მსოფლიო სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ებრაელებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა 2020, 14 თებერვალი, 16:18 რუსეთის დუმის დეპუტატმა ელენა მიზულინამ ფრაქციიდან “ერთიანი რუსეთი”, მის ქვეყანაში მცხოვრებ ებრაული თემის წარმომადგენლებს ისრაელში გამგზავრებისა და რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ებრაელები რუსეთში “მაინცდამაინც დიდად არ უყვართ”. ამასთან დაკავშირებით სკანდალურად ცნობილმა დეპუტატმა იქვე გააჟღერა ინიციატივა, რომ თავად აქტიურად დაეხმარება ამ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებაში, კერძოდ კი, მზად არის, ებრაელებს სიგელები და მედლებიც კი მისცეს “რუსეთის განთავისუფლებისთვის”. რუსმა კანონმდებელმა განმარტა, რომ ებრაელებს აქვთ ქვეყანა, სადაც მათ უნდა იცხოვრონ, ხოლო საკუთარი ანტისემიტური პოზიცია იმით დაასაბუთა, რომ ებრაელები დღეს რუსეთში მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებენ პოლიტიკაში, ბიზნესსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუმცა, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს და მოღვაწეობდეს ებრაელი, ის, პუტინის ხელისუფლების წარმომადგენლის აზრით, ვერასოდეს ვერ გახდება რუსეთის ფედერაციის სრულფასოვანი პარტნიორი. მიზულინას აზრით, ეთნიკურ წმენდას რუსული სახელმწიფოს “მორალურ-პოლიტიკური კლიმატის” გაჯანსაღება შეუძლია. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ეთნიკურ წმენდაზე საუბრობენ. სწორედ მსგავსი რიტორიკა უძღოდა წინ 2006 წელს არაადამიანურ და ღირსების შემლახავ პირობებში ქართველების მასობრივ და უკანონო დეპორტაციას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან. აღსანიშნავია, რომ მიზულინა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში მოხვდა ამერიკის მიერ შექმნილ შავ სიაში, რომელიც პუტინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ მოქმედებს. აღნიშნულ პირებს რიგ დასავლურ სახელმწიფოებში გაუყინეს საბანკო ანგარიშები და აუკრძალეს საზღვრის გადაკვეთა და ქვეყანაში შესვლა. 455 2-ს მოსწონს
|