საზოგადოება "ეს ამბები ამ ქალაქში ხდება...ძვლებში რომ გაგატანს, ისეთი ტირილის ხმა ისმის" 2019, 26 ივლისი, 0:12 სცენარისტი და ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი, სოციალურ ქსელში „თბილისური ღამის“ ამბებზე ემოცირ პოსტს აქვეყნებს. მისი პოსტი სასაფლაოზე მომხდარ ამბავს ეხება, რომელიც მკითხველს თვალზე ცრემლს მოგვრის. „ღამის ამბებს დავწერ ზოგჯერ და კარგ ხასიათზე თუ ხართ ნუ წაიკითხავთ. უბრალოდ ეს ამბები ამ ქალაქში ხდება... ლადიკო ღამღამობით სულ აქ არის, სასაფლაოზე. მე ხანდახან. ლადიკომ თითქმის ყველა მკვდრის და ცოცხლის ამბავი იცის, ვინც აქ ხვდება. არც მე ვიცი, ვის ტირის ლადიკო და არც ლადიკომ იცის, მე ვის ვუდგავარ გვერდით. შუაღამისას, ერთ ბოთლ არაყს ვსვამთ, ჯერ მაფრთხილებს - ბევრს ნუ ბლატაობ, აქ ვინცაა, ყველას შენზე მაგარი ეგონა თავიო. მეორე ბოთლს რომ გახსნის, ლადიკოც ამბების მოყოლას იწყებს და ბოლომდე მოგიყვება, თუ რამე სისულელე არ უთხარი. ზოგჯერ, სხვადასხვა მხრიდან, ძვლებში რომ გაგატანს, ისეთი ტირილის ხმა ისმის ხოლმე. ახალ ხმას თუ გავიგებთ, ლადიკო იტყვის - ეგ ახალი ჭირისუფლების ხმაა, ეგრე ორი კვირა იტირებენ მაქსიმუმ და მერე იშვიათადო. მარტო ორი ერთმანეთისგან მოშორებული ადგილიდან ისმის, თითქმის ყველა ღამეს, ერთი ხმამაღალი კივილი და ერთი მოგუდული ტირილი. ლადიკომ ბოთლი მარტომ დაცალა, მერე მთხოვა ტელესკოპში გამახედეო, ნახევარი საათი უყურა მთვარეს და ორივე გლოვის ამბავი მომიყვა. - ორივე, ქალი არ არისო, ასე დაიწყო - ერთი კაცია, შეხედავ მთასავით არის, მაგრამ ტირილს რომ იწყებს, ბოლოს ქალის ხმაზე კივისო. შვილი არ უჩნდებოდათ მაგას და თავის ცოლს, 15 წელი ცდილობდნენ ბავშვის აყვანას და აიყვანეს ძლივს ორი წლის გოგოო. სახლში რომ მიიყვანეს, მესამე დღეს, მაგ კაცს სახლში, შემთხვევით თოფი გაუვარდა და ბავშვს მოხვდაო. ამ ორ წელიწადში, სამი დღე არ გავა ისე, რომ აქ არ მოვიდეს და გათენებამდე არ კიოდესო. მეორე ვისი ტირილია-თქო, ვკითხე ლადიკოს და ცრემლით, ისე მოეხრჩო ყელი, ჩურჩულით მითხრა - მაგ კაცის ცოლისო. მეთქი საფლავთან რატომ არ მიდის, ეკლესიასთან რატომ ტირისთქო. ლადიკომ ისევ ტელესკოპში ჩაიხედა და ისევ დამხრჩვალი ხმით მითხრა - ეგ ქმარს ტირის, შე უტვინო, მაგის მეტი არავინ უყვარს და მალე მოუკვდება - წერს სინჯიკაშვილი. 696 1-ს მოსწონს
|