ისტორია მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1939 წელს-აშშ მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს ისტორიის ფალსიფიკაცია 2020, 9 მაისი, 10:45 აშშ-ს ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში ჯეიმს გილმორმა, საზოგადოებას შეახსენა, რომ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1939 წელს, როდესაც სსრკ-მა და გერმანიამ გადაწყვიტეს აღმოსავლეთ ევროპაში გავლენის სფეროების გაყოფა და ხელი მოაწერეს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, ხოლო 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს. ამასთანავე ჯეიმს გილმორმა ეუთოს ვირტუალური სხდომის დროს, რომელიც 7 მაისს გაიმართა, მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს მეორე მსოფლიო ომის ისტორიის ფალსიფიკაცია: " მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საკუთარი თავის განდიდება, რომელიც დაფუძნებულია ისტორიის მიზანმიმართულად დამახინჯებაზე. ჩვენ სოლიდარულები ვართ ევროპელ პარტნიორების მიმართ რომლებიც აპროტესტებენ რუსეთის მიერ ისტორიის გაყალბებას" მან ისიც დასძინა, რომ ”მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირმა სამხედროების და სამოქალაქო მოსახლეობის სახით დიდი მსხვერპლი გაიღო ნაცისტების დასამარცხებლად, არ უნდა დაგვავიწყდეს, როდის დაიწყო მეორე მსოფლიო ომი." "ეს დაიწყო 1939 წელს, როდესაც სსრკ-ს და ნაცისტური გერმანიის ლიდერებმა იოსებ სტალინმა და ადოლფმა ჰიტლერმა დადეს პაქტი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპას საბჭოთა კავშირისა და ნაცისტების მიერ კონტროლირებად ზონებად ჰყოფდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ პოლონელ მეგობრებს დღემდე არა აქვთ დავიწყებული ეს ფაქტი არცერთი წამით. ”- ხაზი გაუსვა დიპლომატმა. გილმორმა ისიც აღნიშნა, რომ 1945 წელი მრავალი ევროპული ქვეყნისთვის თავისუფლების მომტანი კი არ იყო, არამედ საბჭოთა კავშირის მხრიდან თითქმის 50 წლიანი ჩაგვრის დასაწყისი. ამ განცხადებას მალევე გამოხმაურება მოჰყვა გერმანიის მხრიდან. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასიმ და თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტის დირექტორმა ანდრეას ვირსშინგმა ჟურნალ Spiegel– ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადეს, რომ მესამე რაიხის ნაცისტური რეჟიმი ერთადერთი დამნაშავეა მეორე მსოფლიო ომის წამოწყების საქმეში. გერმანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ”ისტორიის გადაწერის უხეშ მცდელობებზე”იძლებულები არიან გააკეთონ განმარტება და დააფიქსირონ საკუთარი ქვეყნის პოზიცია. "მხოლოდ გერმანიამ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი პოლონეთთან განხორციელებული შეტევით და მხოლოდ გერმანიაა პასუხიმგებელი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე. ”-აღნიშნულია სტატიაში. შეგახსენებთ, მეორე მსოფლიო ომი 1939 წლის 1 სექტემბერს პოლონეთში ნაცისტური გერმანიის შეჭრით დაიწყო.ხოლო 17 სექტემბერს საბჭოთა ჯარები შევიდნენ პოლონეთის ტერიტორიაზე. ამ სამხედრო ოპერაციის შედეგად მესამე რაიხმა და სსრკ-მ პოლონეთის ტერიტორია გაიყვეს. 1941 წლის 22 ივნისს მესამე რაიხის ჯარები მოკავშირეებთან ერთად სსრკ-ს თავს დაესხა. 793 4-ს მოსწონს
|