საზოგადოება რამდენი და ჰყავდა თამარ მეფეს, რას ვარაუდობენ ისტორიკოსები 2019, 15 აგვისტო, 14:59
...
„სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული“ ...
ალბათ, შოთა რუსთაველის ამ ყველასათვის საყვარელი სტრიქონების გამოა, რომ, თამარი საზოგადოებისთვის გიორგი III-ის ერთადერთ შვილად მიიჩნევა.
თუმცა ისტორიკოსებისთვის ის ფაქტი, რომ თამარ მეფე დედისერთა არ იყო, სადაო ნამდვილად არ არის. კამათი მხოლოდ იმ საკითხზე მიდის მეფეს ერთი და ჰყავდა თუ ორი. თამარის უმცროს დას რუსუდანი რქმევია და ის, ისევე როგორც თამარი და დავით სოსლანი, მამიდა რუსუდანთან იზრდებოდა. და რუსუდანის შესახებ ისტორიკოსები ბევრს არ წერენ. ის ისტორიულ წყაროებში სულ რამდენიმეგან არის ნახსენები. ბასილი ეზოსმოძღვარი, აღმწერელი - „ცხოვრება მეფეთ მეფე თამარისა“, გიორგი III-ის გარდაცვალებასა და გლოვაზე საუბრისას ამბობს: * „იყო თამარ მაშინ, ვითარცა თვისს მამიდისა თანა, დითურთ თვისით, რომელსა რუსუდანვე მოაქვდა სახელად, რომლისათვის აწ დამაკლეს წინამდებარედ აწ მითხრობად, თუ რაოდენ მშვენიერება და თავდგმულობა იქმნა, ყოველთა პირველ მისსა ყოფილთა დედოფალთა“. *"ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ ავტორი აღწერს, თუ ვინ მიულოცა თამარს ლაშა-გიორგის დაბადება: „თჳთ დედოფალმან რუსუდან და გაზრდილმან მისმან მეფემან დავით, და დამან თამარისმან, და ყოველთა მეყოფთა ამის სამეფოსათა, მსგავსად მოგუთასა, ჴელ-ყვეს ძღუნებად და მინიჭებად”. ისტორიულ წყაროებში ასეთ ჩანაწერსაც ვხდებით: „ვინმე ერთი ხარჭთაგანისა ნაშობი, რეცა სახელდებული შვილად მეფისა“, - საუბარია თამარის დაზე, თუმცა სახელი აღნიშნული არ არის. ამ ჩანაწერის გამო ისტორიკოსების აზრი იყოფა: 1. ისტორიკოსი ჯემალ სტეფნაძე ვარაუდობდა, რომ "ხარჭისგან ნაშობი გოგონა" და - უკვე ჩვენს მიერ ხსენებული რუსუდანი ერთი და იგივე პიროვნება იყო. 2. ისტორიკოსი ჯაბა სამუშია კი მიიჩნევს, რომ ორ სხვადასხვა დაზეა საუბარი, რადგან მისვე აზრით, არ შეიძლება ერთგან აქებდეს წყარო თამარის დას, მეორეგან კი დამცინავად მოიხსეინებდეს. ჯაბა სამუშია ვარაუდობს, რომ თამარს ორი და ჰყავდა. ერთ იყო რუსუდანი და მეორე - ხარჭისგან ნაშობი, რომელიც შემდეგ მუტაფრადინს მიათხოვეს. მუტაფრადინი კარნუ-ქალაქის, დღევანდელი ერზერუმის, უფლისწული იყო და მას თამარის ცოლად შერთვა სურდა. ამ სურვილის გამო უფლისწული მშობლებსაც აჯანყებია და მაჰმადიანობაზეც კი უთქვამს უარი. თუმცა უშედეგოდ. ჯაბა სამუშიას აზრით, არზრუმელი პრინცის სურვილი თამარის ქმარი გამხდარიყო, მისი მხრიდან ძალიან ამბიციური ჟღერდა. ამიტომ პატივით კი მიიღეს, მაგრამ მისთვის რომ „თავისი ადგილი მიეჩინათ“, ხარჭისგან ნაშობი შერთეს ცოლად. ამით მიანიშნეს, თუ რა იყო მისი სტატუსი. „და წინა-უკმო საულისა იპოვა შვილი სალჩუკმანი: მან მძებნელმან კარაულებისა მამისამან პოვა მეფობა, ამან მძებნელმან მეფობისა და ზესთა მეფეთა მეფობისამან პოვა რომელი საულისა დანაკარგი ჴამდა“, - გვამცნობს „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“. „ანუ თუ საულმა ვირების ძებნაში მეფობა იპოვა, ამან მეფობის ძებნაში ის იპოვა, რაც საულმა დაკარგაო. პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ, ფაქტობრივად, ვირს ადარებს (თამარის დას), თუმცა ძალიან კულტურულად, რადგან ის მაინც მეფის შვილი იყო. დაუკვირდით, ამ შედარებას აკეთებს მემატიანე, რომელსაც მერე, ცოტა ქვემოთ, მოთხრობილი აქვს რუსუდან დედოფალზე, თამარის დაზე, აღმატებული ტონით. ამიტომ ვფიქრობ, რომ თამარს ჰყავდა ორი და“, - აღნიშავს ჯაბა სამუშია. ... მუტაფრადინის ცოლზე ისტორია ამის შემდეგ აღარაფერს გვეუბნება. მწირე ცნობებია რუსუდანზეც. არის ვარაუდები, რომ ისიც იყო გათხოვილი. ვინაიდან, მემატიანე წარმოაჩენს მის სულიერ თვისებებს, არ არის გამორიცხული, რომ საბოლოოდ ის მონაზვნად აღკვეცილიყო. თუმცა, დეტალური ცნობები შემონახული არ არის და სამწუხაროდ, მისი ფრესაკაც არსად მოიპოვება. 527 2-ს მოსწონს
|