x
image
ლურჯი თოლია
კონსტანტინე გამსახურდიას საყვარელი ქალები და მათი ტრაგიკული ცხოვრების ისტორია

კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია ორჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში. მისი ცოლები იყვნენ რებეკა ვაშაძე და მირანდა ფალავანდიშვილი. ასევე, მას ჰყავდა უამრავი სატრფო, რომელთაგან სამი მის სიყვარულს შეეწირა. ერთი ვერა აბდუშელიშვილი უნდა იყოს და მეორე - რებეკა ვაშაძე, მესამე ქალის ვინაობა უცნობია. მწერლის საყვარელი ქალები დიდი კლასიკოსის ნაწარმოებების პერსონაჟთა პროტოტიპები იყვნენ...

რებეკა ვაშაძე კონსტანტინე გამსახურდიას პირველი მეუღლე იყო. ისინი ქუთაისში სწავლობდნენ. კონსტანტინეს რებეკა წლების განმავლობაში უყვარდა და ისიც თანაუგრძნობდა. ამ დროს კონსტანტინეზე თავდავიწყებით იყო შეყვარებული რებეკას კლასელი ვერა აბდუშელიშვილი. მეტოქის ჩამოსაცილებლად, რებეკამ კონსტანტინეს უთხრა, ვერა დაგცინის და ამბობს, რომ ქუსლმოქცეული ფეხსაცმელი გაცვიაო. გაბრაზებულ კონსტანტინეს „ცხელ გულზე“ გაულანძღავს ვერა აბდუშელიშვილი. მოგვიანებით, გერმანიაში სასწავლებლად წასული მწერალი რებეკას თითქმის ყოველდღიურად სწერდა ბარათებს. რებეკა კი ამ ბარათებს ხმამაღლა, ვერას გასაგონად კითხულობდა... შემდეგ ისე მოხდა, რომ ვერას ფსიქიკა შეერყა და გარდაიცვალა. კონსტანტინე და რებეკა დაქორწინდნენ და გერმანიაში წავიდნენ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კონსტანტინესა და რებეკას ნათელა შეეძინათ. მწერალი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოში ატაშედ მუშაობდა, ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ, მეუღლესთან ერთად, გერმანიაში გამგზავრება გადაწყვიტა, თუმცა მეუღლის ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდა. რებეკა, შვილთან ერთად, ჭიათურაში დარჩა, თუმცა ცოლ-ქმარი ოფიციალურად არ გაყრილან. სამშობლოში დაბრუნებულ მწერალს მეუღლისთვის ჭიათურაში არ ჩაუკითხავს. რამდენიმე თვის შემდეგ რებეკა თვითონ ჩამოვიდა და თითქოს ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა უნდა აღდგენილიყო, მაგრამ ამ დროს, კონსტანტინე დაიჭირეს და ათი წლით ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე სოლოვკის არქიპელაგზე გადაასახლეს. მწერალი გადასახლებიდან წელიწად-ნახევარში ჩამოვიდა, მაგრამ რებეკას უკვე ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. კონსტანტინე გამსახურდიამ „მთვარის მოტაცების“ წერა იმ დღეს დაიწყო, როცა რებეკა ვაშაძის გარდაცვალება შეატყობინეს. ნაწარმოებში თამარ შარვაშიძის პროტოტიპი რებეკა ვაშაძეა. რებეკასთან დაშორებიდან 20 წლის განმავლობაში, კონსტანტინეს ცოლი აღარ შეურთავს და მარტოხელა ცხოვრებას ეწეოდა.

30-იან წლებში კონსტანტინე გერმანულ სკოლაში ასწავლიდა. სწორედ აქ გაიცნო მასზე 23 წლით უმცროსი მირანდა ფალავანდიშვილი, რომელიც კონსტანტინეს მოსწავლე გახლდათ. ასაკობრივი სხვაობის გამო მირანდას ოჯახი ქორწინების წინააღმდეგი იყო, თუმცა კონსტანტინემ თავისი გაიტანა. ამ დროს მწერალი 44 წლისა იყო. მათ შეეძინათ ორი შვილი: თამარ და ზვიად გამსახურდიები.როდესაც მწერალი „დიდოსტატის მარჯვენას“ წერდა, იმ პერიოდში დაიბადა ზვიადი. მოგეხსენებათ, იქ არის ერთი პერსონაჟი – სპასალარი ზვიად ერისთავი, გიორგი პირველის ჯარების სარდალი. თითქოს სარდლის სახელი დაანათლა კონსტანტინე გამსახურდიამ შვილს. სახელი ზვიადი ისტორიულად არსებობდა ძველ დროში, მაგრამ ამ მივიწყებული სახელის, ისევე როგორც შორენას გავრცელება კონსტანტინე გამსახურდიას დამსახურებაა.თამარი კი იმ პერიოდში დაიბადა, როდესაც მწერალი „მთვარის მოტაცებას“ ამთავრებდა და იქ თამარ შარვაშიძეა პერსონაჟი, რომლის შესახებაც, მის გულისსწორს თარაშ ემხვარს ათქმევინებს: „საქართველოში ყოველ მესამე ქალს თამარი ჰქვია, მაგრამ მე მაინც მაჟრჟოლებს ამ სახელის გაგონებაზე“... მირანდაზე ქორწინების შემდეგ კონსტანტინემ უფროსი შვილი ნათელა, რომელიც ჭიათურაში ბებიასთან და ბაბუასთან იზრდებოდა, თავის ოჯახში ჩამოიყვანა. ცნობილია ნათელასა და მირანდას საუკეთესო ურთიერთობის შესახებ. კონსტანტინემ თავისი რომანი „დავით აღმაშენებელი“ მირანდა ფალავანდიშვილს მიუძღვნა და ეს ყველა გამოცემას აწერია: „ვუძღვნი მირანდა გამსახურდიას“. მირანდა გარდაიცვალა 1970 წელს.

კონსტანტინე ზვიადი ნათელა

იყო ერთი უცნაური ქორწინება ცნობილ ქართველ მსახიობ მეგი წულუკიძესთან. ეს მოხდა 40-იან წლებში, როცა კონსტანტინეს კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან, მირანდა ფალავანდიშვილთან. ამ დროისთვის მწერალი რეგისტრირებულ ქორწინებაში იყო მირანდასთან, ამიტომ მეგისთან ჯვარი დაიწერა. ჯვრისწერა, რომელსაც ესწრებოდნენ შალვა ნუცუბიძე, ალექსანდრე აბაშელი, პაატა გუგუშვილი და მეგის ნათესავები, სიონში შედგა. კონსტანტინეს მეჯვარე ცნობილი ლიტერატორი აკაკი გაწერელია იყო. იმ დროისთვის, კონსტანტინესთან სახლში ცხოვრობდა მისი უფროსი ქალიშვილი ნათელა, რომელსაც მწერალმა სთხოვა, რამდენიმე დღით ახლად შერთულ ცოლთან მარტო დაეტოვებინა. რამდენიმე დღის შემდეგ კონსტანტინემ ნათელას დაურეკა და სახლში დაბრუნება სთხოვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კონსტანტინესა და მეგის შორის რაღაც კონფლიქტი მოხდა და მწერალმა ქალი ოჯახიდან გაუშვა, თუმცა ეს ამბავი ასე მარტივად არ დამთავრებულა - კონსტანტინე ცეკაში დაიბარეს. კონსტანტინე რეგისტრირებულ ქორწინებაში იყო მირანდა ფალავანდიშვილთან. თანაც, მოგეხსენებათ, მაშინ ჯვრისწერა რას ნიშნავდა, მაგრამ კონსტანტინემ გამოსავალი იპოვა: „დავით აღმაშენებელში“ ჯვრისწერის სცენა მაქვს აღსაწერი და უფრო რეალისტური რომ გამომსვლოდა, ამიტომ გავაკეთე, თორემ ის ქალი უკვე გავუშვი სახლიდანო“. კომუნისტების დროს რეალიზმი ძალიან ფასობდა, ამიტომ მოეწონათ, რომ მწერალი რეალისტურად აღწერდა ვითარებას და კონსტანტინეს თავი დაანებეს. მოგვიანებით, მეგი წულუკიძე ცნობილი ქართველი კინორეჟისორის სიკო დოლიძის ცოლი გახდა. კონსტანტინე ხშირად აკრიტიკებდა რეჟისორებს იმის გამო, რომ მის რომანებზე ფილმებს არ იღებდნენ. ერთხელ საჯაროდ და დაუნდობლად გააკრიტიკა სიკო დოლიძე. რეჟისორმა აღშფოთება ვერ დამალა - რას მერჩის ეს კაციო? მეგი, მეგი წულუკიძეო, - დაიძახა ვიღაცამ დარბაზიდან და ყველას გაახსენდა უცნაური ქორწინება, რომელიც წლების წინათ შედგა.

კონსტანტინე გამსახურდიას გერმანიაში ცხოვრების პერიოდიდან ცნობილია გერმანელი ქალბატონის ადელაიდე ლენცის სახელი. ეს ქალბატონი უნდა იყოს თარაშ ემხვარის საყვარლის ელენ რონსერის პროტოტიპი.

ქალი, ვისაც კონსტანტინემ თავისი უკვდავი ლექსი „ზღვისფერი გაქვს თვალები“ უძღვნა, იყო ცნობილი ბოლშევიკისა და რიონჰესის მშენებლის ვალოდია ჯიქიას მეუღლე თინა. ჯიქია 1937 წელს დახვრიტეს, მისი ზღვისფერთვალება ცოლი კი 10 თუ 12 წლით ციმბირში გადაასახლეს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მას კონსტანტინესთან რომანი ჰქონდა. სხვათა შორის, „დიდოსტატის მარჯვენაში“ შორენა კოლონკელიძის პროტოტიპი სწორედ ზღვისფერთვალება თინაა: „ლაზისტანის ზღვა ელავდა შორენას თვალებში“.

2
742
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
742
  
2020, 24 იანვარი, 10:44
საინტერესოა, მექალთანე რომ იყო, მის ყველა ნაწარმოებში იგრძნობა, თუმცა მე არ ვიცოდი, არც მეგი წულუკიძისა და არც თინა ჯიქიაზე... მადლობა ავტორს:)
2020, 24 იანვარი, 3:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2