x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ჩხუდანი - სვანური მითოლოგია
ჩხუდანი - სვანური მითოლოგია


ჩხუდანი (სვ. ჩხუტ - კენჭი, ქვა) - წმინდა ქვა, სახლის კერპი, კა, ვითინი, ფიქალის დაფა "ქორა მეზირ" (სახლის სალოცავი), "ბაჩი გვიგვ" (ქვის გული), ნივთიერი კულტურის ძეგლი, ქალთა სალოცავი, ანთროპომორფული ღვთაების საკულტო განსახიერება სხვადასხვა ფორმისა. დღესაც ინახება ზოგი ძველი სახლების სარდაფში, გომურში, სადაც გარკვეულ დროს ლოცვით მიმართავენ მორწმუნენი, როცა ქვა წყრება. მკვლევარი ბ. კოვალევსკი არ ცდება, როცა ამ ქვას "კას" უწოდებს, რადგან "კა" სვანურად ფიქალის ფიცარია, მაგრამ ცდება, როცა მას წინარერელიგიურ ფეტიშად თვლის. სვანურ მითოლოგიაში უდავოდ არის ქვის კულტი - შავი ქვის მაგიიდან ქვის ქრისტიანული ჯვრის ჩათვლით, მაგრამ სალოცავი "ბაჩი გვიგვ", ჩხუდანის სახესხვაობა, უკვე წარმართული ღვთაების კერპია. ყოველ ახალ წელს ოჯახის უფროსი მოსაკითხით ჩადიოდა სარდაფში, მაჩვიბის დილეგში, ჩაჰქონდა პური, არაყი, კვერები, და ქვას ევედრებოდა, ბედნიერი წელი მოეყვანა მისი ოჯახისა და სოფლისთვის. თან ქვას ხელს შეახებდა. თუ "კა" გაოფლილი იყო, ეს წყრომის ნიშნად ითვლებოდა, და მაშინ ქვის გულს ლოცვით ინადირებდნენ.


ჩხუდანი


ლაშხერელ პაკელიანს ასეთი ქვა კალოზე ჰქონია, გარშემო პატარა ქვები შემოეწყო, "შვილები", და ამ ქვის კერპებს ევედრებოდნენ უხვ მოსავალს, ბარაქას, გამრავლებას, საქონლის დაცვას, გზაში მარცხის აცილებას, სნეულის მორჩენას და ყველა სიკეთეს. ამ პრიმიტიულ ლოცვას აღავლენდნენ ახალ წელს და ახალ მთვარეზე. ქვის ღვთიურ ძალას ერქვა"ყერ" ("ღერთემ ყერ", "ღმერთის ძალა". "მუჟემ ყერღო" - "მზის მადლმა"). ეს ძალა სვანებს ისე ღრმად სწამდათ, რომ მესტიის მუზეუმის მესვეური აიძულეს კერპი თავის ადგილზე დაებრუნებინა, რადგან მათს ოჯახში ზედიზედ მომხდარი უბედურებების მიზეზად ამ კერპის ოჯახიდან გატანას და მუზეუმში მოთავსებას თვლიდნენ. შემდეგ ნახვის ნებაც აღარავის მისცეს. მისი ხილვა მხოლოდ ოჯახის უფროსს და მის მეუღლეს შეეძლოთ (ისიც არა ყოველთვის). გაუნდობელთათვის საიდუმლო ქვის ხილვა "მადე შიდ" (არ ეგების, არ დაიშვება).



ჩხუდანი


"ქორა მეზირ" სვანთა წარმოდგენაში რაღაც ისეთი ძალაა (შინაური ღმერთი), რომელიც განუშორებლივ ოჯახში უნდა იყოს და მისი ოჯახიდან გასვლა ოჯახის დამხობას უდრის. ცხადია, ამიტომაც მოწიწებით ექცევიან. "რას ეხვეწება ეს პირქვე დამხობილი ქალი ამ მეზირს?" ეს ჩემთვისაც საიდუმლო დარჩა, დედაჩემმაც არ გამიმჟღავნა, ოჯახს ავნებსო" (ბ. ნიჟარაძე., წერილები, 75). მეზირთან ლოცვა იცოდნენ აღდგომას, პეტრე-პავლობას და მარიამობას (წარმართული წარმოდგენებისა და ქრისტიანული დღესასწაულების სინთეზი). ჩხუდანის სადგომი კლდეშიც იყო გამოკვეთილი (უშგულში). მისი კერპები მულახში ინახებოდა ბერიანებისა და დადვანების ძველ სახლებში, ჰადიშში - ავალიანებთან, მესტიაში - ნაკანებთან, მუჟალის ეკლესიაში, ზოგს მრისხანე, პირჭია კაცის სახე აქვს, ჟამთასვლაში გამურულია.


ჩხუდანთან (მეზირთან) რამდენიმე მითიცაა დაკავშირებული. მესტიაში, ღვებრაში, ორი სახლი დანგრეულა, "სახლიდან ყვითელი ფრინველი აფრენილა, ცეცხლივით ყოფილა. ზემოთ, მუქფანდის მწვერვალზე (თარენგზელის ეკლესიასთან) დაფრენილა, იქ კივილი დაუწყია, სახლის დანგრევა სწყენია. ეს ჩხუდანი ყოფილა. მწვერვალზე ქალები სალოცავად ადიოდნენ აღდგომა ორშაბათს, ამაღლება დღეს. ორშაბათობით და ხუთშაბათობით, ახალ მთვარეზე" (ნატა ბერიანის თქმით, ჩაწ. მიხ. ჩართოლანმა). ბერიანების კერპის სიმაღლეა 90 სმ.


ჩხუდანი


სვანეთში ოდესღაც ფალოსის კულტი მძლავრობდა. თაყვანს სცემდნენ ფალოსიანი მამაკაცის შიშველ გამოსახულებას - ტყვისს, ხის ან ქვის კერპს ან მარმარილოს საკულტო ქვას, რაც მზის ღვთაების სიმბოლოდ მიაჩნდათ. ესეც ჩხუდანის სახეობა იყო. ქვებს მაგიური ძალა მიეწერებოდა. არსებობდა მონადირეთა სალოცავი "ჯგირაგ ნენჩაში" (ანუ "ლენჩაში") - ტყის წმინდა გიორგის, ფუტკართა მფარველის სალოცავი და სარიტუალო "ჯგირაგი ქვები" (წმ. გიორგის ქვები). ირკვევა, რომ ქვის ხანიდან მოყოლებული, ხალხი თაყვანს სცემდა ქვის გულს, მაგარ მრგვალ ქვას, კლდეს, წმინდა ლოდს, "შესწირავენ მას კლდესა ცხოვარსა და ძროხასა და თაყუანისცემენ კლდესა მას" (ელ. მეტრეველი, 1748 წ. საეკლესიო კრების დადგენილება, საქ. მუზ. მოამბე, XIX-ა, 1957, 427). თაყვანს სცემდნენ სახლის ანგელოზს. მასვე უკავშირდება ქვის ზოგი კერპნი. მაგრამ სვანეთში და ხევსურეთში ნახსენები ანგელოზი არა ბიბლიური გაგებითაა, არამედ უდავოდ წარმართული პანთეონის წევრია და ბერძნულთან საერთო ბგერითი მსგავსების გარდა, არაფერი აქვს. (ივ. ჯავახ. ისტ-ეთნ. პრობლემები, 1950, 171). შემდეგ ეს კერპები და "ქვის გული" ქრისტიანულ რიტუალს შეერია და წმინდა ქვის ჯვართან ერთად ძალა შეინარჩუნა წარმართული ჩხუდანის ქვამაც, რაც მითოლოგიური და რელიგიური რწმენების კონსერვატიულ გამძლეობაზე მეტყველებს.


ჩხუდანი


ნართების ოსურ ეპოსში არის ზოგი შეხვედრა სვანურ მითოლოგიასთან. სხვათა შორის, მდინარეზე რეცხვის დროს ნართმა ქალმა სათანამ (ეს სახელი სვანეთში დღესაც გავრცელებულია) ნახა თეთრი ქვა, ამ ქვაზე ქალის სილამაზით გონწართმეული მწყემსი დაჯდა და დასვარა. სათანამ ქვა ბიჭებს დაამტვრევინა და ქვის გულიდან გამოსული ბიჭი გახდა ღვთაებრივი გმირი სოსლანი (დაახლოებით ასევე უცნაურად გაჩნდა ერიხთონიოსი, .ნ).


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
156
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0