კინო ლეილა აბაშიძე- ქართული კინოს მთავარი მნათობი და მაცოცხლებელი მზე! 2020, 1 აგვისტო, 20:05 1-ლი აგვისტო ქართული კინემატოგრაფიის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის, გენიალური ლეილა აბაშიძის დაბადების დღეა. მისი შემოქმედებასავით მრავალფეროვანი არც ერთი ქართველი კინომსახიობის მოღვაწეობა არ ყოფილა: ნაზიბროლადან ძიძიამდე, ლალი მინდელიდან მაია წყნეთელამდე, აბეზარადან ვარდისახარამდე და კიდევ ათობით ერთმანეთზე უფრო საინტერესო, შეუდარებელი გარდასახვა... მან შეძლო ერთნაირი დამაჯერებლობითა და საოცარი ოსტატობით ყოფილიყო უმანკო და გულწრფელი, მაცდური და საბედისწერო, საოცნებო და ყველასთვის სასურველი, უფლებებწართმეული და დამცირებული, ქარაფშუტა და უდარდელი, მეოცნებე და რომანტიკული, გარყვნილი და ხარბი, ამბიციური და შემდგარი, უმწეო და ბედსმინდობილი, დამოუკიდებელი და ბედთან მებრძოლი... ლეილამ დატოვა ბავშვის, გოგონას, ახალგაზრდა ქალის, "ქალაბიჭას", შუახნის ქალბატონის, ცოლის, საყვარლის, დედის უნიკალური სახეები. მის ყველა როლს კი ერთი რამ აერთიანებს - უძირო თვალებში აგიზგიზებული, სიცოცხლის ვნებიანი სიყვარული. ამიტომაც, ლეილა იყო, არის და იქნება ქართული კინოს მთავარი მნათობი - მაცოცხლებელი მზე! 145 2-ს მოსწონს
|