საზოგადოებრივი გარდაცვალება - ქურუმად კურთხევის კოლხური რიტუალი 2019, 30 სექტემბერი, 5:47 "აჭარის მთიანეთში არის უძველესი ადგილი, სახელად ხიხანი. ხიხანი ჩვენს ძველ ენაზე - კოლხურად ნიშნავს "ხანამდელს". სამწუხაროდ, ხიხანს რომ ვახსენებთ ჩვენი ისტორიკოსები და მეცნიერები ხიხანის ციხეზე საუბრობენ, რომელიც შუა საუკუნეებს განეკუთვნება. მე კი ვგულისხმობ ქრისტიანობამდელ ხანას და ალაგს ჩვენს ქვეყანაში, სადაც უძველეს ქვის სარკოფაგს მივაკვლიეთ. სწორედ ამ სარკოფაგთან დაკავშირებული ცოდნის ძიებისას შევიტყვე ამ უძველესი ტრადიციის - ქურუმთა კურთხევის წესის შესახებ. ქრისტიანობამდელ ხანაში, რომელსაც (უნამუსოდ) ბნელ ხანასაც კი უწოდებენ, ქურუმები განაგებდნენ ქვეყანაში სასულიერო სფეროს. ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებსაც შეეძლოთ საღვთო ცოდნასთან მიახლება, რასაც ახერხებდნენ "გარდაცვალების" შედეგად. ზოგი ამ მდგომარეობას ლეთარგიულ ძილსაც უწოდებს, როდესაც ცოცხალი ადამიანი გარდაიცვლება, ანუ მისი ცნობიერება ხელოვნურად, გარკვეული სპეციალური ტექნიკის საშუალებით იცვლება, გადადის "მიღმიერ სამყაროში", იღებს გარკვეულ ცოდნას და ისევ უკან ბრუნდება (ფხიზლდება). ეს შეიძლება ზოგჯერ ჩვეულებრივ ადამიანსაც დაემართოს, მომავალ ქურუმებს კი ამ რიტუალისთვის სპეციალურად ამზადებდნენ და შემდეგ უკან აბრუნებდნენ. ირჩევდნენ პიროვნებას, რომელიც ქურუმად გამოდგებოდა, ვინაიდან ჰქონდა ამის პიროვნული, სულიერი მონაცემები და სურვილი და სპეციალური მარხვის, მედიტაციის და სხვა სისტემებით ახდენდნენ ამ ადამიანის განწმენდას. არსებობს წყაროები, სადაც აღწერილია ქურუმად მომზადებისა და კურთხევის რიტუალი. საგანგებოდ შერჩეულ მოწაფეს წლების განმავლობაში უმუშავებდნენ ცნობიერების მაღალ საფეხურზე გადასვლის ტექნიკას, საკუთარი თავის და გონების კონტროლის ჩვევებს, იმისთვის რომ ინიციაციის პერიოდში შეენარჩუნებინა ცნობიერების სიცხადე და აქედან გამომდინარე აზრების საჭირო მიმართულებით წარმართვის უნარი. საგანგებო დიეტა, ბალახებისგან გამონაწური წვენები, ორგანიზმის ენერგიისთვის, სისხლისა და სხეულის სისუფთავისთვის გამოიყენებოდა. მომავალ ქურუმს სიკვდილის მოხმობის წესებსაც ასწავლიდნენ და შიშის დაძლევის სხვადასხვა საშუალებას. ასწავლიდნენ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ზმანებათა საუფლოში საშიშ მოჩვენებებთან და სხვადასხვა ცდუნებასთან. როდესაც მოწაფეებს მიიჩნევდნენ უკვე მომზადებულად, სავსე მთვარეობის პირველ დღეს, მზის ჩასვლისას, ქურუმთა პროცესია დაიძვრებოდა და მიემართებოდა სამარხისკენ, შემდეგ მოწაფეს შეასმევდნენ სიკვდილთან მისაახლოებელი მდგომარეობის გამომწვევ სასმელს და ჩაასვენებდნენ ქვის კუბოში, სარკოფაგში, რომელსაც შემდეგ მძიმე სახურავს დაახურავდნენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი სარკოფაგი არის აღმოჩენილი ზემო აჭარაში და ამჟამად იგი ინახება ბათუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. გადმოცემები იუწყება, რომ ამის შემდეგ სარკოფაგში "დამარხული" მოწაფის ცნობიერებაზე ხდებოდა გარკვეული ტელეპატიური ზემოქმედება სარკოფაგს გარეთ მყოფი ქურუმების მიერ, რომლებსაც შეეძლოთ გაეგოთ თუ რას გრძნობდა იმ დროს სარკოფაგში მყოფი. ასე ეზიარებოდა ხელდასმული და ნათელღებული მოწაფე ზემაღალ ცნობიერებას, ითრგუნებოდა ქვეცნობიერი და არაცნობიერი, გონებაში კი სიცხადე და სინათლე მეტად ისადგურებდა. მას უჩნდებოდა სიბრძნე და პასუხები ძალიან ბევრ კითხვაზე. ხელდასმულს აღარ იზიდავდა არაფერი ამქვეყნიური, არ აშინებდა არც სიკვდილი, ვინაიდან იცოდა, რომ ის არ არსებობდა. ასეთივე ქურუმი გახლდათ ზემო აჭარაში წმინდა აბუსერისძე ტბელი და ჩემი ვარაუდით შოთა რუსთაველიც, რომლის გაქრობა იმდროინდელი ისტორიიდან სწორედ ამ საკითხს უნდა უკავშირდებოდეს. არსებობს ბიზანტიის იმპერატორის საგანგებო განკარგულება, რომლის თანახმადაც ვარსკვლავთმეტყველება, ვარსკვლავთმრიცხველობა, ასტროლოგია და ქურუმობა სასტიკად აიკრძალა მე-10 საუკუნის დასაწყისში მთელი იმპერიის მასშტაბით. როგორც ჩანს ეს წესი შედარებით გვიან შემოვიდა საქართველოში და რუსთაველი ამ პერიოდის კანონის გამკაცრების მსხვერპლი უნდა გამხდარიყო, რომლის ბრძნადმეტყველი "ვეფხისტყაოსანი" თითქმის 600 წლის მანძილზე აკრძალული იყო და თაობიდან თაობას უმეტესწილად ზეპირსიტყვიერად ან ფარულად გაკეთებული ჩანაწერებით გადაეცემოდა. შოთა რუსთაველი შესაძლოა იყო ქურუმი, სუფია, ვარსკვლავთმრიცხველი ან უბრალოდ ჰქონდა ისეთი აზროვნების სტილი, რის გამოც შესაძლოა ეს დაებარალებინათ მისთვის. ეს ამ სიტყვებიდანაც ჩანს: "აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან: მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან მთვარე, ასპიროზ, მარიხი მოვლენ და მოწმად მყვებიან მას გააგონე რანიცა ცეცხლნი უშრეტი მდებიან." უამრავი ასეთი მაგალითის მოხმობა შეიძლება "ვეფხისტყაოსნიდან". იქ ძალიან აშკარად ჩანს ეზოთერული ცოდნა, ასევე არაქრისტიანული, "უცხო" რელიგიების თუ კულტების კარგი ცოდნა. როგორც ჩანს ის იყო დიდი ვარსკვლავთმრიცხველი და ბრძენი ქურუმი." რეჟისორი ზურაბ ცინცქილაძე. ცნობები შეგროვებულია ფილმზე "დიდაჭარა - დიდი წიგნი" მუშაობისას. კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. კავკასიური კულტურები4. ქართული მითოლოგია5. საქართველო6. საქართველო (ნაწილი II)7. ნაციზმი8. ჰიტლერი9. მეცნიერება10. რელიგია11. პარანორმალიავტორი: თორნიკე ფხალაძე628 3-ს მოსწონს
|