საზოგადოებრივი იბერო-კოლხური მოდგმის ხალხების განსახლების არეალები 2019, 27 ივლისი, 6:08 როგორც ძველბერძნული, ასევე სხვა ანტიკური წერილობითი წყაროებიდან, ლინგვისტური, ანთროპოლოგიური, არქეოლოგიური და გენეტიკური კვლევებიდან ირკვევა პროტოქართველური (იბერო-კოლხური), თუ იბერო-კავკასიური მოდგმა განსახლებული იყო არა მხოლოდ კავკასიის, არამედ მთელი მცირე აზიის ტერიტორიებზე და უფრო შორსაც. კვლევები ამის შესახებ დღეს უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს. ივ. ჯავახიშვილიც კი (1949, გვ.236) ფიქრობდა, რომ ქართველური დამწერლობის უძველესი ნიმუშები მოსალოდნელია, რომ აღმოჩენილ იქნას მცირე აზიაში, ხოლო აკადემიკოსი აკ. ურუშაძე (1964, გვ.145-168) მიიჩნევდა, რომ ამ ნიმუშების აღმოჩენა მოსალოდნელია საბერძნეთის ტერიტორიაზეც. სერ არტურ ევანსმა 1900 წელს აღმოაჩინა ა-ხაზოვანი წარწერები კუნძულ კრეტაზე. ეს ტექსტები უკვე გაშიფრულია. აღმოჩენილია სულ 1427 ასეთი წარწერა. მეცნიერ გია კვაშილავას განცხადებით ეს საერთოქართველურ ენაზე შესრულებული 4000 წლის წინანდელი წარწერებია. მნიშვნელოვანია კავკასიის, წინა აზიის და სამხრეთ ევროპის უძველესი მოსახლეობისა და ენების შესახებ დასკვნა გაკეთებული თავად არტურ ევანსის მიერ (ევანსი, 1895, 85), რომელიც დარწმუნებით აცხადებს, რომ "კრეტის მკვიდრი მოსახლეობა მეტყველებდა არაელინურ ენაზე." იმ პერიოდში ამ ტერიტორიაზე ელინები საერთოდ არ იყვნენ მოსულნი. არქეოლოგიური მასალა ცხადყოფს, რომ კრეტაზე ბერძნები პირველად ძვ.წ. 1450 წელს ჩავიდნენ. ეს მოხდა სანტორინზე, თირაზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, დასუსტდა კნოსოსის მმართველობა, და ამის შემდგომ ნელ-ნელა, 100 წლის განმავლობაში ბერძნები იკავებენ კუნძულ კრეტას. აქვე აღსანიშნავია, რომ თავად კონტინენტურ საბერძნეთში ბერძნები პირველად მოვიდნენ დაახლოებით ძვ.წ. 2500 წელს, ხოლო ის მკვიდრი მოსახლეობა, რომელიც ბერძნებს იქ დახვდათ, არ იყო არც ელინური და მეტიც, არც ინდო-ევროპული. ცნობილი ავსტრიელი ლინგვისტი, პაულ კრეჩმერი (კრეჩმერი, 1896, გვ: 290, 402-407; 1953, გვ.162 და შმდ. 200.) აცხადებდა, რომ მრავალი სიტყვა ბერძნულ ენაში, ნასესხებია არაინდო-ევროპული მოდგმის წინაბერძნული მოსახლეობის (მა. ლელეგებისა და სხვების) ენებიდან, რომლებიც მას კავკასიური ტომების მონათესავე ენებად და ტომებად მიაჩნდა. ნასესხები სიტყვები პირველ რიგში, წარმოადგენს ბალკანეთის ნახევარკუნძულის, კრეტისა და მცირე აზიის ტოპონიმებს. (პაულ კრეჩმერი, 1896, გვ.292) მიდის იმ დასკვნამდე, რომ "მცირე აზიის (დღევანდელი თურქეთის), უძველესი მოსახლეობა, ფრიგიელების გარდა, არაინდოევროპული, არასემიტური (და არა ურალურ-ალთაური) წარმოშობის იყო. ეს იყო თვითმყოფადი ხალხი." "ძვ.წ. IV-III ათასწლეულებში ბალკანეთის ნახევარკუნძულის, მცირე აზიის და ეგეოსის ზღვის აუზის კუნძულების მოსახლეობა არაინდო-ევროპულია." ამას აცხადებს ფრიც შახერმეირიც (Fritz Schachermeyr 1955, 227-263; 1964, 228-267; 1967, 12-18). ედუარდ შვიცერი ამბობს, რომ "ბერძნებამდელი (პელაზგური) და მცირე აზიის (არაანატოლიური, არაფრიგიული) წარწერები ეჭვგარეშეა, რომ არც ბერძნულია და არც ინდო-ევროპული." (Schwyzer 1939, I, 58-59, E, 2; ურუშაძე 114, 116). ედუარდ შვიცერი აღნიშნავს, რომ "ამ ენათაგან ზოგიერთი უეჭველად ერთმანეთს ენათესავებოდა. ეს ენები ქმნიდნენ ე.წ. ეგეოსურ-მცირე აზიურ ჯგუფს, რომელსაც კავშირი ჰქონდა ერთი მხრივ სამხრეთ კავკასიურ ენებთან, ხოლო მეორე მხრივ - ეტრუსკულთან." (აგრეთვე იხ. პაული, Pauli, 1886; თომსენი, Thomsen, 1899; მილერი, Miller 1906, გვ.13). ეს ნიშნავს, რომ პელაზგური ტომების ენები ერთი მხრივ კავშირშია სამხრეთ კავკასიურ, იგივე იბერო-კოლხურ, ქართველურ ენებთან და ასევე ეტრუსკულ ენასთან და აქედან გამომდინარე ქართველური და ეტრუსკული ენებიც ერთმანეთს ენათესავება. ა. დირი წერს: "დღესდღეობით კავკასიურ ენებს - ამ სიტყვის ფართო გაგებით, განაკუთვნებენ წინა აზიისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ენებს, რომელთაგან ერთადერთი ენა (საკუთრივ კავკასიის გარეთ) ბასკურია, ჯერ კიდევ რომ ცოცხლობს." (Dirr. 1928, 26; ჩიქობავა, 2008, გვ.313). ალრედო ტრომბეტი წერს: "ჩვენ უნდა დავეთანხმოთ ჰ. შუხარდტს იმაში, რომ კავკასიის ფარგლებში თავი მოუყრიათ ხალხებს, რომელნიც წინათ გავრცელებულნი იყვნენ გაცილებით უფრო ვრცელ ტერიტორიაზე. უახლესი გამოკვლევები ჩანს, იმაში ეთანხმება ერთმანეთს, რომ ოდინდელ კავკასიურ ენათა ჯგუფს მეტ-ნაკლებად უკავშირდება შემდეგი ენები: ხალდური, მითანი (ხურიტული), ელამური, ხათური, ეტრუსკული, კრეტული, იბერიული (ესპანეთში) და ბასკური." (Trombetti, 1922, I, 104; Dirr, 1928, gv.26-27). ვ. გეორგიევი წერს, რომ "კავკასიოლოგთა მნიშვნელოვან ამოცანას ეტრუსკულ ენაში კავკასიური ელემენტების არსებობის შემოწმება" (გეორგიევი, 1954, გვ.56' ასევე ჩიქობავა, 1979, გვ.300). შემდეგ იგი ამბობს: "ხათური, ურარტული და ხურიტული ენები ყოველგვარი ეჭვის გარეშე კავკასიურ ენათა მონათესავეა." (გეორგიევი, 1954, გვ.70) ი. ზინგერი აღნიშნავს: "დამაჯერებლად მიმაჩნია ის, რომ ქაშქები შეიძლება ყოფილიყვნენ ხეთების (ნესიტების) მიერ ჩრდილოეთით განდევნილი ხათური მოსახლეობის ერთ-ერთი გადარჩენილი ჯგუფი." (ზინგერი, 2009, გვ.258; ზინგერი 1981, 123). ვ. მილერი (იხ. მილერი, 1906, გვ.59, 60, 63; 1907, გვ. 15, 8, 14; Von Meszaros, 1934, გვ.5) აღნიშნავს, რომ "კავკასიურ ენებს უკავშირდებიან წინა აზიის ძველი ენები: ხათური, ურარტული და ელამური." კ. კრამარჟი (1904) და მიხაკო (მიხეილ) წერეთელი უეჭველად ფაქტად მიიჩნევენ შუმერულისა და ქართველური ენების ენობრივ ნათესაობას. ზ. კიკნაძემ (1973), ჰ. ფენრიხმა (1981), ჯ შარაშენიძემ (1983), გ. გიორგაძემ (2002), რ. გორდეზიანმა (2007, I) და სხვებმა წარმოადგინეს შუმერული და ქართველური ლექსიკური პარალელები. ავტორიტეტული სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ არცერთი ზემოთჩამოთვლილი ენა: ქართველური, შუმერული, ელამური, ურარტული, ხათური, ხურიტული, პელაზგური და ა.შ. არ მიეკუთვნება არც ინდო-ევროპულ, არც სემიტურ და არც ურალურ-ალთაურ ენებს. ცნობილი ფრანგი ლინგვისტი ანტუან მეილე (Meillet, 1930, gv.35; ურუშაძე 1964, 115) აცხადებდა, რომ "ყველაზე უფრო საიმედო გზა ბერძნებამდელი (პელაზგური) მოსახლეობის ენის გასაგებად კავკასიური (კერძოდ ქართველური) და მცირე აზიის ძველი ენების შესწავლაა. ეს საშუალებას მოგვცემს ბერძნული ენის ლექსიკაში ავხნსათ ის, რისი ახსნაც ინდო-ევროპულ ენათა გარემოში შეუძლებელი ჩანს." ე. ბუაზაკი (Boisacq, 1916, VII; ურუშაძე, 1964, გვ.117) წერს: "ელინები სხვადასხვა მხარეებში ხეტიალობდნენ, სანამ ეგეოსისა და იონიის ზღვების სანაპიროებს მიაღწევდნენ და აქ მათ უნდა განედევნათ ან თავის თავისთვის დაემსგავსებინათ (საუბარია ასიმილაციაზე) სულ სხვა ხალხები, რომლებიც არც ერთ ინდო-ევროპულ ენაზე არ მეტყველებდნენ." თ. გამყრელიძისა და ვიაჩესლავ ივანოვის (Gamkrelidze, Ivanov, 1995, I, გვ.863, 782; 1984, II, 968, 886-887) ფუძემდებლური თეორიის მიხედვით, ძვ.წ. IV ათასწლეულში დასავლური და ცენტრალური ევროპა, უძველესი ბალკანური კულტურების განადგურების შემდეგ, კიდევ დიდხანს იყო არაინდო-ევროპული დაახლოებით ძვ.წ. II ათასწლეულამდე, როდესაც დაიწყო ევროპის ინდო-ევროპეიზაციის პროცესი ანუ ძველი ინდო-ევროპული დიალექტების თანდათანობითი გავრცელება კონტინენტურ ევროპაში. ჯონ ჩედვიკი (Chadwick 1976, გვ. 1-2, 4) წერს, რომ ძვ.წ. მე-20 საუკუნეში ერთიანი ბერძნული ენა ჯერ კიდევ არ არსებობდა. ის ცნობილია ძვ.წ. მე-14 საუკუნის B კლასის ხაზოვანი წარწერებიდან. ჯ. ჩედვიკის აზრით, ძველბერძნული ენა შეიქმნა ბერძნების მიერ კონტინენტური საბერძნეთის ტერიტორიების კოლონიზაციის შედეგად, როდესაც ბერძნულად მოლაპარაკე მეომარი ხალხი შემოიჭრა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. იგი იქვე აღნიშნავს, რომ ბერძნული ენა ჩამოყალიბდა ადგილობრივი (იბერო-კოლხური პელაზგებისა) და შემოჭრილი (ინდო-ევროპული) პროტობერძნების ენათა შერევის შედეგად. ჯონ ჩედვიკი ასევე წერს: "უძველესი საბერძნეთის რუკაზე მრავალი ადგილის დასახელება, რომელთაც ბერძნულ ენაზე მნიშვნელობა არ გააჩნიათ, უტყუარი მოწმობაა იმისა, რომ ოდესღაც აქ სხვა ენა იყო გაბატონებული." (ჩედვიკი, 1989, გვ.8). "მთელი რიგი ტოპონიმებისა, უდავოდ წარმოქმნილია უცნობი ენისგან, რომელზედაც ადრე მეტყველებდნენ საბერძნეთში." (Chadwick, 1976, გვ.1). ის ასევე აღნიშნავს, რომ პროტო-ბერძნებმა დამხვდური, ადგილობრივი მოსახლეობისაგან ისესხეს მრავალი სიტყვა. (Chadwick, 1976, გვ.3) განსაკუთრებით საინტერესოა ტოპონიმები, სამშენებლო ტერმინები, ტანსაცმლის, სახელმწიფო მმართველობის, მუსიკალური ინსტრუმენტების (Schmid, Stahlin, 1929, I, T., I B.; ურუშაძე, 1964, 117), მცენარეებისა და ცხოველების სახელები, ასევე მათთვის უცნობ საგანთა სახელწოდებები, რაც აქ მოსახლე ხალხის ცივილიზაციის (პელაზგების) მაღალ დონეზე მიუთითებს. იგი ამასვე იმეორებს კრეტის ადგილობრივი მოსახლეობის შესახებ, რომელიც ძვ.წ. მე-15 საუკუნემდე ბერძნულად ჯერ კიდევ არ მეტყველებდა. მათმა ენამ წერილობითი სახით მოაღწია ჩვენამდე, მაგრამ მისი ამოკითხვა მაინც არ შეგვიძლია. ეჭვგარეშეა, რომ ეს ენა ბერძნული არაა." (ჩედვიკი, 1967, გვ.12-15, გვ.154-156; ჩედვიკი 1976, გვ.4). ჯონ ჩედვიკი ასევე წერს, რომ "კრეტის ადგილობრივმა მოსახლეობამ დიდი ხნის წინ შეიმუშავა საღრიცხვო სისტემა და თავიანთ დამწერლობას ასევე გამოიყენებდნენ სამლოცველოებზე შესრულებული მიძღვნითი წარწერებისთვის. ბერზნებმა მათგან ისესხეს წერითი სისტემა, რომელიც მიუსადაგეს თავიანთ ენას და გააუმჯობესეს ანგარიშწარმოება." (ჩედვიკი, 1976, გვ.6). ჯ. ჩედვიკი (1989, გვ.42; ასევე 1976, გვ.62) აღნიშნავს: "საკვირველი არ უნდა იყოს, რომ ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულისთვის, საბერზნეთის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ბერძნულად არ ლაპარაკობდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბერზნეთის დაპყრობა და სხვა ენაზე მოლაპარაკე დამხვდური ხალხის ასიმილაციის პროცესი ნელა მიმდინარეობდა. ამგვარად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მიკენური პერიოდის მოსახლეობაში სხვა ენების კვალი უფრო აღმოჩნდება, ვიდრე ბერძნულისა. კლასიკურ პერიოდშიც კი ისტორიკოსები არცთუ იშვიათად იხსენიებენ სხვა ნეაზე მოლაპარაკე ხალხს, მაგალითად პელაზგებს. და ამასთანავე, ძვ.წ. მე-4 საუკუნეშიც კი კრეტის აღმოსავლეთ ნაწილში წარწერები კეთდებოდა არაბერძნულ ენაზე." მასალა შეგროვებულია მათემატიკური ლინგვისტიკის სპეციალისტის გია კვაშილავას მიერ. კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები4. ქართული მითოლოგია5. საქართველო6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. მეცნიერება9. რელიგია10. პარანორმალიავტორი: თორნიკე ფხალაძე853 1-ს მოსწონს
|