x
image
ეკა ლაცკა
"ამბობენ, თურმე ხელმოკლედ ცხოვრობდა და ფული რომ არ ჰქონდა, საყვარელი ქალისთვის დაბადების დღეზე საჩუქრად ცოცხალი გალაკტიონი მიუყვანია"- მოგონებები თბილისის კოლორიტ კაცზე, ნიაზ დიასამიძეზე
image

ნიაზ დიასამიძეს ვინ არ იცნობდა. მასზე ლეგენდები უბან - უბან დადიოდა და საბოლოოდ მთელი ქალაქი აიტაცებდა ხოლმე.

ქართველი მრავალმხრივი ხელოვანი იყო, თბილისის ერთ - ერთი კოლორიტი,
იუმორის დიდოსტატი...

ამბობენ, თურმე ხელმოკლედ ცხოვრობდა და ფული რომ არ ჰქონდა, საყვარელი ქალისთვის დაბადების დღეზე საჩუქრად ცოცხალი გალაკტიონი მიუყვანია.


კიდევ ბევრ რამეს ამბობენ...

რამდენიმე სახალისო ისტორიას, რომელსაც დღეს გავიხსენებთ, თავად ნიაზი და მისი მეგობრები წაუძღვებიან:


...


გიგა ლორთქიფანიძე:

"ნიჭიერი პიროვნება იყო. თავის თავში ჩაკეტილი, უცნაურად მოკრძალებული. იგი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა, ისე, როგორც ეცხოვრებოდა.

მახსოვს, ერთხელ ცერად უჯდა როიალს. ფეხი ფეხზე გადაედო. სიგარეტი პირის ცალ კუთხეში მოექცია და ისე უკრავდა.

ხუთი წლის შემდეგ ერთი ამერიკული ფილმი ვნახე - "ჯარისკაცის ბედი ამერიკაში". გავოცდი: იქ ერთ კადრში ჯარისკაცი სწორედ ისე მისჯდომოდა და უკრავდა ფორტეპიანოს, როგორც ნიაზი 5 წლით ადრე."


....

გალინა ანჯაფარიძე:


როცა ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა, მაშინ, რომ იტყვიან, "ფორმაში" იყო.
გაცქრიალებული დადიოდა, თეთრი პიჯაკით, კომიტეტის შენობაში ისე შემოდიოდა, როგორც ლონდონის დენდი ; ათას თანამშრომელში ამოარჩევდით...

საოცარი შინაგანი კულტურა ჰქონდა . ამ კულტურას შეზარხოშებულიც კი ავლენდა. დახვეწილ ჩვევებს, თუნდაც ხელზე ამბორის ჟესტს არასოდეს ღალატობდა .

ტელევიზია ახლი დაარსებული გახლდათ და ჩვენც, ახალგაზრდა თანამშრომლებს, ერთობ თბილი ურთიერთდამოკიდებულებები გვქონდა :

რომ ვთხოვდით _ გვიმღერეო _ არ მახსოვს უარი ეთქვას .

ერთხელ, აგვისტოს დამდეგს (იმ თვეს გარდაიცვალა კიდეც) მე და ჩემი ქალიშვილი ვერის ბაზარში შევედით, ხილის ყიდვა გვინდოდა .

ვერის ბაზართან ლუდხანა იყო ვხედავ მის შორიახლოს ნასვამი ნიაზი დგას .

გვერდის აქცევა დავაპირე, მაგრამ მაინც დამინახა .

მოგვიახლოვდა, მომეფერა და მაკოცა...

მერე პირველად ჩვენი ურთიერთობის მანძილზე, მკითხა : ფული ხომ არ გაქვსო. ხუთი და სამ მანეთიანი ამოვიღე საფულედან. გავუწოდე .

სამი მანეთი აიღო და წავიდა .

მე და ჩემმა ქალიშვილმა ვივაჭრეთ, შემდეგ მოპირდაპირე მხარეს, სკოლასთან გადავედით და შუქნიშანთან, გაჩერებაზე დავდექით.

ვხედავ, ბაზრიდან ჩვენსკენ ნიაზი მორბის, ქუჩა გეზად გადმოჭრა, ტროტუარზე მოძრაობა შეწყდა, ხალხი აჩოჩქოლდა...

მე რომ მივეცი, იმ სამ მანეთად ვარდები ეყიდა, დეკორატიული კი არა, წითლად მოხასხასე, ცოცხალი ვარდები, მოირბინა და ეს ვარდები მომართვა."



...

ქართლოს კასრაძე:


"ნიაზი ავად გახდა და საავადმყოფოში მივედით სანახავად. შეღამებული იყო და ნახვის საათებიც დასრულებული. დარაჯი არ გვიშვებს. ამ დროს ფანჯრიდან გამოიხედმა ნიაზმა და გვეკითხება:

- რა ხდება მანდო?

ვუპასუხე: დარაჯი არ გვიშვებს-მეთქი.

- მერე ღვინის ბოთლი ჩასცხეთ თავშიო.

- სად გვაქვს ღვინის ბოთლი? - გაკვირვებულებმა ვკითხეთ.

- აბა, ღვინის ბოთლი თუ არ გაქვთ, ჩემ სანახავად რაღას მოდიოდითო? - ხელი ჩაიქნია და პალატაში შებრუნდა.




...

სულიკო ჟღენტი:


"ნიაზს ქუჩაში ძაღლმა უკბინა ფეხზე. შემოეხვივნენ მეგობრები, ზოგი რას ურჩევს, ზოგი რას...

- აუცილებლად უნდა წახვიდე, შრატი გაიკეთე, ცოფი არ აიკიდოო, -ურჩიეს მეგობრებმა.

- მე არაფერი მიჭირს, შრატი ძაღლს გაუკეთეთ, სმა არ დაიწყოსო, - უთქვამს ნიაზს.


imageფოტოზე : გურამ რჩეულიშვილი, ნიაზ დიასამიძე





...

"ნიაზს ერთი გოგო მოსწონდა, მაგრამ ეს გოგო სხვას გაჰყვა ცოლად. ქორწილია, ოჯახში საცაა სტუმრებიც მოვლენ. ირეკება ზარი, ოთახში ნიაზი შემოდის დიდი თაიგულით. უახლოვდება ნეფე-პატარძალს, დაღონებული, აცრემლებული:

- ეჰ, აღარ ღირს ჩემი სიცოცხლეო! - უთქვამს და სწრაფი ნაბიჯებით აივანზე გადის.

"მოაჯირს გადავიდა და გაუჩინარდა. პატარძალს გული წაუვიდა, სტუმრები შეშფოთდნენ და მისცვივიდნენ აივანს. გადაიხედეს და რას ხედავენ - ნიაზი ლამპიონების მომსახურე ავტომანქანის "ამწეზე" დგას, ზევით იყურება და ღიმილით უქნევს ხელს გაგიჟებულ მექორწილეებს. "ამწე" კი ნარნარით მიწისკენ ეშვება.


...

ერთხელ ნიაზ დიასამიძემ თავისი მეგობრის, ალეკო ტატიშვილის დედას დაურეკა – „ატეესიდან“ გაწუხებთ, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვატარებთ, ძაბვა მოიმატებს და ტელეფონები რომ არ გადაგეწვათ, სანამ მოვრჩებით, აპარატები წყლიან ვედროში ჩადეთო…


...

ნიაზი და ქართლოს კასრაძე წაკინკლავდნენ. უცებ ქართლოსმა ხელი ჰკრა და ნიაზი წაიქცა. მიხვდა, ქართლოსს ვერ მოერეოდა, ამიტომ წამოდგომას არ ჩქარობდა. ბოლოს ღიმილით უთხრა:

– ქართლოს, რა ლამაზი ყოფილხარ, შე ოხერო, ქვემოდან!..


....

ერთხელ ნიაზ დიასამიძე ბიჭებთან ერთად ქუჩაში იდგა. უცბად შორიახლოს გაჩერებული ნაცნობი ტაქსისტი დაინახა.

– თავისუფალი ხარ? – მიუახლოვდა ნიაზი მოწყენილ ტაქსისტს.

– კი, ნიაზ-ჯან, – გამოცოცხლდა მძღოლი.

– არსად გეჩქარება? – დააზუსტა ნიაზმა კიდევ ერთხელ.

– არა, არა, – ხელები გაასავსავა კმაყოფილმა ტაქსისტმა.

– გადმოაბრუნე მანქანა, ჭადრაკი ვითამაშოთ... – უთხრა ნიაზმა

(იმ დროში ტაქსის მანქანას კარზე, ეგრეთ წოდებული, „ჭადრაკის დაფა“ ჰქონდა მიხატული).


....

დილის 6 სრულდება. ნიაზი მაგარ „პახმელიაზეა“ და ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე სახაშისკენ მიემართება. გზად ერთ ხელჯოხიან, ბებერ ინტრიგან მეზობელს გადაეყარა, რომელიც რძის ბიდონით დადიანის ქუჩაზე, სახაშიდან რამდენიმე მეტრში, ჩამოსასხმელი რძის საყიდლად მიდიოდა.

– საით მიიჩქარით, ყმაწვილო, ამ დილაადრიან? – ჰკითხა ინტრიგანმა, რომელსაც მშვენივრად მოეხსნებოდა, სად შეიძლებოდა წასულიყო სისხამ დილით ნიაზი.

– რადიო გამიფუჭდა და მეგობართან მივდივარ – ჰიმნის მოსასმენად (იმ პერიოდში რადიოგადაცემები დილის 6 საათზე, სსრ ჰიმნით იწყებოდა), – უპასუხა ნიაზმა, საათს დახედა, – უკაცრავად, მაგვიანდებაო, – და ნაბიჯს აუჩქარა.


image

...
დილის ბინდში ვერის ხიდზე მოვხვდით ...
თოვდა, თოვდა ... რა კარგია თოვა ...
გადამიდგა და ბოდიშის მოხდით
გამაჩერა, სიგარეტი მთხოვა ...
მივაწოდე, - გაიხარა კაცმა,
მოვუკიდეთ, - მთვრალი ვარო, მითხრა,
გავაბოლეთ, - გულის ფსკერზე დათბა,
სთქვა მადლობა, რა დროაო, მკითხა ...
მე ვუთხარი, - ხუთი იყო დილის,
ხიდზე დავრჩი, ის გავიდა გაღმა.
”ეჰეჰეი!” - შეუძახა თბილისს
და ღიღინით ვერის შეღმართს აჰყვა ...
თოვდა, თოვდა, სიგარეტი გვქონდა,
თოვდა, თოვდა, რა კარგია თოვა ...
რა კარგია - რა ბევრი და ცოტა:
თოვლში კაცმა სიგარეტი მთხოვა!
1980 - მურმან ლებანიძე
...
თბილისს მისი ამშვენებდა სიფთა,
სუფთა იყო, დადიოდა კიკოთ,
იმ დილას რომ გაბოლება მთხოვა,
ის ჯიგარი, ის ნიაზა იყო...
0
3012
5-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
3012
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0