საზოგადოება თბილისის ზღვაზე გამაფრთხილებელი აბრები დამონტაჟდა 2020, 27 ივლისი, 13:43 თბილისის ზღვის იმ მონაკვეთში, სადაც კაშხალი მდებარეობს და სადაც ზღვა წყლის რესურსით მარაგდება გამაფრთხილებელი აბრების მონტაჟი დასრულდა. ცნობილია, რომ ზღვის ეს მონაკვეთი ერთი ნაწილი წყალმომარაგების კომპანია „ჯი-ვი-პის“ ეკუთვნის, ნაწილი კი თბილისის მერიის ზედამხედველობის ქვეშაა. რამდენიმე დღის წინ სწორედ ამ ადგილას დაიხრჩო ორი 15 წლის ბიჭი. თვითმხილველები ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე ბავშვთა სიკვდილიანობა ძალიან ხშირია. 21 ივლისს თბილისის ზღვაში რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ კიდევ ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. ბოლო ხუთ წელში კი წყალსაცავში სულ მცირე 30 ადამიანი დაიხრჩო. ზღვის ამ მონაკვეთმა შეიწირა ერთერთი აქტიური უფლებადამცველის, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის შვილიც. სწორედ ამის შემდეგ ცქიტიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა კამპანია "იცურე მშვიდად". იგი ითხოვს ტერიტორიაზე დამონტაჟდეს ინფრასტრუქტურა, რომლებიც სხვა ადამიანებისთვის გამაფრთხილებელი იქნება და დაიცავს მათ. მისი შვილი თემქის სანაპიროზე დაიღუპა, ბოლო ორი შემთხვევა კი ვარკეთილის მიმდებარე სანაპიროზე მოხდა. თუმცა ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ ეს არანაკლებ სახიფათო ადგილია. მოხალისეებმა გამაფრთხილებელი აბრები ცქიტიშვილის ვაჟის გარდაცვალების შემდეგ ჯერ კიდევ 2017 წელს დაამონტაჟეს, თუმცა ისინი სულ მალე განადგურდა და სახიფათო სანაპირო ამ დრომდე გამაფრთხილებელი ნიშნების გარეშე იყო. დღეს დილიდან კი თბილისის ზღვის ამ მონაკვეთზე გამაფრთხილებელი აბრები გამოჩნდა, რომლებიც გაცილებით მყარია და იმედია, აღარც ვანდალურ ფაქტებს ექნება ადგილი. ბეტონის 2, 5-მატრიანი ბარიერი მავთულხლართით და ბანაობის ამკრძალავი ნიშანი — ამ სახის ინფრასტრუქტურის დამონტაჟება თბილისის მერიას საქალაქო სასამართლომ 2019 წელს დაავალა, თუმცა უწყებას ამგვარი გამაფრთხილებელი საშუალებები არ დაუმონტაჟებია და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. დავა, რომელიც 2017 წელს დაიწყო, ამ დრომდე გრძელდება. ალეკო ცქიტიშვილის თქმით, საჩივარში ისინი ტერიტორიის მოწყობაზე პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებენ, მერია კი წყალმომარაგების კომპანია GWP-სკენ იშვერს ხელს. იგი იხსენებს, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შემთხვევის ადგილზეც იყო მისული და ტერიტორია დაათვალიერა: "მოიყვანა ამზომველები, სამტიმეტრებით გააზომინა, ვის საზღვრებში რა ტერიტორიაა და თავის გადაწყვეტილებაში თბილისის მერიას მოსთხოვა, შეესრულებინა ჩვენი მოთხოვნები, ესენია: 2, 5 მეტრიანი სიმაღლის ბარიერის მოწყობა მავთულხლართებით ზემოდან მთელ პერიმეტრზე, რა პერიმეტრზეც მიუყვება ხიდიდან. ასევე, ყოველ 15 მეტრში უნდა იყოს ბანაობის ამკრძალავი ნიშანი". პარალელური სამოქალაქო წესით დავა მიმდინარეობს GWP-ის წინააღმდეგაც, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნაა კომპანიამ დაიცვას თავის საკუთრებაში არსებული ტერიტორია იმგვარად, რომ მოქალაქეებმა საშიშ ზონაში შეღწევა ვერ შეძლონ. ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ჯერ სხდომა არ ჩანიშნულა. 44 შეფასება არ არის
|