საზოგადოებრივი ზვიად გამსახურდია ქართველური ენების შესახებ 2020, 22 იანვარი, 21:17 "პროტოქართული, იაფეტური მოდგმა და მისი ენა "დამდაბლებული" და "დაწუნებული" ხდება სწორედ ძვ.წ. მე-3 ათასწლეულიდან. ანუ თეოსოფიური ტერმინოლოგიით კალი იუგას დასაწყისიდან, როდესაც ევროპასა და აზიაში იწყება ინდო-ევროპელთა ექსპანსია და გაბატონება. რაც ბერძნულ მითოლოგიაში სიმბოლიზებულია იაპეტის ძის, ტიტან პრომეთეს ("წინასწარმეტყველური აზრის") მიჯაჭვით კავკასიონზე და დედამიწაზე ზევსისა და მისი პანთეონის დომინირებით (პრომეთე - იაფეტური კაცობრიობა, ზევსი - ინდო-ევროპული კაცობრიობა), აკადემიკოს ს. ყაუხჩიშვილის აზრით, აქ საქმე გვაქვს ორი სხვადასხვა კულტურის ბრძოლასთან და ურთიერთდაპირისპირებასთან. სახელდობრ, პრომეთე არ არის ბერძნული ღვთაება, იგი იმ ხალხის ღმერთია, რომლებიც ბერზნების მოსვლამდე ცხოვრობდა და მაღალი კულტურის მატარებელი იყო (პელაზგები), ხოლო ოლიმპიური ზევსი წმინდა ბერძნული ღვთაებაა (თუმცა ეს აზრიც უკვე საკამათოა), ზევსი იმ ბერძენთა ღმერთია, რომლებიც კულტურის საკმაოდ დაბალ საფეხურზე იდგნენ, როდესაც მოვიდნენ და დასახლდნენ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ეგეოსის არქიპელაგზე და მცირე აზიის დასავლეთ სანაპირობეზე. ახალმოსული ბერძნული მოსახლეობა (დაბალი კულტურის მატარებელი) ებრძოდა დიდი კულტურის მქონე ძველ მოსახლეობას (პელაზგებს), პროტოქართულს (იხ. ს. ყაუხჩიშვილი, რას გვიამბობდნენ ძველი ბერძნები საქართველოს შესახებ, თბილისი, 1964, გვ. 34). ასე რომ, კავკასიონზე მიჯაჭვული პრომეთე, ანუ მაღალი ცივილიზაციის, კულტურის და აზროვნების მატარებელი კაცობრიობა არის პროტო-ქართული მოდგმა - კავკასიაში ლოკალიზებული, კავკასიაზე მიჯაჭვული. უფრო ადრინდელ ხანაში ეს მოდგმა აღავსებდა არა მხოლოდ კავკასიას, არამედ ინდოეთს, ხმელთაშუა ზღვის აუზს, ჩრილო და სამხრეთ ევროპას, პირინეებს, ეგეოსის არქიპელაგს და მცირე აზიას. ამ მოდგმას ზოგი ევროპელი მეცნიერი უწოდებს ლიგურ-იბერიულ ან ეუსკარო-ალაროდიულ მოდგმას, ხოლო ჩვენი მეცნიერება იაფეტურს, ან იბერიულ-კავკასიურს (იბერო-კავკასიურს). მეცნიერებაში მიღებული თვალსაზრისია, რომ ძვ.წ. IV ათასწლეულში ინდოევროპულ ტომებს ეკავათ ტერიტორია შუა ევროპიდან (უფრო ზუსტად უკრაინიდან ურალსა და არალის ზღვამდე, ხოლო III ათასწლეულის მეორე ნახევრიდან იწყებენ ექსპანსიას სამხრეთისკენ, კერზოდ ხეთურ-ლუვიური ტომები იპყრობენ მცირე აზიას III ათასწლეულის მეორე ნახევარში, ხოლო II ათასწლეულის დასაწყისში აღმოსავლეთიდან მოდის ახალი ტალრა ინდოევროპელებისა, არიელების სახით, რასაც საბოლოოდ მოჰყვა ერთიანი ხმელთაშუაზღვისა, ეგეოსური კულტურებისა და ეთნიკური კოლექტივებისა (პროტო-ქართველების), რომლებიც მანამდე ბატონობდნენ ხმელთაშუაზღვის აუზსა და მცირე აზიაში და ხელს უშლიდნენ ინდოევროპულ ექსპანსიას. გარდა ამისა, ისინი განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე იდგნენ, ვიდრე ინდოევროპელნი და თავად ახდენდნენ მათზე გავლენას (იხ. რ. გორდეზიანი, ილიადა და ეგეოსური მოსახლეობის ისტორიისა და ეთნოგენეზისის საკითხები, თბილისი, 1970, გვ. 194). . მარრის გამოკვლევების მიხედვით, თვით დღევანდელი არარატი "ურარტუ"-დან ნაწარმოები, გვიანდელი სახელწოდებაა ამ მთისა. უფრო ადრინდელ ხანაში კი ეს იყო მთა კარდუ (სუმერული ნასირი) იაფეტიდ-პროტოქართველთა (ნ. მარრის დასკვნით ქართული წმინდა იაფეტური ენაა, ხოლო სომხური ჰიბრიდული იაფეტურ-ინდოევროპული ენა). პროტო-ქართველების ეთნიური სტრუქტურა იყო მატრიარქატი, მათ ახასიათებდათ პანთეონში ქალური ღვთაებების დომინირება, რაც განაპირობებდა ბუნების დიდი დედის ნანას, დედა უფლის კულტს (ბერძნული დემეტრაც აქედან იღებს სათავეს). აქედან მოდის ქალის კულტი ძველი იბერებისა: მამაკაცების მოხსენიება არა მამის სახელით, არამედ დედის სახელით, რაც შემორჩა შუა საუკუნეთა ლანგდოკში, პირინეებზე (იბერიის ნახევარკუნძულზე), სადაც კელტიბერიული ტრადიციები ჯერაც ცოცხალი იყო (მამაკაცები აქ მოიხსენიებოდნენ როგორც "ბელისენის ძე", "ოლივერიას ძე" და ა.შ. (იხ. ო. რან, ჯვაროსნული ლაშქრობა გრაალის წინააღმდეგ, შტუტგარტი, 1964, გვ. 64). უთუოდ ამის მსგავსი მოვლენაა ჩვენში მაგალითად ამირანის მოხსენიება "დარეჯანის ძედ". ამგვარად ვლინდებოდა ქალის კულტი, რამაც ნიადაგი შეუმზადა მომავალში ღვთისმშობლის კულტს. პროტო-ქართული ფუძე-ენათა აღრევით, ანუ დიფერენცირებით მოჰყვა, ბიბლიური ენით, კალი-იუგას (ბნელი პერიოდის) დასაწყისს, ხოლო ენათმეცნიერული და ეთნოგრაფიული ენით III ათასწლეულის ინდოევროპულ ექსპანსიას. ეს არის დასაწყისი პროტო-ქართული მოდგმის კრიზისისა, განცალკევება-დაქსაქსვა, იაფეტიდების დეკადანსისა, რაც პერიის პერიოდში, როდესაც ინდოევროპეიზებული რომი ანადგურებს კართაგენს, პონტოს, ცდილობს ანტიკური იბერიის დაპყრობას, იმპერიაში პატრიციები ინდოევროპელები ხდებიან, ხოლო პლებეები - იაფეტიდები. ნ. მარრის აზრით, კართაგენი და რომი თავდაპირველად ერთი და იგივე ეთნიკური, იაფეტური წარმომავლობის ქალაქელი იყვნენ ხმელთაშუაზღვის ორსავე მხარეს, ვიდრე მოხდებოდა რომის ინდოევროპეიზაცია და კართაგენის სემიტიზაცია (ფინიკიელი პუნები), რამაც გამოიწვია სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება ამ ორ ქალაქს შორის. ნ. მარრი პელაზგებისა და ეტრუსკების ბედს იმ ლომის ბედს ადარებს, რომელსაც არ აღმოაჩნდა მაქებარი და დაიჩრდილა ადამიანის დიდებით. აი, ეს არის "დამდაბლება-დაწუნება" ქართული (იაფეტური) ენისა, ანუ მოდგმისა, რომლის პარალელურადაც მიმდინარეობს ინდოევროულ და სემიტურ მოდგმათა აღორძინება. მატრიარქატის გარდა პროტო-ქართველებისთვის დამახასიათებელი იყო მცენარეული ტოტემები - ვაზი (ვაზის კულტი), მუხა და ცხოველური ტოტემები - ვეფხი და მგელი. ვეფხისტყაოსანი და ლომისტყაოსანი ღვთაებები და გმირები უძველეს მცირე აზიურ იაფეტუ პანთეონს ახასიათებს. მეცნიერებაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" გამოძახილია უძველესი, პრეისტორიული, პროტოქართული საგისა, რომელიც აირეკლა აგრეთვე "გილგამეშიანში" და სხვა ლომისტყაოსან და ვეფხისტყაოსან ჰეროსებში (იხ. ტ. მარგველაშვილი, "გეორგიკა", ლონდონი, 1936 წ.). ვეფხის უძველეს, მცირეაზიურ კულტს უკავშირებენ რუსთაველის "ვეფხისტყაოსანს" აგრეთვე თ. გამყრელიძე, და ვ. ივანოვი ზემოთ დასახელებულ ნაშრომში (გვ. 506-507). მეცნიერებაში მიღებული თვალსაზრისია, რომ ბასკი ხალხი არის ნაშთი ევროპის უძველესი იბერიული რასისა და ცივილიზაციისა, რომელიც მოსპეს ინდოევროპელებმა თავიანთი ექსპანსიის პერიოდში, ისევე როგორც ხმელტასუა ზღვისა, ეგეოსური და მცირე აზიური კულტურები. ასე რომ, ამ ერთიანი ცივილიზაციის ნაშთები შემორჩა მხოლოდ პირინეებსა და კავკასიაში (საქართველოს სახით). თანამედროვე მეცნიერებაში ნ. მარრმა ჩაუყარა სოლიდური საფუძველი ბასკებისა და ქართველების პრეისტორიული ნათესაობის თეორიას. ჰ. გ. უელსის აზრით, ძველი იბერები, რომელთა შთამომავლებიც არიან ბასკები, ეკუთვნოდნენ ნეოლითურ ხმელთაშუა ზღვის მოდგმას (ჰ. გ. უელსი, ისტორიის კურსი ინგლისურ ენაზე, გვ. 91), ხოლო ვ. ჰუმბოლდტისა და ნ. მარრის გამოკვლევების მიხედვით, იაფეტიდი იბერები აღავსებდნენ ხმელთაშუა ზღვის აუზს. სუმერული (შუმერული), მინოსური (მინოური), პელაზგური (პელასგური), ეტრუსკული და სხვა კულტურები მათი შექმნილია. ნ. მარრის აზრით, პროტოქართული ანუ იაფეტური ფუძე-ენა არის ერთიანი გლოტოგონიური ფენომენი, საერთო საფუძველი ყველა იმ ენისა, რომელნიც წარმოიშვნენ მისგან დიფერენციის პროცესში. ამიტომაც საუბრობს აგრეთვე ცნობილი საბჭოთა მეცნიერი "ქართული და სხვა ქართველური ენების მსოფლიო როლზე" (იხ. ა. ლოსევი, ნიშანი, სიმბოლო, მითი. მოსკოვი, 1956). ნ. მარრი იმოწმებს ფრ. მიულერს რომლის მიხედვითაც, კავკასიური ენები წარმოადგენენ ნაშთს ერთი, ოდესღაც ძლიერი და მნიშვნელოვანი ენათა ოჯახისა, რომელიც გავრცელებული იყო კავკასიაში და მის სამხრეთით, ვიდრე მოვიდოდნენ სემიტური, არიული და ურალო-ალთაური ტომები. ნ. მარრის დასკვნით, ქართული ენა წარმოიშვა კაცობრიობის (კერძოდ კავკასოიდების) საერთო წინარე-ენიდან, რომელიც ისევე ჰგავდა სემიტურ ენებს, როგორც ისინი ჰგვანან ურთიერთს (რჩეული ნაშრომები, ტ. I, 1933, რუსულ ენაზე). ამიტომაც მოიხსენიებიან ბიბლიაში მოსოხი და თუბალი იაფეტის (სემის ძმის) შვილებად (დაბად. 10.2). გვიანდელი იაფეტური ენები გადმონაშთებია ენათა უშვებელი შტოსი (იაფეტური ფუძეენისა), რომელიც ვრცელდებოდა დასავლეთით, აღმოსავლეთით და სმახრეთით, სემიტურ სამყარომდე. ხოლო ქართულ ენას, ნ. მარრის თქმით, იაფეტურ ენებში უკავია ისეთივე პოზიცია, როგორიც არაბულს სემიტურ ენებში. ნ. მარრი, ჰ. ჯონსტონთან ერთად ვარაუდობდა, რომ პრეისტორიულ ხანაში არსებობდა პირველადი ბასკურ-კავკასიურ-დრავიდული ენა სუმერულისა და ელამურის პარალელურად და რომ სუმერული, შესაძლოა ყოფილიყო შემაერთებელი რგოლი პირველად ბასკურ-კავკასიურსა და პირველად მონგოლურ ჯგუფებს შორის, ვინაიდან არსებობდა პირველადი და უძველესი ბასკურ-კავკასიურ-დრავიდულ-შუმერულ-მონღოლური უადრესი წინაპარი ფუძე-ენა, ქამიტურ ძირეულზე ძველი, ანუ "ეოლითური კულტურის" ენა, ხოლო შუმერები, თუბალები და ტიბარენები ეკუთვნოდნენ ძველ იბერთა ტომებს. უფრო გვიან, ბრინჯაოს ხანის შემდგომ პერიოდში, იაფეტიდებმა (პროტოქართველებმა) დასაბამი მისცეს რკინის კულტურას მიკენის ეპოქის დასასრულს (ჰალიძონები, ანუ ხალიბები, ბიბლიაში თუბალ-კაენის მოდგმის ხალხები). იაფეტიდი პელაზგები იყვნენ აგრეთვე ცივილიზაციის ინიციატორები ძველ საბერძნეთშიც, რომელიც თავდაპირველად პელაზგური იყო, ხოლო შემდგომში მოხდა მისი ელინიზაცია. ჰომეროსის ილიადაში ნაჩვენებია ინდოევროპული ხალხების ექსპანსია და იაფეტიდების დეკადანსი. ერთი მხრივ, ერთმანეთს უპირისპირდებიან ინდოევროპელი აქაველები და იაფეტიდური ტროა, ხოლო მეორე მხრივ, თვით აქაველთა ბანაკში მომხდარი განხეთქილება აგამემნონსა და პელაზგ აქილევსს შორის დაპირისპირებაა იმავე ნიადაგზე. იაფეტურ კოლხეთთან საბერძნეთის ურთიერთობა აირეკლა "არგონავტების" მითში. როგორც ზემოთ აღინიშნა, ბერძნულ მითოლოგიაში აირეკლა სხვადასხვა ეთნიკური კოლექტივის როლი საბერძნეთის ცივილიზაციის განვითარებაში. მეცნიერებაში მიღებული თვალსაზრისია, რომ ტიტანები და გმირები ეკუთვნიან არაბერძნულ, წინაბერძნულ (პელაზგურ) სამყაროს და წარმართავენ თავდაპირველად პელაზგურ კულტურას, ხოლო შემდეგ, შემოსულ აქაველთა კულტურას (ო. ნეერახერი, საბერძნეთის სულიერ გზებზე. ბაზელი, 1966, გვ. 24, გერმანულ ენაზე). ტიტანები და გმირები ზეკაცებია, რომელთაც მიიღეს ღვთაებრივი მეობის ნაპერწკალი. პრომეთეს მიერ ციდან ცეცხლის მოტაცება მიკროკოსმული გაგებით თვითების, მეობის შეძენაა, ხოლო ღმერთების მიერ ტიტანების ტარტარში ჩამარხვა ადამიანის სულის მატერიაში ჩამოსვლაა, სხეულში ჩაძირვა და გამკვრივებაა. რითაც იწყება ადამიანის ინდივიდუალური ცხოვრება, აზროვნება და კულტურა. მეობის შემდგომი განვითარებაა ტანტალოსი, სიზიფუსი და ჰერაკლე. ანუ ნებელობითი ინიციაციის შერწყმა სიყვარულთან (მედეასთან), რომლითაც ხდება მოპოვება ოქროს საწმისისა, ვერძის კოსმიური სიბრძნისა, რაც ანტიკურ ეპოქაში იგივე შინაარსს ატარებს, რასაც შუა საუკუნეებში ფილოსოფიური ქვა და წმინდა გრაალი (ოქროს საწმისს "კლასიკურ გრაალსაც" უწოდებენ). პრომეთეს მითში ანტიკური მითოლოგიისა და მისტერიოსოფიის ენაზე მოთხრობილია იგივე, რასაც გვაუწყებს "ქებაის" ავტორი ქრისტიანული თეოსოფიის ენაზე. იაპეტოსის ძე, პრომეთე, ოდესღაც აღზევებული ტიტანი (იგივე, რაც ინდური მითოლოგიის პრამათუსა და მატირიშვა) ღმერთებისთვის ცეცხლის (ღვთაებრივი მეობის ნაპერწკლის) მომტაცებელი, შემქმნელი და ინსპირატორი კაცობრიობის ცივილიზაციისა და აზროვნებათა კულტურისა, შემოქმედი და წინასწარმხედი მოაზროვნე, მისტერიათა კულტურის ინაუგურატორი (შემომღები) არის სიმბოლო იაფეტური, პროტოქართული ანუ პროტოევროპული ეთნოსისა, რომელიც ჟამთა ვითარებაში დაამარცხა და გარიყა ზევსმა, ანუ ინდო-ევროპულმა კაცობრიობამ. მიაჯაჭვა კავკასიაზე, ანუ კავკასიით შემოზღუდა მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის არენა (მეორე თვალსაზრისით პრომეთეს მხსნელი არის მისი საქმის გამგრძელებელი ჰერაკლე. იგი მისტერიათა სინკრეტული კულტურის ახალ საფეხურზე ამყვანი გმირია და ეკუთვნის აგრეთვე წინარე-ბერძნულ, პელაზგურ-იბერიულ სამყაროს, ძველიბერიულ მისტერიებს. ჰერაკლე - ძველ იბერთა უძველესი მზიური ღვთაება, გმირი, ძველ იბერთა ბელადი, მჭიდროდ არის დაკავშირებული პირინეებთან (იბერიის ნახევარკუნძულთან). მითი ჰერაკლესა და მისი სატრფოს, პირინეს შესახებ, რომელიც დაიღუპა პირინეებზე, ასახავს მის კავშირს ამ არეალთან ისევე, როგორც ჰერაკლეს მეათე და მეთერთმეტე გმირობის ისტორია (შემთხვევით როდი ეწოდება გიბრალტარს ჰერაკლეს კარიბჭე). გარდა ამისა, ჰერაკლე პელასგური არგოსიდან არის გამოსული. შემთხვევითი როდია, რომ ფუძე "არგო" უკავშირდება არა მხოლოდ იმ ხომალდს, რომელომაც არგონავტები მიიყვანა კოლხეთში, არამედ თვით კოლხეთის ტოპონიმებისა და ეთნიკური ჯგუფების სახელწოდებებს: "არგ"უეთი, მ"არგ"უეთი, ეგრისი, მ"არგ"ალი და სხვ. ჰერაკლე პერსევსის ძეა, რომელმაც დააფუძნა ნათელმხილველური პელასგური კულტურა, რომელიც შემდეგ გადაიყვანა ათენელთა ჰელენურ კულტურაზე. ჰერაკლე ცხებულია ჰერასი (ჰაერასი), უძველესი პელაზგურ-იბერიული ქალღმერთისა, რომელიც წინასახეა იზიდასი, სოფიასი, ქრისტიანული გეგებით - ღვთისმშობლის. ამავე დროს ჰერაკლე ზევსის ძეა, ვინაიდან მან აითვისა აგრეთზე ზევსური, ე.ი. ინდოევროპული ინიციაციური კულტურაც. ჰერაკლეს ჩვეულებრივ, ლომისტყაოსნად გამოსახავენ მცირე აზიური ლომისტყაოსანი და ვეფხისტყაოსანი გმირების კვალობაზე, რაც სიმბოლოა თვითფლობისა და "მე"-ს მეფურ ძალმოსილებისა. მისი ზებუნებრივი ფიზიკური ძალმოსილება მისი გმირობანი, სიმბოლურად ასახავენ მისტის, ანუ ადეპტის სულიერ პოტენციებს, ნებელობის ძალას, მისი დოდეკაილოს (12 საქმე), 12 საფეხურია ინიციაციისა (ჰერაკლეს დასახვა მარტოოდენ ფიზიკური ძალის გმირად უმეცრებაა). ჰერაკლეს მიერ მიჯაჭვული პრომეთეს გათავისუფლება და ზევსის არწივის მოკვლა მისტერიათა ენაზე ნიშნავს შემდეგს: იაფეტურ-პრომეთესეული ანუ პროტო-ქართული, პროტო-ევროპული მოდგმა, რომელიც დათრგუნა და შეავიწროვა ინდოევროპულმა მოდგმამ (ზევსმა), ამჟამად მიჯაჭვულია კავკასიაზე, დამდაბლებული და დაწუნებული, მტრული მოდგმით გარშემორტყმული. მას გულ-ღვიძლს უღადრავს არწივი (ინდოევროპელთა იმპერიული ძლიერების სიმბოლო), მაგრამ მომავალში პრომეთე განთავისუფლდება, აღორძინდება და დაიბრუნებს თავის პირვანდელ ძალასა და პოზიციას მსოფლიოში, როლს ცივილიზაციისა და კულტურის შემქმნელისას, მისტერიათა კულტურ-ტრეგერისა და კაცობრიობის მსაჯულისას. მას გაათავისუფლებს ჰერაკლეს, ანუ ინიციაციის ახალი კულტურა, რომელსაც პრომეთემ თავადვე მისცა დასაბამი, რომელიც მიმავალში მიაღწევს სულიერი განვითარების უმაღლეს საფეხურს, სულიერ ყოვლისშემძლეობას (ჰერაკლეს ყოვლისმძლეობა) და იქცევა უზენაეს თეურგიად. ეს უზენაესი თეურგია არის ქრისტიანული თეურგია, ქრისტესეული ინიციაცია, რომლითაც მან აღადგინა ლაზარე, რომელიც გაგრძელებაა ანტიკური მისტერიებისა, ახალი და უმაღლესი ეტაპია თეურგიისა და ინიციაციისა. აი, რა იხსნის დამდაბლებულ და დაწუნებულ, მიჯაჭვულ პრომეთე-ამირანს. აი, რა გაანადგურებს იმ იმპერიულ ძლიერებას (ზევსის არწივს), რომელიც მას აწამებს." ამონარიდები ზვიად გამსახურდიას ნაშრომიდან "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი". ნახატი: ბრუნო ვეფხვაძის მიერ. კრებულები:1. ქართველური ტომები 2. ქართული სახელმწიფოები 3. კავკასიური კულტურები 4. საქართველო 5. საქართველო (მეორე ნაწილი) 6. ნაციზმი 7. ჰიტლერი 8. რელიგია 9. პარანორმალი 10. მეცნიერება 11. მეცნიერება (ნაწილი მეორე) 12. ქართული მითოლოგია ავტორი: თორნიკე ფხალაძე1730 2-ს მოსწონს |
"It is the national self-consciousness that makes a person a human being. The animal has no nationality. Belief and Nationality are the main qualities that distinguish a person from other earthlings, and for him to take away these distinguishing qualities is the greatest crime before a person, denationalization is the beginning of the degradation as a person.
The denial of ancestors and the past is a complete severance of man from his national roots.
"Man retains human thought only in the depths of his culture, so human culture is inextricably linked to his nationality."
From the interview of Zviad Gamsakhurdia, the
newspaper "Narodnaya Pravda" in 1992.
“სწორედ ეროვნული თვითშეგნება აქცევს ადამიანს, ადამიანად.
ეროვნება არა აქვს ცხოველს. სარწმუნოება და ეროვნულობა ის ძირითადი თვისებებია, რომელიც ადამიანს სხვა სულიერისგან განასხვავებს და მისთვის ამ განმასხვავებელი თვისებების წართმევა უმძიმესი დანაშაულია ადამიანის წინაშე, დასაწყისი მისი, როგორც პიროვნების დეგრადაციის, დენაციონალიზაციის.
წინაპართა და წარსულის უარყოფა, ადამიანის სრული მოკვეთაა ეროვნული ფესვებისგან.
კაცი ადამიანურ აზრს მხოლოდ თავისი კულტურის წიაღში ინარჩუნებს, ამიტომაც ადამიანის კულტურა განუყრელად არის დაკავშირებული მის ეროვნებასთან.”
ზვიად გამსახურდიას ინტერვიუდან
გაზეთი „ნაროდნაია პრავდა“ 1992 წ.