x
image
ლანა92
ადვოკატის რჩევები საოჯახო დავებთან დაკავშირებით

image



განქორწინების შემთხვევების დროს ხშირია, როცა მშობლები ვერ თანხმდებიან ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებზე, უჭირთ პრობლემების ცივილურად მოგვარება. სამწუხაროდ, შესაძლოა, პირმა არ იცოდეს, თუ როგორ დაიცვას საკუთარი, როგორც ერთ-ერთი მშობლის და ასევე, შვილის უფლებები. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ რა სამართლებრივი მექანიზმები არსებობს იმისათვის, რათა დავიცვათ ბავშვთა უფლებები. აღნიშნულ პრობლემასთან, საოჯახო დავებთან დაკავშირებულ საკითხებზე გავესაუბრეთ ადვოკატ თამარ ფირცხალავას.



მოგესალმებით, ქალბატონო თამარ. პირველ რიგში, მკითხველს გავაცნოთ ინტერვიუს თემა - საოჯახო დავები. თუ შეიძლება, დაგვიკონკრეტეთ რა საკითხებს მოიცავს იგი, რა ტიპის პრობლემები გვხვდება ყველაზე ხშირად? როგორია მომართვიანობა საოჯახო დავებთან დაკავშირებით?



- მოგესალმებით. საოჯახო დავებს განეკუთვნება ისეთი საკითხები, რომლებიც ეხება ოჯახს. ამჟამად ვისაუბრებ და საზოგადოებას მივაწვდი ინფორმაციას იმ საკითხებზე, რომლებიც ეხება ყველაზე სენსიტიურს- არასრულწლოვანთა უფლებებს. კერძოდ, თუ როგორ ხდება პრაქტიკაში ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა; არასრულწლოვანი შვილის საზღვარგარეთ გაყვანა; ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა; ალიმენტის დაკისრება და დამატებით ხარჯებში მონაწილეობა.მოგახსენებთ, რომ ამ საკითხებზე ყველაზე ხშირია მომართვიანობა.



დავიწყოთ მშობლების განქორწინების შემთხვევაში ბავშვთან ურთიერთობის წესების განსაზღვრით. კერძოდ, რა უნდა მოიმოქმედოს მეორე მხარემ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის ერთ-ერთი მშობელი უკრძალავს მას შვილთან ურთიერთობას? რა სამართლებრივი ბერკეტები არსებობს ამ კუთხით?



- განქორწინების შემთხვევაში ბავშვები რჩებიან ერთ-ერთ მშობელთან (პრაქტიკაში ძირითადად დედასთან) და ხშირია, როცა ის მეორე მშობელს უზღუდავს, ან საერთოდ არ აძლევს საკუთარ შვილთან ურთიერთობის უფლებას. ამ დროს არა მხოლოდ მშობლის, არამედ ბაშვის უფლებებიც ირღვევა რადგან ბავშვს აქვს უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან. ასეთ დროს აუცილებელი ხდება სასამართლოსათვის მიმართვა და მისი მეშვეობით ბავშვთან ურთიერთობის წესების განსაზღვრა. ეს შეიძლება, იყოს ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა, ბავშვის საკუთარ საცხოვრებელში წამოყვანა განსაზღვრული დროით, ბავშვის სასეირნოდ წაყვანა, არდადეგებსა და დღესასწაულებზე ბავშვის დასასვენებლად, ან განსაზღვრულ ადგილას წაყვანა და ა.შ.



რამდენად ხშირია მომართვიანობა არასრულწლოვნის საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამ შემთხვევაში?



- ასეთი პრობლემით მომმართავენ მაშინ, როცა მშობლები ვერ თანხმდებიან ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის საკითხზე. საზღვრის კვეთა შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ბავშვის განათლებასთან, მკურნალობასთან, ან ბავშვისათვის სასარგებლო სხვა მიზანთან. ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვის დედა იმყოფება საზღვარგარეთ და სურს შვილის წაყვანაც. მეორე მშობელი თუ თანახმა არაა არასრულწლოვნის საზღვარგარეთ წაყვანაზე, პასპორტის ასაღებად აუცილებელი ხდება სასამართლოსათვის მიმართვა და მშობლის უფლების შეზღუდვის მოთხოვნა კონკრეტულად ამ ნაწილში. აღსანიშნავია ისიც, რომ 16 წლიდან არასრულწლოვნის პასპორტის ასაღებად საკმარისია ერთ-ერთი მშობლის თანხმობაც.



რა შეიძლება, იყოს არასრულწლოვნის მშობლის მიერ მეორე მშობლისათვის ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის საფუძველი?



- ალიმენტი არის რჩენის მიზნით სასამართლოს მიერ დაკისრებული ყოველთვიურად გადასახდელი თანხა. ბავშვისათვის სარჩოს/ალიმენტის ურუნველყოფა და მშობლების მიერ ამ მოვალეობის შესრულება საერთაშორისოდ არის აღიარებული. ალიმენტის გადახდის ვალდებულება ეკისრებათ მშობლებს და მათ მიერ გადახდის შეუძლებლობის შემთხვევაში ის შეიძლება, დაეკისროს ბებიასა და ბაბუასაც. საქართველოში ძირითადად გვაქვს ალიმენტის გადახდის მამისათვის დაკისრების პრაქტიკა, მაგრამ ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა მამობა საერთოდ არ არის დადგენილი.

ბავშვის მამობის დადგენა მნიშვნელოვანია შემდგომში უფლება-მოვალეობების განსაზღვრისათვის. თუ ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში შევა ცვლილება და მამის მონაცემები მიეთითება, არასრულწლოვანს ბიოლოგიური მამის მიმართ წარმოეშვება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი უფლებები და მოვალეობები.

მამობის დადგენის შესახებ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და დაბადების სააქტო ჩანაწერში ასახული ცვლილება წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ არასრულწლოვნის მშობელმა, ვისთანაც ცხორვობს ბავშვი, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ბიოლოგიური მამისათვის ალიმენტის დაკისრება.

პრაქტიკაში სასამართლოები ხშირად მიიჩნევენ, რომ ალიმენტი უნდა განისაზღვროს საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისათვის, ბავშვის რჩენის თანხაც მისი შესაბამისი უნდა იყოს. ამიტომ სამართლიანი და გონივრული შეფასება ალიმენტის განსაზღვრისას სწორედ ამ პოზიციიდან უნდა მოხდეს, ალიმენტის ოდენობა ბავშვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

მშობელთა ვალდებულებაა, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება, დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ არ არის დიდი მატერიალური შემოსავლების მქონე, იგი არ შეიძლება, განთავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.



მშობლების განქორწინების შემთხვევაში როგორ ხდება ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ანუ როგორ წყდება ის, თუ რომელ მშობელთან რჩება ბავშვი?

- განქორწინების შემთხვევაში არასრუწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა პრობლემურ საკითხად რჩება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მშობლებს შვილების მიმართ თანაბარი უფლება-მოვალეობები ეკისრებათ, ისინი თავად განსაზღვრავენ არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილს და თუ მათ შორის წარმოიშვება დავა აღნიშნულ საკითხზე, ამ შემთხვევაში ბავშვის საცხოვრებელ ადგილს ადგენს სასამართლო, ერთ-ერთი მშობლის სარჩელის საფუძველზე. სასამართლო დავის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.



თუ მშობელს დაეკისრა ალიმენტის გადახდის ვალდებულება, შესაძლებელია თუ არა მას, ასევე, დაეკისროს დამატებით ხარჯებში მონაწილეობის ვალდებულება?



- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის თანახმად, " მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწოლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა)".

0
282
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0