საზოგადოებრივი ავქარი - ქართული მითოლოგია 2020, 27 მარტი, 22:07 თუშეთში გავრცელებული წარმართული რწმენა-წარმოდგენების მიხედვით ავქარი, იგივე ავკაცი არის ადამიანი-დემონი, კუდიანი ადამიანი (კაციც და ქალიც) მაქცია, თანამოძმეთათვის ზიანის მიმყენებელი, შურისმაძიებელი, რომელიც წყენას არავის შეარჩენს. ხან ბუდ, ხანაც მგლად გარდასახული თავის მსხვერპლს აცხრება და თუ ვინმე არ მიეშველა და თოფი არ ესროლა, მაშინ ადამიანს კლავს. კუდიანები აკაზმაზე გადამჯდარნი მიფრინავენ ხიბალ-კუდიანთა თავშეყრის ადგილისკენ, ებმებიან მათთან "ერულაში" და მერე ავსულთა მეთაურის დავალებით, ადამიანებისთვის ზიანის მისაყენებლად მიეშურებიან: აცლიან თავიანთ მსხვერპლს ან მსხვერპლებს ღვიძლს და რიტუალურად ჭამენ. თუშების რწმენით ბავშვს დაბადებიდანვე დაჰყვებოდა კუდიანობის გარეგნული ნიშნები: ხერხემლის ბოლოს, კუდუსუნთან კუდისებრი წაგრძელება, კუდუსუნთან პატარა ჩაღრმავება ან მის თავზე დახვეული ბეწვები. თუ ამ ნიშნებს პირველი დედა შეამჩნევდა და გაამჟღავნებდა, მაშინ ახალშობილი კარგავდა ზებუნებრივ უნარებს მთელი ცხოვრების განმავლობაში და როცა გაიზრდებოდა, ამ მხრივ საშიში აღარ იქნებოდა. თავად კუდიანი კაცი ან ქალი არ ამჟღავნებდა თავის ვინაობას, მაგრამ თუ რაიმე მიზეზით იძულებული გახდებოდა და აღიარებდა, ზებუნებრივ თვისებებს კარგავდა და იწყებდა წარსული თავგადასავლების დაუფარავად მოყოლას. წყარო: ნუგზარ ანთელავა. "კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები". 2017. კრებულები:1. ქართველური ტომები 2. ქართული სახელმწიფოები 3. კავკასიური კულტურები 4. საქართველო 5. საქართველო (ნაწილი მეორე) 6. რელიგია 7. პარანორმალი 8. სხვადასხვა 9. მეცნიერება 10. მეცნიერება (ნაწილი მეორე) 11. ქართული მითოლოგია ავტორი: თორნიკე ფხალაძე125 1-ს მოსწონს
|