მსოფლიო დონალდ ტრამპმა ამერიკაში შენგენის ზონიდან შესვლა აკრძალა 2020, 12 მარტი, 15:11 დონალდ ტრამპმა შენგენის ზონიდან შეერთებულ შტატებში შესვლა აკრძალა. აკრძალვა შეეხება როგორც ფრენებს, ასევე გემით ან ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალებით განხორციელებულ მგზავრობას. როგორც თეთრი სახლი იტყობინება, დადგენილება პარასკევს საღამოს შევა ძალაში და 30 დღემდე გასტანს. ის არ ეხება იმ ამერიკელებს, რომლებიც შენგენის ზონის ქვეყნებიდან შეერთებულ შტატებში ბრუნდებიან და ასევე ირლანდიის და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს.
ამერიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 1000-ს მიაღწია, საიდანაც 27 გარდაიცვალა. ინფიცირებულთა შორის არიან მსახიობი ტომ ჰენკსი და მისი მეუღლე რიტა ვილსონი.
ტრამპმა საკუთარი გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა “საკმარისი არ გააკეთეს”, რათა ვირუსი, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტი “უცხოურ ვირუსს” უწოდებს, დაემარცხებინათ. მან განაცხადა, რომ Covid-19 ევროპიდან ჩასულმა ვიზიტორებმა “შეაფრქვიეს” ამერიკელებს. “ჩვენ უამრავი ამერიკელის სიცოცხლე ვიხსენით, როცა ჩინეთთან საზღვარი ჩავკეტეთ”, – თქვა ტრამპმა. “ახლა ევროპასთან მიმართებითაც იგივე ზომები უნდა მივიღოთ”. კორონავირუსი დაახლოებით ორმოცჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე გრიპის სეზონური ვირუსი და ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე გამოაცხადა გლობალურ პანდემიად. ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია – ეს იმ ქვეყნების სიაა, რომლებსაც დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული აკრძალვა ეხება. 35 1-ს მოსწონს
|