x
image
ლანა92
აქლემი, ლომი, ბავშვი - სულის სამი სახეცვლილება, ანუ გზა ზეკაცამდე ნიცშესთან

image




ფრიდრიხ ნიცშე თავის ცნობილ ესსეში "ასე იტყოდა ზარათუსტრა" საუბრობს მის თანამედროვე ეპოქაში სულის დაკნინების, სულიერი კრიზისის, ადამიანის გვარის დაცემის საფრთხეზე. მოაზროვნე თავის თანამედროვეებს უწოდებს "ბოლო", ანუ უკანასკნელ ადამიანებს, რამდენადაც მათთვის უკვე ქრისტიანული ღირებულებებიც გაუფასურებულია და არც რამე ახალი ფასეულობები აქვთ შექმნილი, რასაც დაეყრდნობიან. ამიტომაც "ბოლო ადამიანი" მოუცავს შიშს, ორჭოფობას, ვეღარ გაუბედავს დიდებისა და ძალაუფლებისაკენ სწრაფვა და უმოქმედობაში ჩავარდნილა. იგი არათუ საკუთარ თავზე ამაღლებას, თვითგადალახვას ვერ ახერხებს, არამედ საკუთარ გვარზე დამდაბლებულა, დაკნინებულა.

ნიცშეს "ბოლო ადამიანის" საპირისპიროდ შემოაქვს "ზეკაცის" იდეა, რომელიც ახლა უკვე, ღმერთის ნაცვლად, დგება სამყაროს ცენტრში. ზეკაცი ესაა მასისაგან გამორჩეული, განსაკუთრებული ნიშან-თვისებების მქონე ინდივიდი, რომლისთვისაც არ არსებობს, შიში, დაბრკოლება, იგი რისკავს საკუთარი და სხვების სიცოცხლით, არ უდრკის ხიფათებს, მზადაა "გადაჩეხვისათვის", ოღონდაც დიად მიზნებს მიაღწიოს და საკუთარ თავზე ამაღლდეს.

ნიცშეს მიხედვით, ადამიანის სული ზეკაცამდე მისასვლელად, ანუ თვითგადალახვისათვის განიცდის სამ სახეცვლილებას. ესენია:

1.აქლემი - ქრისტიანული მორალისადმი უპირობო მორჩილება, ანუ "შენ უნდა" ფილოსოფია;

2.ლომი - ქრისტიანული ღირებულებების უკუგდება, მასზე "ღვთაებრივი უარის" თქმა და "მე მინდა"-საკენ სწრაფვა;

3.ბავშვი - ახალი, ზეკაცისეული ღირებულებების, "მე მინდა" ფილოსოფიის შეთვისება უპირობოდ და ცალსახად;"ღვთაბერივი დასტური"

"სულის სამ სახეცვლილებას დაგისახელებთ: როგორ იქცევა სული აქლემად, აქლემი - ლომად, ბოლოს კი ლომი - ბავშვად."

1. სული, როგორც აქლემი - "შენ უნდა"

image

"ბევრი სიმძიმე ხვდება სულს, ღონიერ, მზიდავ სულს, რომელშიც მოწიწება ჩასახლებულა: მისი ღონე სულ მეტ და მეტ სიმძიმეს ელტვის

რა არის მძიმე? - კითხულობს მზიდავი სული და აქლემივით ჩაიმუხლებს, რათა რაც შეიძლება მეტი ტვირთი აიკიდოს"..

მზიდავი სული ყველა ამ უმძიმეს ტვირთს იკიდებს: როგორც დატვირთულ აქლემს ეჩქარება უდაბნოში წასვლა, ისე მიიჩქარის ის თავისი უდაბნოსკენ", - წერს ნიცშე.

აქლემის მდგომარეობაში სული მოქმედებს ქრისტიანული მორალის შესაბამისად, ემორჩილება "შენ უნდა"-ს, ანუ ვალდებულებებს; იჩენს უდიდეს მოთმინებასა და თავმდაბლობას, თუმცა თანდათან აცნობიერებს, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება.

უდაბნოში განმარტოებული სული, თვითჩაღრმავების შედეგად, აცნობიერებს ქრისტიანული ღირებულებების უპირობო მორჩილების დამღიპველობას და ასკვნის, რომ აუცილებელია, გარდაისახოს, მიიღოს უფრო მტკიცე სახე:

2. სული, როგორც ლომი - "მე მინდა"

image

"ყველაზე უკაცრიელ უდაბნოში მეორე სახეცვლილება ხდება: სული ლომად იქცევა. მას სურს, თავისუფლება მოიპოვოს და საკუთარ უდაბნოში ბატონად იქცეს".

აქლემიდან სულმა მიაღწია ლომამდე, თუმცა იგი ჯერ კიდევ არაა "თავისი უდაბნოს", საკუთარი თავის ერთადერთი, უკონკურენტო განმგებელი, აქ იგი შეეჩეხება "დიდ ურჩხულს", თავის უკანასკნელ ბატონს, ქრისტიანული ღირებულებების, "ათასწლოვანი ღირებულებების, "შენ უნდა" ფილოსოფიის სახით:

"შენ უნდა" ჰქვია დიდ ურჩხულს. ლომის სული კი მიუგებს: "მე მინდა"..

"რისთვის სჭირდება სულს ლომად ყოფნა? რით არ ჰყოფნის ტვირთისმზიდავი პირუტყვი, საკუთარი თავისთვის უარისმთქმელი და მოწიწებით სავსე?

ახალი ღირებულებების შესაქმნელად - ეს კი არც ლომს ძალუძს, მაგრამ თავს რომ თავისუფლება მოუპოვოს ახალი ქმნისთვის - ამას კი ჰყოფნის ლომის ძალა.

თავს რომ თავისუფლება მოუპოვო და მოვალეობასაც ღვთაებრივი უარი დაახვედრო - ძმებო, ამისთვისაა საჭირო ლომი".

აქლემს არ შეუძლია თავისუფლებისათვის ბრძოლა, ამიტომაც სულს ლომად ყოფნა სჭირდება მის გამოსატაცებლად.

3. სული, როგორც ბავშვი - "ღვთაებრივი დასტური"

image

ლომიდან სული გადადის ბავშვის მდგომარეობაში.

"რა შეუძლია ბავშვს, რაც ლომსაც არ შეუძლია? მაინც რატომ უნდა იქცეს მტაცებელი ლომი ბავშვად?

უმანკოებაა ბავშვი და დავიწყება, ახალი დასაწყისი, თამაში, თავისით გაგორებული ბორბალი, პირველი მოძრაობა, ღვთაებრივი დასტური..

შექმნის თამაშს სულის ღვთაებრივი დასტური სჭირდება: ახლა სული საკუთარი ნებით ნებელობს, სამყაროდაკარგული, საკუთარ სამყაროს მოიპოვებს."

image

ნიცშეს მიხედვით, ბავშვად ყოფნა, ესაა სულის უმაღლესი მდგომარეობა, როცა მას დავიწყებული აქვს ქრისტიანული ღირებულებები, "შენ უნდა" და შეთვისებული აქვს "მე მინდა", ახალი ფასეულობები, მიღწეული აქვს თვითგადალახვისათვის.

0
576
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
576
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0