x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
თენგიზ გუმაშვილი 70 - სპორტის ოსტატი დედოფლისწყაროდან
image


მის ჯანს რა დალევს, რა მოერევაო, იფიქრებდით მისი შემხედვარე. ერთხელ მაინც თუ ნახავდით, არასდროს დაგავიწყდებოდათ, ახოვანი, ძლიერი, გულუბრყვილო, სუფთა გამოხედვით კეთილ გოლიათს რომ ჩამოგავდა, მაგრამ ულმობელია დრო-ჟამი, მიქრის და თან მიაქვს ახალგაზრდობა, სიმკვირცხლე... უკან მოხედვას ვერ მოასწრებ, ისე მოგადგება კარს სიბერე. ზოგს ცოტა ადრე, ზოგს უფრო გვიან შემოეპარება სისუსტე, უძლურება... ის ახლა ჩემს წინ ზის კვლავაც ახოვანი, სტუმრის შესახვედრად საგანგებოდ გამოწყობილი და ისევ სიკეთის სხივი გადაჰფენია სახეზე. ოფიციალურად ვისერგი, საზოგადოებისათვის კი თენგიზ გუმაშვილად ცნობილი კაცი, კაცი, რომლის ცხოვრება იყო სპორტი, სპორტი და კიდევ სპორტი. ის იუბილარია, რამდენიმე დღის წინ მას 70 წელი შესრულდა.


თენგიზ გუმაშვილი 1949 წლის 25 სექტემბერს დაიბადა ახმეტის რაიონის სოფელ ჭოყოლოში ხარება გუმაშვილის და ზაირა ალხანიშვილის ოჯახში სიყმისშვილად. მას თინიკო მოჰყვა, მაგრამ გოგონა მცირეწლოვანი გარდაიცვალა. მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი პატარა ლეოს დაბადებამ შეამსუმბუქა, მაგრამ უფრო დიდი განსაცდელი ოჯახს წინ ელოდა... ბრგე და ძლიერი კაცი იყო ხარება, მოჭიდავე, თავმოყვარე, ცოტა ფიცხი ხასიათი ჰქონდა და მოხდა, რაც მოსახდენი იყო: კაცი შემოაკვდა (იმასაც ამბობენ, სხვისი ცოდვა იტვირთაო). ასე იყო თუ ისე, მას სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა მიუსაჯეს. მოსისხლეები კი არ ისვენებდნენ. 5 წლის იყო მაშინ თენგიზი. შურისძიების შიშმა აჰყარა ოჯახი საკუთარი ფუძე-კერიდან და სოფელ ჯაფარიძეში (დღევანდელ სამრეკლოში) ჩამოიყვანა ბედისწერამ. ორი მცირეწლოვანი შვილით მოადგა სოფელს ზაირა ალხანიშვილი, რომელიც შემდგომ ამ სოფლის სავიზიტო ბარათად იქცა თავისი თავდაუზოგავი შრომის, მიღწევებისა და წარმატებების წყალობით. მთაში გაზრდილ ქალს მეცხოველეობაში არაფერი ესწავლებოდა და სამუშაოდაც სწორედ მეცხოველეობის ფერმას მიაშურა. მწველავი იყო და მასზე გაპიროვნებულ პირუტყვს სიყვარულითა და ერთგულებით უვლიდა. ჯანმაგარი ქალი იყო, მასზე ლეგენდები დადიოდა.


ამბობდნენ, რძით სავსე ორმოცლიტრიან ბალონებს რომ დაიჭერს, ისე შეისვრის სატვირთო მანქანის ძარაზე, თითქოს ბამბის ქულები ეჭიროსო. სხვა თუ ერთ სულ მეწველ ძროხაზე წელიწადში 2 000 ლიტრს სწველიდა, ის 3 000 აჭარბებდა. დაუფასდა კიდეც გარჯა _ სოციალისტური შრომის გმირის წოდება მიანიჭეს. მის მკერდზე ოქროს ვარსკვლავი აკიაფდა. მთელ რაიონს ეამაყებოდა მისი სახელი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გასცდა და არაერთ საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის თუ თავყრილობის მონაწილე გახდა. დრო გადიოდა, ბავშვები იზრდებოდნენ. შიში კი სულ მუდამ გულში ჰქონდა, შვილების შურისძიებისა ეშინოდა და ძუ ვეფხვივით მუდამ შემართული იყო მათ დასაცავად. ჯანმრთელები და ფიზიკურად ძლიერები იყვნენ ვაჟები. თენგიზი პირველად ჯაფარიძის სკოლაში შევიდა პირველ კლასში, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით ის სოფელ კარდენახის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. რამდენიმე წელი იქ გაატარა. ამასობაში წითელწყაროს სკოლა-ინტერნატი გაიხსნა და თენგიზი აქ გადმოვიდა. არასრული საშუალო განათლება სწორედ აქ მიიღო და ისევ ჯაფარიძის საშუალო სკოლას დაუბრუნდა. აქ აიღო სიმწიფის ატესტატი.



ყველგან, სადაც კი ის სწავლობდა, გამოირჩეოდა თავისი სპორტული მონაცემებით და მრავალმხრივი უნარით. ერთდროულად თამაშობდა ფრენბურთს, კალათბურთს, ხელბურთს, მიღწევები ჰქონდა ბადროს ტყორცნასა და ბირთვის კვრაში, რაიონის რეკორდსმენი იყო სიმაღლეზე ხტომაში, ჭიდაობდა კიდეც. არ გაიმართებოდა შეჯიბრი რაიონში, მას რომ მომნაწილეობა არ მიეღო და თავისი სიტყვა არ ეთქვა. რაიონის ნაკრების წევრი იყო რამდენიმე სახეობაში. ასეთი ფიზიკური მონაცემების ბავშვისთვის მომავალი განსაზღვრული იყო და ამიტომაც სკოლის დამთავრების შემდეგ 1968 წელს დედაქალაქში ფიზკულტურის ინსტიტუტს მიაშურა. მძლეოსნობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მაშინ უკვე სიმაღლეზე ხტომაში პირველთარიგოსანი გახლდათ, მაგრამ იქაც მრავალმხრივი ნიჭის წყალობით სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებას წარმატებაზე აღწევდა. ის მონაწილეობდა იმ დროისთვის სპორტის ისეთ იშვიათ სახეობაშიც კი, როგორც რაგბია. თვლა არა აქვს მის სიგელებს, დიპლომებს და მადლობის ბარათებს. 1971 წელს რესპუბლიკურ სპორტულ V ოლიმპიადაზე ჩემპიონი გახდა ქართულ ჭიდაობაში, მაგრამ, იმის გამო, რომ ქართული ჭიდაობა საკავშირო მნიშვნელობის არ იყო და იგი ეროვნულ სპორტს წარმოადგენდა, ის საქართვერლოს ნაკრებში აიყვანეს სამბოში.


იშვიათი გამონაკლისი შეიძლება ვუწოდოთ ფაქტს, რომ ბატონ თენგიზს სპორტის ოსტატის წოდება აქვს მინიჭებული ჭიდაობის 4 სახეობაში: სამბოში, ძიუდოში, თავისუფალ და ქართულ ჭიდაობაში. ის საბჭოთა კავშირის სტუდენტური თამაშების ჩემპიონია. 1972 წელს დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი და სპორტის დიდი ქომაგსის დავით გოგაშვილის მოთხოვნით საკუთარ რაიონში გამოანაწილეს. ზემო ქედის არასრულ საშუალო სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად დაინიშნა, მაგრამ ერთი სურვილი არ ასვენებდა: რუსული ენის უკეთ შესწავლის მიზნით, მიუხედევად იმისა, რომ, როგორც სოფლის სკოლის მასწავლებელს, კანონით სამხედრო სავალდებულო სამსახური არ ეხებოდა, ჯარში წასვლა მოითხოვა. ამიერკავკასიის სამხედრო ნაწილის უფროსი პოლკოვნიკი პრუსაკოვი მის სპორტულ მიღწევებს რომ გაეცნო, გადაირია, ამ განძს სხვას როგორ ჩავუგდებ ხელში, ის საქართველოში დარჩება და ჩვენი დივიზიის ღირსებას დაიცავსო. ასე ჩაიშალა თენგიზის ოცნება რუსული ენის სწავლასთან დაკავშირებით, მაგრამ რუსული ენის ცოდნის გარეშეც მშვენივრად ახერხებდა, დივიზიის სახელი საკავშირო მნიშვნელობის შეჯიბრებაზე საუკეთესო შედეგებით წარმოეჩინა. როგორც უმაღლესი განათლების მქონე პირისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახური ერთ წელში დამთავრდა და კვლავ მშობლიურ რაიონს დაუბრუნდა. ჯაფარიძის #72 პროფტექნიკურ სასწავლებელში დაიწყო მუშაობა. ამასობაში ოჯახის შექმნის დროც მოვიდა. თვალი დაადგა კოტაშვილების მშვენიერ, შოლტივით გოგოს და აღარც მოეშვა. ქალბატონ ზაირასაც ძალიან მოსწონდა სარძლო და 1974 წელს ციალა კოტაშვილმა და თენგიზ გუმაშვილმა იქორწინეს. ციალა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა და თენგიზიც დროებით თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. იქ ჯერ სპორტულ მეთოდისტად დაიწყო მუშაობა, შემდეგ სპორტული კლუბის „გამარჯვება“ თავჯდომარე გახლდათ. 1985 წელს საბოლოოდ დაბრუნდა რაიონში და სპორტკომიტეტის თავჯდომარედ დაინიშნა.


მალევე დაატყო თავისი ხელი რაიონის სპორტულ ცხოვრებას ბატონმა თენგიზმა. გამკაცრდა კონტროლი სკოლებში ფიზკულტურის სწავლებასთან დაკავშირებით, სოფლებში შეიქმნა სპორტული გუნდები სხვადასხვა სახეობებში, ინტენსიური ხასიათი მიიღო სარაიონო სპორტულმა შეჯიბრებებმა. თენგიზ გუმაშვილი გაზეთ „შირაქის“ შტატგარეშე კორესპონდენტი გახდა და ჟურნალისტ შოთა ბიკაშვილთან ერთად არ ტოვებდა უყურადღებოდ არც ერთი სპორტსმენის წარმატებებს, გაზეთში სისტემატურად ქვეყნდებოდა წერილები სპორტული ცხოვრების შესახებ. ეს კიდევ ერთი სტიმული იყო ახალგაზრდების სპორტში ჩაბმისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების გზაზე. თავდაუზოგავად მუშაობდა თვითონაც და ამუშავებდა მწვრთნელებს და მასწავლებლებს. 1985 წლიდან 2013 წლამდე ედგა სათავეში რაიონის სპორტულ ცხოვრებას და შედეგებიც შამბეჭდავი ჰქონდა.


მრავალი შეჯიბრი ტარდებოდა რაიონში რესპუბლიკური ეგიდით, ჩვენი სპორტსმენები მონაწილეობას ღებულობდნენ შეჯიბრებაში მთელი საბჭოთა კავშირის ფარგლებში და საზღვარგარეთაც. ამ პერიოდში გაიზარდა საკავშირო სპარტაკიადის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ვასილ უზუნაშვილი, საკავშირო სპარტაკიადის პრიზიორი ძალოსნობაში ილია კოტაშვილი, ევროპის ჩემპიონი ძალოსნობაში ზვიად სამუკაშვილი, მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში და ევროპის მესამე ადგილის პრიზიორი ძიუდოში გახდა ლევან წიკლაური, რომელიც ახლა თავად არის წარმატებული მწვრთნელი. ევროპის ჩემპიონის ტიტული ძიუდოში მოიპოვა ბადრი გავაშელიშვილმა, ის, აგრეთვე, პეკინის ოლიმპიადის მონაწილეც გახლდათ. ყველა მოლოდინს გადააჭარბა ზემოქედელი მოჭიდავის ზაზა კედელაშვილის წარმატებებმა. ის სამჯერ ზედიზედ გახდა ევროპის ჩედმპიონი ძიუდოში. ერთ საგაზეთო წერილში ყველას ჩამოთვლა ძნელია, რადგან იმ პერიოდში ძალიან ბევრი რესპუბლიკური მნიშვნელობის ჩემპიონი და პრიზიორი გვყავდა.


ეს შრომა და თავდადება დაუფასდა თენგიზს. მას მიენიჭა სპორტის დამსახურებული მუშაკის წოდება, დაჯილდოვდა „ღირსების მედლით“, ხოლო 2017 წელს ის აირჩიეს დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქედ. ახლა ცხოვრობს სოფელ სამრეკლოში დედისეულ კერაზე. ცოტას ავადმყოფობს და თავს ევლება საყვარელ მეუღლეს ქალბატონი ციალა. - ჩემი ექიმი ციალააო, - ამბობს ღიმილით ბატონი თენგიზი და სინანულის ცრემლი ადგება თვალზე იმ დაულეველი ჯანის პატრონს ახლა ყავარჯენი რომ სჭირდება, მაგრამ მას აძლიერტებენ შვილები და შვილიშვილები. მართალია, ორივე - ჯიმიც და მაკაც თბილისში ცხოვრობენ, მაინც ხშირად აკითხებენ მშობლებს.


მაკა მამის კვალს გაჰყვა. ფიზკულტურის ინსტიტუტი დაამთავრა და თბილისის ორ სკოლაში პედაგოგად მუშაობს. სამი შვილიშვილი - მაგდა და ლევანი გუმაშვილები და თენგიზ ბიბილაშვილი პაპის გულს ახარებენ. ახლა მათ შვილთაშვილი პატარა ლიზი ნატროშვილიც დაემატა. როგორც ზემოთაც ვთქვით, ბატონი თენგიზი იუბილარია. რაიონის სპორტული ცხოვრების დიდი ქომაგის, წლების განმავლობაში სპორტული სკოლის დირექტორის ელგუჯა თეთვაძის თაოსნობით და თენგიზის ღვაწლის დამფასებელი სპორტსმენებისა და მწვრთნელების მხარშიდგომით 25 სექტემბერს საზეიმოდ აღინიშნა მისი 70 წლისთავი.


„_ თენგიზი ერთი ალალმართალი, კეთილი, პატიოსანი და ერთგული ადამიანია. ათეული წლების განმავლობაში ერთად მოვდივართ. ერთდროულად ვსწავლობდით ინსტიტუტში, ერთად ვიყავით სტუდენტობისას საწარმოო, პრაქტიკაზე ქ.ტოლიატში _ მანქანათმშენებელი ქარხნის მშენებლობაზე. ის არა მარტო დიდი ფიზიკური შესაძლებლობების და მიღწევების სპორტსმენი იყო, არამედ ფასდაუდებელია მისი ღვაწლი სპორტკომიტეტის თავჯდომარედ მუშაობის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ მას მუდამ მიზერული ხელფასი ჰქონდა და არავითარი გვერდითი შემოსავლები, ხშირად დაუსპონსორებია ესა თუ ის სპორტსმენი საჭიროების შემთხვევაში. მის დროს, როგორც იტყვიან, ახალმა სიომ დაბერა რაიონის სპორტულ ცხოვრებაში, თვითონაც მუშაობდა და ჩვენც არ გვზოგავდა. ამიტომ ყვაოდა მის დროს სპორტი. მინდა, მთელი რაიონის ძველი და ახალი სპორტსმენების სახელით მივულოცო საიუბილეო დაბადების დღე და ვუსურვო ჯამთელობა, მხნეობა და გახარება თავის საყვარელ ოჯახთან ერთად, “ - ამბობს ელგუჯა თეთვაძე.


გაზეთ „შირაქის“ რედაქციაც უერთდება თავისი ყოფილი კორესპონდენტის და სპორტის დამსახურებული მუშაკის მილოცვას. უსურვებს მას ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.


ნაირა გორაშვილი - გაზეთი „შირაქი“

1
413
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
413
  
2019, 15 ოქტომბერი, 22:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1