ბიოგრაფია ვინ იყო გიორგი სააკაძე ? 2019, 19 აგვისტო, 13:42 გიორგი სააკაძე!
"სამასი წელიწადი აწვალებს ეს სახელი ქართველი კაცის გონებას და სულს, გასაოცარი სიყვარულით უყვარს ქართველ კაცს სააკაძეზე ფიქრი - სააკაძეც რომ არ უყვარდეს, მასზე ფიქრს მაინც არ შეელევა. ასეა, რადგან თვითონ მასში, ყოველ ქართველში, თავისთავად ზის დიდი თუ მცირე სააკაძე, სწორედ სააკაძური მისწრაფებებით, სააკაძური ღირსებებით, სააკაძური სისუსტეებით... ამიტომ, იშვიათად მოიძებნება ქართველი კაცი, ყოველ "ხელსაყრელ მომენტში" რომ სააკაძეზე სიტყვა არ ჩამოაგდოს და, ასე გასინჯეთ, "სააკაძისმცოდნეობაშიც" თავისი "საკუთარი შეხედულებებით" არ იკამათოს.
სააკაძის ბობოქარმა წუთისოფელმა ბევრ მეცნიერსა და მწერალს ააღებინა ხელში კალამი. და ასე - ბევრი რამეც ითქვა და დაიწერა - თუ მეცნიერული გააზრებით, თუ ნააზრევთა ხელახალი "გადააზრებით" და "დაზუსტებით", თუ მხატვრული გარდასახვით და "გარდასიტყვებით".
მაგრამ მაინც დღემდე სააკაძეზე ერთი საერთო აზრი ვერ შემუშავებულა. თუმცა, ეს არც უნდა იყოს საკვირველი, რადგან თვითონ გიორგი სააკაძის პიროვნება არ ყოფილა ასე "ერთაზროვნად შემუშავებული" და ბუნებით ერთ მთლიან, გაუბზარავ მონოლითად ჩამოკვეთილი და ჩამოყალიბებული." და მაინც ვინ იყო გიორგი სააკაძე?გმირი თუ მოღალატე? ვნახოთ რას ამბობენ მასზე ცნობილი საზოგადო მოღვაწეები: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და ვაჟა-ფშაველა, იგივე ლუკა რაზიკაშვილი. ილია: ლუარსაბ მეფის დროს იყო იგი სახელოვანი დიდი მოურავი გიორგი სააკაძე, რომლის მოქმედება და ქცევა დღესაც აუხსნელია ჩვენთა ისტორიკოსთაგან და რომელიც იყო რა უხვად შემკული ყოვლისა სამამაცო და საგმირო ღირსებითა, დღეს-აქამომდე არც ავად არის ჩვენ მიერ დაფასებული და არც კარგადა. მისი ავ-კარგიანობით აღსავსე განსაცდელიანი ცხოვრება და საოცარნი მოქმედებანი, მისნი ავად და კარგადაც აღსახსნელნი დიდნი საქმენი, - ჯერ შიგნეულად გამოძიებულნი არ არიან და ელიან პირუთვნელს გამკითხველსა. ეს კი გულდაჯერებით საღიარებელია, რომ მისის მოუსვენარი და მღელვარებისაგან დაუცხრომელი ცხოვრება ერთი დიდი ტრაგედიაა, განსაკვირველი და გასაოცებელი... აკაკი: ...ჩვენი ისტორია ვერ წარმოგვიდგენს მისთანა შემთხვევას, რომ ქართველები დამარცხებულიყვნენ და მიზეზი ღალატი არ ყოფილიყოს!.. ვინ იყვნენ ეს მოღალატეები? ქართველისავე შვილები, და მერე რა შვილები?! რომელთაც დიდი ღვაწლი მიუძღოდათ ქვეყნის წინაშე და ადრე სამშობლოსათვის თავდადებულნი ყოფილან - გავიხსენოთ თუნდ გიორგი სააკაძე, "დიდ მოურავათ" წოდებული. ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა იყო, სახელი რომ გაითქვა და გმირული სამსახური გაუწია სამშობლოსაც. ვაჟა:გიორგი სააკაძის სურათზეცალკერძ შენა ხარ და შენს პირდაპირ მეორე სახე მე მეხატება შენი ქვეყნისა - საქართველოსი. რამდენი ფიქრი მწვავს, მებადება: თუ ვერ ვიგუებთ, ვერ შევიფერებთ, კარგი შვილები რად გვებადება? შვილის სიკეთე მშობელს შეჰშურდეს, ნამდვილს მშობელსა ეს ეკადრება? ცრემლები მაღრჩობს, ვეღარას ვამბობ; კარგის დაღუპვა რად გვენატრება ჩვენის შვილისა, ჩვენივე ძმისა?! ვეღარას ვიტყვი, ვთრთი, მეხათრება. ჩემო ქვეყანავ, ჩემო სიცოცხლევ, არ გეკადრება, არ გეკადრება!...იმისათვის, რომ თვითონ განსაჯოთ თუ ვინ იყო სააკაძე, რამდენიმე ისტორიულ ფაქტს გავიხსენებ, საქართველოს ისტორიიდან. ისტორიული ცნობების მიხედვით ჩვენ ვიცით, რომ 1606 წელს ქართლის მეფე დავით X გარდაიცვალა, სამეფო ტახტს კი ლუარსაბ II იკავებს, რომლის კარზზეც გიორგი სააკაძე დაწინაურდა. 1608 წლიდან გიორგი თბილისის მოურავად ჩანს, რომელი თანამდებობაც მას სამეფო დარბაზის წევრობის უფლებას აძლევდა, სადაც ენერგიულმა და ნიჭიერმა სააკაძემ, ახალგაზრდა მეფის გული მოიგო და ნდობაც მოიპოვა. სააკაძის ავტორიტეტი 1609 წელს ტაშისკართან ბრძოლაში, ქართველების გამარჯვებით ამაღლდა, მან მეფესთან სიახლოვე ქართლში ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებისათვის და თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებისთვის გამოიყენა. დარაზმა აზნაურთა ფენა, რომელიც მოკლე ხანში კარგად ორგანიზებულ სამხედრო ძალად იქცა. 1612 წელს სააკაძე მის ოჯახთან ერთად ირანში გაიქცა, რაც იქიდან იყო განპირობებული რომ თავადებმა გიორგის შეტყუება და მოკვლა სცადეს. როდესაც შაჰ-აბასი კახეთში ლაშქრობდა, სააკაძეც მასთან ერთად იყო, ამ დროს ლუარსაბი პატიმრობაში იყო, ქართლში მმართველობა კი ფაქტიურად მოშლილი იყო. ჭკვიანმა და მოხერხებულმა სააკაძემ ირანში ყოფნის დროს, შესძლო შაჰის ნდობის მოპოვება, სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ანტიირანული ბრძოლები. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს გიორგი სააკაძეს დიდი ძალაუფლება ჰქონდა, მას არც კი განუზრახავს დაუძინებელი მტრებისთვის შურისძიების გადახდა, პირიქით ის მათ შემორიგებას ცდილობდა. ბაღდადის, ერაყისა და ქურთისტანის დაპყრობის შემდეგ შაჰ-აბასმა გიორგი სააკაძე ქართლში გამოუშვა, ამავე დროს შაჰმა თეიმურაზის დედა ქეთევანი ტყვედ წაიყვანა, რომელმაც მას გაჰმადიანება მოსთხოვა, თუმცა ქეთევანი შაჰის წინააღმდეგ დადგა, იგი 1624 წლის 13 სექტემბერს აწამეს. 1624 წლის ბოლოს შაჰმა სააკაძე და მისი სიძე ზურაბ ერისთავი ირანში გაიწვია და მოკლე ხანში ქართლ-კახეთის საბოლოო დასაშოშმინებლად უკან გამოუშვა ყარჩიღა-ხანის არმიასთან ერთად, და რადგან შაჰი სააკაძეს ბოლომდე არ ენდობოდა მისი შვილი პაატა მძევლად დაიტოვა. გიორგი სააკაძეს უკვე გაფრთხილებული ჰყავდა ქართველი ერი, თუ რა საფრთხე ელოდა მათ. მარტყოფის ბრძოლა მოხდა 1625 წლის 25 მარტს, მარტყოფის ველზე დაბანაკებულ მტრის ჯარს, ქართველების ჯარი მოულოდნელად თავს დაესხა. სააკაძემ მტრის ჯარის ოთხივე სარდალი ამოხოცა, უსარდლოდ დარჩენილი ლაშქარი კი ფარასავით აირია და გაიფანტა. ქართველები დაედევნენ და დიდი ზარალი მიაყენეს. მალე, მრისხანე შაჰ-აბასმა ახალ ჯარებს მოუყარა თავი და ისახან ყორჩიბაშის მეთაურობით საქართველოში გამოგზავნა. ქართული ჯარის მთავარსარდლობა, თეიმურაზ I-მა აიღო თავზე. მარაბდის ბრძოლა 1625 წლის 1 ივლისს გაიმართა. ეს იყო თავგანწირული გმირული ბრძოლა, სადაც ქართველები დიდი უპირატესობით სარგებლობდნენ. დღის ბოლოს გამარჯვებაში დარწმუნებული ქართველთა ლაშქრის სიმწყობრე დაირღვა, ამასობაში ირანელებს აზერბაიჯანის ბეგლარბეგის დამხმარე დიდი ჯარი შემოუერთდა. რამაც ქართველთა ჯარი დაამარცხა, ქართველები არ დანებდნენ, სააკაძის ხელმძღვანელობით პარტიზანულ ბრძოლაზე გადავიდნენ და რაზმებით თავდასხმებს აწყობდნენ მტრებზე, თითქმის 60 000 - მდე ჯარი დაეხოცა შაჰ-აბასს, რაც მის დამარცხებაზე მიგვითითებდა. ამ ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით, ბევრი რამ გავიგეთ სააკაძის შესახებ. ერთი მხრივ სააკაძეს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართველი ერის წინაშე, მეორე მხრივ კი დიდი შეცდომებიც აქვს დაშვებული, თუნდაც სამოქალაქო ომის გაჩაღება ბაზალეთთან, სუსტი და მერყევი პოლიტიკა და სხვა. გამოყენებული ლიტერატურა: ლევან სანიკიძე "გიორგი სააკაძე". 2036 შეფასება არ არის
|