საზოგადოება საიდუმლო მასალები, რომლებიც აშშ-ს საარქივო ფონდებში 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით ინახება 2020, 9 აპრილი, 10:57 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 31 წელი გავიდა. ტრაგიკული ღამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საარქივო ფონდებში, წლების განმავლობაში გრიფით საიდუმლო ინახებოდა დოკუმენტები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციამ - "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) გაასაჯაროვა. აღნიშნული დოკუმენტები IDFI-ის ამერიკულმა პარტნიომა კვლევითმა ორგანიზაციამ, „ეროვნული უსაფრთხოების არქივი“ მიაწოდა. დოკუმენტები მოიცავს შეერთებული შტატების სხვადასხვა სამსახურების მიერ, მათ შორის: დაზვერვის დირექტორატის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, მოსკოვში აშშ-ის საელჩოს და სხვათა მიერ, 1989 წლის აპრილის თვეში საქართველოში მომხდარი მოვლენების შესახებ მომზადებულ ანალიტიკურ ცნობებს. დოკუმენტებში განხილულია 1989 წლის 9 აპრილამდე განვითარებული მოვლენები, რომლებმაც სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიეს. ფოტო: მზია ჯაფარიძე
შინაარსობრივად ამერიკის შეერთებული შტატების საარქივო დოკუმენტებში არსებული მასალები შეეხება „პოლიტიკურ არეულობას საქართველოში აფხაზეთთან დაკავშირებით“, „აფხაზეთის პირველი მდივნის გადაყენებას და თბილისში დაწყებულ დემონსტრაციებს“ და სხვა. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და სპეცსამსახურები ინტენსიურად აკვირდებოდნენ საბჭოთა საქართველოში დაწყებულ ისტორიულ ძვრებს, თუმცა არ ჰქონდათ ადგილზე მიღებული ფაქტობრივი ინფორმაცია და მეტწილად ეყრდნობოდნენ საბჭოთა და საერთაშორისო პრესის მიერ წარმოდგენილ ცნობებს. 1989 წლის 7 აპრილით დათარიღებულ დოკუმენტში, ანალიზის ავტორი წერს, რომ დემონსტრაციის ქართველ ლიდერებს შორის სოხუმში დაპირისპირება გასაპროტესტებელ საკითხზე შეუთანხმებლობამ გამოიწვია. კერძოდ, „რადიკალური“ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წარმომადგენლები მოითხოვდნენ, რომ მთელი ყურადღება საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის მოთხოვნაზე გადატანილიყო. მაგალითად, 1989 წლის 8 აპრილს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და საიდუმლო სამსახურების სახელზე იგზავნება დაშიფრული ცნობა, რომელშიც საქართველოში არსებული პოლიტიკური მღელვარება ეთნიკური კონფლიქტის დასაწყისადაა შეფასებული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თბილისში შევიდა ჯარის დამატებითი ნაწილები, რათა აკონტროლოს დაახლოებით 100 000 ადამიანისგან შემდგარი საპროტესტო აქცია, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით. დოკუმენტიდან ჩანს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში აცნობიერებდნენ მოსალოდნელი კონფლიქტის დაწყების საფრთხეს. 1989 წლის 10 აპრილის დოკუმენტი დასათაურებულია ასე - „საპროტესტო აქციები ძალადობაში გადაიზარდა“. წყაროს მიხედვით, 16 სამოქალაქო პირი დაიღუპა და დაახლოებით 200 ადამიანი დაშავდა მას შემდეგ, რაც ჯარისკაცებმა იერიში მიიტანეს 8, 000 მომიტინგეზე. მოხსენების შემდგენლის აზრით, ეს დაპირისპირება გამოირჩევა იმით, რომ დემონსტრანტებსა და ჯარს შორის შეტაკების შედეგად ერთ დღეში დაშავებულთა რაოდენობა ყველაზე მაღალია საბჭოთა კავშირის მასშტაბით ბოლო ორი წლის მანძილზე. ანალიტიკური მოხსენების ავტორი კომენტარის სახით აღნიშნავს, რომ მიუხედავად სამხედრო ძალის გამოყენებისა, ეს ტრაგედია დიდ გავლენას იქონიებს ქართველთა ნაციონალისტურ მისწრაფებებზე. ზეწოლა უფრო რადიკალურს გახდის ეროვნულ მოძრაობებს, რომლებიც სწრაფად იკრებენ მხარდამჭერებს გარშემო. სავარაუდოდ, საქართველოს ხელმძღვანელობა, განვითარებული მოვლენების ფონზე, კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის პოზიციას აფხაზეთის გამოყოფის წინააღმდეგ". 11 აპრილის ჩანაწერებში ავტორი ვარაუდობს, რომ ოფიციალურად გამოცხადებულის ნაცვლად, 9აპრილის მსხვერპლთა რაოდენობა გაცილებით დიდია... განაგრძეთ კითხვა და იხილეთ თანდართული მასალები388 2-ს მოსწონს
|