. ან დაგვიდგებიან გვერდზე ან რუსების ჩმორები დარცებიან სულ. უკრაინა და ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ.
2020, 18 აგვისტო, 8:50
რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპის მზადყოფნას ომში ჩართულიყო სიმართლეს გავს,რადგან ჩვენ დასაწყისი ვიქნებოდით.აქ იგულისხმება ბალტიის ქვეყნები,უკრაინა და პოლონეთი და დღესაც მჯერა,რომ ამ ქვეყნებთან ერთად შეიძლება რუსეთთან ბრძოლა. უკრაინა არ შემცდარა ჩვენს მერე მათ მიაკითხეს. არავინ იფიქროს,რომ საქართველოს ვადანაშაულებ ომის დაწყებაზე,მაგრამ მიშას მთავრობამ მიზანმიმართულად მიიყვანა ქვეყანა აქამდე. ეს არის ფაქტი და ამის უარყოფა კარგს არაფერს მოგვიტანს. ტყუილია,როცა სარკოზი ამბობს,რომ ამერკამ დაამუშავა მიშა და ომი დააწყებინა,მერე კი მიატოვა. ძალიან მოკლედ არის საუბარი ბუშზე და იმაზე,რომ რუსების დასჯას ითხოვდა ბუში. აგვისტოს ომით ამერიკამ დიდი უპირატესობა მოიპოვა რუსეთთან,რადგან მსოფლიოს დაანახა,რომ რუსები აგრესორები არიან.მიშას დამუშავების ნაწილში მართალია,მაგრამ ტყუილია მიტოვების ნაწილში. გემი ჩემს სანახავად არ შემოსულა და ღია ომისთვის არავინ ემზადებოდა. ყველაფერი მაშინ გადაწყდა,როცა მაპი არ მოგვცეს და იმ დროს დაიგეგმა ყველაფერი. ევროპის ქვეყნებს დაანახეს რეალური საფრთხე ამით,მაგრამ ცუდი ის არის,რომ აქაც ვერ გათვალეს ყველაფერი. 12 წელია გასული და ისევ ნატოს გარეშე ვართ. ისედაც იცოდა ევროპამ,რომ რუსეთი აგრესორია,მაგრამ მზად არ იყო და არც ეხლა არის რუსეთთან კომფრონტაციისათვის. ის ომი საჭირო არ იყო არაფერში და ჩვენ უნდა გაგვეგრძელებინა განვითარება,რაც ნატომდე მიგვიყვანდა.
2020, 18 აგვისტო, 8:38
ძალიან საინტერესო იყო და რეალური სურათი შემაქმნევინა იმ მოვლენებზე,რაც ჩვეულებრივი ადამიანების თვალს მიღმა იყო. სარკოზიც ახსენებს მიშას შიზოფრენიას და იმ განცდას ჩემში,რომ ეს ერთი დადგმული სპექტაკლი იყო. კიდევ უფრო მიმძაფრდება ეჭვი,რომ ნაცების და რუსები ერთად აპრავებდნენ ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას. რეალურად,2006 წელს მოწერილი ხელშეკრულება მოღალატეობრივია საქართველოსთან მიმართებაში,რადგან ჩვენ კანონიერ ტერიტორიაზე საჯარისო ნაწილების არ შეყვანას გულისხმობდა და მერე ნაცების მთავრობას შეყავს ჯარი ზემო აფხაზეთში. ერთი ფაქტი,როცა ხელშეკრულებას დებ და პუნქტს თანხმდები,მერე ამ პუნქტს არღვევ. ეს არის მანიშნებელი,რომ ერთი სისხლიანი სპექტაკლი გვანახს და ადამიანები კი საკუთარი ქვეყნის და ხალხის გამო იღუპებოდა. ამ ბიჭების საქმეს არავინ დაივიწყებს,მაგრამ მიშას მოღალატეობისათვის კარგი არაფერი ელის. კიდევ ერთი ფაქტი,თბლისის ეპიზოდზე,როცა სარკოზი რუსების პირობაზე ესაუბრება და მომლაპარაკებლის ნდობას აკარგვინებს რუსეთს,მაგრამ მიშა გამუდმებით თხოვს ჩვენი მხარდამჭერი სიტყვა ეთქვა. ეს პოპულიზმი აღარ არის,ეს არის ქვეყნის კრიზისში შეყვანის კიდევ ერთი მცდელობა. სარკოზი უფრო იყო საქართველოს ინტერესების დამცველი იმ წუთას,ვიდრე სააკაშვილი.
0 1 4