საზოგადოება შეფ-ლიტერატორი - ანუ როგორ გადაიქცნენ მწერლები კულინარებად 2020, 14 თებერვალი, 17:30 City roof terrace Bar-ში, გამომცემლობა „პალიტრა L-ისა“ და ჟურნალ „გემრიელიას“ ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება „შეფ-ლიტერატორი“, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილი ავტორები ერთმანეთს არა სიტყვებით თამაშსა თუ საავტორო ტექსტების შედგენაში, არამედ კერძების მომზადებაში შეეჯიბრნენ. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს მწერლებმა: ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ალეკო შუღლაძე, თეონა დოლენჯაშვილი, ვასო გულეური, მარიამ ხუცურაული, თათული ღვინიანიძე და იაგო თვალაბეიშვილი. უჩვეულო შეჯიბრმა აზიური სამზარეულოს ფურშეტით და ქართული ღვინის თანხლებით ჩაიარა. მწერლებს კი კორეული სამზარეულოს სიამაყის „ნუდლსზე“ დაყრდნობით, იმპროვიზირებულად, სალათის მომზადება დაევალათ. მომზადებულ კერძებს კომპეტენტური ჟიური: City roof-ის შეფი, ანდრეი სობოლევი, ჟურნალ „გემრიელიას“ რედაქტორი - ქეთი ადეიშვილი და გამომცემლობა “პალიტრა L-ის" დირექტორი, თინა ასათიანი აფასებდნენ. როგორც ჟიურის წევრებმა განგვიმარტეს, შეფასების კრიტერიუმი ითვალისიწნებდა როგორც კერძის გემოს, ისე ვიზუალურ მხარეს და დასახელებას. ჩვენი კარგად ნაცნობი ავტორების ნაწილი პირველად ირჯებოდა სამზარეულოში, ამდენად, კერძების მზადების პროცესს იმურის გარეშე, განსაკუთრებით კი ალეკო შუღლაძის იუმორის გარეშე არ ჩაუვლია ალეკო შუღლაძე:მე კორეელების დიდ ოჯახში ვიზრდებოდი. ცამეტნი ვიყავით და ყველანი ჩემი მოსწავლეები იყვნენ. იქიდან მომდევს კორეული სამზარეულოს სიყვარული და ცოდნა. იცით რა არის კორეული სამზარეულოს სული? კორეულ სამზარეულოში მთავარი მათი დროშაა... რა სულისკვეთაბაც მათ დროშაში იგრძნობა, იგივე იგრძნობა კერძებშიც... სწორედ იმ კერძში, რომელიც ახლა მოვამზადე - რა ჰქვია? - არ ვიცი ჯერ კიდევ მის სახელზე ვფიქრობ... პირობითი სახელია „განგნამსთარი“როგორც ჟიურის წევრებმა აღნიშნეს, დაძაბული ორთაბრძოლა განსაკუთრებით ორ ავტორს, ვასო გულეურსა და თეონა დოლენჯაშვილს შორის გაიმართა. ავტორი, რომლის კერძმაც შეფასების სამივე კრიტერიუმი დააკმაყოფილა ვასო გულეური და მისი „კორო No“ აღმოჩნდა და მისი გამარჯვება სწორად შერჩეულმა კერძის სახელმა გადაწყვიტა. ვასო გულეური:ერეთხელ მაქვს დაგემოვნებული კორეული სამზარეულო. ამდენად, წარმოდგენა მქონდა. ვიცი, რომ ერთ-ერთი წამყვანი საკმაზი მათი სოუსია - ცოტა ცხარე-მომჟავო-მოტკბო გემოთი. ინგრედიენტებიც კორეული სულისკვეთებით დავანაწევრე და ავაწყე. მისი სახელი გახლავთ „კორო No“ - მსოფლიოში გავრცელებული ვირუსის საპატივცემულოდ, მისი ოდნავ შეცვლილი სიტყვათთამაშის ფორმით. No - იმიტომ, რომ სალათი ჯანსაღია და ვინც მას დააგემოვნებს ვირუსების არ უნდა შეეშინდეს.შვიდივე მონაწილეს გადაეცა საჩუქრები გამომცელობისგან, სტამბა "კოლორისგან" და ასევე, თმის პროფესიონალური მოვლის ახალი იტალიური ბრენდისგან "დიქსთინქთ" - DXTINC. გამარჯვებულმა კი ყვარელში, სასტუმრო "როიალ ბატონის" ვაუჩერი მიიღო. 12 1-ს მოსწონს
|