x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ჟამნი - ქართული მითოლოგია
ჟამნი - ქართული მითოლოგია


ქართულ მითოლოგიაში ჟამნი არიან შავი ჭირის გამავრცელებელი უხორცო არსებანი. მათი რწმენა გავრცელებული იყო მთელი საქართველოს ტერიტორიაზე კოლხეთშიც და იბერიაშიც. მათზე ბევრ ამბავს ჰყვებოდნენ, ეს ისეთივე კულტი და რწმენა-წარმოდგენა იყო, როგორც "ბატონები". ერთ-ერთი ამბავი, რომელსაც ჟამებზე არდოტში ჰყვებიან ასე ჟღერს: ზვიადაურთ პაპა პირველად მცხეთიდან წამოვიდა და ფშავში, მუქურში დამკვიდრდა. იმის შვილებს ერქვათ გიგა (გიგაურნი), მეორეს წოწკა (წოწკოლაურნი), მესამეს ზვიადა (ზვიადაურნი). ზვიადა წამოსულა არდოტში და სოფელთგორაზე დასახლებულა. სოფელში არ მიუშვიათ მურღვებს, ადგილობრივ მკვიდრებს. ამბობდნენ, ზვიადა კუდიანი იყოო. კუდიანთ წუხრას ჩამოვიდოდა და ხიდზე დაწვებოდა ხოლმე სასმინაოდო. ერთხელ ეშმაკების ნალაპარაკები გაუგონია - ამა და ამ დროს ჟამნი მოვლენ საყდართთავსო (დასახლებაა არდოტში). ზვიადამ რომ ეს გაიგონა ჟამებს საკლავი მიაგება. ჟამთ ერთი თეთრი ჯორი ჰყავდათ, ზედ ისრიანი ხურჯუნები ეკიდა. ისრები ზოგი შავთბიანი იყო, ზოგიც წითელთბიანი და ასევე თეთრთბიანი. ზვიადას ჟამი შინ მიუყანია. მათ უთქვამთ: ჯორი ბალახზე დააბი, ოღონდ ზედ არ შეჯდეო.


ჟამი


ზვიადა მაინც შემჯდარა ჯორზე და როგორც წყლიან ჯამში ჩაიხედავს კაცი, ისე დაუნახავს მთელი ქვეყნიერება. ჟამებმა იგრძნეს ეს და სახლში რომ შევიდა უთხრეს: რატომ შეჯექი? რომ ამბობთ ჟამთ უნდა დავემალოთ, სად უნდა დაემალოთო? დილით კი უკითხავთ, რომელი შვილი გირჩევნიაო? ზვიადამ უპასუხა კოჭლა მირჩევნია, თან მებრალებაო, როცა მეკითხებოდნენ ჩემ წინ იდგნენ, მაგრამ უცებ, ისე რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი ჩემ უკან აღმოჩნდნენ, ისარი დაჰკრეს და მოკლეს ჩემი შვილიო - შემდეგ ასე ჰყვებოდა ზვიადა.


ამის შემდეგ უკვე საყდართან გასულან ჟამნი და იქაც აუტეხიათ ისრების სროლა. არდოტის სახლები სიპედებით იყო გადახურული, ამ სიპედებზე წკრიალი გაუდიოდა ისრებს. მაშინ დაიწყო ისრებით დაჭრილმა ხალხმა აკლდამისაკენ გაქცევა. ვისაც შეეძლო თავად მიდიოდა და იქვე ეგებებოდა სიკვდილს. ერთ მურღვათ კაცს, სახელად ანთას, ჟამთა დროს ტანისამოსი გაუხდია და ტიტველი გაქცეულა ხონესკენ. ჟამნი არ მიუშვია თავის საყმოში ხონეს ჯვარს. (მთხრობელი - ანა ქავთარაძე).


ჟამნი


კოლხეთში ჟამთა წინააღმდეგ სხვადასხვა შელოცვა გამოიყენებოდა. სამეგრელოში ბოლო დრომდე შემორჩა რამდენიმე მათგანი, მაგალითად: "ქაი დედა, ქაი დედა, ქაი ქართახანი დედა, სი ოხერი, სი ბუძღამი, ათაქ მუსი გილაბაძღა, აშო ვეწმაძირა ვარა შუფურშიკის გომკოძირა, ათე (ვისაც ულოცავენ მისი სახელი, მაგ. "დავითს") დეთხი, შხვა "დავითთან" მეუ."

ან ასე: "ალი დედა, ქალი დედა, ქალი ქართხანი დედა, სიორია მუს მაძაგვა, ათაქ გუსი გილაძაგვა, აშო ვეწმაძირა ვარა, აკორტახუნქ, აკორჩაჩუნქ, ჩქიმი "დავითს" დეთხი დო სხვაში "დავითეშა" მეუ იშო (სამჯერ), ფუი ფუი."

ეს შელოცვა ქართულად დაახლოებით ასე ჟღერს: "ალი დედა, ქალი დედა, ქალი მოდრიგინე დედა, მოსრიალევ, რას მოდიხარ (მაძაგვა არის სიარულის ერთ-ერთი ულაზათო ფორმა), აქ რაღას დადიხარ, აქეთ აღარ დამენახო, თორემ დაგამტვრე, დაგკეპავ, ჩემს "დავითს" დაეხსენი და სხვა "დავითთან" წადი.


ჟამი - ქართული მითოლოგია


ქართულ ენაში რომელიმე ეპიდემიის ან პანდემიის გავრცელება მოსახლეობაში აღინიშნებოდა სიტყვით "ჟამიანობა", ანუ გავრცლეებული ავადმყოფობა. როგორც ბატონები, ასევე ჟამნი ეწვეოდნენ ხოლმე სოფელს, დაბებს, დასახლებებს. მათ შორის ის სხვაობა იყო, რომ თუ ხალხი ბატონებს პატივით ხვდებოდა და სიმღერით და სხვა დამამშვიდებელი რიტუალებითვე აცილებდნენ და ისინიც სიკვდილიანობის გარეშე, მშვიდობით მიდიოდნენ, ჟამები ერთიანად ჟუჟავდნენ ხალხს.

უფროსები საღამოს ბავშვებს გარეთ არ უშვებდნენ, დიჟამუნია, ანუ ჟამი შეიპყრობსო ამბობდნენ. ასევე სამეგრელოში და საერთოდ დასავლეთ საქართველოში უფროსები ბავშვებს ურჩევდნენ თავი შეეკავებინათ მიწაზე დაწოლისგან ან დიდხანს დაჯდომისგან, ან საღამოს ტენიან ადგილებში დიდხანს ყოფნისგან - ეტყოდნენ "ქელაჟამუქია" - ჟამიაო, ჩაავლებს ადამიანს და დააავადებსო. (მთხრობელები: ემირ ქვარანძია, ბორის ქირია და ვაჟა სახოკია).





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (მეორე ნაწილი)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
277
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
277
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0