სხვა სარკე თუ სურათი? - რომელი გვიჩვენებს ჩვენს რეალურ სახეს? 2019, 29 ნოემბერი, 13:16 ალბათ, ხშირად შეგიმჩნევიათ, რომ სარკეში ლამაზად გამოიყურებით, სურათში კი ცუდად გამოდიხართ. სტატიაში გაგაცნობთ, რატომ ხდება ასე.
როგორც წესი, ღამის გიჟური წვეულების შემდეგ ყველაზე დიდი შიში ის კი არაა, რა თქვით ნასვამმა, არამედ - როგორ გამოიყურებით მეგობრების გადაღებულ ფოტოებზე. სახლიდან გამოსვლისას საკუთარ თავს 10-ზე შეაფასებდით, ჯგუფურ სურათებში კი 5 ქულას ძლივს დაუწერდით საკუთარ თავს. ნაცნობი სიტუაციაა, არა? გიჩნდებათ კითხვა: "რატომ გამოვიყურები სურათებში სხვანაირად?" 21-ე საუკუნეში უამრავი ფოტოს წყალობით, ადამიანებმა სარკე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს და აქტუალური გახდა საკითხი, სარკე უფრო რეალურია თუ სურათი? რომელი მათგანი გვატყუებს? ამ კითხვას აშკარა პასუხი არ აქვს. კარგი ამბავი ისაა, რომ კვაზიმოდოს მსგავსი სახე, რომელიც საკუთარი სელფის ფოტოდან გიყურებთ, თქვენს ნამდვილ გარეგნობას არ ასახავს. თუმცა, არც სარკეა სავსებით სანდო. სტატიაში შევეცდებით, მეცნიერულად ავხსნათ ეს საკითხი. სარკე რეფლექსიაა და თქვენს ნამდვილ გარეგნობას არ აჩვენებს. მართალია, ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი და კომფორტულია იმ სახის დანახვა, რომელიც ყოველ დილით გვიყურებს სარკიდან კბილების გახეხვისას, მაგრამ ეს რეალურად ჩვენ არ ვართ. სარკე ჩვენი ანარეკლია, ანუ გვაჩვენებს იმას, თუ როგორები ვიქნებოდით რევერსიულად, საპირისპირო მხრიდან. რადგანაც მივეჩვიეთ იმას, რასაც სარკეში ვხედავთ, ჩვენი თავი ფოტოებში შეიძლება სხვანაირად მოგვეჩვენოს. და თუ იდეალურად სიმეტრიული სახით არ ვართ დაჯილდოებულები, ჩვენი ფოტო-ვერსია შესაძლოა უფრო არ მოგვეწონოს."საკუთარ თავს მუდამ ვუყურებთ სარკეში - კბილების გახეხვისას, გაპარსვისას, მაკიაჟის გაკეთებისას", - ამბობს პამელა რუთლედჯი, მედია-ფსიქოლოგიის ცენტრის დირექტორი The Atlantic-თან ინტერვიუში, - "რადგანაც საკუთარ თავს ასეთად აღვიქვამთ, ასეთი მოგვწონს კიდეც". ეს ქცევა ფსიქოლოგმა რობერტ ზაჯონკიმ შეისწავლა. მისი თქმით, ადამიანები კომფორტულად არიან იმასთან, რასაც შეეჩვივნენ - ამ შემთხვევაში, სარკეში დანახულ საკუთარ სახესთან. ხოლო როცა სურათებში მის შეტრიალებულ ვერსიას ხედავენ, მის მიმართ აგრესია უჩნდებათ. ასე რომ, გვგონია უკეთესად გამოვიყურებით სარკეში, რადგან იქ მყოფი სახის დანახვას ვართ მიჩვეულები. ამის გათვალისწინებით, ფსიქოლოგიურადაც მიდრეკილები ვართ, არ მოგვეწონოს საკუთარი თავი ფოტოებში, რომელიც სინამდვილეში უფრო რეალურად აჩვენებს ჩვენს გარეგნობას. უცნაურია, არა? ბევრი რამ კამერის ლინზებზეა დამოკიდებული.გაგიჩნდებათ კითხვა, თუ სარკის ანარეკლი თქვენს ნამდვილ გარეგნობას არ აჩვენებს, ესე იგი სელფის ფოტოებიდან მომზირალი ხშირად მახინჯი ადამიანი ხართ რეალურად? პასუხია - არა, სურათებიც არ არის ყოველთვის რეალური. კამერის ლინზებს და განათებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ხომ გქონიათ შემთხვევა, ბევრ ფოტოს რომ იღებთ სხვადასხვა კუთხით, სხვადასხვა განათებით და სხვადასხვა მიმიკით, რათა საბოლოოდ საუეკეთესო აარჩიოთ?გარდა ამისა, სურათებში მხოლოდ ჩვენი 2-D ვერსია ჩანს. თუ მრგვალი სახე გაქვთ, შეიძლება ფოტოზე უფრო ვიწრო გამოგიჩნდეთ და პირიქით. პროფესიონალმა მოდელებმა (და ფოტოების მოყვარულმა ადამიანებმა) იციან, როგორ უნდა დაიჭირონ მობილური/კამერა, რათა კარგი ფოტო გადაიღონ. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, სარკე და ფოტო ნამდვილად არ აჩვენებს ჩვენს რეალურ გარეგნობას. კამერის ფლაშ-განათებაც თავის როლს ასრულებს.განათებაზე, რა თქმა უნდა, ბევრი რამაა დამოკიდებული. ცუდი ფლაშის წყალობით შეიძლება ფოტოზე მახინჯი გამოჩნდეთ, განსაკუთერბით კი, თუ ის სიბნელეშია გადაღებული. OKCupid-ის მიხედვით, ცუდი ფლაშ-განათება სახეზე 7 წელს გმატებთ. კამერას არ შეუძლია, ისე დაარეგულიროს ფერები და განათება, როგორც ადამიანის თვალს. კამერა მხოლოდ ჩრდილებსა და სინათლეზე კონცენტრირდება. გთავაზობთ, ფოტოების გადაღებისას ფლაშის ნაცვლად მზის ბუნებრივი განათება გამოიყენოთ.შეიძლება, თქვენი ღიმილიც იყოს "დამნაშავე".ყველამ იცის, როგორია უხერხული ფოტოსთვის პოზირება, როგორიც პასპორტის ან მართვის მოწმობის ასაღებად გჭირდებათ. ასეთი ფოტოები ძალიან იშვიათად გამოდის კარგი და საკმაოდ შორს არის ჩვენი ბუნებრივი ღიმილისგან. როცა საკუთარ თავს სარკეში უყურებთ, დამშვიდებული, თავდაჯერებული, ბუნებრივი ხართ და ადვილად იღიმით. ხოლო როცა ვიღაც გთხოვთ გაღიმებას, ამას ძალით აკეთებთ და შედეგად, მიღებული სურათი საკმაოდ განსხვავდება იმისგან, რასაც ყოველდღიურად სარკეში ხედავთ. აჯობებს, ფოტოების გადაღების დროს დამშვიდდეთ და რაღაც სასიამოვნოზე იფიქროთ.გამორიცხული არ არის, რომ იმაზე ნაკლებად მიმზიდველი იყოთ, ვიდრე ფიქრობთ.მნიშვნელობა არ აქვს, რას დავადანაშაულებთ ჩვენს ცუდ ფოტოებში. მთავარი მაინც ფსიქოლოგიაა. შეიძლება, ფოტოებში იმიტომ გამოდიხართ ცუდად, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ, თქვენივე ფანტაზიის მიერაა შეთხზული.2008 წლის კვლევის მიხედვით, ადამიანებს თავი იმაზე მიმზიდველებად მიაჩნიათ, ვიდრე სინამდვილეში არიან. ექსპერიმენტში მკვლევრებმა მონაწილეების ფოტოები დააფოტოშოფეს და სხვა ფოტოებთან ერთად მაგიდაზე დადეს. შემდეგ მათ სთხოვეს, აერჩიათ საკუთარი ფოტო. მონაწილეებმა დაფოტოშოპებული სურათები აირჩიეს, ანუ ისინი, რომლებშიც უფრო მიმზიდველები იყვნენ. თუმცა, სხვა მკვლევრების აზრით, ადამიანებს თავი იმაზე ნაკლებად მიმზიდველებად მიაჩნიათ, ვიდრე არიან. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ზედმეტად გაწუხებთ ის აზრი, სარკეში და სურათში სხვადასხვანაირად რატომ გამოიყურებით, სავარაუდოა, რომ პრობლემა თქვენს თავშია. ეს იმას ჰგავს, ადამიანებს რომ ვიდეოებში საკუთარი ხმა არ მოსწონთ. სცადეთ, შეიყვაროთ საკუთარი გარეგნობა და შექმენით თქვენი თავის საუკეთესო ვერსია! ასევე დაგაინტერესებთ:1. 12 თანამედროვე ეტიკეტის წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს 2. როგორ გადავიღოთ კარგი ფოტო ID ბარათისთვის - 7 მარტივი ხერხი 3. როგორ ვუპასუხოთ უხერხულ კითხვებს ისე, რომ ადამიანებს მათი მეორედ დასმის სურვილი აღარ გაუჩნდეთ 980 2-ს მოსწონს
|