საზოგადოება გიორგი ანწუხელიძე, 23 წლის ქართველი გმირი და ისტორია, რომელიც მარადიულად უნდა გვახსოვდეს 2019, 19 აგვისტო, 15:12
ის სულ პატარა ბიჭი იყო. თინეიჯერობის ასაკიდან არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოსული.
სიცოცხლე უყვარდა, მთა, ზღვა, მზე...
მეგობარი...
მშობლები... საყვარელი ქალი და შვილი... ყველაზე და ყველაფერზე მეტად კი სამშობლო უყვარდა... აგვისტოს მოვლენები ძალას იკრებდა. გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს დაიკარგა, როცა ვაზიანის 21–ე ბრიგადა, ცხინვალის ე.წ შანხაის რაიონს უტევდა. ოსმა ბოევიკებმა და რუსმა ოკუპანტებმა ის ტყვედ ჩაიგდეს. დიდი ხნის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ, დაკითხვას უწყობდნენ ქართველ მეომარს. სთხოვდნენ, ინფორმაცია გაეცა... ზურგზე რიგრიგობით ახტებოდნენ, აიძულებდნენ მიწისთვის ეკოცნა. გიორგის ძლიერი სული კი თითქოს ფოლადივით იწრთობოდა ცეცხლში.. ინტერნეტში გავრცელებული კადრებიდან კარგად ჩანს, როგორ სდის პირიდან სისხლი ქართველ მებრძოლს, თუმცა წინააღმდეგობას მაინც უწევს მოძალადეებს და მიწისკენ ბოლომდე არაფრით იხრება. “, გიორგი ანწუხელიძე არ გატყდა... დიახ! ის არ გატყდა ... ეს არც თუ ისე ადვილი და ხშირია ჩვენს დროში... ანწუხელიძის საოცარი ვაჟკაცობით განცვიფრებულმა, თავად ვაჟკაცობის არ მქონე მტერმა, საბოლოოდ ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე, უმოწყალოდ ცემით ამოხადა გიორგის სული... სწორედ იქ, იმ სასაფლაოზე, დასრულდა ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე, თუმცა დაიწყო რაღაც ახალი, სიცოცხლეზე ბევრად აღმატებული!... სახალხო გმირის მარადიული ხსოვნა! გიორგი ანწუხელიძე ვაზიანის მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჯანტი იყო. ის დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება. გარდაცვალებამდე მას ერთი შვილი ჰყავდა, ლევანი. ანა ანწუხელიძე, გიორგის დაღუპვიდან 7 თვეში დაიბადა. გიორგისთან ერთად ძმათა სასაფლაოზე, ქართული დროშის ქვეშ, კიდევ 32 ჯარისკაცი განისვენებს. სიცოცხლის დასრულების თარიღი აქ ყველას ერთი აქვს - 2008 წლის აგვისტო. “, გვახსოვდეს ჩვენი უახლოესი ისტორია! 385 1-ს მოსწონს
|