მსოფლიო პრინც ჩარლზს კორონავირუსი აღმოაჩნდა 2020, 25 მარტი, 16:04 ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეს, პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდგინეს. ამის შესახებ სამეფო ოჯახის წარმომადგენლები საუბრობენ.
“მას მსუბუქი სიმპტომები აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ის სახლიდან მუშაობს”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრინცის წარმომადგენლებმა გაავრცელეს.
პრინცის მეუღლე, კორნუოლის ჰეცოგინია კამილა უკვე შეამოწმეს კორონავირუსზე, თუმცა მას დაავადება არ აღმოაჩნდა.
პრინცი და მისი მეუღლე შოტლანდიაში არსებულ ბალკორალის სასახლეში, თვითიზოლაციაში იმყოფებიან. განცხადებაში, რომელიც ამ წუთებში გავრცელდა, ასევე ვკითხულობთ: “ვისგან დაავადდა პრინცი ჩარლზი, ამის დადგენა შეუძლებელი აღმოჩნდა, თუ გავითვალისწინებთ იმ ღონისძიებათა სიმრავლეს, რომლებშიაც მან მიიღო მონაწილეობა ბოლო კვირების მანძილზე, როცა თავის საზოგადოებრივ მოვალეობებს ასრულებდა”. 71 წლის პრინცი ჩარლზი დედოფალ ელისაბედ მეორის ვაჟია, რომელიც ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეებს შორის პირველია, რაც იმას ნიშნავს, რომ დედოფლის გარდაცვალების შემთხვევაში სწორედ ის გახდება მონარქი. ამასობაში კორონავირუსი თავისი გავრცელების ყველანაირ ანტირეკორდს ხსნის. მისით მსოფლიოში ამ ეტაპზე დაავადებულია 434 978 ადამიანი, საიდანაც 19 607 გარდაიცვალა. ექიმები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ადამიანებს სახლში დარჩენის და ხელების რეგულარული დაბანისკენ მოუწოდებენ. #დარჩისახლში შენც. 111 შეფასება არ არის
|