x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ფრონტერას“ დედოფლისწყაროს საბადოს თანამშრომლები 10 თვის ხელფასს ითხოვენ
image



ამერიკის საელჩოსთან კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიაში" დასაქმებულმა დედოფლისწყაროში მდებარე ტარიბანის ნავთობსაბადოს თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ამერიკულ-ქართული ნავთობკომპანიისგან 10 თვის სახელფასო დავალიანების გადახდას ითხოვენ.

.

მათივე განცხადებით, კომპანია ნავთობის მოპოვებას, ბურღვას, დატვირთვასა და გაყიდვას ჩვეულ რეჟიმში ახორციელებს და მძიმე მრეწველობაში მომუშავეებს ჯანმრთელობის პოლისის გარეშე, ექსტრემალურ პირობებში უწევთ მუშაობა.


.

„ვაპროტესტებთ იმას, რომ 4 წლის განმავლობაში დაგროვდა 10 თვის დავალიანება, რომელიც ჩვენ არ აგვიღია. ვითხოვთ ჩვენი ხელფასის ანაზღაურებას, რომლის გამოც ჩვენ ვიშრომეთ, ვიმუშავეთ და დღემდე არ მიგვიღია. აქ მდგომი ყველა ადამიანი არის ამ კომპანიის თანამშრომელი და ყოველივე მათგანს იგივე პრობლემა აქვს“, - განაცხადა აქციის მონაწილე ივერი წიკლაურმა.

.

ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.

.

აქციას წინ უძღვოდა სამი შეხვედრა კომპანიის ხელმძღვანელობასთან, რომელიც ქალაქ დედოფლისწყაროში ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩატარდა. თბილისიდან დედოფლისწყაროში, თანამშრომლებთან შესახვედრად ჩამოსული ხელმძღვანელი პირები დასაქმებულებს დავალიანების დასაფარად ყოველ ჯერზე დროს სთხოვდნენ, თუმცა შედეგი არც ამ შეხვედრებს ჰქონდა.


* * *

კომპანიის გენერალური დირექტორი ზაზა მამულაშვილი მათ კვლავ მოთმინებასა და კომპანიისთვის კრიზისული პერიოდის ერთად გადალახვას სთხოვდა. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მამულაშვილმა განაცხადა, წინსვლაა იმ დავაში, რომელშიც კომპანიას ხელისუფლებასთან აქვს. მისივე თქმით, პრაქტიკულად ყველა საკითხი დადებითად არის გადაწყვეტილი, გარდა ერთისა, რომელიც სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დადებულ კონტრაქტს ეხება. აქამდე დადებული კონტრაქტით მოქმედების ვადა კომპანიას 2027 წლამდე აქვს, კომპანიის პირობაა, რომ კონტრაქტი 2027 წლის შემდეგაც გაგრძელდეს, სხვა შემთხვევაში ჭაბურღილის მუშაობას აზრი არ ექნება და დრო აღარ დარჩება, რომ ჩადებული ინვესტიცია ინვესტორმაუკან დაიბრუნოს. მისი თქმით, სწორედ ამ საკითხის განხილვისა და სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების შემდეგ გახდება შესაძლებელი საინვესტიციო ბანკებთან ხელშეკრულების გაფორმება და დაფინანსების ახალი ხელშეკრულების დადება. რაც ავტომატურად გამოიწვევს კომპანიის მუშაობის ძველი რეჟიმით გაგრძელებას და დროთა განმავლობაში დასაქმებულების ხელფასების გაცემას (ზუსტი დრო დღემდე დაუდგენელია!). კრიზისული პერიოდი, მისი თქმით, 2020წლის იანვრის ბოლომდეა, რომლის შემდეგაც დადებით ცვლილებებს ელიან როგორც სახელმწიფოსთან ურთიერთობაში, ასევე საინვესტიციო ბანკებთან და კომპანიის მუშაობასთან დაკავშირებით. (ზუსტი დრო აქაც დაუდგენელია!) აღნიშნულ განცხადებას, შეკრებილი თანამშრომლების მხრიდან კვლავ უკმაყოფილება მოჰყვა. ზოგიერთმა მათგანმა დარბაზი პროტესტის ნიშნადაც კი დატოვა და უარი თქვა შეხვედრაში მონაწილეობაზე. ერთ-ერთმა დამსწრე ქალბატონმა, საკმაოდ ემოციურად გამოხატა იქ დამსწრე ადამიანების ოჯახების გულისტკივილი:

.

„თქვენ რომ ამ ადამიანების ოჯახებში შეხვიდეთ, ტირილი მოგინდებათ. ზოგს შვილი ჰყავს სტუდენტი, ზოგს ბანკის ვალი აქვს, ზოგს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. შეხედეთ ამ ხალხს, ისინი ამ სამსახურში გაჭაღარავდნენ და მას შეალიეს მთელი ცხოვრება. ეს არის ცოდვა და დანაშაული, მშრომელი ადამიანების უფლებების დარღვევა, რომლებიც სამართლიანად ითხოვენ იმას, რაც უკვე თვეებია ეკუთვნით. მოიმოქმედეთ რამე“. „მოგვეცით კუთვნილი ხელფასები. ან არადა, არავინ არ წავა სამუშაოდ. არ გავატარებთ ამოღებულ ნავთობს. ჭაბურღილები აღარ იმუშავებს. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ გინდაც ადამიანურად, გინდაც კოლეგიალურად, რომ რომელიმე ჩვენგანი დარჩეს სამუშაოდ, და დანარჩენი ნაწილი თანამშრომლებისა სახლში იყოს და ჩვენ ამ ყველაფერმა არ შეგვაწუხოს?“ ეს იმ კომენტარის ფონზე გაჟღერებული ფრაზებია, რომელიც თანამშრომლების შემცირებისა და უხელფასო შვებულებების შემოთავაზებას მოჰყვა. ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ თანამშრომლების უკმაყოფილებას მეორე მხრიდან პასუხად კვლავ ცინიზმი და მუქარაც კი მოჰყვა. რამაც კომპანიასა და თანამშრომლებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა და მოლაპარაკებები ჩიხშიც კი შეიყვანა.

0
92
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0