x
image
მოზამბიკელი
ევროკავშირი საქართველოში მომუშავე სამედიცინო პერსონალს დამცავ საშუალებებს გადასცემს 

ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ პერსონალს დამცავ საშუალებებს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.

image

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის საქართველომ COVID-19 პანდემიასთან ეფექტურად და უსაფრთხოდ ბრძოლის ხელშეწყობისათვის დიდი ოდენობით სამედიცინო დამცავი საშუალებები უკვე მიიღო.

1.5 მილიონამდე ერთეული პირადი დამცავი საშუალების შეძენა შესაძლებელი გახდა ევროკავშირის დაფინანსებით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ძალისხმევით. ეს მოიცავს 5, 000 სახის საფარს, 13, 200 დამცავ სათვალეს, 30, 000 საიზოლაციო ხალათს, 1, 000, 000 სამედიცინო ნიღაბს და 328, 000 რესპირატორს.


"ეს ტვირთი ერთ-ერთი ყველაზე დიდია, რომელიც ქვეყანამ დონორების მხარდაჭერით მიიღო. ის განკუთვნილია იმ ადამიანების დასაცავად, რომლებიც COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ უშუალოდ, წინა ხაზზე იბრძვიან. ეს დახმარება ჯანდაცვის სისტემას საშუალებას მისცემს უფრო კარგად მოემზადოს გამოწვევების საპასუხოდ. პირადი დამცავი საშუალებები ჯანდაცვის მუშაკების უსაფრთხოების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ის გადანაწილდება ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 9 რეგიონულ ლაბორატორიაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 4, 200 სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრებსა და სოფლის ექიმებზე, მთელი საქართველოს მასშტაბით", - ნათქვამია განცხადებაში.

ვინსენ რეიმ, ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის მიმართულების უფროსმა და სილვიუ დომენტემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ჩამოსული დახმარება ოფიციალურად გადასცეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.


„ევროკავშირი COVID-19 კრიზისის დროს, საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს. ამ სამედიცინო საშუალებების მოცულობა ერთ-ერთი ყველაზე დიდია და ქვეყანას სამედიცინო შესაძლებლობების გაძლიერებასა და წინა ხაზზე მომუშავე ჯანდაცვის მუშაკების დაცვაში დაეხმარება, როგორც ახლა, ასევე მომავალში. ეს დახმარება ნაწილია იმ დიდი მხარდაჭერისა, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად და ეკონომიკის გასაუმჯობესებლად უწევს და ასახავს ჩვენს მყარ პარტნიორობას, “ - აღნიშნავს ვინსენ რეი.


ეს დახმარება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი €400 მილიონი ევროს (დაახლ. 1.5 მილიარდი ლარი) ნაწილია, რომელიც მოწყვლადი ჯგუფების დაცვასა და ეკონომიკურ გაუმჯობესებას ითვალისწინებს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ევროკავშირმა €15 მილიარდ ევროზე მეტი გაიღო COVID-19 პანდემიასთან საბრძოლველად.

0
7
1-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0