x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
პოემა "დავით აღმაშენებელი" - ნაწილი VI

პოემა "დავით აღმაშენებელი" - ნაწილი VI.

.

ფარცხისი

.

ბრძენის ნათქვამი გამართლდება მიჩქმალო თუნდა,

თავს დააყარო ნაკელი და ბინძური გუნდა,

პირი დაუხშო, გაუკერო, დაამცრო, მოკლა,

მაინც ახდება, დაგამიწებს, დაგტოვებს ობლად.

ასე ასრულდა ჭყონდიდელის ნათქვამი სწორი,

ივანე გახდა მოღალატე, გული აქვს ორი,

ჯიშად ბაღუაშმა გამოსტყუა მეფეს ფლიდობით

ქალაქი გაგი, სოფლებით და კიდით-კიდობით.

იქვე მიჰყიდა ამირ ფადლონს, განძის მბრძანებელს,

გიორგის რისხვას უკვე ღვინოც ვეღარ ანელებს.

ღალატი უკვე სახეზეა, ამხედრდა ჯარი,

სწორედ იმ ხანად შემოადგა სელჩუკი ლაშქრით.

დიდი სულთანი მალიქ შაჰი, მსგავსება ლომის,

თოღრულისაა სისხლით, ხორცით, გვარით და ტომით,

საზღვართან დადგა, მოაყარა სელჩუკის ურდო,

ყოფით ველური, ბარბაროსი, ავი და უნდო.

წინ შეეგება ლიპარიტი ბაღუაში ჩოქვით

მისი ხალიჩის კოცნითა და წაღების ლოკვით,

მამის სახელით, ლიპარიტი დაემხო მარდად,

სულთნის მონობა აღიარა გულით და ხარბად.

ცოტა ხანს დაჰყო, სულთნის კარი ადიდა დიდად,

სამსახურისთვის გამოსთხოვა მიწები ფლიდად,

ვერა მიიღო დაპირებად, მალიქ შაჰ დუმდა,

სათქმელი ყელში გაეჩხირა, დაგროვდა გუნდად.

გამოიპარა ბანაკიდან, იფარა ბინდი,

სამშვილდისაკენ, ივანესთან ჭენებით მიდის,

გამოიკეტნენ მამა-შვილი, ამაგრეს ციხე,

ზაფხულის წვავდა, ანათებდა ზეციდან სიცხე.

წამოიზლაზნა ჯაბახანა ურდო-თურქმანი,

სამშვილდისაკენ დაიჭირა გზა და გუმანი,

დაეცნენ ციხეს, შეუყენეს ცეცხლის თამაში,

ხელში ჩაიგდეს მამა-შვილი, ტომით ბაღუაში.

შემოჯირითდნენ, მოარბიეს ქართლი ყოველი,

ვერსად გადურჩათ ქალი, ბავშვი, სახლის ცხოველი.

მომკეს, მოჭამეს, ტყვე იშოვეს, გაბრუნდნენ განძას,

აქლემი, ჯორი მიათრევდა ნადავლს და ნაძარცვს.

მალიქ შაჰ სულთანს აღარ მოსწონს ამირ ფადლონი,

მისი ბრძანების უარმყოფი, არად გამგონი...

ამიტომ ფუძით მოაოხრა სანახი განძის,

ამირ ფადლონი ტყვედ ჩაიგდო, წაართვა განძი.

განძის მბრძანებლად განაწესა, სარანგი დასვა,

ბაგრატთან ომი დაავალა, გურჯების პარსვა,

მეომრად მისცა ორმოცდაათ ათასი ელი,

ტომად ოღუზი, ნაომარი, სასტიკი მკვლელი.

თვითონ გაბრუნდა, აზიისკენ იბრუნა პირი,

ქართვლის საზღვარი მორღვეული საბრალოდ ტირის.

დავითი იყო მაშინ უკვე ასაკით ერთის,

როცა მობრუნდა ქართველისკენ უფალი ღმერთი.

ათასსამოცდამეთოთხმეტე იდგა ზაფხული,

ურდო დაიძრა განძის მხრიდან, გზაზე გაბმული,

სარანგის მკვლელებს გზად მოსდევდა ამირა დვინის,

კაცი მდიდარი, ბასრი ხმალი, აზრი და ტვინი.

დმანისში უკვე სელჩუკ-თურქი ამირა იჯდა,

ისიც განძელებს მოჰყვებოდა მხედრებით დინჯად.

თრიალეთს მოდგნენ, წაუკიდეს ხანძარი ტყეებს,

ფარცხისში დადგნენ, არ ითვლიდნენ მოლხენის დღეებს.

გიორგიმ ყველა აამხედრა, რკინა აასხა

და ქართველობა ფარცხისისკენ სწრაფად წაასხა.

გზად შეეგება აღსათანი - მეფე კახელთა,

გულებმა ერთობ გაიხარეს, ძმობაც გახელდა.

ორივე მეფე თავს დაეცა ფარცხისში ოღუზს,

ცოდვის ტირილი დაუყენა ჯეელს თუ მოხუცს,

ერთად გაჟლიტა, დაატყვევა, გადენა, მოსრა,

განძამდე სდია, გადაძარცვა, საცერში მოცრა.

გამარჯვებაა დამარცხებებში მალამო გულის,

ქართველს იმედი განუმტკიცა ფარცხისის ძლევამ,

გაჭირვებაში ძლივს მოითქვა მამაცი სული,

სელჩუკის შიშმა ყველგან იკლო, იწყო დალევა.

.

ბიზანტიონი, კონსტანტინეს ოქროს ჭიშკარი,

იფხორებოდა მედიდურად, ძველი დიდებით,

აქამდე მასზე არაფერი თუ არ გითხარი,

სხვას მოგითხრობდი, აქეთ მქონდა ფიქრის ხიდები.

მსოფლიოს ჭიპი, შავი ზღვისა კარის მფლობელი,

აღმოსავლეთი-დასავლეთის სული ყოველი,

მდიდარ ვაჭარი, მეომარი, მონარქი დიდი,

ევრო-აზიურ გასაყარზე ყველასთვის ხიდი.

კონსტანტინეპოლ! სახელიც კი ნატვრის თვალია,

მთელი მსოფლიოს გონების და ნების დარია,

მისი ვაჭრები შეესიენ, როგორც ჭიები,

ყველგან გამართეს, სავაჭრო აქვთ ფაქტორიები.

მთლად სანაპირო მთელ შავ ზღვაზე იმათ ხელშია,

მათში მოგების, ფულის შოვნის მეტი გეშია,

ოქრო შემოდის კონსტანტინეს ბებერ ქალაქში,

მას მეტი უნდა მოდის ნელა, მადა ჭამაში...

.

მეექვსე ნაწილის დასასრული.

გაგრძელება იქნება...


ავტორი: გურამ ქართველიშვილი


იხილეთ: პოემის I ნაწილი; II ნაწილი; III ნაწილი; IV ნაწილი; V ნაწილი;

.


კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწ. II)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწ. II)

12. ქართული მითოლოგია

ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
60
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0