x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
პოემა "დავით აღმაშენებელი" - ნაწილი VII

პოემა "დავით აღმაშენებელი" - ნაწილი VII

.

.

მამიდა

.

"დედოფალი კვიპაროსივით მაღალი და ტანადი იყო. მისი მშვენიერების აღწერა შეუძლებელია. თვალები ცისფერი... მისი მომაჯადოებელი სილამაზე აღემატება ხელოვნებას. ვინც ჩვენს დედოფალს შემთხვევით დაინახავდა, ადგილზე გაშეშებული რჩებოდა, თითქოს გული და გონება წართმეოდა." ანა კომნენოსი

.

.

ის აღიარეს საუკუნის უდიდეს ქალად,

ვერავინ სჯობდა სულით, ჯიშით, ტანად თუ თვალად,

ბაგრატის ქალა, ნაფერები, ღვთისთვის აღზრდილი,

ქართველის ქალის სახელი და სუფთა მანდილი.

გიორგი მეფის ერთგული და ღვიძლია დაი,

ჩვილი დავითის მფარველი და მამიდაი,

აშოტისა და "უხორცოის" მოჰყვება გენი,

გონება სხარტი, სხივოსანი "ლოღიკის" მჩენი.

ორჯერ გათხოვდა, ორივეჯერ იმპერატორზე,

ბიზანტიონის დინასტიურ გვარსა და ტომზე,

პირველი დუკა პარპინაკი მიხაელია,

საქრისტიანოს მამა გახლავთ, უფლის ხელია.

მისი მოტახტე დედოფალი მარიამია,

მისი იმედი, უიმისოდ ყოფა - წამია.

ცოლის გონება უჩუმარი, მართავს ხვეულებს,

იმპერიათა ინტრიგებში გადახვეულებს...

დედოფალია სახელმწიფოს ფხიზელი თვალი,

ნატვრის თვალივით სანატრელი, ჭკვიანი ქალი,

გავლენა მისი, მმართველობა - ერთობ დიდია,

იგი მისი ძმა, გიორგისთვის ზრუნვის ხიდია!

ფარცხისის ომის წარმატება მის ყურსაც აღწევს,

აზრები ჩნდება, მის ტვინს სხარტი ფიქრები აწევს,

მიტაცებული მიწები აქვთ ქართველის ბევრი

ბიზანტიელებს, ჯარი უდგათ ციხეთა მჭერი.

ახსოვს მარიამს მონათხრობი ძიძების, მზრდელის,

იმიერტაოს მითვისების ომი და ხელი,

ცხარე ომები ბასილის და "უხორცოს" შორის,

როგორ აჩეხეს, აუყროლეს ურთიერთს მძორი.

როგორ წაართვეს მამა ბაგრატს ტაოს მიწები,

როგორ აუხდა ბავშვობაში დანაფიცები:

აჰა, დაუდგა ნაოცნებარ წუთი-წამები,

ძმასვე გადასცეს ტაოს კარი განაწამები.

ამღვრეულია ახლა წყალი წინა აზიას,

თურქები ბევრ დიდ ქვეყანას და ქალაქს აზიან,

იმიერტაოს ციხეები დაუცველია,

ირგვლივ თურქმანთა ურდოები, ბევრი ელია.

აამოძრავა ქართველები იმპერიაში,

ბრძანება ბევრი გააქროლა, წერილი-რაში,

ბაკურიანი გრიგოლია დიდი სარდალი,

ბიზანტიონის დომესტიკი, კაცი მართალი.

მაშენებელი პეტრიწონის მონასტრის დიდის,

ტიპიკონისვე დამდებელი, რჯულის და ხიდის,

მისი მცდელობით, გიორგისთან მოთათბირებით,

გამოიცვალნენ იმიერ-ტაოს მმართველ-პირები.

გარნიზონებად ჩაალაგეს ციხეს ქართველი,

დიდი ყანწებით უდღეგრძელეს ქრისტეს სახელი,

აფხაზეთიდან გაიყვანეს ბიზანტიელი,

ყველგან ქართველმა გადიბარა ციხე და ხელი.

არც ეს იკმარა, მეფემ მალე იშიშვლა ხმალი,

და ქალაქ კარზე მიიტანა შეტევის ალი,

ჩაიგდო ხელში წართმეული თურქთაგან კარი,

ციხე აიღო, ჩააყენა ქართველთა ჯარი.

ამოასუნთქა ქრისტიანი ერი თუ ბერი,

მიწათმოქმედი, მევენახე და გუთნის მჭერი,

ყველა გამხნევდა, გამარჯვების სურნელი დადგა,

მაგრამ საწუთრო სასტიკია, კვალვ განზე გადგა.

მალექ შაჰ სულთან მძვინვარეა გურჯების ქედით,

ყველა მხარეზე დააგზავნა საფოსტო მტრედი,

შემოუძახებს ურდოებს და სელჩუკ ამირებს,

გურჯისტანისკენ გალაშქრებას მყისვე აპირებს.

უნდა დავმარხოთ, ამოვხოცოთ გურჯები ყველა,

მაჰმადის ხმალი მძვინვარეა, ჩვენს ხელში ელავს!

ყველას გეხებათ, საღმრთო ომი გედებათ ვალად!

უნდა მოვედოთ გურჯის ჯილაგს ხანძრად და მკალად!

გადაიბარეთ, გამოსტაცეთ დედებს ბავშვები!

ცხენებს შეუგდეთ, ამოძრავეთ მათზე რაშები!

კაცები ხოცეთ, ვინც მონობას უარჰყოფს ჩვენსას,

მათზე ალლაჰი მრისხანეა და მახვილს ლესავს!

.

როცა სელჩუკი გურჯისტანის მიწას მოედო,

ბიზანტიაში აჯანყების იფეთქა ცეცხლმა,

ბოტანიატე ნიკიფორე გონზე მოეგო,

შეაზანზარა იმპერია იმისმა ხელმა.

ნიკეას დაჯდა და თავი სცნო იმპერატორად,

ბიზანტიონის გვირგვინის და სკიპტრის პატრონად,

ძველრომაული ამშვენებდა არისტო გენი,

ფაბიუსების სისხლი უდუღს - დიდების მჩენი...

ალექსი უდგას კომნენოსი ზურგში და ომში,

გამორჩეული პიროვნება გვარში და ტომში.

ბოტანიატეს მხარს უჭერენ დიდი გვარები,

სამღვდელოება, ეკლესია, უფლის კარები.

ათას სამოცდათვრამეტ წელში ტახტზე ავიდა,

იმპერატორი მიხაელი ბერად წავიდა,

ტახტი უმისოდ არ დაობლდა, დარჩა მარია,

კანონიერი დედოფალი, ვეფხის დარია.

წონა აქვს სიტყვას - დედოფალი შეუვალია,

იმპერიაში მისი აზრი დიდთა ვალია,

ბოტანიატეს აუსრულდა სურვილი დიდი,

ტახტზე ავიდა მედიდური, დინჯი და მშვიდი.

ტახტზევე დახვდა სანატრელი მისი ოცნება,

ქალი ქალღმერთი, უფლის ქმნილი და საოცრება,

გული მიუძღვნა, ატრიალა შუამავალი,

მიჯნური სიტყვა გაუგზავნა, ტრფობა მრავალი.

და დაითანხმა, თავის გულის გახადა ღმერთი,

ქალი ოცნება, სანატრელი და ერთადერთი.

დიდი დედაა მარიამი, ქრისტეს ასული,

ბოლოს მონაზვნად, ღვთისმსახურად არს გარდასული.

.

მეშვიდე ნაწილის დასასრული.

გაგრძელება იქნება...


ავტორი: გურამ ქართველიშვილი


იხილეთ: პოემის I ნაწილი; II ნაწილი; III ნაწილი; IV ნაწილი; V ნაწილი; VI ნაწილი;

.


კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწ. II)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწ. II)

12. ქართული მითოლოგია

ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
158
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0